ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2021

სანდრო თვალჭრელიძე - მძიმე კვირა, ანუ მელიას დაუმორჩილებლობა, გახარიას წერტილი და ღარიბაშვილის “მეორედ მოსვლა”

ღარიბაშვილმა ოპოზიცია შულავერის კომიტეტს შეადარა - მომავალი პრემიერის საპროგრამო სიტყვა

თენგიზ ენდელაძე - “თუ გგონიათ, ეს მარტო ორი შიდა ძალის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაა, ცდებით”

უმუშევრობა ელვისებური ტემპით გაიზარდა, დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ვერ მოხერხდება

გია ხუხაშვილი - “მთელი ოპოზიციის სააკაშვილის გემზე აყვანა და მერე ყველას ერთად ჩაძირვა “ქართული ოცნების” მატრიცაა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - მძიმე კვირა, ანუ მელიას დაუმორჩილებლობა, გახარიას წერტილი და ღარიბაშვილის “მეორედ მოსვლა”

“ჩემი აზრით, გახარიამ გადადგომით ვაჟკაცური და სწორი ნაბიჯი გადადგა, რამაც მისი რეიტინგი მკვეთრად აამაღლა. ბატონი გახარია ჭკვიანი ადამიანია და სხვებისგან განსხვავებით, შეუძლია ცოტა უფრო შორს გაიხედოს და ხვალინდელ დღეზე იფიქროს. ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, მისი ქმედებების გრძელვადიან სტრატეგიასთან თანხვედრაშია. ეს არ არის მისი საბოლოო წასვლა, გახარიას არ უთქვამს, მშვიდობითო. ვფიქრობ, ის კვლავ გამოჩნდება ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ სივრცეში. ვფიქრობ, თუ მოინდომებს, მას შეუძლია იმ უზარმაზარი უფსკრულის ამოვსება ნეიტრალური ძალით, რომელიც ჩვენს ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში არსებობს მიმაჩნია, რომ მას მესამე ძალის ჩამოაყალიბის შესაძლებლობა აქვს, მთავარია, იშოვის თუ არა ამისთვის დაფინანსებას”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მძიმე კვირა, ანუ მელიას დაუმორჩილებლობა, გახარიას წერტილი და ღარიბაშვილის “მეორედ მოსვლა”.

“თითქოს პარადოქსია ჩვენი პარტნიორების მოწოდება ხელისუფლებამ არ იჩქაროს მელიას დაკავება და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ განცხადებებს აკეთებენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც, თუკი სასამართლომ მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, ის უნდა აღსრულდეს. გასაგებია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, აღსრულებას წლების განმავლობაში ელოდებიან. კარგი იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება მანევრის საშუალებას გამოიყენებს და ამ პროცესს გააჭიანურებს... გასაგები იყო, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თავისი ექსტრემიზმის გამო ხალხის დიდი მხარდაჭერა დაკარგა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადაედგა და გარდა კონფრონტაციის წახალისებისა, მათ 10 წელია მოქმედების სხვა რამ ხერხი ვერ მოიგონეს. სწორედ ამით აიხსნება მელიას გირაოს გადახდაზე გაჯიუტება. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია რადიკალიზაციის მიზნით. მთავრობის ადგილას გამოვიჩენდი გონიერებას და ამ პროცესს დავტოვებდი ჰაერში გამოკიდებულს. მელია ელოდება ხელისუფლებისგან ნაბიჯს, რის საფუძველზეც იმედი აქვს, რომ გმირად იქცევა - ამ ნაბიჯის გადადგმა რაც მეტად გაჭიანურდება, მით უარესად იმუშავებს მელიასა და “ნაცმოძრაობაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“მთავრობას შეუძლია სასამართლოს დადგენილება მყისიერად აღასრულოს, რაც, ვფიქრობ, “ნაცმოძრაობის” პროვოკაციაზე კიდევ ერთხელ წამოგება და მათი თამაშის თამაში იქნება. ამას მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვება. იცით, რა ვერ ამიხსნია კიდევ? რა საჭირო იყო მელიასთვის ან პატიმრობის, ან გირაოს შეფარდება? ქვეყნიდან გამქცევი იყო? არსად. რატომ ვერ მოინახა ისეთი გზა, რომ პროცესების რადიკალიზაციის საშუალება არ მისცემოდა “ნაციონალურ მოძრაობას”? დაეტოვებინათ გირაოს გარეშე და დალოდებოდა ძირითად სასამართლო პროცესს. აქვე ვიტყვი, რომ მთავრობის ქმედება, სასამართლოს განაჩენი არ ჰქონდა გამოცხადებული და “ნაცმოძრაობის” ოფისთან სპეცრაზმი და პოლიცია მიცვივდნენ, სრული სიბეცე იყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან მალევე გამოჩნდება, როგორი იქნება, ვთქვათ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მისი სტრატეგია. ადამიანები დროთა განმავლობაში ვითარდებიან და იცვლებიან. იმედი ვიქნიოთ, რომ ღარიბაშვილმაც დააგროვა რაღაც სიბრძნე. გვახსოვს მისი ხისტი ქცევები და განცხადებები, დაუფარავად გამოხატავდა ყოველთვის, რომ არ უყვარს “ნაციონალური მოძრაობა” და როგორც პრემიერ-მინისტრმა თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ იმავდროულად, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. ასევე წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი “აწარმოე საქართველოში”, რომელიც მისი მოგონილია. ვნახოთ, დღეს რა გადაწონის, ღარიბაშვილის საკითხებისადმი ემოციური მიდგომა თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. თითქმის ყველა ამ განცხადებაში ნახსენებია სასამართლო სისტემის პრობლემები?” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, ეს კარგა ხანს დარჩება ჩვენი ქვეყნის პრობლემად. გარდა იმისა, რომ ამ სისტემის რეფორმას სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება, ასევე უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით კადრების დეფიციტი. საიდან შეიძლება მოვიყვანოთ ასე უცებ კარგი და დამოუკიდებელი მოსამართლეები? არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში ამის შესაცვლელად”...

“გარდა ამისა, შეცდომად მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში იმავე მოსამართლეების შერჩევა ისევ ამ სისტემაში მომუშავე ხალხის საქმე გახდა. სხვათა შორის, სისტემის თვითრეგულირების იდეა ვენეციის კომისიის რჩევა იყო, რაც დრომ აჩვენა, რომ არასწორია. როცა თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო მძაფრია, ვიდრე სისტემის გაჯანსაღების სურვილი, იქ ვერაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ამის დაშვება არ იყო სწორი. როგორც უნდა გადაახალისო ეს ტომარა, საბოლოოდ იმავეს მივიღებთ. მნიშვნელობა არა აქვს, იუსტიციის საბჭოში მურუსიძე იქნება, ჩინჩალაძე თუ კიდევ სხვა ვინმე. ეს ერთი მენტალიტეტის ხალხია. ასეთი ხალხი აირჩევს მართლა დემოკრატ და თავისუფლად მოაზროვნე მოსამართლეს? არავითარ შემთხვევაში. მეეჭვება იოლი იყოს გამოსავლის გამონახვა. ვფიქრობ, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომლის შედეგს, ამ სისტემის გაუმჯობესებას, ჩვენი შვილები თუ ნახავენ”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ოპოზიცია აცხადებს, რომ მზადაა განაახლოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, რომლის მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება. აი, სწორედ ეს არის პოლიტიკური უმწიფრობა - როგორ შეიძლება თან მოლაპარაკებაზე ლაპარაკობდე და თან ასეთ წინა პირობას აყენებდე. საბოლოოდ ისევ ჩიხში შევა ყველაფერი. ჩემი აზრით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა ვნახავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს. მეც მომხრე ვარ ვადამდელი არჩევნების, მაგრამ არა ამ პოლიტიკურ სპექტრში. ვინაიდან ახლა ალტერნატივა ისევ ორპოლუსიანია, ან ისევ “ქართული ოცნება” უნდა დარჩეს, ან ის “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაანაცვლოს. ვადამდელ არჩევნებს ექნება აზრი, თუ გამოჩნდება ამ ორი ძალის რეალური ალტერნატივა. მოკლედ, როგორი დაძაბულიც უნდა იყოს ახლა პოლიტიკური ცხოვრება, მე ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ვხედავ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სასაცილოა, ვადამდელ არჩევნებს ისინი რომ ითხოვენ, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში და რომც დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვერც მაშინ მოხვდებიან. მაგალითად, ქალბატონი ბურჯანაძე. აუტანელია, ასეთი არარეიტინგული პარტიები რომ აძლევენ თავს უფლებას ილაპარაკონ ქართველი ერის სახელით. ამას წინათ გულზე მომხვდა პოეტ დავით მაღრაძის კომენტარი, რომელმაც თქვა, ეს პოლიტიკოსები რაღაც აბსტრაქციაში ცხოვრობენ, რეალურია ცხოვრება კი სხვაგან არისო. ვეთანხმები აბსოლუტურად. გამოდიან პატარ-პატარა ჯგუფები და ლოკალური პრობლემების შექმნას ცდილობენ, აქციებს მართავენ, მაგრამ ამ დროს ქართველი საზოგადოება სულ სხვაგან არის. დიდ უმრავლესობას არ აინტერესებს, ვინ სად შევარდება, პოლიცია დაიჭერს ვინმეს თუ რა მოხდება. ხალხი იმას ფიქრობს, ხვალ ლუკმაპური როგორ იშოვოს. აღარ უნდა რევოლუცია. ჩვენს საზოგადოებას მთელ პოლიტიკურ სპექტრზე აქვს ხელი ჩაქნეული. რევოლუციაზე წამსვლელ ძალებს, რიგითი აქტივისტების გარდა, გვერდით არავინ დაუდგება”, - დასძენს თვალჭრელიძე.

ღარიბაშვილმა ოპოზიცია შულავერის კომიტეტს შეადარა - მომავალი პრემიერის საპროგრამო სიტყვა

“საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია ოპოზიცია და მათი მოქმედებები 100 წლის წინ ე.წ. შულავერის კომიტეტის მოქმედებებს შეადარა. ოპოზიცია ახლანდელი კრიზისის ფონზე მომავალი პრემიერის ასეთ ხისტ პოზიციას ხელისუფლების მიერ ვითარების კიდევ უფრო გამწვავების მცდელობად აფასებს, რაც, მათი აზრით, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ღარიბაშვილმა ყოფილ მმართველ პარტიას დამნაშავე ძალა უწოდა და განაცხადა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისაგან გაათავისუფლა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ღარიბაშვილმა ოპოზიცია შულავერის კომიტეტს შეადარა - მომავალი პრემიერის საპროგრამო სიტყვა.

“2012 წელს ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო. ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდაგავართ. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა. მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი და რადგან ხელისუფლების შერყევა ვერ შეძლეს, კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა დაიწყეს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მის სიტყვებს ოპოზიციიდან ასევე მკვეთრად უარყოფითი პასუხი მოჰყვა. ამ მხრივ სახასიათო იყო “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ მომავალი პრემიერის ყველა განცხადება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს იყო ყველაზე უარესი არჩევანი კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, რომ ასეთ დროს ასეთ ადამიანს ერქვას პრემიერ-მინისტრი. ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისაგან მოვისმინეთ, არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილისა და დაპირსპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაჰყვება ხელისუფლება, ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად. ამ პერსონისგან ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვართ მზად ამ პირობებშიც კი დიალოგისთვის, ოღონდ არა პოლიტიკურ რეპრესიებთან შეგუების, ან ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის ხარჯზე. ამ მთავრობას, ამ კატასტროფული პერსონით მოუწევს ამასთან შეგუება, ან გადაჩეხვა საკუთარი თავის. ქვეყანას სჭირდება არჩევნები, სადაც არჩევნები გამოხატავს მოქალაქეების ნებას, პოლიტპატიმრები ციხეში არ სხედან და პოლიტიკური დევნა აღარ არის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი. შეგუება იმასთან, რასაც ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი სთავაზობს შეუძლებელია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის თქმით, “გამოსავალი არის მოლაპარაკებები, ვერ გაიტანენ ამ ამბავს და უნდა დაიწყონ ფიქრი ამ ვითარებიდან გამოსვლაზე”, - დასძენს გამოცემა.

თენგიზ ენდელაძე - “თუ გგონიათ, ეს მარტო ორი შიდა ძალის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაა, ცდებით”

“ძალიან საშიში ვითარებაა საქართველოში. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უნდა ეყოს გონიერება და შეთანხმებისთვის ყველაფერი იღონონ. ეს უპირველესად ხელისუფლებას მართებს, ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი. არავითარი წითელი ხაზები, სასწრაფოდ უნდა მოილაპარაკონ. მანამდე კი, ჩემი, როგორც ყოფილი თანამშრომლის თხოვნა იქნება, ხელისუფლებამ მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურს, გამოითხოვოს მოკლე ანალიტიკური ცნობები, თუ რა ხდება მეზობელ სახელმწიფოებში, როგორ აქვთ გაძლიერებული “ინტერესი” ჩვენ მიმართ. მერე ხელისუფლება დაფიქრდეს და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება”, - აცხადებს სუს-ის აკადემიის ყოფილი რექტორი თენგიზ ენდელაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ გგონიათ, ეს მარტო ორი შიდა ძალის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაა, ცდებით” / “რუსეთი 25 თებერვლისთვის რომ რაღაც სიურპრიზს მოგვიწყობს, ეჭვი არ მეპარება”.

“დესტაბილიზაციას ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გამოიყენებენ კი არა, სამი ათეული წელია იყენებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუ გგონიათ, ეს მარტო ორი შიდა ძალის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაა, ცდებით. ეს არის ორი სამყაროს - დასავლეთისა და ჩრდილოეთის დაპირისპირება. ჩრდილოეთს უკვე შეუერთდნენ ირანი, თურქეთი, რომელიც თანდათან ძლიერდება. როგორ გგონიათ, ის პოზიციას დათმობს? საქართველოში ყველაზე მეტად რუსეთის დიდი ინტერესი იკვეთება, დასავლეთის განსაზღვრული ინტერესი კი მის წისქვილზე ასხამს წყალს. მათგან მუდმივად გვესმის, საქართველოს ვუდგავართ მხარშიო და ა.შ., მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისინი არიან მზად, რომ რეალურად დაგვეხმარონ”, - აღნიშავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ენდელაძე.

“არ გაინტერესებთ, რა შედის ბიუჯეტში, როცა ყველაფერი გაჩერებულია? სულ მალე ხელისუფლებიდან ვიღაცას წამოსცდება, თქვენი გადასახადებიდან არ ვიღებთ ხელფასებს -დასავლეთი გვაძლევს ფულსო და ეს მართლაც ასეა. ისინი დასავლეთისგან იკვებებიან. თუკი დასავლეთი ფიქრობს, რომ ხელისუფალი რაღაცაში ცდება და მისი შეჩერება სურთ, უფრო მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთონ - შემოიღონ სანქციები, შეუზღუდონ, ასე ვთქვათ, “ინიექცია”, რითაც ინახავენ და აცოცხლებენ ასეთ ხელისუფლებას, სერიოზულად ჩაერიონ და განმუხტონ პოლიტიკური კრიზისი. ეს ორი ძალა ასე იოლად არ შერიგდება, არც ერთი არ დათმობს, ამიტომ მათი შერიგება იძულებით უნდა მოხდეს. ღარიბაშვილი მოსვლის დღიდან განადგურებით იმუქრება და არა მგონია, ახლა შეურიგდეს ოპოზიციას. აუჩემებია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ნაციონალური მოძრაობაო” და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლანძღავს. შე დალოცვილო, შს მინისტრი იყავი და თუ არ მოგწონს მათი ზონდერები, რატომ დაიტოვე შსს-ში? პრემიერ-მინისტრი გახდა და არც მაშინ მოუმოქმედებია რამე. გაიხსენეთ, როგორ გაანადგურა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებიც მერე კიდევ გამოჩნდა და რომელსაც, სხვათა შორის, მისი სამსახურიც იყენებდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“წარმოდგენაც არ მინდა დესტაბილიზაციის შემთხვევაში, რა შეიძლება მივიღოთ... შეიძლება ხელისუფალი დამშვიდებულია და ჰგონია, აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ მეეჭვება. მაშინ ასეთი ვითარება არ იქნებოდა ქვეყანაში არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით. კვირა არ გავა, საზღვრისპირა სოფლებიდან ვიღაც არ გაიტაცონ, ცხინვალი ბიუჯეტს ჩვენი გადახდილი ფულით ივსებს, ჩვენები კი, ბოდიში და, ამთქნარებენ. 2008 წლის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და დავიჯერო, ჩვენი პოლიციელები ერთხელ მაინც არ შეესწრნენ მათ თავაშვებულობას? სისხლის ღვრისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ ისინიც ხედავენ ამ უუნარობას და ამიტომაც იქცევიან ასე... ყველა პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიდიოდა, მიდის და მომავალში იქნება, უცხო სპეცსამსახურების ხელი ურევია. ვერავინ დამაჯერებს, რომ ორივე მხარე მათი ჩარევის გარეშე იმოქმედებდა ისე, როგორც მოქმედებს. სპეცსამსახურებს ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი ნებისმიერი ერის ფსიქოლოგია და განწყობები და იციან, შექმნილ სიტუაციაში როგორ იმოქმედებს”, - განმარტავს სუს-ის აკადემიის ყოფილი რექტორი.

“არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ტემპერატურის დაგდებას, კიდევ უფრო გაამწვავებენ ვითარებას. დაძაბული მდგომარეობიდან ყველა ცდილობს სარგებლის მიღებას. როცა ვითარება ირევა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები უფრო აქტიურდებიან და სარგებელსაც ნახულობენ. ის თანამშრომლები, ვინც ამ არევაში მონაწილეობენ, ჰონორარებსა და პრემიებს იღებენ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ ტერიტორიები დავკარგოთ. არაფერია გამორიცხული. რა გგონიათ, რაც ახლა ხდება, ეს გარეჯის საქმეს წაადგება, ან რუსები რომ თანდათან მოიწევენ, ამით გგონიათ, ისინი არ სარგებლობენ? ამიტომ ვიმეორებ, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალად შერიგება. დასავლეთმა პირდაპირ უნდა მოუწოდოს, ისე კი არა, შეშფოთებული ვართ და დემოკრატიას ექმნება საფრთხეო. საქართველოში მიდის იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ტერორი, რაშიც დიდი წვლილი სპეცსამსახურებს მიუძღვით. ისინი ახერხებენ სასურველ კალაპოტში წარმართონ ეს იდეური დაპირისპირება და მისცენ მას ტერორის სახე”, - ამბობს თენგიზ ენდელაძე და შეკითხვაზე - “1921 წლის ოკუპაციიდან მეასე წლისთავზე მოსალოდნელია თუ არა რუსეთისგან “სიურპრიზები”? - პასუხობს:

“არქივებში მიმუშავია და ჩათვალეთ, რომ სიტუაცია ლამის იდენტურია. მაშინაც იყო არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, კორუფცია, ნეპოტიზმი, მექრთამეობა და ა.შ. რუსეთი 25 თებერვლისთვის რომ რაღაც სიურპრიზს მოგვიწყობს, ეჭვი არ მეპარება. შეიძლება ეს არც გაახმაურონ, მაგრამ გაუმხელელი არაფერი რჩება. ერთადერთი ხსნა დასავლეთის რეალური მხარში დგომაა და მათი დალაპარაკება როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან. სადაც საჭიროა, იქ ყურიც უნდა აუწიონ ორივე მხარეს. ეჭვი არ მეპარება, ჩვენს პარტნიორებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ და მათ მკაცრად უნდა დასვან საკითხი, ან ამას გააკეთებთ, დაილაპარაკებთ და მორიგდებით, ან გავდივართო...”

“1920-21 წლებშიც იყო დასავლეთი ჩვენთან, მაგრამ კარგადაც შეელია საქართველოს. არის რეალური საფრთხე, რომ იგივე განმეორდეს. უცხო სპეცსამსახურებმა საქართველოში იქამდე მიიყვანეს სიტუაცია, ხალხს აკეთებინებენ იმას, რაც სურთ. ამ სამსახურებს ჰყავთ დასაყრდენი ყველა სტრუქტურაში, აბა, ისე რას გახდებოდნენ? ქვეყანაში ბევრია შეუგნებელი, უწიგნური და არაპროფესიონალი... მოკლედ, ყველაფრის თავიდათავი არის ის, რომ არაპროფესიონალების დოღია ქვეყანაში. ყველა სტრუქტურაში პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ. პროფესიონალი ყოველთვის იქნება საქმის ერთგული და ისეთ ხალხს შემოიკრებს, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, სამშობლოსთვის სიკეთე სურს. იმედია, კიდევ არის გონიერი ხალხი, უპირველესად სპეცსამსახურებში, და როცა მათ ყელში ამოუვათ, თვითონ გადადგამენ საჭირო ნაბიჯს. არ ვამბობ, გადატრიალებას მოაწყობენ-მეთქი, არა, ხმას აიმაღლებენ, სათქმელს იტყვიან და დააფიქრებენ ხელისუფლებას. ეს ქვეყანა თუ დაიქცა, ისინი არ მოჰყვებიან ნანგრევებში?” - დაასკვნის რესპონდენტი.

“დიდი იმედი არა მაქვს შერიგების, მაგრამ ეს აუცილებელია. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, გინდა ვადამდელი არჩევნები უძახეთ, გინდა რიგგარეშე. პარტნიორები თუ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია მეტ-ნაკლებად მართალია და აქვს დამადასტურებელი ინფორმაცია, უთხრან ხელისუფლებას, შეგიწყვეტთ დახმარებას და დამთავრდება თქვენი საქმეო. როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებას ჩვენ ვაფინანსებდეთ, როცა თვითონ უმუშევრები ვართ? საიდან ფინანსდებიან? ამასთან, არაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა მუშაობა დაიწყოს. ეს აწყობთ, რადგან დასავლეთიდან ფინანსდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას აქეთ შეეხვეწებოდნენ, იმუშავეთ და ბიუჯეტში თანხა შემოიტანეთო”, - დასძენს თენგიზ ენდელაძე.

უმუშევრობა ელვისებური ტემპით გაიზარდა, დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ვერ მოხერხდება

“კორონავირუსის პანდემიამ და ეპიდემიის შესაჩერებლად შემოღებულმა რეგულაციებმა ქვეყანაში უმუშევრობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. საქართველოს ახლა უამრავი უმუშევარი ადამიანი ჰყავს, რასაც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც ამტკიცებს. ქვეყანაში ამ მხრივ სახარბიელო ვითარება კორონავირუსის გავრცელებამდეც არ ყოფილა, თუმცა ახლანდელი სურათი ბევრად მძიმეა სანახავია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 53 000-ით გაიზარდა. ჯამურად, საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში შრომისუნარიანი მოსახლეობის 20.4%, ანუ 308 000 ადამიანი შეადგინა. წლიურ ჭრილში უმუშევართა რაოდენობა 3.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში უმუშევრობის რეკორდული ზრდა იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უმუშევრობა ელვისებური ტემპით გაიზარდა, დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ვერ მოხერხდება.

“საქსტატის” მიხედვით, შარშან შემცირდა როგორც მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მთლიანად ქვეყნის სამუშაო ძალის მოცულობამაც იკლო. კერძოდ, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 1.278 მლნ ადამიანი ითვლებოდა დასაქმებულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი მათი რაოდენობა 1.199 მილიონამდე ჩამოვიდა. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობამ გასულ წელს 79 ათასი ადამიანით იკლო. ამ 79 ათასიდან 26 ათასი სამუშაო ძალას გამოეთიშა, 53 ათასმა კი, უმუშევართა რიგებში გადაინაცვლა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა დაქირავებით დასაქმებულების მიმართულებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 879 ათასი ადამიანი ითვლებოდა დაქირავებით დასაქმებულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი, ხელფასის მქონე მოსახლეობის რაოდენობა ამაზე 74.6 ათასით ნაკლები იყო და 805 ათასს შეადგენდა. თვითდასაქმებულთა კუთხით კი, საქსტატი დასაქმებულთა მხოლოდ 5000-იან კლებაზე წერს, თუმცა ამ სფეროში ფაქტობრივი დასაქმების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება სტატისტიკის სამსახურისთვის, როგორც წესი, უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობის მოძიება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მძიმედ აფასებენ სტატისტიკურ მონაცემებს სპეციალისტები და აცხადებენ, რომ 2020 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. რასაკვირველია, დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ბოლომდე ვერ მოხდება, რადგან მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ბიზნესის ნაწილმა ვერ გაუძლო და საბოლოოდ დაიხურა. დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას ახლა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების უშლის ხელს. როგორც კი, შეზღუდვებს შემსუბუქება მოხდება, უმუშევრობის შემცირება ნელ-ნელა დაიწყება. როგორც სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, საქართველო შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად ჩაითვალოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პანდემიის გამო, გასული წელი, რა თქმა უნდა, მძიმე აღმოჩნდა. რასაკვირველია, ასეთ ვითარებაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, თუმცა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულად მაინც შეიძლება საქართველო ჩაითვალოს, რადგან ეკონომიკაში ტურიზმის წილი, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს. რასაკვირველია, ქვეყანაში, როდესაც მილიონობით ადამიანი აღარ ჩამოვიდა, ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევარი დარჩა, თუმცა ვინც სამუშაო ადგილის შენარჩუნება შეძლო, შემოსავალი შეუმცირდა. ასეთი დიდ ჩავარდნას შემდეგ მოჰყვება ეკონომიკური აღმავლობა, ოღონდ რასაკვირველია მაშინ, თუ ქვეყანა სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ, სამუშაო ადგლების სწრაფი ტემპით აღდგენა გაგვიჭირდება. ეს მოხდება იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც ეკონომიკაში ტურიზმი დიდი წილი არ აქვს, რადგან ტურიზმის შეიძლება, რამდენიმე წელი არ დაუბრუნდეს ადრინდელ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების სწრაფ აღდგენაც მაინც პესიმისტურად ვუყურებ, თუმცა ჩვენ რაღაც პლუსები გვაქვს და შეგვიძლია სწაფად გამოვიყენოთ, მაგრამ აქ ხელისუფლების მიდგომებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გივი მომცელიძე.

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის ისევ მიმზიდველი გახდეს. ეს როგორ მოხდება არ ვიცი, ხელისუფლება რას იზამს, ამ მიმართულებითაც პესიმისტური დამოკიდებულება მაქვს. თანაც, ქვეყნის პირველი პირის, მოულოდნელი და დაუგეგმავი წასვლა ხელს უშლის ყველაფერს, რაც ქვეყნის არასტაბილურობაზე მეტყველებს. უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი აქვთ ან მომავალში ინვესტიციის ჩადება უნდათ, რასაკვირველია კითხვები გაუჩნდებათ და უფრო მეტად დაფიქრდებიან, გააფართოვონ საქმიანობა ან ჩადონ თუ არა საქართველოში კაპიტალი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ უცხოური ინვესტიციების მხრივ შევძლებთ ვითარების დადებითისკენ შეცვლას”, - დასძენს მომცელიძე.

გია ხუხაშვილი - “მთელი ოპოზიციის სააკაშვილის გემზე აყვანა და მერე ყველას ერთად ჩაძირვა “ქართული ოცნების” მატრიცაა”

“გახარიამ არსებულ სიტუაციასთან სავსებით თანაზომიერი ნაბიჯი გადადგა. მიკვირს, ან აქამდე როგორ გაძლო ისეთ დაუმსახურებლად ამბიციურ გარემოში ყოფნა, როგორიც “ქართული ოცნების” გუნდია. 3 წელს იყო მმართველი გუნდის მეხამრიდი. დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ 20 ივნისი “ჩაუდეს”. გახარიას ტიპის ადამიანები ისეთ ბრძანებებს არ გასცემენ, როგორიც 20 ივნისის ღამეს გაიცა. გახარიას გადადგომით ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა ლეგიტიმაცია. “ქართულ ოცნებას” ხმა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას გამო მისცეს, დღეს კი ამომრჩეველს კობახიძე და ღარიბაშვილი შერჩა ხელში. ნახეთ, რა შეუკვეთა ხალხმა და რა “ჩამოვიდა”?! - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამას აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები” / “ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის მონაცვლეობით ხტებიან ლაფში. ჯერ ერთი ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება, მეორეს გაუხარდება. ამოვა ის პირველი ლაფიდან, ახლა მეორე ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება და პირველს გაახარებს. ჩვენი ისტორია ლაფიდან ლაფში ხტუნაობაა...”

“ამ ხალხმა ხელისუფლებაში დარჩენა იმიტომ კი არ შეძლო, რომ ჭკვიანია, უბრალოდ, განუსაზღვრელი რესურსი აქვს ხელთ. რაც უნდა დიდი შეცდომა დაუშვან, მაინც გამარჯვებული არიან. ეს იგივეა, კაზინოში ერთ კაცს რომ ჰქონდეს ყველაზე დიდი ფული. 50 ხელიც რომ წააგოს, ფსონს გააორმაგებს და ბოლოს მაინც ის დარჩება მოგებული... ღარიბაშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა. ამის თქმის საბაბს თავად ივანიშვილის განცხადებები მაძლევს. მას მართლა პროფესიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდის შეკვრა სურდა, მაგრამ წასვლა-მოსვლაში გაატარა დრო. მე არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო. თუმცა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას ნამდვილად გაითვალისწინა ივანიშვილის ფაქტორი. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს - გუნდში კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ გახარია კრიზისის მართვას კონსენსუსის ძიებით ცდილობდა. მისი მიმართულება იყო დეესკალაცია და არა ესკალაცია. ე.წ. ქორები ესკალაციისა და კრიზისის გადატეხის მომხრეები იყვნენ. ასეთ ვითარებაში სწორედაც რომ კანონზომიერია ღარიბაშვილის დანიშვნა, რადგან ყველაზე კარგად მან იცის თვალების ბრიალი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ღარიბაშვილის განცხადება, რომ ქვეყანაში წესრიგს აღადგენს, ეს ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს ­ როცა საკუთარი სისუსტის დამალვა და თავის შემტევად წარმოჩენა სურთ. ქორების ფრთამ გაიმარჯვა და ახლა ურაპატრიოტიზმზე აგებული ძალისმიერი პოლიტიკის გატარებას აპირებენ. ყველა მთავარი ქორი გამოიყვანეს არენაზე. ხელისუფლებაში დარჩენილები თავიანთ პოზიციონირებას ახდენენ, თითქოს მაგარი ბიჭები არიან და ცდილობენ რიტორიკით შეაშინონ საზოგადოება. სინამდვილეში ჰაერში დარჩენილი ქორები არიან, რომლებმაც ფრენა არ იციან. ფრენის მასწავლებელმა მიატოვა, აღარც საყრდენი ჰყავთ და აღარც ელექტორალური ბაზა. ბურჯები, რაზედაც “ქართული ოცნება” იდგა, ივანიშვილი და გახარია იყვნენ, მაგრამ დღეს ორივე გამოეცალათ. შესაბამისად, მათი თვალების ბრიალი მათთვისვე დასრულდება ძალიან ცუდად. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რაც უფრო აგრესიულია ხელისუფალი, მით მეტად დაზიანდება სახელმწიფო. თორემ ღარიბაშვილის და კობახიძის ბედი ნამდვილად არ მანაღვლებს. გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამას აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხშირად მითქვამს, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიცია, როგორც კი პატარა წარმატებას მიაღწევს, ფიქრობს, გავიმარჯვეო და სისულელეების ჩადენას იწყებს. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის მონაცვლეობით ხტებიან ლაფში. ჯერ ერთი ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება, მეორეს გაუხარდება. ამოვა ის პირველი ლაფიდან, ახლა მეორე ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება და პირველს გაახარებს. ჩვენი ისტორია ლაფიდან ლაფში ხტუნაობაა. პარლამენტის წინ გამართული აქციები ოპოზიციის სიბრიყვის გამოვლინებაა. ახლა ხელისუფლების ყველაზე დიდი შანსი ოპოზიციის ძიძგილაობაში ჩათრევა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე პროვოცირებაა. ამის მერე მარტივად გაიმართლებს თავს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე, როგორც არაერთხელ გაუკეთებია... ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება მაშინ, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნაირად ბრიყვია. იმის მაგივრად, ვმსჯელობდეთ, ვინ უფრო ჭკვიანურად იქცევა, იმის განსჯა გვიწევს, ვინ უფრო მეტ სისულელეს აკეთებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მთელი ოპოზიციის სააკაშვილის გემზე აყვანა და მერე ყველას ერთად ჩაძირვა “ქართული ოცნების” მატრიცაა. სხვა ვერაფერი მოუფიქრებიათ და რა ქნან?! გინდათ გითხრათ, სინამდვილეში რატომ აანერვიულა მელიამ ხელისუფლება? ეს კაცი მათთვის ნაცნობი მატრიციდან ამოვარდა, ვერ აიყვანეს სააკაშვილის გემზე. ირაკლი იმნაიშვილთან მელიას სტუმრობისას გაირკვა, რომ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარატივი მასზე არ მოქმედებს. აი, ამის მერე დაიწყო ფორსირებული შეტევა და გაუხსენეს საჯაროდ მოხსნილი სამაჯური და გადაუხდელი გირაო. მელიას სააკაშვილის ჩანაცვლება გაუჭირდება. თუმცა ცხადია, რომ მელია ქართულ პოლიტიკაში ახალ ლიდერად გამოიკვეთა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გარისკავს “ქართული ოცნება” მელიას დაპატიმრებას?” - პასუხობს:

“დაიჭერენ თუ არა მელიას, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მანქანა უკვე დაძრულია. თუ დაიჭერენ, სცენარი დიდი რისკებით განვითარდება, თუ არ დაიჭერენ, ნაკლები რისკებით. აშკარაა, რიგგარეშე არჩევნებისკენ მივდივართ. ყველაფერი ისე აირია, სცენარის ავტორის გამოცნობა შეუძლებელია. სცენარის ავტორი კი არა, თავად სცენარიც არსად ჩანს. ვუყურებთ უხარისხო რეალითი-შოუს, რომელშიც ვიღაცები თავიანთი იმპროვიზაციით სისულელეებს სჩადიან”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა