აშშ-ის საელჩო - ვგმობთ ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას - დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

საქართველოში აშშ-ის საელჩო გმობს ოკუპირებული რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას 12 წლითა და 6 თვის ვადით და აცხადებს, რომ დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ამასთან, საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს.

„აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად.

ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს.

დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს, ასევე, არ აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა