ვახტანგ მეგრელიშვილი - ხელისუფლება იძახდა, მცირე შენიშვნები შეიძლება მაქვს, მაგრამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, ოპოზიციამ თავი შეიკავა იმის გამო, რომ რურუას "ქეისი" არ იყო ნათლად წარდგენილი

ერთი მხრისთვის კომპრომისი უნდა ყოფილიყო პოლიტპატიმრები და ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი უნდა ყოფილიყო გარკვეული უარი რიგგარეშე არჩევნებზე და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებმა ეს კომპრომისი ვერ დაინახეს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან კარგი რესტარტის საშუალება.

"შეთანხმება ვერ მოხდა როგორც იცით, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც ახლა მე ხელში მიჭირავს ჩემი აზრით, იმსახურებს ძალიან სერიოზულ ყურადღებას. ყურადღებას, რომელიც ხვალიდან ალბათ გახდება თქვენი განსჯის საგანი. ჩემი აზრით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან კარგი რესტარტის საშუალება, იმის საშუალება რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვიძახდით. ძალიან უცნაურია, რომ ასე დამთავრდა ეს მდგომარეობა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ უკვე ჩვენი შიდა საქმეა, რომ თითოეულ პუნქტზე რა არის სწორი და რა არის არასწორი ხვალიდან ვილაპარაკოთ. ამ დოკუმენტში ეწერა, რაც მე მომწონდა, ჩემი აზრით,ძალიან მაგარი რაღაც ეწერა ის, რომ პირველი - მელიას პრობლემა გვარდებოდა, ამნისტიით 20 ივნისის და მთელი იმ მოვლენების, რაც 20 ივნისს განვითარდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის წინადადება, რომელიც თვითონ შეხვედრის დროს დააყენა სალომე სამადაშვილმა, რაც გულისხმობდა, რომ იგივე მექანიზმი ყოფილიყო გამოყენებული რურუას ქეისისთვისაც და ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია და დღესაც ფიქრის გაგრძელება ამაზე შესაძლებელია. ერთადერთი საკითხი, რომელიც რჩებოდა, ვადამდელი არჩევნების საკითხი, რომელიც იყო პრობლემური მაგაზეც თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე იყო შემოთავაზებული ვერსია და ამჯერზე მე როგორც წარმოვიდგინე იყო, ზუსტადაც კომპრომისი ორივე მხრისთვის. ერთი მხრისთვის კომპრომისი უნდა ყოფილიყო პოლიტპატიმრები, ანუ ადამიანები და მეორე მხრივ კომპრომისი უნდა ყოფილიყო უარი, ანუ ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი უნდა ყოფილიყო გარკვეული უარი რიგგარეშე არჩევნებზე და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებმა ეს კომპრომისი ვერ დაინახეს.

ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად იძახდა, რომ რაც არ უნდა იყოს მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, ანუ მცირე შენიშვნები შეიძლება მაქვსო, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო. ოპოზიციამ თავი შეიკავა იმის გამო, რომ რურუას ქეისი არ იყო ნათლად წარდგენილი, თუმცა მედიატორმა სიტყვიერად თქვა, ახსნა თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ახლა შეთანხმება ვერ მოხერხდა ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტა რურუას ქეისზე, ანუ ის, რომ ეს სინამდვილეში ეს პრობლემაა ამას საერთოდ ყველა აღიარებს, ანუ ჩემი აზრით, ძალიან პატარა პრანჭიაობაა დარჩენილი იმისთვის და იყო დარჩენილი იმისთვის, არ ვიცი შეიძლება რამე უფრო მეტი მცდელობა იყო საჭირო, მაგრამ შორს არ ვიყავით, მე ასეთი განცდით გამოვედი და ამ თვალსაზრისით კი ვარ ცოტა გულგატეხილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა.

ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს ეს შეთანხმება მომხდარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სამწუხაროდ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს