მიხეილ ჩხენკელი - მნიშვნელოვანია, სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღება შეძლონ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე გამოსვლისას ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საზოგადოებას მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ადრეულ ასაკში ბავშვების სწავლებისა და განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულია და ინერგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“, რაც სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებს სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და განათლების მომსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ასევე, ვითარდება და ინერგება ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის პროგრამები, რომლებიც ბავშვებს სააღმზრდელო დაწესებულებიდან სასკოლო გარემოში გადასვლას გაუმარტივებს.

ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამინისტროს ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „პანდემიის შემდგომ საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი“, რომელიც ხელს შეუწყობს სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებისთვის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლების მხარდაჭერის მიმართულებით მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წელს უნივერსიტეტები აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით იგეგმება აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა.

მინისტრობის კანდიდატმა ზოგადი განათლების სისტემის განვითარების კუთხით, სკოლების დეცენტრალიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, მიმდინარეობს ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღება შეძლონ. სწორედ ამ მიზნით, საჯარო სკოლებში საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Minecraft Education Edition -ის დანერგვის პროცესი.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2021 წლიდან მანდატურები დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდნენ და უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, იწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, პანდემიის პირობებში, უზრუნველყოფდა მოსწავლეებისთვის მომსახურების მიწოდებას როგორც დისტანციურ, ასევე, დასწრებით რეჟიმში და ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი კვლავ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

მინისტრობის კანდიდატმა საუბრისას ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის გაძლიერებას. მისი თქმით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, იგეგმება ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტების, ხოლო სკოლებში კი – ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა მონაცემები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ამ ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით. მონაცემთა დამუშავების პარალელურად, სწავლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი, ხოლო ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით კი, არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

ამასთან, უკვე შემუშავებულია დირექტორის ახალი სტანდარტი და იგეგმება საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა