ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021

გია ხუხაშვილი - “თუ ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას”

რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზებს თითი დაუქნია - გაუპატიურება სოხუმში და ქართველი გვარდიელების რუსი ცოლები

ვახტანგ ძაბირაძე - “ამ განცხადებების შემდეგ ივანიშვილის მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება”

გერმანიაში მერკელის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა გაირკვა - ვინ არის არმინ ლაშეტი

ლევან ბოძაშვილი - “საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას... ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო გვაქვს”

* * *

გია ხუხაშვილი - “თუ ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას”

“თუ ძალიან არ გადავაჭარბებ, ვიტყვი, რომ ივანიშვილის წასვლა, გარკვეულწილად, ეპოქალური გადაწყვეტილებაა. ფაქტია, რომ ის პოლიტიკაში იმ ფორმით, როგორითაც აქამდე იყო, ვეღარ დარჩებოდა, რადგან რეალობა როგორც ქვეყანაში, ისე გარეთ გლობალურად შეცვლილია. მისთვის პირდაპირი პოლტიკური მართვა არც არასდროს ყოფილა კომფორტული. ივანიშვილისთვის ეს იყო რუტინა, რომელიც არ აინტერესებდა, მეტიც, ეს მის ყოფას ამძიმებდა. თუმცა გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, არ მგონია, ის ზუსტად იმ ფორმით გაემიჯნოს მოვლენებს, როგორზეც ლაპარაკობს, ანუ არ მჯერა, რომ სრულად ჩამოშორდება პროცესებს და “ქართული ოცნებისკენ” საერთოდ არ გაიხედავს. ივანიშვილი ამას ვერ მოახერხებს, უპირველესად, იმ სახელისუფლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც მართვისას ყველა გადაწყვეტილების ძაფი საბოლოოდ მასთან მიდიოდა”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას” / რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ფუნქციონალური სისტემა უნდა შედგებოდეს 10-12 კაცისგან, 21-კაციანი სისტემა არ არის გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარის მქონე.

“შესაძლოა ივანიშვილს ყველა გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არც სურდა, მაგრამ ის სისტემა, რომელიც მისი წყალობით ჩამოყალიბდა, თვითონ მოითხოვდა ამას. შესაბამისად, გადაბარების პროცესი რთული, ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება. სისტემა კვლავაც შეეცდება, ის დატოვოს თამაშში, მძევლად აიყვანოს და არ მისცეს ყველაფრისგან გათავისუფლების საშუალება. არის მეორე ფაქტორიც. ის ეჭვიანი ადამიანია, ამიტომ ბევრს ფიქრობს პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე. ამის გამო ხელისუფლებაზე კონტროლს აუცილებლად შეინარჩუნებს, ამის მცდელობა ჩანს კიდეც... ის იტოვებს დამოკლეს მახვილს, რომელსაც აამუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მის პირად უსაფრთხოებას და კეთილდღეობას რაიმე ემუქრება... ეს ჩანს თუნდაც მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში. ივანიშვილი თუ წასვლას აპირებდა და ეს დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა, მაშინ, წესით, უნდა მიეცა გიორგი გახარიასთვის საშუალება, საკუთარი მინისტრთა კაბინეტი წარმოედგინა - ივანიშვილმა თქვა, გახარიამ თვითონ მთხოვა, ეს ხალხი მჭირდება წარმატების მისაღწევადო... და იქვე დააყოლა, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნებაო - ანუ ამით გახარიას მიანიშნა, რომ მთავრობაში ვინმეს შეცვლის სურვილი არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩვენთან ქვეყნის მართვაზე პრემიერია პასუხისმგებელი მაშინ, როცა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი გახდა ადამიანი, რომელიც პარტიულ რეიტინგშიც კი მე-5 ან მე-6 ადგილზეა. დღეს დიდი სახელმწიფოებრივი გამოწვევები გვაქვს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათთან გასამკლავებლად ეფექტიანი აღმასრულებელი ხელისუფლების არსებობა. ამ დროს გახარიას, რომელსაც აქვს ავტორიტეტი და მისგან შეიძლება მართლაც ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მოღვაწე, იმის გასაქანიც არ მისცეს, ერთი მინისტრი მაინც შეეცვალა... ივანიშვილს, თუ ის მართლაც სრულად ემიჯნება პარტიას, მის ლიდერად უნდა წარედგინა ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური წონა და ელექტორალური მიზიდულობა, ასეთი კი ორია პარტიაში - კალაძე და გახარია, თუმცა მან ანტიგმირი კობახიძე შეარჩია. რაში სჭირდება ეს? გამომდინარე იქიდან, რომ კობახიძეს ავტორიტეტი არათუ საზოგადებაში, საკუთარ პარტიაშიც კი არ აქვს, ის პარტიული აქტივი, რომელიც აქამდე სრულად ბიძინა ივანიშვილზე იყო ორიენტირებული, ისევ ასე დარჩება, რაც ივანიშვილისთვის კონტროლის ბერკეტი იქნება. პარტიის სათავეში პოლიტიკურად წონიანი ფიგურა მომავალში მისთვის შეიძლებოდა საფრთხედ ქცეულიყო. ასე რომ, ის მართვის მოდელიდან გადადის კონტროლის მოდელზე. ამ კონტროლის მატრიცა როგორია, დრო და პროცესი გვიჩვენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ძალთა შემკრები, რომელსაც აქვს პოზიტიური ენერგია მშენებლობისა და კონსოლიდაციისთვის, კობახიძე კი უფრო კონფლიქტზე, აგრესიასა და დაშლაზეა ორიენტირებული. ის არის “წითელი ნაჭერი” ქართულ პოლიტიკაში. მაინტერესებს, ახლა რა ელის აგრესიულ კონფორმიზმს, როცა ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი “ქართულ ოცნებას” ხმას აძლევდა აგრესიული კონფორმისტული არგუმენტებით, სისხლიანი ცხრა წლის გახსენებითა და ”ბიძინა მაგარიას” ძახილით, ახლა რას იზამს? როგორ მოახერხებს, ეს კონფორმიზმი ივანიშვილიდან კობახიძეზე გადააწყოს? რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ფუნქციონალური სისტემა უნდა შედგებოდეს 10-12 კაცისგან, 21-კაციანი სისტემა არ არის გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარის მქონე. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ აზრი გამოთქვას, მარტო ამაში რამდენი დრო დაიკარგება, აღარაფერს ვამბობ რა მოხდება, თუ ამას დისკუსიაც მოჰყვა. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში გარკვეული ბალანსი ჩანს, ასევე - კავშირიც ივანიშვილთან...” - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება მითი, რომ ბიძინა არსად წასულა. მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ორიენტირებულია სწორედ ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ძალის ცენტრზე, მათთვის ავტორიტეტი არ არის არათუ კობახიძე, არამედ არც გახარია და არც კალაძე. თუ მათ გაუჩნდებათ განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა, ეს შეიძლება ძალიან სერიოზული შიდა პარტიული რყევების საფუძველი გახდეს. მათთვის “ქართული ოცნება” პირადად ბიძინა ივანიშვილია. მოკლედ, თუ ივანიშვილი მითოსად მაინც არ დარჩა ცნობილი ფორმულით - “ის არსად არის, მაგრამ მაინც ყველგანაა”, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ შიდა პარტიულ კრიზისს. ამიტომ “ქართული ოცნებისთვის” ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე დიდი საფრთხე სწორედ პარტიულ აქტივს შორის ბზარების გაჩენაა. რაც შეეხება ლიდერებს, მათ შორის, ალბათ, იქნება რაღაც მოძრაობა, გადაჯგუფების მცდელობა, თუმცა, ვფიქრობ, კობახიძეა ის დამოკლეს მახვილი, რომლის საშუალებით მოახერხებს ივანიშვილი ბალანსის შენარჩუნებასა და მის კონტროლს. კობახიძე იქნება ერთგვარი “საქმის გამრჩევი”. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ეს საფრთხე ტყუილად არ ახსენა - ვფიქრობ, ამით მიანიშნა პარტიის წევრებს, რომ წასვლის მიუხედავად, ის მაინც იქნება მომრიგებელი”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“თავიდანვე მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება არც პოლიტიკურად, არც სახელმწიფოებრივად სწორი არ არის. მეტიც, რისი მიღწევაც გუშინ შეიძლებოდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, დღეს ეს სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი ხდება... საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, ხელისუფლება უფრო ნაკლებს დათმობს. მათ მიიღეს საკმარისი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ მშვიდად იგრძნონ თავი და ეს ყველაფერი სწორედ ოპოზიციის სიჯიუტეს მოჰყვა. ვფიქრობ, “გირჩის” ერთი ნაწილის ინიციატივა - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დაკავშირება ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან - ძალიან საინტერესოა. თუ ხელისუფლება ამას დასთანხმდება, ვფიქრობ, ეს იქნება მიღწევა, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ამ ინიციატივას ოპოზიციის ნაწილის აგრესია. თვითონ ხომ ითხოვდნენ პლებისციტს?! ჰოდა, ეს არის მოდელი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქცევს პლებისციტად. რატომ არ უნდა იყოს ეს მათთვის მისაღები, არ მესმის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას მხოლოდ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის შენარჩუნება უნდა და მზად არის, ამას შესწიროს ყველაფერი, მათ შორის - საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივაც”, - ამბობს რესპონდენტი.

“ჩვენს საჭადრაკო დაფაზე ორი ფიგურა თამაშობდა და დღემდე თამაშობს... ივანიშვილის სრულ წასვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ივანიშვილი და სააკაშვილი ამ წლების განმავლობაში ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ - ისინი თან უპირისპირდებოდნენ და თან კვებავდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს. შუას გაკრეფის მუდმივი პოლიტიკა ივანიშვილს უნარჩუნებდა ხელისუფლებას, მაგრამ ასევე აძლიერებდა სააკაშვილს, როგორც მეორე პოლუსს და კეტავდა სივრცეს სხვა პოლიტიკური ცენტრებისთვის. ჩემი აზრით, ამ სიმბიოზის დარღვევა ორივე მხარეს დაასუსტებს. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, ამ ეტაპზე სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას, მიუხედავად იმისა, წავა ის პოლიტიკიდან თუ არა... რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”, არ მგონია, ამ თემაზე ნეგატიური მსჯელობა გამართლებული იყოს. ეს ივანიშვილის ქონებაა და როგორ მართავს მას და როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი საქმეა. ის ამას აკეთებს კანონის შესაბამისად, თუმცა ცხადად ჩანს, რომ ის ახდენს ამ ქონების კონსოლიდაციას, რაც ნიშნავს, რომ დისტანცირებას ბიზნესის მართვისგანაც ცდილობს - თუ აქამდე ის ყველა ამ აქტივთან ცალ-ცალკე მუშაობდა, ახლა ადგა და ყველაფერი ერთ ხელში მოაქცია”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ივანიშვილის მთელ ქონებაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ საქართველოში არსებულ აქტივებზე. ეს ფონდი საქველმოქმედო საქმიანობას აქამდეც ბიძინა ივანიშვილის ფულით ახერხებდა. ამჯერად მან გადასცა არა თანხა, არამედ ქონება და უთხრა, რომ შეძლონ ამ ქონების რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და ასე გააგრძელონ საქველმოქმედო საქმიანობა - აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, რადგან მას პირდაპირი მენეჯმენტის სფეროდან გააქვს საქართველოში არსებული აქტივები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის დასადასტურებლად, ის გარკვეული პერიოდით შეიძლება ქვეყნიდან წასვლასაც აპირებდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავა - ამას არ იზამს, რადგან მისთვის ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ბატონო გია, ბრძანეთ, რომ შესაძლოა კვლავ გააქტიურდეთ პოლიტიკურად. ითქვა ისიც, რომ არ არის გამორიცხული, “ლელოში” გიხილოთ...” - პასუხობს:

“არა, ეს მხოლოდ მედიის ვერსიებია - მე ამ განცხადებით შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გამოვხატე. ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას ჩემი ინიციატივით ავიღე ვალდებულება, რომ მას მართალია პოლიტიკურად გავაკრიტიკებდი, მაგრამ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობას არ მივიღებდი. თუ ის პოლიტიკიდან მიდის, შესაბამისად, ეს ვალდებულებაც მეხსნება. სწორედ ეს ვთქვი. ასევე მიმაჩნია, რომ კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არის სახიფათო ელემენტი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკფაქტორი, ამიტომაც ვიტოვებ უფლებას, ქვეყანაში დაბალანსებული, მულტიპარტიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად მონაწილეობა მივიღო ერთჯერად პოლიტიკურ პროექტში, თუმცა ვისთან და როგორ, ამაზე ჯერ არ მიფიქრია...”

რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზებს თითი დაუქნია - გაუპატიურება სოხუმში და ქართველი გვარდიელების რუსი ცოლები

“აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის, ალექსეი დვინიანინის ინტერვიუმ ახალი სკანდალი და სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. დვინიანინმა, პრაქტიკულად, ღიად დასდო ბრალი დე ფაქტო ხელისუფლებას ეთნიკური რუსებისა და რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევაში და ამის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა. ამის საპასუხოდ კი “ელჩს” უსაყვედურეს, რომ იგი აფხაზეთში ქართველი გვარდიელების ცოლებს მფარველობს. სკანდალი აფხაზური ტელევიზიით გასულ “ელჩის” ინტერვიუს მოჰყვა. ალექსეი დვინიანინმა პირდაპირ განაცხადა, რომ აღარ მოითმენს რუსი ტურისტების, ბიზნესმენებისა და უბრალო ეთნიკური რუსების ჩაგვრას აფხაზეთში - მკაცრად გააკონტროლებს ვითარებას და დაიცავს მათ ინტერესებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზებს თითი დაუქნია - გაუპატიურება სოხუმში და ქართველი გვარდიელების რუსი ცოლები.

“დვინიანინის განმარტებით, იმ დანაშაულებზე, რომელიც აფხაზების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების, ან ეთნიკური რუსების წინააღმდეგაა ჩადენილი, სამართალწარმოება აუხსნელადაა გაწელილი დროში. მან ამის მაგალითად 2019 წლის 31 ივლისს აფხაზეთში არასრულწლოვანი მოქალაქის, ედგარ აბუხბას მიერ რუსეთის მოქალაქის გაძარცვისა და გაუპატიურების საქმე მოიყვანა, რომელზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ კიდევ არაა გამოტანილი მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა. “ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, ეს საქმე სასამართლოს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გადაეცა. ამის შემდეგ კი მოსამართლე ეკატერინა ტირკბა საქმის გაჭიანურებას ყველანაირად ცდილობს. ბოლო სხდომა 14 იანვარს გაიმართა და მოსამართლემ ის კიდევ ერთხელ გადადო, რადგანაც, მისი ვერსიით, ბრალდებული ავად გახდა. სინამდვილეში ის სრულად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს სრული განუკითხაობაა”, - განაცხადა დვინიანინმა. მის ბრალდებებს ე.წ. უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელი ჯემალ გოგია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აბუხბას საქმე მართლაც ჯერ კიდევ წარმოებაშია და საბოლოო ვერდიქტი არაა გამოცხადებული, რის გამოც მოსამართლე ტირკბას წინააღმდეგ დისციპლინარულის სამართალწარმოება დაიწყო. მისივე თქმით, დვინიანინის განცხადება შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილის დანაშაულების საქმეების გადახედვის საფუძველი გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე “რეზონანსთან”საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში მომხდარი მსგავსი შემთხვევების შესახებ თავადაც არაერთხელ სმენია. “განსაკუთრებით იჩაგრებოდნენ მოხუცები და დაუცველი ხალხი, რომლებიც აფხაზეთში საცხოვრებლად იყვნენ გადმოსული. შესაძლოა მოხუცი რუსეთში შვილთან სამკურნალოდ წასულიყო და რომ დაბრუნდებოდა, სახლში სხვა ხვდებოდა - ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო. შედეგი არასოდეს არ დგებოდა. წინა ე.წ. ელჩი იმასაც კი ამბობდა, რომ 4 000 განცხადება იყო შესული მის აპარატში დაჩაგრული რუსებისგან, თუმცა ვერაფერს აკეთებდა. მოსკოვს ასეთი პრინციპი აქვს: “გათახსირებული ხალხი არიან ეს აფხაზები, მაგრამ ჩვენი ხალხია”. მოსკოვის საყვედურების მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება არ ცდილობს ვითარების გამოსწირებას”, - ამბობს არეშიძე. დვინიანინის განცხადებას თავად აფხაზურს საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ ე.წ. ელჩი მართალია და ეს განუკითხაობა უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ზოგიერთი აფხაზი მომხმარებელი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წერს, რომ აბუხბა საკმაოდ გავლენიანი და მრავალრიცხოვანი გვარია და საქმის ჩაფარცხვას სწორედ მისი კლანი ცდილობს”, განაგრძობს გამოცემა.

“სოციალური ქსელების მეორე, შედარებით მცირერიცხოვანი ნაწილი კი დვინიანინს აკრიტიკებს. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, “ელჩმა” უმჯობესია “ყურადღება მიაქციოს იმას, რომ საელჩოში შეფარებული ჰყავს აფხაზი ერის გენოციდში მოაწილე ქართველი გვარდიელების რუსი თაღლითი ცოლები”. “პატივცემულო ელჩო, თქვენს საელჩოში შეიფარეთ იმ ქართველი გვარდიელების რუსი თაღლითი ცოლები, რომლებიც ომის დროს ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდნენ და ახორციელებდნენ აფხაზი ერის გენოციდს 1992-1993 წლებში, კორნიენკო-ჩოკორაია ვალენტინა, კოზლოვა-ჯაბელია ვალენტინა!! გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამას”, - წერს სოციალურ ქსელ “ტელეგრამის” მომხმარებელი. მამუკა არეშიძის შეფასებით, ეს ბრალდება ყურით მოთრეულს ჰგავს”, - დასძენს გამოცემა.

“შესაძლოა, ჰყავს ვინმე მართლაც შეფარებული, არ ვიცი, თუმცა ყურით მოთრეულს ჰგავს ეგ ამბავი. იყო იქ შერეული ქორწინებები - ქართველებს ჰყავდათ რუსი ცოლები და პირიქით. გვარების მიხედვით, ეს ქალები შესაძლოა, ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეების ცოლები იყვნენ. სოხუმელები გვარდიაში არ იყვნენ. გვარდიაში სოხუმის ბატალიონი არ ყოფილა, ეს არის თავდაცვის სამინისტრო - მე-4 და 23-ე ბრიგადები, რომელიც სოხუმელებითა და ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებს წარმოადგენდა. გარდა ამისა, იყო სოხუმის მხედრიონი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ფორმირებები. გვარდიის ბატალიონი ადგილობრივებით არ იყო დაკომპლექტებული. შესაძლოა ყოფილიყო სამეგრელოს ან სხვა რეგიონების მცხოვრებლეებით დაკომპლექტებული, მაგრამ გვარდიელები არ ყოფილან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ამ განცხადებების შემდეგ ივანიშვილის მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება”

“როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მან მაშინვე განაცხადა, რომ განსაზღვრული დროით დარჩებოდა პოლიტიკაში და მაშინ წავიდოდა, როცა ჩათვლიდა, რომ ყველაფერი რიგზეა. ამას შემდეგაც ხშირად ამბობდა და ასე ამბობს ახლაც. რეალური მიზეზი, თუ რატომ მოვიდა ან წავიდა, ვითომ დატოვა, სინამდვილეში ჩრდილში გადგა და იქიდან აკონტროლებს სიტუაციას, არავინ იცის. რას აპირებს, არც ის ვიცით, ისევე როგორც ის, თუ რას მიაღწია. თქვა, მე ჩამოვაშორე წინა ხელისუფლება სახელისუფლებო ბერკეტებსო, რაც მართალია. შესაძლოა ამიტომაც არ მიიღო საზოგადოების ნაწილმა მისი წასვლა სიმართლედ... ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ხვალ-ზეგ არ დაბრუნდება პოლიტიკაში. ამ განცხადებების შემდეგ მისი მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, საჯაროობას, მოერიდება. თუმცა სატელეფონო მართვა იქნება თუ არა, არ ვიცით, მით უფრო, რომ მისი გამკონტროლებელი არავინაა", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა რისკები ახლავს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას / “ამ განცხადებების შემდეგ ივანიშვილის მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება”.

“მისმა წასვლამ განსაზღვრული დისბალანსი შექმნა როგორც “ქართულ ოცნებაში”, ასევე პოლიტიკაში, რადგან დღემდე ორი პოლიტიკური ძალა და ლიდერი, ივანიშვილ-სააკაშვილი ქმნიდა ამინდს. თუ როგორ აისახება ეს მის გუნდზე, თუ შიდა დაპირისპირება დაიწყო, ორ თვეში გამოჩნდება. ისევე როგორც ის, ივანიშვილი წავიდა თუ დისტანციურად აპირებს ხელისუფლების მართვას. თუ პარტიაში გაჩაღდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ეს ნიშნავს, რომ გუნდის ნაწილი “ოცნებას” დატოვებს. ალბათ, მცირე ნაწილი... არა მგონია, პარტიულ ბრძოლას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს - ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლონ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გადაწყვიტონ. თუმცა ამის შანსიც არსებობს. შესაძლოა ეს გამოსავალიც იყოს, თუ დასჭირდათ, რომ სცენა გათამაშდეს დაპირისპირებების გამო, მთავრობას აღარ აქვს უმრავლესობა და ვერც ახალი უმრავლესობა შეიქმნება, ამიტომ რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო. თუმცა, თუ “ოცნების” საპარლამენტო შემადგენლობას დავაკვირდებით, ნაკლებად სავარაუდოა გადაჯგუფებებმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. “ოცნების” უმრავლესობა არ მოისურვებს ახალ არჩევნებს და პრემიერის ნებისმიერ კანდიდატურას დათანხმდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოცნებაში” ახლა ოთხი ლიდერია - გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე. პარტიის თავმჯდომარე ამ ოთხეულიდან უნდა ყოფილიყო, სამ მათგანს მაღალი თანამდებობა უჭირავს და შესაბამისად, კობახიძის კანდიდატურა რეალურია. გარდა ამისა, კობახიძე 6-7 წელია “ოცნების” საორგანიზაციო მდივანი იყო და გამოცდილება აქვს. შესაძლოა ხისტი პოლიტიკოსია ტელეეთერსა და პარტიის გარეთ, თუმცა შიდა ურთიერთობაში, ალბათ, სხვანაირია და მას მაინც აირჩევენ, მაგრამ რამდენად გულწრფელი იქნება “ოცნების” ელიტა ამ არჩევანში, საკითხავია. ისიც საკითხავია, რა დასაყრდენი აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში და რა გავლენა აქვს პარტიის ვერტიკალში - გააჩნია, პარტიული ვერტიკალი რამდენად სწორად იქნება ჩამოყალიბებული. იმასაც გააჩნია, პარტიული გუნდი - გახარია, კალაძე და თალაკვაძე - კობახიძეს ლიდერად აღიარებს თუ არა. მედიასთან რას იტყვიან, არა აქვს მნიშვნელობა. თუ აღიარებენ და სტრუქტურა შენარჩუნდება, შეიძლება იმაზე საუბარი, “ოცნება” გაძლიერდება თუ არა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გუნდს ახლა უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა, თუ ახლა კობახიძემ ლიდერობა შეძლო, ოპოზიცია ძალიან ბასრ არგუმენტს კარგავს - ანუ გამოდის, ივანიშვილის წასვლით ბევრი არაფერი იცვლება და “ოცნებამ” შეიძლება ისე იმუშაოს, როგორ ადრე ან უკეთესადაც, საინტერესო იდეებიც გაუჩნდეს. თუ პარტიული იერარქია დაცული იქნება, ეს ბევრ რამეს შეცვლის. ივანიშვილის წასვლამ და პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ სააკაშვილის დატოვებამ შესაძლოა პროცესები უკეთესობისკენ წარმართოს. თუ “ოცნება” ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, რომ შიდა რყევები ვერაფერს ავნებს, ეს სააკაშვილს დააზიანებს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი. “ოპოზიციამ სწორად უნდა შეაფასოს ვითარება, თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს “ოცნებაში”. ოპოზიციის ნაწილს, “ნაციონალებს”, “ევროპულ საქართველოს” და “ლელოს” პარლამენტში შესასვლელად პირობები აქვთ, “ოცნებისთვის” კი იმიჯის საკითხია, ვიდრე რეალური წუხილი იმაზე, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა. მეორე მხრივ, ბოლო გამოხმაურებების მიხედვით, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენენ, გინდა თუ არა რიგგარეშე არჩევნები დანიშნეო. მეტიც, “ოცნება” არც იმ პირობებს დათანხმდება, რაც ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს. თუ დასავლეთის ზეწოლა გამწვავდება და ეს ფინანსურად გამოიხატება, შესაძლოა რაღაც მოიმოქმედონ. ასე რომ, პარლამენტში შესვლით ბევრი არაფერი შეიცვლება. მთავარია, 30 მანდატი მოიძებნოს და ელჩები გარანტი იყვნენ, რომ მიღწეული შეთანხმება შესრულდება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

გერმანიაში მერკელის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა გაირკვა - ვინ არის არმინ ლაშეტი

“გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გერმანიის ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი არმინ ლაშეტი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შაბათს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატული კავშირის ყრილობაზე მიიღეს. 59 წლის არმინ ლაშეტი კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელი შემცვლელად მოიაზრება. მერკელი, რომელსაც კანცლერის პოსტი 2005 წლიდან უჭირავს, თანამდებობას წელს, სექტემბერში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შემდეგ დატოვებს. “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ დიდი ალბათობით გერმანიის მომავალი კანცლერი ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებით გაძლიერებას შეეცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიაში მერკელის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა გაირკვა - ვინ არის არმინ ლაშეტი და რა შეიცვლება მისი კანცლერობისას.

“არმინ ლაშეტი მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდ მიწას ხელმძღვანელობს გერმანიაში და უდავოდ წარმატებული პოლიტიკოსია. თუმცა, მისი აქტივობა მეტად შიდაპოლიტიკურ კონტექსტშია შესამჩნევი. მისი კანცლერობა იქნება ერთგვარი სურვილი იმისა, რომ გერმანიამ ბოლო პერიოდში გაჩენილი პრობლემები დაძლიოს - მაგალითად, მიგრანტების პრობლემა, ბრექსიტით გამოწვეული შოკი, კოვიდით გამოწვეული პრობლემები და ა.შ. საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში შეეცდება, რომ უფრო მეტად გაამყაროს გერმანიის ლიდერობა ვეროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი პრიორიტეტი ეკონომიკის გაძლიერება იქნება მისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა დაველოდოთ არჩევნებს, მაგრამ მზადება უნდა დავიწყოთ იქამდე, სანამ ახალი კანცლერი დაინიშნება და გავითვალისწინოთ ის შესაძლო პრიორიტეტები, რაც მას უნდა ჰქონდეს. უნდა გავაათმაგოთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა გერმანიასთან, რათა მათ უკეთესად დაინახონ ის შესაძლებლობები, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია ევროკავშირისა და გერმანიისთვის. გერმანია უაღრესადაა დაინტერესებული იმ საკვანძო მდგომარეობით, რაც საქართველოს აქვს - იგულისხმება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფანი. ამ კონტექსტში გერმანია ნამდვილად განიხილავს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ჩვენ თუ მოვახერხეთ და გავზარდეთ ინტერესის ხარისხი, მაშინ შეგვიძლია ბევრი სხვა პროცესის დაჩქარებაზე ვისაუბროთ, რაშიც გერმანია მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ვიცით, რომ გერმანია ერთერთია იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც ნატო-ს გაფართოების საკითხში ძალიან კონსერვატიულია. მიუხედავ ამისა, სწორედ გერმანიაა ის სახელმწიფო, რომელიც უზარმაზარ ძალას ახმარს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებას. გერმანიის მიდგომა ასეთია - მოვამზადოთ ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, შევქმნათ “შესაძლებლბის ფანჯარა” და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამისთვის ჩვენი მხრიდან სერიოზული მუშაობაა საჭირო. გერმანია ის ქვეყანაა, რომელმაც პირველმა აღიარა და გახსნა საელჩო საქართველოში 1992 წელს, რომლის ვიცე-კანცლერმა პირველი დახმარება ჩამოიტანა საქართველოში და განსაკუთრებულად განიხილავდა საქართველოს როლს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ აქტიურები და ლოდინის ნაცვლად ჩვენ შევთავაზოთ ის ნაბიჯები, რასაც შეუძლია საქართველო-გერმანიის ურთიერთობა გაღრმავება”, - აცხადებს ფხალაძე. მისივე თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერება განსხვავებულ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან იმისთვის, რომ საქართველო წევრობის რეალურ კანდიდატად განიხილოს ევროკავშირმა, ბევრად მეტია საჭირო, რადგან ბევრი სფეროა ქვეყანაში გასაუმჯობესებელი. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ფხალაძის აზრით, გერმანია-რუსეთის ურთიერთობის “დათბობა” და მოსკოვის მიმართ სენტიმენტების გაღვივება ლაშეტის კანცლერობის შემთხვევში მოსალოდნელი არაა. მისივე აზრით, ლაშეტის კანცლერობის შემთხვევაში გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის როლი კიდევ უფრო გამოიკვეთება და გაძლიერდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“გერმანიას ეროვნული ინტერესების განსაზღვრაში განსაკუთრებული პრაგმატიზმი ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მიზანია გერმანია იყოს მაქსიმალურად დაცული და რისკები იყოს მინიმალურ დონეზე. აბსოლუტურად არასწორია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც გერმანიას რუსეთის მიმართ აქვს სენტიმენტები და რბილი პოლიტიკა. რეალურად, გერმანია ძალიან კარგად გრძნობს იმ საფრთხეს, რაც მომდინარეობს რუსეთისგან, თუმცა იმავდროულად გრძნობს იმასაც, რომ თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურა საჭიროებს ძალიან სერიოზულ რეფორმას იმისთვის, რომ გახდეს უფრო მდგრადი იმ ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ, რომლის წინაშეც დღეს ძალიან მოწყვლადია.. არ მგონია ევროკავშირისა და გერმანიის ურათიერთობები როგორმე შეიცვალოს. უბრალოდ, შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის პოზიციები ევროკავშირში. დღეს ევროკავშირში გერმანიის როლი ცალსახადაა გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კანცლერის ერთ-ერთი ამბიცია გერმანიის როლის გაძლიერება და გამოკვეთა იქნება”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

ლევან ბოძაშვილი - “საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას... ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო გვაქვს”

“გეოსტრატეგიულად ბევრი რამ უკვე შეცვლილია. ახლა ამის გაფორმება მიმდინარეობს. მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ვითარება საქართველოსთვის არასახარბიელოდ შეიცვალა არა მარტო სამხედრო-სტრატეგიული, სატრანზიტო და გეოეკონომიკური თვალსაზრისითაც. კერძოდ, საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას. მანამდე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო საქართველო აზერბაიჯანული და ცენტრალური აზიური ენერგოგამტარობის ერთადერთი გზა იყო. მართალია, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ინვესტორები არ დახარჯავენ ფულს ახალი მარშრუტების ასათვისებლად, თუმცა ჩვენს რეგიონში ცალკე საინვესტიციო მიდგომები არაფერს განსაზღვრავს. მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური მიდგომებია და ეს განაპირობებს ინვესტორთა მოქმედებებსაც. სომხეთზე გამავალი გზა გაცილებით მოკლე და მომგებიანია. რუსეთიც იხეირებს - კრემლი დიდი ხანია ცდილობდა ენერგოტრანზიტზე გავლენის დაბრუნებას და საშუალება ახლა მიეცა. ასე რომ, სიტუაცია ჩვენთვის სახარბიელო არ არის”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ლევან ბოძაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას”.

“ყველა ტიპის რუსული ფაქტორის გაძლიერება რეგიონში ჩვენთვის გამოწვევაა. რუსეთი ოკუპანტია და მისი გაძლიერება არათუ ამ ვითარებაში, მშვიდობიანობის დროსაც კი სახიფათოა მისი აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე. არათუ საკომუნიკაციო არხებზე, მან კონტროლი ქვეყნებზე დაამყარა - ვგულისხმობ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც. მას დიდწილად სწორედ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უწევს და მომავალშიც მოუწევს... როცა მშვიდობის დამყარებაზე ერთპიროვნული პრეტენზია გაქვს, ეს მშვიდობისმყოფლობად ვერ ჩაითვლება. იგივე ითქმის მომრიგებლობაზეც. რუსული დიპლომატიის ისტორიაში ამის უკან გულწრფელი მოტივები არასდროს მდგარა. ვერც დასავლეთი და ვერც მონაწილე ქვეყნები ამის ნებით მიმღებები ვერ და არ იქნებიან, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობა სხვა მოქმედების ვარიანტებს გამორიცხავს. დიდი ალბათობით, ჩვენი სამი მეზობელი ქვეყნის ლიდერების შეთანხმების საგანი შეიძლება ყოფილიყო სატრანზიტო წილების განაწილების, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული საკითხებისა და საერთო-სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, რამაც უნდა უზრუნველყოს სომხეთის “შემრიგებლური” მიდგომა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.

“აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში” ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით რუსეთი განაგრძობს პროვოკაციებს და თან ცდილობს ამ ქმედებებს აბსურდული საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმაცია შესძინოს. დასავლეთს მიანიშნებს, რომ არ აინტერესებს არც საერთაშორისო სამართალი და არც მისი პრინციპები, როცა საქმე მის ინტერესებს ეხება, ის ყველაფერზე წამსვლელია. ამავე დროს პროპაგანდისტულად ცდილობს საქართველოს დაანახოს ურთიერთობის დარეგულირებისკენ ვითომდა გულწრფელი სწრაფვა, მაგრამ სწორედ საქართველოს ხარჯზე და მის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს. იმედია, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთთან პრინციპულობას საქმით გამოიჩენს. კერძოდ, დაამატებს შავ ზღვასა და საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურას, დააჩქარებს ჩვენი ნატოში წევრობის საკითხის განხილვას და საამისოდ რეალური მექანიზმის ამოქმედებას; აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც ბუქარესტის სამიტზე მოხდა და რასაც გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები მოჰყვა არა მარტო საქართველოს, არამედ ატლანტიკური გეოპოლიტიკისთვისაც. იმავეს მოველი ევროპელი პარტნიორებისგანაც”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “რამდენად მზად ხვდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რეგიონში რუსეთის უფრო გაძლიერებითა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებით შექმნილ საფრთხეს?” - პასუხობს:

“ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული შიდაპოლიტიკური გარჩევებით, ხელისუფლების გადანაწილებითა და მოპოვებით, რომ უამრავი პროცესი გვრჩება უყურადღებოდ. სამწუხაროდ, მხოლოდ უხეშ საფრთხეს ვამჩნევთ. მაგალითად, როცა პროდუქტებზე ფასი ნელ-ნელა და შეუქცევადად იზრდება, მაგრამ არ ვრეაგირებთ იმავენაირად, როცა ნელ-ნელა და ნეგატიურად იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია. რატომღაც ველოდებით, რომ მაინცდამაინც ტანკით უნდა შემოგვივარდეს ვინმე, რომ გამოვფხიზლდეთ”.

“ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო გვაქვს. დაგროვდა კოლოსალური საგარეო ვალი, არა გვაქვს ქმედითი ეკონომიკური პოლიტიკა, ვკარგავთ ბუნებრივ გეოპოლიტიკურ ნიშას, უკიდურესად ჩამოვრჩებით მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს. ღვინო რომ ღვინოა, ჩვენი საამაყო ეროვნული პროდუქტი, მასობრივად მისი ხარისხის ამაღლებაც ვერ შევძელით. საერთო განათლების დონე კატასტროფულია, მართლმსაჯულება შიდაძალაუფლებრივ ცენტრებზეა დამოკიდებული, სოციალური ნებელობა სრულ აპათიაში გადაზრდილი, ახალგაზრდობას პერსპექტივა არა აქვს, პოლიტიკური სპექტრი დეგრადირებულია, ინსტიტუციების სახალხო ლეგიტიმაცია მიზერული, მრავალწლიანი გათვლები და გეგმები არასრულფასოვანი და ა.შ. ჩვენ ველოდებით ახალ დავით აღმაშენებელს, ახალ ილიას, ახალ მესიას, მაგრამ გვავიწყდება რომ ერთიც, მეორეც და მესამეც თითოეულ ჩვენგანშია. მისი ამოქექვა და გააქტიურებაა საჭირო. თქვენ მისვამთ უამრავ კითხვას საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ მთავარი პოლიტიკა, პრობლემა ჩვენშია. ნუ ველოდებით სხვაგან სიტუაციების ჩვენს სასარგებლოდ დალაგებას, ეს არ მომხდარა და არც მოხდება. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ გამოსავლის გამონახვაზე; ვლაპარაკობთ დაავადებაზე, მაგრამ არაფერს ვამბობთ მის გამომწვევ მიზეზებზე. ამგვარი მიდგომა უნდა დასრულდეს”, - დასძენს ლევან ბოძაშვილი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით