ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021

ორი კვირა შეთანხმებისთვის - რა დათმობისთვის არიან მზად ხელისუფლება და ოპოზიცია

ერთი სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და დე ფაქტო ჩინოვნიკის ვიზიტი, რომელმაც სოხუმში კინაღამ რევოლუცია გამოიწვია

“ნამოხვანჰესის” მშენებლობაც ჩიხში შევიდა, მთავრობა უკვე საგონებელშია

* * *

ორი კვირა შეთანხმებისთვის - რა დათმობისთვის არიან მზად ხელისუფლება და ოპოზიცია

“6 პუნქტიანი გეგმა და 2 კვირიანი ვადა - საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არსებული პოლიტკური კრიზისიდან გამოსავალი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის მოთხოვნით, რაც შეიძლება მალე უნდა მოძებნოს. თუმცა, შეხვედრიდან მეორე დღეს ორივე მხარემ ისევ წითელი ხაზები გაავლო. ოპოზიცია ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კვლავ მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს, ხოლო ხელისუფლება კატეგორიულად აცხადებს, რომ ამ საკითხს არც კი განიხილავს. თუმცა მოლაპარების დროს, რომელიც უკვე მედიაციის რეჟიმშია გადასული, სავარაუდო შეთანხმების პირობებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაადგენს. რა პირობები იქნება ეს და დასთანხმდებიან თუ არ მხარეები ამ შემოთავაზებას, უცნობია, რადგანაც “რეზონანსთან” ორივე მხარე ისევ საკუთარ პირობებს აყენებს. ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდნენ და ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება მოითხოვონ. მმართველი პარტია კი ამ პირობაზეც უკვე უარს აცხადებს და ამბობენ, რომ პლებისციტის ჩატარების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი კვირა შეთანხმებისთვის - რა დათმობისთვის არიან მზად ხელისუფლება და ოპოზიცია.

“რადიო თავისუფლება” ექსკლუზიურად ავრცელებს იმ 6 პუნქტიან დოკუმენტს, სადაც ჩამოთვლილია საკითხები, რაზეც შეხვედრაზე იყო საუბარი და რაზეც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. გამოცემის ცნობით, ეს პუნქტებია: 1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა; 2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; 3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა; 4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიის და პასუხისმგებლობების და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში; 5)პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობირივი არჩევნებისთვის; 6) ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკითხი წითელი ხაზია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. სამშაბათს ოპოზიციამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც სამომავლო სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე დაგეგმილი აქციების მოდიფიკაციაზე შეთანხმდნენ. საუბარი ასევე პრემიერის განცხადებასაც შეეხო. დეკანოიძე ამბობს, რომ პრემიერის რიტორიკა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს. “როგორც ვიცი, გუშინ შეხვედრაზე ღარიბაშვილს რიგაგრეშე არჩევნების არდანიშვნაზე ასე კატეგორიულად არ უსაუბრია და დღეს რიტორიკა ისევ შეცვალა. ღარიბაშვილმა ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში ვერაფერს ვერ ჩაიტანს. ჯობია დროზე ჩამოყალიბდნენ რაზე უნდა ვისაუბროთ”, - ამბობს დეკანოიძე. მისივე თქმით, კონკრეტულ შედეგებს, პირველ რიგში, ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ევოკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის. ეს კონკრეტული შედეგები არის ვადამდელი არჩევნები, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ის საკითხები, რომელიც იყო ჩარჩო-შეთანხმებაში. ხოლო თუ ხელისუფლება არ დათანხმდება კონკრეტულ შედეგებსა და კომპრომისს, ეს იქნება ძალიან მძიმე გზა “ქართული ოცნებისთვის”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება იმას, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში თუკი მიშელის ასეთი შემოთავაზება იქნება, დეკანოიძე ამბობს, რომ ხსენებულ პუნქტებში მსგავსი არაფერი წერია და ძირითადი პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომაც ოპოზიცია ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. დეკანოიძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილმა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გაიარა, რის შემდეგაც რიტორიკა ისევ შეცვალა. “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პლებისციტი ამ შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი დატვირთვის მატარებელი არ არის. მისივე თქმით, თუკი კონსტიტუციის ფარგლებში რაღაც საკითხების გადაწყვეტა გვინდა, პარლამენტს ვერ ავცდებით. თუკი ისევ იმ გზით ვივლით - დღეს რამდენი კარავი დავდგით და ხვალ ქუჩაში რამდენ კაცს გამოვიყვანთ - ეს ისევ ძველ დროში დაბრუნებას ნიშნავს და წინ ვერასდროს წავალთ. ამიტომ, ქადაგიშვილის აზრით, ისეთი სამართლებრივი მექანიზმები უნდ გამოიძებნოს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გარკვეული იურდიულ საფუძვლებზე დამყარებული გადაწყეტილება იყოს. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ თუ კი ევროსაბჭოს პრეზიდენტის მოწოდებებს და შეთავაზებას არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ დათანხმდება, ისევ იგივე დღის წესრიგი გვექნება - სიჯიუტე ორივე მხრიდან და ჩიხში შეყვანილი პოლიტიკური სიტუაცია. მისი თქმით, “ოცნებას” დღის წესრიგს ოპოზიცია უდგენს და ხელისუფლებას ჭკუა არ ჰყოფნის იმისთვის, რომ მათ ჭკუაზე არ იაროს”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულ პლებისციტს, რომელიც შეიძლება თვითმართველობის არჩევნების დროს ჩატარდეს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არის სისულელე, რადგანაც აქ წაგებული ოპოზიცია აღმოჩნდება. ხალხი ოპოზიციის მიმართ სიმპატიებით არ არის განწყობილი და არც რიგგარეშე არჩევნები არ არის მათი დაკვეთა. ამიტომაც ისევ ხელისუფლება იქნება მოგებული. “ოპოზიცია „ოცნებით” კარგად მანიპულირებს. ხელისუფლება კი იმდენს ვერ ხვდება, რომ ოპოზიციის მინუსები მის უპასუხისმგებლობას არ ხსნის. თუკი არც ერთი მხარე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადებებს არ დათანხმდება, მაშინ ქვეყანაში იგივე პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება. ეს კი მხოლოდ ხალხს და ქვეყანას აზიანებს. ევროკავშირი მაინც დაინახავს, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულია. პლებისციტს რაც შეეხება, საზოგადოებაში ოპოზიცია პოპულარული არაა; მერე - ეს ალბათ ადგილობრივი არჩევნების დროს ჩატარდება, როცა ხელისუფლება საზოგადოების გულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. ამიტომ ეს უფრო ხელისუფლებას აწყობს და მოგებული ისევ ის დარჩება”, - აცხადებს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, “ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს ეცდება, ადგილობრივ არჩევნებამდე ისე მივიდეს, რომ არანაირი პოლიტიკური ღონისძიება არ ჩატარდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მისივე თქმით, თუ ხელისუფლება თვითმართველობის არჩევნებისთვის ბევრ ფულს დახარჯავს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ხალხის ნაწილის გულს მოიგებს. ამის პარალელურად კი პლებისციტის დაპირებით პოლიტკური აქტივობა ჩაცხრება. ხელისუფლება კი თვითმართველობის მოგებასთან ერთად, პლებისციტის გამოკითხვაშიც მოგებული იქნება. ამიტომ ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან თავშივე წაგებულია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ “ოცნება” ადგილობრივ არჩევნებს კარგად ჩააბარებს, მას პირიქით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარება გაუხარდება კიდეც. ამიტომ წესით ამ დათმობაზე წასვლა უნდა აწყობდეს. მისი აზრით, პლებისციტი გამოსავალი მხოლოდ პატარა პარტიებისთვის იქნება, რომელთაც, ჯერ ერთი, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მოსწყინდათ და მეორეც - რომც დანიშნოს, ისინი პარალმენტში ვეღარ შევლენ. ამიტომ, თუ დროზე არ მიხვდნენ “ნაციონალების” რეალურ მიზნებს, ისინი თვითგანადგურების გზას ადგებიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ერთი სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და დე ფაქტო ჩინოვნიკის ვიზიტი, რომელმაც სოხუმში კინაღამ რევოლუცია გამოიწვია

“აფხაზეთის ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის უკვე ყოფილი თანაშემწის ბენურ კვირაიას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს აპროტესტებენ. ვეტერანთა ორგანიზაცია “აარუა” და დაახლოებით 200 ადამიანი სამშაბათს ჯერ სოხუმის ცენტრში შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკებებიც მოხდა. ოპოზიციის მტკიცებით, ბჟანიას თანაშემწე ბენურ კვირაია 25 თებერვალს ქართულ მხარესთან ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებისთვის “საქართველოში გაემგზავრა”. გარდა ამისა, ისინი სოციალური ქსელით გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმაც აღაშფოთა, რომელზეც ბენურ კვირაია თავისი ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს ამბობს და ქართველებთან ძმობის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ერთი სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და დე ფაქტო ჩინოვნიკის ვიზიტი, რომელმაც სოხუმში კინაღამ რევოლუცია გამოიწვია.

“მე მინდა ჩემი მეგობრის დავით კვარაცხელიას სადღეგრძელო შევსვა. ის ახლა ბულგარეთში ცხოვრობს. ომის დროს ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიბრძოდით. ომი უნდა დასრულდეს. ის კარგ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. ომის ველი უნდა გათავისუფლდეს. უნდა ვიაროთ წმინდა ადგილებში და იქ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ჩვენ ასწლეულობით ერთად ვცხოვრობდით, ისინი არიან ჩვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. უნდა დავუბრუნდეთ ძმობას”, - ამბობს კვირაია. “ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ გვახსოვს, რომ პრეზიდენტის სხვა მრჩეველი ლაშა საკანია ასევე შეხვდა ქართველ პარლამენტარებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და აქ ხატებით მოვიდნენ. ასეთი ქმედებები დადებით შედეგებს არ გამოიწვევს”, - განაცხადა „აარუას" თავმჯდომარემ თემურ გულუამ. სპონტანური აქციის მონაწილეთა შორის იყო ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ახრა ავიძბაც, რომელიც ბოლო აფხაზური რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში ასლან ბჟანიას მოსვლა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის პარალელურად, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ კვირაია ბჟანიას თანაშემწე აღარ არის და ის ჯერ კიდევ 19 თებერვალს საკუთარი ნებით გადადგა. ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებით “მისთვის არავის დაუვალებია ქართულ მხარესთან მოლაპარაკების წარმოება”. თავად კვირაიამ კი განაცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია და საკუთარ სიტყვებსა და ქვმედებაზე სრულად აგებს პასუხს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე შემიძლია პასუხი ვაგო ჩემს ყველა სიტყვასა და მოქმედებაზე. მე ვხელმძღვანელობ შპს “სკურჩას” და ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. საქართველოში პრეზიდენტის მითითებით არ ვყოფილვარ. 18 თებერვალს მე მისგან ვითხოვე ნებართვა, მაგრამ მან მითხრა, რომ სანამ პრეზიდენტის თანამშემწე ვიყავი, ვერ წავიდოდი საქართველოში. 19 თებერვალს დაკავებული თანამდებოდა დავტოვე. ჩავედი საქართველოში და კიდევ ჩავალ. ეს იყო ჩემი კერძო ვიზიტი. საქართველოში ვიმყოფებოდი, რათა მომეზიდა დიდი ინვესტიციები ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა, რომ ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა რომ ბევრი ფული მოვუტანო აფხაზეთსა და ჩვენს ხალხს. მებრძოლი ვარ, 1989 წლიდან ვიმყოფებოდი აფხაზეთის განმანთავისუფლებელ მოძრაობაში და ვმონაწილეობდი პრაქტიკულად ყველა ოპერაციაში. ომის შემდეგ მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ ავაღორძინო ჩემი სამშობლო”, - განაცხადა კვირაიამ. როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, კვირაიას პირადად არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის ვიზიტში ცუდი არაფერია”, - დასძენს გამოცემა.

“თავისთავად ამაში ცუდი არაფერი არაა, კარგია, მაგრამ აფხაზური ოპოზიცია რომ ამის წინააღმდეგია, უაღრესად ცუდია, რადგან ქართულ მხარესთან უამრავ საკითხებზე დიალოგია საჭირო, თუ თავიანთ თავს მართლა დამოუკიდებლად თვლიან და მართლა მაგრები არიან, რისი ეშინიათ, მოლაპარაკების როგორ ეშინიათ? საქართველო უცებ მიიერთებს თუ რა... ეს აბსურდული წინააღდეგობის გაწევაა, როცა აფხაზეთი ისედაც კრიზისშია, რუსეთის მხრიდან სრული ანექსია ქხდება, ამ ფონზე კი დე ფაქტო ხელისუფლებას დამატებითი რესურსები, გასვლები, გარკვეული შეთანხმებები სჭირდება ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებზე. თანაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დე ფაქტო არჩევნები მოდის. მე ორი დღის წინ ვიცოდი. რომ იგი საქართველოში ჩამოვიდა. ორი კაცი იყო ჩამოსული, მეორე არ ვიცი ვინ იყო, ამის გვარიც კი არ ვიცოდი, ახლა გავიგე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ის ვიდეო, სადაც კვირაია სადღეგრძელოს ამბობს და რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, შესაძლოა ზუგდიდში იყო ჩაწერილი. როგორც წესი, ასეთი რაღაცები ზუგდიდის, სამეგრელოს იქით არ ვრცელდება. ასეთი რაღაცეები ადრეც ხდებოდა და არა მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს. ძალიან ბევრი წვრილმანი საკითხებია, რაზეც თანამშრომლობა შეიძლება. როგორც წესი, ზუგდიდში ხდება ხოლმე - სადმე დასხდებიან ადამიანები. კავკასიური წესით, სტუმარი რომ ჩამოდის, რესტორანში დაპატიჟებენ ხოლმე, დასხდებიან და რაღაცაზე ლაპარაკობენ, აბა, ბაღში ხომ არ დასხდებიან... სადღეგრძელოზე მართლა რა უბედურებაა... ეჭვიც არ მეპარება, რომ ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადღეგრძელოს არ დალევდა, არც ქართველები დალევდნენ დამოუკიდებელი აფხაზეთის სადღეგრძელოს, მაგრამ თუ კარგი ურთიერთობების სადღეგრძელო დალიეს, ამაში ცუდი რა არის, მართლა არ მესმის... თავად ამ პიროვნებას არ ვიცნობ, თუმცა უფლებამოსილი პირი იქნებოდა, ვისაც ის უფლებები ექნებოდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ელაპარაკა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ნამოხვანჰესის” მშენებლობაც ჩიხში შევიდა, მთავრობა უკვე საგონებელშია

“ნამოხვანჰესის” მშენებლობაც ჩიხში შევიდა, მთავრობა უკვე საგონებელშია “ქვეყანაში ჰესების მშენებლობას უამრავი ადამიანი აპროტეტებს, რასაც შესაძლო ეკოლოგიური პრობლემების წარმოშობით ხსნიან. არადა, რეალურად, ქვეყანაში კარგად დაპროექტებული ჰესების არსებობა ენეგროუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. საქართველოს ენერგოსისტემას სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება. მოსახლეობის პროტესტი, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული, ენერგეტიკას აფერხებს და პრობლემებს უქმნის. პრობლემაა მთავრობასა და საზოგადოებას შორის არარსებული კომუნიკაციაც. ხელისუფლება ხალხს ჰესების არსებობის დადებით მხარეებზე არ ესაუბრება, თუმცა მიმდინარე კვირას პარლამენტში “ნამოხვანჰესის” მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნამოხვანჰესის” მშენებლობაც ჩიხში შევიდა, მთავრობა უკვე საგონებელშია / “მოსახლეობას იმ ხალხის უფრო სჯერა, ვინც ასეთ საკითხებში გაუცნობიერებელია, ვიდრე სპეციალისტებისა”.

“მთავრობის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით ადგილობრივებთან მეტი კავშირი დაამყარონ. “2010-დან 2020 წლის ჩათვლით 8-ჯერ მოიმატა ელექტროენერგიის მოხმარებამ, რადგან იზრდება ეკონომიკა, მოხმარება და ბუნებრივია, ამას საჭირდება ელექტროენერგიის დამატებითი წყარო. 2019 წელს ჩვენ 1 მლრდ 600 მლნ კილოვატზე მეტი ენერგიის იმპორტი განვახორციელეთ და ეს მაჩვენებელი გაიზრდება. “ნამოხვანჰესი”, რომელიც, გარდა იმისა, რომ 800-მილიონიან ინვესტიციას გულისხმობს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვისაც. ალბათ, მეტი კომუნიკაცია გვმართებს არა მხოლოდ ადგილობრივებთან... 1500-მდე ადგილობრივი დასაქმდება მუდმივად”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. დეპუტატი ირწმუნება, რომ გარემოსდაცვითი საკითხები სრულად არის გათვალისწინებული და ჰესის შენებლობის ნებართვაც ასე გაიცა. “ქართული ოცნების“თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანის განცხადებით, მთავარია ხელისუფლებამ მოსახლეობას ჰესების არსებობის დადებითი მხარეები კარგად აუხსნას და ასევე, არსებობდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, რათა რისკები იყოს დაზღვეული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნამოხვანჰესზე” თუ სწორი კომუნიკაცია არ მოვახდინეთ და სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებიც 3,5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ “ნამოხვანჰესის” ტიპის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას. შეიძლება კონტრაქტორებთან საუბარი, რომ პირობაში ჩაიდოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც შეღავათები ჰქონდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც არავის ეჭვი არ ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული, რადგან ჩვენ ხომ მტრები არ ვართ ამ ქვეყნის?”, - ამბობს დავითულიანი, რომლის თქმით, სურთ “სიკეთე გაუკეთონ ქვეყანას - ინვესტიცია მოიზიდონ და ენერგოდამოუკიდებლობა შესძინონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მთავარია, კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ. ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა უნდა იყოს არა პრობლემა და პროტესტის მიზეზი, არამედ - განვითარებისა და უკეთესი მომავლის შანსი”, - ამბობს დავითულიანი. თუმცა, პარალელურად, “ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. როგორც სამოქალაქო აქტივისტი სოფელ ტვიშიდან, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, გარდა ეკოლოგიურ რისკებთან დაკავშირებული პროტესტისა, მათთვის მიუღებელია კაბალური პირობები, რომლებიც უცხოურ კომპანიას საქართველოს ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ ვამბობთ, რომ არ მივდივართ ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაგრამ არსებული პირობებით ჰესის მშენებლობას არ დავუშვებთ. საუბარია, რომ რიონის ხეობაში დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს არ გააჩნია დასაბუთება და სწორი მიზნობრიობა. ძირითადი არგუმენტი, რომ ენერგეტიკის დეფიციტს განიცდის ქვეყანა და ჰესები უნდა ვაშენოთ, გასაგებია, თუმცა ხელშეკრულებაში, რომელიც ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა, ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ვალდებულებას იღებს სახელმწიფო, რომ 15 წლის განმავლობაში იყიდის ძვირად დენს კომპანიისგან, ანუ იმაზე მეტს გადაიხდის, რა ფასადაც ელექტროენერგიას დღეს ყიდულობს სახელმწიფო. ეს ავტომატურად გულისხმობს ტარიფის გაძვირებას. ეს არის 6,2 ცენტი წლიური 3%-იანი ზრდით, როგორც ხელშეკრულებაში წერია. 15 წლის მერე კომპანია იხსნის ვალდებულებას, რომ სახელმწიფოს მიჰყიდოს დენი და ინვესტორის კეთილ ნებაზე ვრჩებით დამოკიდებული. ენერგოდამოუკიდებელი მაშინ არის ქვეყანა, როცა რესურსს თვითონ განკარგავს”, - ამბობს გოლეთიანი, რომლის აზრით, “სინამდვილეში, ეს პროექტი თურქული სახელმწფოს ინტერესს უფრო ემსახურება, ვიდრე საკუთარი ქვეყნისას. ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ ელექტროენერგიას მომავალში ინვესტორი თავის ქვეყანაში გაიტანს ან ჩვენ მოგვიწევს მისი ძვირად ყიდვა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ენერგოუსაფრთხეობისა და დამოუკიდებლობისთვის ქვეყანაში ჰესების არსებობა აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანას საკუთარი რესურსი არ ჰყოფნის და ელექტროენერგიის შეძენა მეზობელი ქვეყნებისგან უწევს. ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ხაზს უსვამს, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ყოველთვის მართული იყო და ახლაც ასე გრძელდება. “თუ საქართველოს განვითარება, ქვეყნის ეკონომიკას კი წინსვლა უწერია იმ ტემპით, რასაც ჩვენი დღევანდელი მთავრობა ამბობს, მაშინ საჭირო იქნება დიდი ოდენობის ელექტროენერგია. საქართველოს რეალური და სტაბილური წყარო მხოლოდ და მხოლოდ ჰიდროენერგიაა”, - ამბობს არველაძე, რომლის განმარტებით, “ასეთი სადგურების მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“მოსახლეობას იმ ხალხის უფრო სჯერა, ვინც ასეთ საკითხებში გაუცნობიერებელია, ვიდრე - სპეციალისტებისა. ეს ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ახლაც იმავე პროცესთან გვაქვს საქმე. საუბარი მხოლოდ “ნამოხვარჰესზე” ხომ არ არის? იგივე პრობლემა წარმოიქმნა “ნენსკრაჰესთან”; რამდენი ხანია, “ხუდონჰესთან” დაკავშირებით არის ჭიდაობა და ჯახირი, რაც ვერაფრით დამთავრდა; რამდენიმე ხნის წინ პატარა, ძალიან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას პანკისის ხეობაში როგორი ამბები მოჰყვა. ეს ყველაფერი ჩემთვის უაღრესად სამწუხაროა. ხალხთან კომუნიკაცია არაერთხელ მქონია, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ საქართველოში პროფესიონალიზმს არ აქვს გასაქანი. თუკი პროფესიონალის საწინააღმდეგოდ მსახიობი, პოეტი ანდა ისეთი ადამიანი გამოვიდა, ვისაც ამ მიმართულებით არავითარი ცოდნა და გამოცილება არ აქვს, მაშინვე აიტაცებს ხალხი მის ნათქვამს. ქუთაისშიც რამდენი ხალხი გამოვიდა, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რაზეა საუბარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ არველაძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო