ქართული პრესის მიმოხილვა 14.01.2021

ვინ აიცრება პირველი და რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს საქართველო

გაზრდის თუ არა ივანიშვილის წასვლა ხელისუფლება-ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობას

უკვე ცნობილია რა ვერ გაიხსნება 1-ლი თებერვლიდან - ჩამონათვალი ძალიან დიდია

* * *

ვინ აიცრება პირველი და რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს საქართველო

“ვაქცინაცია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხდება, დიდი ალბათობით ჩვენთანაც ამ პრინციპით მოხდება - ვაქცინაციის პრინციპი კი ასეთია, რომ პირველ ეტაპზე მიზანჯგუფები იცრებიან. ამის შესახებ “რეზონანსთან” ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა. საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა “ფაიზერის” ვაქცინით გახდება შესაძლებელი, “კოვაქს პლატფორმიდან” ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ აიცრება პირველი და რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს საქართველო.

“კოვაქს პლატფორმიდან” ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია “ფაიზერის” ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, “ფაიზერის” ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც, ამ შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ “ასტრაზენეკაზე” ხელმისაწვდომობაც გაიუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხდა მან. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრისას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. “ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა “ფაიზერის” ვაქცინით იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, საქართველოში ვაქცინაცია იმ პრინციპით იქნება, როგორიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვაქცინაცია დიდი ალბათობით ჯერ მიზანჯგუფებში დაიწყება, შემდეგ უკვე გაფართოვდება და დანარჩენ მოსახლეობასაც მოიცავს, ვამბობ ზოგადად ვაქცინაციის პრინციპს, თუ სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, სავარაუდოდ ჩვენთანაც მსგავსი პრინციპით მოხდება. ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საშუალება აქვს, რომ რამდენიმე ათასი დოზა ვაქცინა შეინახოს, აქვს მაცივრები და სპეციალური დანადგარები, რომელშიც -80 გრადუსია, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ, როგორც აცხადებენ, რამდენიმე ასეული ათასი ცალი ვაქცინის შენახვა შესაძლებელია. თუნდაც, დღეს უკვე არსებული რესურსების გათვალისწინებით. ვაქცინებზე ასე ხელაღებით უარის თქმა მართებული არაა. რა თქმა უნდა, უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე აღიარებული ვაქცინა მოიპოვოს და შემოიტანოს, თუმცა ის ვარიანტებიც უნდა იქნეს განხილული, რომლებიც აღიარებულია და ახლო მომავალში ავტორიზაციას მიიღებენ. ეს რომელი ქვეყნის იქნება, ამას მნიშვნელობა კი აქვს, თუმცა, არა გადამწყვეტი, ჩვენ საუკეთესოზე ვიფიქროთ, მაგრამ სხვა ვარიანტებიც უნდა იყოს განხილული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით ფაიზერის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა. როგორც ცერცვაძემ თქვა, ვაქცინის შესანახად მინუს 80-გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს. საქართველოში შემოტანილი იქნება, ფაიზერის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, ფაიზერის ვაქცინას საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ ფაიზერის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა”, - აღნიშნა ცერცვაძემ, რომლის თქმით “ამ მცირე რაოდენობით უნდა აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები”, - დასძენს გამოცემა.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თენგიზ ცერცვაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, მისი თქმით, ქვეყანას ამ წუთში “ფაიზერის” ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია. “ქვეყანას ამ წუთში გააჩნია “ფაიზერის” ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის “კოვაქსის” პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაქცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. “კოვაქსის” ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან”, - აცხადებს იმნაძე, რომლის განმარტებით, “სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინების მიღება”, - წერს სტატიის ავტორი.

გაზრდის თუ არა ივანიშვილის წასვლა ხელისუფლება-ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობას

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნებიდან” წასვლამ შესაძლოა ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნას ქვეყანაში და ამ მიმართულებით მეტად საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკებების შედეგზე. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, რადგან თებერვლის პირველ დღეებში, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვასა და დაკმაყოფილებას დაიწყებს. მოახდენს თუ არა გავლენას ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ივანიშილის წასვლა და ხომ არ შეცვლის ეს ოპოზიციის გეგმებს?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაზრდის თუ არა ივანიშვილის წასვლა ხელისუფლება-ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობას.

“ანალიტიკოსების აზრით, ეს კარგი საბაბი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ოპოზიციამ შეიძლება გააკეთოს გათვლა იმაზე, რომ ივანიშვილის წასვლა მმართველ გუნდში კრიზისს შექმნის და ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება. უახლოეს დღეებში ოპოზიციის მორიგი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც ერთობლივი მოქმედების სტრატეგიაზე იმსჯელებენ და ბევრი რამ სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუმცა, ოპოზიციაში წინმსწრებად აცხადებენ, რომ მოთხოვნები არ შეიცვლება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მათ გეგმებს ვერ შეცვლის. პირიქით, ივანიშვილის წასვლამ შესაძლო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილის წასვლა-არ წასვლა მხარეებს შორის მოლაპარაკების ბედს ვერ შეცვლის. ექსპერტი პეტრე მამრაძეც ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ვერანაირ როლს ვერ ითამაშებს მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ივანიშვილი ჯერ არსად წასულა, ის წასვლის პროცესშია და ვერც იმის საფუძველს ვხედავ, რომ ივანიშვილის წასვლა-არ წასვლა მოპარაკების ბედს შეცვლის, რადგან მხარეებს დეკლარირებული აქვთ წითელი ხაზები. ვიდრე ეს წითელი ხაზები არ მოიშლება, ანუ არ განულდება არაფერი გამოვა. წითელი ხაზების პირობებში მოლაპარაკებას შედეგი არ ექნება. მოლპარაკებას შედეგი ექნება თუ მხარეები პირობების გარეშე დაიწყებენ საუბარს”- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ოპოზიციას არ უნდა რომ შევიდეს პარლამენტში, სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ითხოვენ იმას, რაც შეუძლებელია, მაშინაც კი, როცა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. უცხოელი ელჩებიც დარწმუნდნენ ამაში. ასე რომ, მოალაპარკების რაუნდების გამართვა და ივანიშვილის წასვლა არაფერ შუაშია", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

უკვე ცნობილია რა ვერ გაიხსნება 1-ლი თებერვლიდან - ჩამონათვალი ძალიან დიდია

“მთავრობა შეზღუდვების სრულად მოხსნაზე ისევ უარს ამბობს. ჯერჯერობით მხოლოდ სავაჭრო ობიექტების ამოქმედების შესახებ კეთდება განცხადება. მართალია, არ აკონკრეტებენ რა არ იხსნება, მაგრამ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის მთავრობის პოზიცია მეტ-ნაკლებად ცნობილია. როგორც აღმოჩნდა, 1-ლი თებერვლიდან არ გაიხსნება ავიაცია, მუშაობას ვერ გააგრძელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სკოლები და ბაღები, შეზღუდვები ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესშიც დარჩება. განსაკუთრებით დიდია უკმაყოფილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. მართალია, გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პოზიციიდან აშკარად იკითხება, რომ ცვლილება ამ მიმართულებით არ იგეგმება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკვე ცნობილია რა ვერ გაიხსნება 1-ლი თებერვლიდან - ჩამონათვალი ძალიან დიდია / სკოლებთან, ბაღებთან, რესტორნებსა და სასტუმროებთან ერთად შეზღუდვა არ მოიხსნება ავიაციაზეც.

“კონკრეტულად ამუშავდება თუ არა ტრანსპორტი და კიდევ რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი იქნება უფრო ეფექტური”, - განაცხადა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ოფიციალური განცხადება არც საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებულა, თუმცა, როგორც “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ ,”რეზონანსთან” აღნიშნა, მისთვის ცნობილია მთავრობის დამოკიდებულება ავიასფეროსთან დაკავშირებით და ამიტომ დარწმუნებულია, რომ თებერვლიდან რეგულარული რეისები ვერ აღდგება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საჰაერო მიმოსვლა კვლავ შეზღუდული დარჩება. ამასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მათ დამიდასტურეს, რომ ფრენას ვერ დაუშვებენ, ითვალისწინებენ რა სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციას, ასევე საქართველოს მოცემულობასაც. სექტორი ამ ცვლილებისთვის მზად აშკარად არ არის. ქართული მხარე რომც იყოს მზად, საზღვრებს ბევრი ქვეყანა არ გახსნის. ცხადია, ეს არის დიდი დანაკარგი დარგისთვის. რამდენედაც ვიცი, სექტორში ფინანსურად რთული მდგომარეობაა. ჩვენი გეგმებიც შეიცვალა. აქამდე ვამბობდით, რომ თებერვალ-მარტიდან დავიწყებდით ფრენას დაბალბიუჯეტური კომპანიის სტატუსით, მაგრამ არსებული მდგომარეობის გამო, ესეც, სავარაუდოდ, მაისამდე გადაიწევს. ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა. ძალიან მძიმე სიტუაციაა ავიაციაში, დიდი დანაკარგები გვაქვს. ბევრი კომპანია, ალბათ, ვეღარც დაბრუნდება, რადგან გაზაფხულამდე ვერც გაატანს. მრავალი კომპანია გაკოტრდება, ბევრი კი შეერწყმება ერთმანეთს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კოდუამ.

“გაურკვევლობაა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესშიც. როგორც სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ მთავრობა ჯერჯერობით ვერანაირ დაპირებას ვერ იძლევა. “წარმოდგენაც არ მაქვს, რას აპირებენ. რამდენიმე დღეა, ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ მთავრობა ვერაფერს გვეუბნება და გვპირდება. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი, მარჩიელობას ხომ ვერ დავიწყებთ? ამიტომ გაჩუმებული ვართ და ველოდებით თვის ბოლოს, როცა ახალი განცხადება გაკეთდება. მოლოდინი არ გვაქვს, რომ შეზღუდვები მოიხსნება, ყოველ შემთხვევაში, სანამ პირდაპირ არ გვეტყვიან, არაფრის არ მჯერა, ბევრჯერ გვქონდა მოლოდინი, რომ გარკვეულ დათმობაზე წამოვიდოდნენ, შეზღუდვა შემსუბუქდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“, - განაცხადა ალავერდაშვილმა. ცხადია, მოლოდინის რეჟიმში რჩებიან რესტორატორებიც. რესტორან “თაშრეს” გენერალურმა დირექტორმა მაკა ცაბუტაშვილმა ჯერ არ იცის თებერვლიდან გახსნის უფლებას მიიღებენ თუ - არა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სანამ ოფიციალურად არ გამოცხადდება, არ ვიცით აღადგენენ თუ არა საქმიანობას რესტორნები. ჯერჯერობით, უცნობია რა ტიპის შეზღუდვების მოხსნაზე იქნება საუბარი”, - აღნიშნა “თაშრეს” ხელმძღვანელმა. ბოლო მომენტამდე გაურკვევლობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. კიდევ უფრო ბუნდოვანია აღდგება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. როგორც ზუგდიდის ავტოსადგურის აქციონერს კახა უბილავას წარმოდგენა არ აქვს როდიდან შეძლებენ მიმოსვლის აღდგენას”, - დასძენს გამოცემა.

“მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით. არ შეიძლება შეზღუდვა მუდმივად გაგრძელდეს. უამრავი საჭიროება აქვს ადამიანს და ზოგ შემთხვევაში გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც შეიძლება იყოს. კერძო ავტომობილი ბევრს არ ჰყავს და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული. მუდმივად შინ ხომ არ გამოიკეტებიან ვირუსის შიშით. გარდა ამისა, ბევრი ადამიანია დარგში დასაქმებული, ვისთვისაც ეს ერთადერთი შემოსავალია. იმედია, ამ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და მუშაობის საშუალება მოგვეცემა. წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა გაძლოს ხალხმა, თუკი დაწესებული შეზღუდვა თებერვლიდან არ მოიხსნება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უბილავამ.

შეგახსენებთ, რომ დროებითი შეზღუდვის მოხსნით, რომელიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოქმედებდა, მხოლოდ სავაჭრო ცენტრებმა ისარგებლეს. ბაზრობები კი არ გახსნილა. არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ვერც იანვარში განაახლებენ მუშაობას. ისინი 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ მუშაობას, თუმცა ცენტრებსა და ბაზრობებს ტესტირება საკუთარი ხარჯით მოუწევთ, რაც დიდი ტვირთია ბიზნესისთვის. ისინი კი, რომლებიც ვერც 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას, რამდენიმე თვის შემდეგ ნებართვის შემთხვევაშიც, ვეღარ შეძლებენ საქმიანობა, რადგან დანაკარგის გადაფარვის შესაძლებლობა ბევრ ბიზნესს არ ექნება”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა