ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021

“ნაცმოძრაობამ” პოზიცია შეარბილა - პარტიაში სურთ, რომ მელია ამ კვირაში გამოვიდეს ციხიდან

გახანგრძლივდება თუ არა უქმე დღეები და ტრანსპორტის შეზღუდვა? - ეპიდემიოლოგებში ეს სცენარიც განიხილება

ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის საფრთხეა - “ეროვნული ბანკი საერთოდ სხვაგანაა”

* * *

“ნაცმოძრაობამ” პოზიცია შეარბილა - პარტიაში სურთ, რომ მელია ამ კვირაში გამოვიდეს ციხიდან

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიცია შეარბილა. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი სურვილია მელია უკვე ამ კვირაში გამოვიდეს ციხიდან. მათი თქმით, გირაოს საკითხის მოგვარებას მელიას თანხმობა არ სჭირდება, ხოლო რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, “ნაცმოძრაობა” პარლამენტში ინიცირებული პროექტის სახელისუფლებო ვერსიას კვლავაც მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებენ, რომ მელია მისი ამ ფორმით მიღების შემთხვევაშიც უნდა დათანხმდეს ციხიდან გამოსვლას. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით ისევ ძალაშია, თუმცა თავად მელიას გადაწყვეტილება ამნისტიის შინაარსზე იქნება დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ნაცმოძრაობამ” პოზიცია შეარბილა - პარტიაში სურთ, რომ მელია ამ კვირაში გამოვიდეს ციხიდან.

“შეთავაზება არის დიდი ხანია და ძალაშია, არავის არ გაუუქმებია და ეს იქნება ყოველთვის, ხოლო ნიკა მელიას პოზიცია ჩვენ ვიცით, რომ ეს ამნისტიასთანაა დაკავშირებული, თუ ამნისტიის კანონის განხილვა არ მოხდება, მაშინ მელია ამ შეთავაზებას მიიღებს, გააჩნია რას მიიღებენ და შიგნით რა ეწერება, თუ მიიღებენ იმას, რომ დამნაშავეები იქნებიან ამნისტირებულები, რომლებმაც ეს რბევა ჩაიდინეს, ეს სხვაა. ამნისტიის შინაარსზეც იქნება ეს დამოკიდებული,ნიკა მელია აპროტესტებს იმას, რომ დამნაშავეების პატიებაა გათვალისწინებული”, - განაცხადა გოცირიძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მისივე თქმით, თუ ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის ეს ნაწილი გათვალისწინებული არ იქნა, ამ შემთხვევაში მელია გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. კითხვაზე თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სავარაუდოდ როდის შეიძლება დატოვოს მელიამ საპატიმრო, გოცირიძემ თქვა, რომ პროცესებს თავად ხელისუფლება აჭიანურებს. სამშაბათს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მელიას მისი ადვოკატები შეხვდნენ. ამის შემდეგ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შევხვდით და სხვადასხვა საკითხები გავიარეთ. რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ, არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა, სასამართლო და ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს, გირაო მოითხოვონ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია პროკურატურას სასამართლოს მიმართოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია, ისევე, როგორც ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს, ზუსტად ანალოგიურადაა, გირაოსთან დაკავშირებით თანხმობაც. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში, ისევე როგორც მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პრობლემაა, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კონდახიშვილი.

“ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი პატიმრობა გაახანგრძლივონ და ისრები მასზე გადმოიტანონ. ცდილობდნენ, საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ გასაღები ნიკა მელიას ხელში იყო, მაგრამ 13 აპრილს, როცა პროცესი ჩატარდა, პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა”, - დასძენს კონდახიშვილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე კი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ ახლა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა უფრო უპრიანია, რადგან ოპოზიციის ბრძოლა სხვა ეტაპზე გადავიდეს, რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს ის აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას" ეკისრება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახლა უფრო უპრიანი იქნება, რომ ნიკა გარეთ და უფრო ქმედითი იყოს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად პოლიტიკურ ველზე, რომ ამ კვირაში გარეთ ვიხილოთ. იყო მოსაზრება და ჩვენი პარტნიორები და კოლეგები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ მზად არიან ის ადამიანები, ვინც ნიკას თავდებობა შესთავაზეს და მზად არიან ნებისმიერ დროს ეს გააკეთონ. მე ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე ყოფილიყო, რადგან პოლიტიკურ პროცესებს ნიკას გარეთ ყოფნა ძალიან სჭირდება. კარგად დავინახეთ„რომ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ სურს, რომ მელია გარეთ იყოს. მელიას ევროკავშირის პარლამენტის წევრები უდგებიან თავდებში, უპრეცენდენტო შემთხვევაა. ნიკაც კარგად ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს მისი აქტიურობა და თავიდან ბოლომდე ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში მიდის. ამიტომ ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, ნურავის ნუ ექნება მცდელობა, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეგვაყაროს, მათ ხელშია, მათი გადასაწყვეტია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით კირკიტაძე.

ნიკა მელიასგან არავითარი წერილობითი თანხმობა არ სჭირდება. შესაბამისი პროცედურებიც დაწყებულია და შეთავაზებებიც გაკეთებულია. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული გვაქვს, ჩვენ ამნისტიის კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს კანონპროექტი გამოეთხოვათ. ეს “ქართულ ოცნებასაც” და ჩვენს ქვეყანასაც აზარალებს. თუ არ გამოითხოვენ, ნებაც მათია, პასუხისმგებლობაც და ეს პასუხისმგებლობა აიღონ. ჩვენი პოზიცია ნათელია. კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ბოიკოტის პროცესი დამთავრდა ისე, რომ “ქართულ ოცნებას” მოუწია ეღიარებინა, რომ ეს იყო პრობლემური არჩევნები. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაში დევს მუხლი, რომელიც გვაძლევს გზას და სამოქმედო გეგმას, თუ ვადამდელ არჩევნებამდე როგორ მივალთ. ამიტომ ბრძოლა უნდა გადავიტანოთ სხვა ეტაპზე”, - ამბობს კირკიტაძე.

გახანგრძლივდება თუ არა უქმე დღეები და ტრანსპორტის შეზღუდვა? - ეპიდემიოლოგებში ეს სცენარიც განიხილება

“საზოგადოებრივი განწყობისა და პროტესტის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები ირიბად, თუმცა მაინც შემოიღო. დაწესებულმა უქმე დღეებმა გაუარესებული ეპიდმდგომარეობა უნდა გამოასწოროს და ინფიცირების მაჩვენებელი შეამციროს. თუ მდგომარეობა გაუარესდება, შესაძლებელია, შეზღუდვები კიდევ გაგრძელდეს, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამიტომ საინტერესოა, საკმარისია თუ არა ერთკვირიანი უქმეები ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის?”- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახანგრძლივდება თუ არა უქმე დღეები და ტრანსპორტის შეზღუდვა? - ეპიდემიოლოგებში ეს სცენარიც განიხილება / ერთ კვირაში ეპიდსიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ, თავიდან ავიცილოთ ინფიცირების მკვეთრი ზრდა.

“ეპიდემიოლოგები კარგა ხნის წინ ამბობდნენ, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4-4,5%-ს გადასცდებოდა, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნებოდა. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი დასახელებულ ზღვარს აღემატება, გუშინ კი ნიშნულმა 8%-ს გადააჭარბა. იმ შემთხვევაში, თუ ირიბად შემოტანილი აკრძალვებით მდგომარეობა არ გამოსწორდება, შესაძლებელია, რეგულაციები გახანგრძლივდეს. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ადასტურებს, რომ ეპიდმდგომარეობა გაუარესებულია, რაც უქმე დღეებმა უნდა გამოასწოროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, შესაძლოა, შეზღუდვების გაგრძელება ისევ დადგეს დღის წესრიგში. “ფაქტია, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რადგან მომატებულია ინფიცირების შემთხვევები. ეს არ არის დღევანდელი და გუშინდელი შედეგი, ეს არის წინა დღეების “ვალი”. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანები ნაკლებად იცავდნენ დისტანციას. ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, სწორედ იქ ხდება ხშირად ადამიანების დაინფიცირება, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ცოტა ხნით შეიზღუდა. უქმე დღეების შედეგი მოგვიანებით გამოჩნდება, როცა შეზღუდვები მოიხსნება”, - თვლის ხმალაძე, რომლის თქმით, “მატება თუ ისევ გაგრძელდება, შესაძლოა, ახალი რეგულაციები დაწესდეს ან გახანგრძლივდეს კიდეც“, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირბადის ტარება, დისტანცირება, თავშეყრა - ეს ის რეგულაციებია, რომლებიც მოსახლეობამ უნდა დაიცვას, თუმცა ასე სულ უფრო ნაკლებად ხდება, რის გამოც საგრძნობლად მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა დაუფარავად ამბობს, რომ ერთკვირიანი უქმეებით ეპიდსიტუაციის ბოლომდე დასტაბილურებას ვერ შევძლებთ, თუმცა აუცილებელია, მოსახლეობამ მკაცრად დაიცვას რეგულაციები. “რთული სათქმელია, რამდენად საკმარისი იქნება ერთკვირიანი უქმე დღეები, რომ მობილობა შემცირდეს და ეპიდმდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩემი აზრით, გარკვეული შედეგი უნდა გამოიღოს, მაგრამ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, შესაძლებელია, კიდევ გაუარესდეს მდგომარეობა. საერთოდ, ერთ კვირაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია რთულია, უბრალოდ შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ინფიცირების მკვეთრი ზრდა, ამბობს გოგინავა, რომლის აზრით, “უქმე დღეების გაგრძელება სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაადგილების საშუალებაა და ამიტომ ვფიქრობ, შეზღუდვა ვერ გაგრძელდება, რადგან დიდი პროტესტი მოჰყვება ამას მოსახლეობის მხრიდან. უფრო კარგი იქნება, თუ მოწესრიგდება მუნიციპალური ტრანსპორტი, გაკონტროლდება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვის წესი. რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლა ამ ერთ კვირაში წარმოუდგენელია. მობილობა ნამდვილად შემცირდება, მაგრამ ეპიდმდგომარეობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამის შემდეგაც მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს“, - მიიჩნევს გოგინავა. ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ბოლო დროს ყველაზე დიდ პრობლემად პანდემია მიიჩნევა. ჯერ უცნობია, მთავრობა მესამე “ლოკდაუნისკენ” პირველ ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური პრობლემის დაძლევას შეზღუდვებით ვერ მივაღწევთ. მაშინ, როცა ეკონომიკას გამოცოცხლება უნდა დაეწყო, ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. ბიზნესების უმეტესობა გადასარჩენად იბრძვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძილვდება რეგულაციები, ბიზნესი ახალი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. აფბა-ს პრეზიდენტის, გიორგი კაპანაძის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა “ლოკდაუნი” და ჩაკეტვაა, რაც, საბედნიეროდ, ქვეყანაში ახლა აღარ არის. მისივე აზრით, შეზღუდვები აღარ გაგრძელდება, რაც ეკონომიკას გამოცოცხლების საშუალებას მისცემს”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, ერთკვირიანი უქმე დღეები აღარ გაგრძელდება, რადგან, შეზღუდვების კიდევ გადაწევა რომ იგეგემებოდეს, აქამდე იტყოდნენ. თანაც, ისვენებს მხოლოდ საჯარო სექტორი, კერძო სექტორის უმეტესობა კი ჩვეულებრივად მაინც აგრძელებს მუშაობას. უქმეები დადებითად ვერ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა არც განსაკუთრებული უარყოფითი ეფექტი ექნება, რადგან არ არის “ლოკდაუნი” და ჩაკეტვა, რაც ყველაზე მეტად აზარალებს ეკონომიკას. იმედია, უფრო მეტად არ გამკაცრდება შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით გაუარესდა ეპიდმდგომარეობა. უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკამ კვლავ გააგრძელოს მუშაობა, რათა ის ნახტომისებური მატება, რომელიც მარტში დაფიქსირდა, შემდეგ თვეებშიც გაგრძელდეს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.

ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის საფრთხეა - “ეროვნული ბანკი საერთოდ სხვაგანაა”

“წლიური ინფლაცია აპრილის თვეშიც მაღალ ნიშნულზეა. მისი შეჩერება ვერაფრით ხერხდება. მეორე კვარტალის პირველ ორ თვეში ინფლაციამ მიზნობრივს 2-ჯერ გადააჭარბა და ახლა მისი მაჩვენებელი 7.2%-ია. მძიმეა სპეციალისტთა ნაწილის პროგნოზი. მათი აზრით, ეროვნულმა ბანკმა რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ინფლაციის შეჩერება ვერ მოხდება. მარტის მსგავსად, აპრილშიც წლიური ინფლაცია 7.2% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯების მიუხედავად, ფასების ზრდას არაფერი შველის, ამიტომ, დიდი ალბათობით, ქვეყანა ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდება. გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა, რასაც შედეგი, ჯერჯერობით, არ მოუტანია. ფასების ინდექსის შემცირება მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან არის ნავარაუდევი. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, დღევანდელი ვითარება არ იძლევა იმის საშიშროებას, რომ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდეს, თუმცა მდგომარეობა სავალალოა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის საფრთხეა - “ეროვნული ბანკი საერთოდ სხვაგანაა” / რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას, ინფლაციის შეჩერება ვეღარ მოხდება.

“ჩვენს ვითარებაში ფასების გაზრდა ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა იმპორტული საქონლის გაძვირება და შემდეგ გაურკვევლობის ეფექტმაც შეასრულა თავისი როლი. აჟიოტაჟური მოთხოვნა წარმოიშვა ზოგიერთ პროდუქციაზე. ამას დაემატა კომუნალური ტარიფებისა და საწვავის გაძვირებაც. ეს კომპონენტებია, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ სამომხმარებლო ფასებზე. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მთელი 1 პუნქტით გაზარდა. ეს იშვიათად ხდება. მე ორნიშნა ინფლაციას ნამდვილად არ ველოდები, პირიქით, მგონია, რომ მომდევნო თვეებში ეს მაჩვენებელი დაიწევს, ჯერ ერთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გამო და მეორეც, ახლა მოდის ზაფხულის თვეები. მაისიდან სექტემბრამდე საქართველოში, ტრადიციულად, დეფლაციური პერიოდია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იაფდება სეზონური ფაქტორის გამო, ამიტომ მგონია, რომ ეს შიში გადაჭარბებულია და ორნიშნა ინფლაცია არ გვექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა მყისიერ ეფექტს ვერ მოახდენს. ამას რამდენიმე კვირა და შესაძლოა, თვეც კი დასჭირდეს, რომ შედეგი იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მით უფრო ძვირდება ფული, კრედიტების ღირებულება და ეს უარყოფითად მოქმედებს სამეწარმეო კუთხით. ერთი მხრივ, ბაზარს ვიცავთ ინფლაციისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ბიზნესსა და მოსახლეობას არ ვაძლევთ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რათა ისინი გაუმკლავდნენ მომატებულ ფასებს”, - დასძენს სტატისტიკოსი.

“საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფასები სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების უმეტესობაზე არის გაზრდილი. ძირითადი 10 პროდუქცია, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები, 2021 წლის აპრილში ასე გამოიყურება: მზესუმზირის ზეთი გაძვირდა 76,6%-ით; თერმომეტრი - 68,4%-ით; ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 38,5%-ით; საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 34,6%-ით; წიწიბურა - 32,2%-ით; ლურსმანი - 31,9%-ით; სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 30,8%-ით; საშინაო ფეხსაცმელი ქალის - 28,8%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 28,3%-ით; ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 27,9%-ით. ინფლაციის კუთხით, ისევე როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და არასტაბილურობით მხრივ, საქართველოს პოზიციები რეგიონში საკმაოდ არასახარბიელოა, ამიტომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასების მეტად მატება და მისი ინფლაციაზე ასახვა გარდაუვალი იქნება. ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა რა პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს, არანაირი მნიშვნელობა და აზრი აღარ აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ინფლაციის მაჩვენებლი რომ შეიცვლებოდა, რად უნდოდა ამას საუბარი, ეს ისედაც ნათელი იყო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ქმედებები იმდენად არაადეკვატური და შეუსაბამოა ეკონომიკასთან, რომ მათ შორის ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ. შეიძლება, სადღაც სტატისტიკაში დაფიქსირდეს, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გაზრდამ შეამციროს ინფლაცია, მაგრამ ვინ გაიგო, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა? მხოლოდ მათ, ვისაც სესხი აქვს აღებული, სხვას არავის აინტერესებს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი არის 8.5%, ეს ნიშნავს იმას, რომ დაქცეული ეკონომიკა გვაქვს და ამ დროს კიდევ იზრდება 9.5 პროცენტამდე. როდესაც ამ ყველაფერს ვერ გრძნობ, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მონეტარული პოლიტიკა გინდ გამკაცრდეს, გინდ შემცირდეს, მაინც არაფერი შეიცვლება. ეროვნული ბანკი საერთოდ სხვაგანაა, საქართველოს ეკონომიკა კი _ სულ სხვაგან, ესაა მთავარი ტრაგედია. ეროვნულმა ბანკმა რა პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს, არანაირი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ კუკულაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა