ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021

სანდრო თვალჭრელიძე - “რეგიონში ჩვენ ვიღებთ ძლიერ ალიანსს საქართველო-ამერიკის სახით”

ისტორიული გაცვლა საქართველოს შუამავლობით - რუსეთი კავკასიაში ერთადერთი მედიატორის სტატუსს კარგავს

ჯეიმს აპატურაი - “რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოზე ხელს არ ავიღებთ”

გახარიას მესამე ძალის ფორმირება შეუძლია, ამიტომ “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” მისი ეშინიათ - ძაბირაძე

ბადრი ჯაფარიძე - “დიახ, გახარიამ წერილი პირადად მე გადმომცა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “რეგიონში ჩვენ ვიღებთ ძლიერ ალიანსს საქართველო-ამერიკის სახით”

“ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა საქართველოში, 10 წლის წინ რომ ყოფილიყო, ამდენ ძალისხმევას დახარჯავდა დასავლეთი? - რა თქმა უნდა, არა... ალბათ, რაღაცას მოიმოქმედებდნენ, დაფინანსების ნაწილს შეგვიწყვეტდნენ და ამით დასრულდებოდა ყველაფერი. საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. ტრამპისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია და განსხვავებულად ფიქრობს როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ისე გლობალიზებულ მსოფლიოზე. ამას დაემატა კოვიდკრიზისი, რომელმაც ცხადყო, რომ გლობალიზაციას ალტერნატივა არა აქვს. აღარავინ კამათობს იმაზე, რომ პანდემიას მხოლოდ გლობალურად შეგვიძლია გავუმკლავდეთ - გლობალურ გამოწვევებს გლობალური პასუხი სჭირდება. ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიოსთვის დღეს “გლობალური კოვიდი” ვლადიმირ პუტინია და ამ “კოვიდსაც” სჭირდება სერიოზული პასუხი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რეგიონში ჩვენ ვიღებთ ძლიერ ალიანსს საქართველო-ამერიკის სახით”.

“დასავლეთს, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, აღელვებს თურქეთ-ირან-რუსეთის შესაძლო კავშირი. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ამ ეტაპზე დასავლური დემოკრატიების სანდო პარტნიორად ვერ განიხილება. შესაბამისად, დასავლეთს აუცილებლად სჭირდება რეგიონში სანდო პარტნიორი და ასეთი ერთადერთი აქტორი საქართველოა. ამიტომაც დასავლეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი. საქართველოს მხარდაჭერა გლობალური მიდგომის მხარდაჭერაა. რატომ მოხდა ეს მხოლოდ ბაიდენის არჩევის შემდეგ? იმიტომ, რომ ერთმანეთს ისევ სინერგიულად შეერწყა ევროკავშირისა და აშშ-ის პოლიტიკა, რაც ტრამპის დროს შუაზე იყო გახლეჩილი. ამ სინერგიას ხელი პანდემიამაც შეუწყო. ამერიკელ ხალხს ესმის, რომ სასწრაფოდ აღსადგენია ანგლოსაქსურ-ევროპული ერთიანი მიდგომა მსოფლიო პოლიტიკაში და აქ საქართველო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ევროპელების გაწეული ძალისხმევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად, ასევე ამერიკული დიპლომატიის გააქტიურებაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ველი კონკრეტულ ქმედებებსაც. შესაძლოა ჯერ იყოს ფარული და ლატენტური, მაგრამ მალე ცხადად გამოჩნდება. უკვე ითქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აღარავინ დაუშვებს. მალე გერმანიაში ანგელა მერკელიც აღარ იქნება მთავარი მოქმედი პირი, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ნატოს გაფართოების საკითხზე დასავლეთევროპულ პოლიტიკაში მიდგომები შეიძლება შეიცვალოს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია... რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური შუამავლობით და ფილიპ რიკერის მონაწილეობით აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლებას, საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივ მოქმედებას, ჩემი აზრით, ორი ასპექტი აქვს: პირველი - აშშ, რომელიც რუსეთის გამო პირდაპირ ვერ ახერხებს მუშაობას სომხეთთან და ამას საქართველოს საშუალებით აკეთებს. იმავდროულად, იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობა, როგორი გავლენა აქვს ერთმანეთზე ამ ორ ქვეყანას და ამასაც იყენებს. მეორე მხრივ, ეს ძალისხმევა აშკარად მიმართულია რეგიონში საქართველოს ფუნქციისა და გავლენის გასაძლიერებლად. ამიტომაც ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთჯერაადი აქტი. ჩემი აზრით, რეგიონში ჩვენ ვიღებთ ძლიერ ალიანსს საქართველო-აშშ-ის სახით. ეს არის ორი პარტნიორის სინქრონული მოქმედება, რომელსაც გაცილებით სერიოზული პოზიტიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელშიც ის გახარიას მოღალატედ მოიხსენიებს. თუ გახარია მართლაც მოღალატეა, ეს კადრების შერჩევაში ბიძინა ივანიშვილის სისუსტეს ცხადყოფს. რამდენიმე კანდიდატურამ მართლაც ძალიან გაუცრუა იმედი. ვფიქრობ, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო გიორგი მარგველაშვილი, რომლის პრეზიდენტად არჩევისთვის ყველაფერი გააკეთა, მეორე ასეთივე პროექტი კი იყო გახარია - ივანიშვილმა ჩამოიყვანა საქართველოშიც და დანიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდგომ ეკონომიკის, მერე შს მინისტრად და ბოლოს პრემიერად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე ფიქრობს ასე. თუმცა ასევე მახსოვს მისი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის დროს, როდესაც რამდენიმე გარემოებას გაუსვა ხაზი, მათ შორის თქვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია მაქსიმუმს - მესამე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ამის მერე მოუწევს ოპოზიციაში გადასვლაო და დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, გამოჩნდებოდა მესამე ძალა, რომელიც არ იქნებოდა რადიკალური და კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში დაუპირისპირდებოდა “ქართულ ოცნებას”, - განაგრძობს ექსპერტი.

“სწორედ ამგვარ ძალად გადაქცევის შანსი აქვს გახარიას. ახალგაზრდა და გონიერი კაცია და ვფიქრობ, ამ პროექტისთვის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ამას მოწმობს ისიც, რომ თანამოაზრეების ნაწილი შეიყვანა პარლამენტში, რათა იქ ტრიბუნა ჰქონოდა. გახარიას ხელისუფლებიდან წასასვლელად საბაბი სჭირდებოდა და კარგი საბაბი იყო თუ ცუდი ნიკა მელიას თემის გამოყენება, ეს გემოვნების საკითხია. შეიძლება მომენტი და საბაბი სწორად ვერ შეარჩია, მაგრამ ის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო, პრემიერობის დროსაც ცხადზე ცხადად ჩანდა. ახლა შევაფასოთ ის კრიტიკა, რაც გვესმის, ერთი მხრივ, “ქართული ოცნებისგან” და მეორე მხრივ, ოპოზიციისგან. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ლოგიკურად მსჯელობს, როცა გიორგი გახარიას რაღაც შეთქმულებაში მონაწილეობას აბრალებს, მაგრამ ლოგიკას აქვს თავისი კანონები, მათ შორის ერთ-ერთია სრული ინდუქციის კანონი, რაშიც კობახიძის მსჯელობა ძალიან მოიკოჭლებს”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“მისი თქმით, გიორგი გახარიანიკა მელიას დაკავებისთვის ორი დღე მოითხოვა და სწორედ ეს დრო სჭირდებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” თითქმის რევოლუციის მოსაწყობად, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ გიორგი გახარიამ გადადგომით მელიას დაკავება ორი დღით კი არა, ექვსით გადადო, თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დროს შეიქმნა სამთავრობო კრიზისი, საკმაოდ ძლიერი საფუძველი ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შესაქმნელად. ისმის კითხვა, რატომ არ შეიქმნა ამგვარი მთავრობა, რატომ არ ჩამობრძანდა მიხეილ სააკაშვილი? რამ შეუშალა ხელი ამ ვითომ შეთქმულების შესრულებას?! კობახიძის ვითომ ლოგიკური მსჯელობა ძნელად დასაჯერებელია. ჩვენი მოქალაქეები ნუ ჰგონიათ იმდენად ბრიყვები, რომ ასეთი ზღაპრები დაიჯერონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა არ არის მზად ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი სახალხო პროტესტი, რისი ნატამალიც არ იგრძნობა. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა რიონის ხეობის მცველების თბილისში გამართული აქციებისას - დიდ ხალხმრავლობას ელოდნენ, მაგრამ იმედი ძალიან გაუცრუვდათ”, - თვლის ექსპერტი.

“როგორც ძველი რომაელი პოლიტიკოსი კატონი-უფროსი ყველა გამოსვლას სენატში ასრულებდა სიტყვებით: “კართაგენი უნდა დაინგრეს”, ლამის მეც ეგრე ვარ. უკვე რამდენი ხანია ყველა ინტერვიუსა და პუბლიკაციაში ვცდილობ ვთქვა, რომ საქართველოს სჭირდება მესამე შუალედური ძალა და ამ ძალის შესაქმნელად ყველაზე კარგი კანდიდატურა გიორგი გახარიაა. რატომ აგორდა მისი სალანძღავი ტალღა ორივე მხრიდან? - იმიტომ, რომ ეშინიათ მისი. ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს წაართმევს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას უფრთხიან, რომ გახარიამ შეიძლება შემოიკრიბოს ის ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან მიდის და ხმას არავის აძლევს. ვფიქრობ, მისი პოლიტიკა სწორედ ამისკენ იქნება მიმართული. მისი სამიზნე ელექტორატის სწორედ ეს ნაწილია. გარდა ამისა, უკვე წლებია ვამბობ, რომ საქართველოს სჭირდება არაპოლიტიკური, ტექნოკრატიული მთავრობა და ზუსტად იმავეს ამბობს გიორგი გახარიაც, უნდა შევქმნათ არაპოლიტიკური ბიუროკრატების ფენაო”, - ამბობს რესპონდენტი.

“შევხედოთ წამყვან დასავლურ ქვეყნებს, სადაც ხელისუფლების ცვლილებისას მხოლოდ ტოპმენეჯმენტი იცვლება, მთელი ბიუროკრატია, აღმასრულებელ-პროფესიული სტრუქტურა კი უცვლელი რჩება. ჩვენთან რა ხდება? - როცა ახალი ძალა მოდის, სამინისტროებში დამლაგებლებსაც კი ცვლიან. ასე სახელმწიფო ვერ განვითარდება. შესაბამისად, გახარიას ეს მიდგომა სწორია. მართალია, დიდი პოლიტიკური დოქტრინები და მსოფლმხედველური იდეოლოგია არა აქვს, მაგრამ ამბობს, სახელმწიფო უნდა აშენდეს და ამისთვის საჭიროა პროფესიული საქმიანობაო. მან წარადგინა გეგმა, რომელიც წავიკითხე და ვფიქრობ, ამ გეგმაში ბევრი რამ სწორია, მაგრამ არ არის უნაკლო. მისი უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ მასაც, როგორც ჩვენში ყველას, დაავიწყდა მეცნიერება. ლაპარაკია ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, მაგრამ არა მეცნიერების განვითარების მნიშვნელობაზე”, - აღნიშნავს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “გასათვალისწინებელია, რომ მისი მინისტრობისა თუ პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომების თანამონაწილეობას ვერსად გაექცევა...”, - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, აქვს ხელისუფლებაში ყოფნისას მომხდარი მოვლენების ტვირთი, თუმცა კარგად უმკლავდება, აცნობიერებს პასუხისმგებლობას. ყურადღებით ვადევნებ თვალს მის განცხადებებს, მომეწონა მისი გამოსვლები, ცდილობდა შეძლებისდაგვარად დელიკატური ყოფილიყო. როდესაც ღალატში დაადანაშაულეს, არც კი უპასუხა, რაც სწორია, დროს არ კარგავს სხვის კრიტიკასა და უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხში. მას სურს ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი პოლიტიკური მიზნები და არჩეული გზა სწორია. რა არის “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართული ოცნების” პოლიტიკა, ყველამ კარგად ვიცით, მათ კრიტიკაზე დროის დაკარგვა არც ღირს”.

“თავის დროზე ვამბობდი, რომ ამ მესამე ძალად შეეძლო ქცეულიყო მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა აიძულა არასწორი გზით ევლო და შედეგად 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ხაზარაძე გაითქვიფა და დაიკარგა ოპოზიციურ სპექტრში. იმედია, გიორგი გახარია ამას არ გააკეთებს. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს აიღებს, არსებობს ალბათობა, რომ დადგება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, რადგან შეიძლება უმრავლესობა დაიშალოს. ამის გაკეთება კი თუ ვინმეს ხელეწიფება, გახარიაა. ისიც ცხადია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი პარტია ვერ მოვა ისეთი უმრავლესობით, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, და საჭირო გახდება კოალიციის ჩამოყალიბება. კოალიციური მთავრობები რესპუბლიკური დემოკრატიების საყრდენი ძალაა. დიდი იმედია, საქართველოშიც მალე დადგება ამის აუცილებლობა”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

ისტორიული გაცვლა საქართველოს შუამავლობით - რუსეთი კავკასიაში ერთადერთი მედიატორის სტატუსს კარგავს

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივნისს მიღწეულ შეთანხმებას, რომელშიც შუამავლის სტატუსით აშშ-სთან ერთად საქართველოც იყო ჩართული, ანალიტიკოსები ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებენ. ეს ერთის მხრივ იმას ნიშნავს, რომ საქართველო კავკასიაში თავის ისტორიულ როლს იბრუნებს, მეორეს მხრივ კი ამით რუსეთი რეგიონში ერთადერთი და უალტერნატივო მედიატორის სტატუსს კარგავს. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანმა შარშანდელი ომისას დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთისაგან აღდამის რაიონის დანაღმული ტერიტორიების რუკა მიიღო. ეს შეთანხმება პირდაპირ უკავშრდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერის კავკასიურ ტურნეს, რომელიც გასულ კვირაში ჯერ თბილისს ეწვია, შემდეგ ბაქოსა და ერევანს და ბოლოს კვლავ თბილისს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ისტორიული გაცვლა საქართველოს შუამავლობით - რუსეთი კავკასიაში ერთადერთი მედიატორის სტატუსს კარგავს.

“ანალიტიკოსების შეფასებით ესაა, უპრეცენდენტო ფაქტი, რის შედეგადაც რეგიონში აშშ-სა და ზოგადად დასავლეთის როლი იზრდება. ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანი-სომხეთის შარშანდელი ომის მიმდინარეობისა და განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ერთადერთი შუამავალი, რომლის მეშვებითაც დაპირისპირებული მხარეები ტყვეთა გაცვლისა თუ სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავდნენ და შეთანხმებას აღწევდნენ, რუსეთი იყო. “მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში”, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას. მისი შეფასებით, ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რასაც რეგიონის მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში. ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს”, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. “ჩვენი ძმები დაბრუნდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევის დახმარებით. ისინი აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი ჯვრის დახმარებით გადავიდნენ, იქიდან კი - ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვები პუნქტით სომხეთში შემოვიდნენ”, - ამის შესახებ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა. რაც შეეხება საქარტველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, ამბობს, რომ საქართველოს როლით ამაყობს, რომელიც აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად შეასრულა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად. სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად”, - წერს ღარიბაშვილი “ტვიტერზე”. ანალიტიკოსები ამ შეთანხმებას ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ საქართველო ამით სამხრეთ კავკასიაში თავის ისტორიულ როლს იბრუნებს. ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძის აზრით, ეს როლი ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვაში მდგომარეობს”, - დასძენს გამოცემა.

“სწორი, თანმიმდევრული, რაციონალური ნაბიჯებით იბრუნებს საქართველო თავის ისტორიულ როლს კავკასიაში. საამაყოა, რომ ისეთ მგრძნობიარე თემაზე, რასაც აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება ჰქვია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხა და პოსტკონფლიქტური დაძაბული ურთიერთობის განმუხტვისაკენ კიდევ ერთი დიდი საქმე გააკეთა - საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა სომხეთის 15 მოქალაქე. აუცილებლად ასაღნიშნია ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ჩართულობა და საქართველოსთან კოორდინაციით ერთი რეგიონული პრობლემის გადაჭრა. საქართველო კავკასიის რეგიონული გასაღებია, ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვა რეგიონში”, - წერს ზურაბ ქადაგიძე. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ფაქტი, რომელიც, საქართველოსა და აშშ-ის ფასილიტაციით მოხდა, უაღრესად მნიშვნელვანია, სადაც დიდი წვლილი შეერთებულ შტატებს მიუძღვის”, - წერს სტატიის ავტორი.

“ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რამე მოხდა, რომელსაც მივესალმები. აქ ძირითადი ფაქტი ისაა, რომ სომხეთის დასავლეთისკენ შემორტიალება უნდათ და რუსეთი რომ არ გააღიზიანონ, ამიტომ საქართველოს იფარებენ, რაც ძალიან კარგია. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველო შუამავალი უნდა ყოფილიყო, რასაც აქამდე საშველი არ დაადგა. ახლა როგორც იქნა ამის გაკეთება ამერიკელებმა მოახერხეს. თამაშში ახლა ამერიკელებს უნდათ შემოსვლა. ამდენ ხანს არ შემოდიოდნენ, რადგან არჩევნები იყო. ამერიკელებმა შეგვიყვანეს თუ ჩვენ შევედით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა კითხვები იბადებოდეს, უაღრესად დადებითი და კარგი ფაქტია. დადებითია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ჩაერთო, არამედ იმიტომაც, რომ დასავლეთი ყარაბაღის გარჩევებში როგორც იქნა შემოდის, სადაც ამერიკაა წამყგვანი და მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დროს ამერიკის გვერდში ვართ და არა რუსეთის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კარგი მოვლენაა, თუმცა როცა ომი დაიწყო, სჯობდა საქართველოს ეს როლი გამოეყენებინა. ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ორი უნიკალური როლი აქვს, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ესაა მოპასუხე რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იტყვის, რომ ვიდრე რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, საქართველო კავკასიის საქმეებში რუსეთის ჩართულობას ვერ ხედავს და მეორე, საქართველო ყოფილიყო თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესების გამჟღერებელი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ახლა ამერიკამ გააკეთა. ეს ტურნე შუამავლობისა და ფასილიტაციისთვის იყო. რიკერი ჯერ საქართველოში ჩამოვიდა და ალბათ იკითხა - ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ და თქვენ შემოდიხართ თუ არა თამაშშიო. როცა ჩვენგან ალბათ აღტაცებული პასუხი მიიღეს, რადგან ქართული მხარე მარტო ამის გამკეთებელი არ იყო, მერე უკვე ბაქოში და ერევანში წავიდა და უთხრა - მოდი ეს გავაკეთოთ და ამაში საქართველოც ჩავრთოთ. შემდეგ დაბრუნდა თბილისში და უთხრა, რომ ბაქო და ერევანი თანახმანი არიან. ანუ ეს პირწმინდად ამერიკული პროექტია, სადაც მადლობა ამერიკას, რომ ჩვენ დაგვინახეს, როგორც პარტნიორი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მგონია, რომ რუსეთი მაინც კარგად მიხვდება რა მოხდა. ის ხედავს დასავლეთი როგორ შემოდის კავკასიაში. ამას დაიმახსოვრებს და შესაძლოა ბაქოსაც და ერევანსაც შეახსენოს. ერევანი რუსეთის მოკავშირედ ითვლება და შესაძლოა არჩევნებზე ფაშინიანი რუსეთმა, ასე ვთქვათ, დასაჯოს და კოჩარიანის მოსვლას ხელი შეუწყოს. ეს პატარა ეპიზოდი ძალიან ბევრ ეპიზოპდებს მოიცავს, ძალიან კარგად გააზრებული კომბინაციაა, რისი დადგმაც ქართველებს დღეს არ შეუძლიათ. ესაა ბრწყინვალედ გაკეთებული ამერიკული პროექტი”, - დასძენს ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “თუ ყოფილა მსგავსი პრეცენდენტები, რომ საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რაიმე შეთანხმება მიღწეულიყოს?” - პასუხობს:

“არა, მე არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსენდება. ასეთი გათვლები პოსტსაბჭოთა სივრციდან გამომდინარე შევარდნაძეს შეეძლო, მაგრამ მას ეს არ გამოუყენებია. ერთადერთი გათვლები არა ყარაბაღის თემაზე, არამედ ნავთობსადენზე იყო, თუმცა ეს სხვა საკითხია. მაშინ შევარდნაძის ჩართულობით მოხდა მილების საქართველოზე გაყვანა, თუმცა ამას ომის მოგვარებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია, პირიქით ამით სომხეთი გვერდზე გასწიეს, ახლა კი დასავლურ პოლიტიკას ჩართეს, რაც ძალიან კარგია. წესით ეს რუსეთს უნდა გაეკეთებინა, პატიმრები მას უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ ვერ გააკეთა. არჩევნები მოდის, ფაშინიანს პროექტი ჩავარდნილი აქვს, უცებ ჩამოვიდა ამერიკა და ტყვეების ნაწილი გამოიყვანა. ეს სომხური საზოგადოებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. რუსეთი პატიმრების გათავისუფლებას, ისევე როგორც ყარაბაღის კონფლიქტს, აჭიანურებდა. ჩამოვიდა ამერიკა და უცებ გააკეთა. სომხეთმა დაინახა რა არის რუსეთი - რომ დროს წელავს და საქმეს არ აკეთებს. მაგარი ოპოერაცია განხორციელდა, აღტაცებული ვარ”.

ჯეიმს აპატურაი - “რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოზე ხელს არ ავიღებთ”

“ამ სამიტზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო პოლიტიკას უახლოესი ათწლეულის მანძილზე. ეს პოლიტიკა მრავალი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ნატოს ღია კარის პოლიტიკის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაძლიერებაა, რათა მეტად დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, ნატოს წევრი გახდნენ. რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ განუხრელად ერთგული ვრჩებით იმ დაპირებისა, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე დავდეთ - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან! ამ მიზნის მისაღწევად გვსურს მეტი გავაკეთოთ საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად”, - აცხადებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯეიმს აპატურაი: “რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოზე ხელს არ ავიღებთ” / “როდესაც პოლიტიკური თანავარსკვლავედი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, საქართველოს პრაქტიკული ბარიერები არ ექნება ნატოში გაწევრებისთვის”.

“დიახ, ვიცი, რომ სამიტზე საქართველოს და უკრაინაა არმიწვევას უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა მიზეზი ტექნიკურია - დროის სიმცირე. ჩვენ მხოლოდ სამი საათი გვქონდა. ეს საგანგებო სამიტი გარკვეულწილად მორგებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განრიგზე, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ ნატოში საკუთარ კოლეგებს შეხვდება, შემდეგ კი პრეზიდენტ პუტინთან მოუწევს შეხვედრა. ამ უკიდურესად შეზღუდულ დროში უნდა განვიხილოთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მათ შორის - რუსეთსა და ჩინეთთან დაკავშირებით. მოგვიწევს, ამ სამ საათში ჩავატიოთ სამიტზე დამსწრე ყველა წევრი ქვეყნის ლიდერის გამოსვლა და პარტნიორებისთვის დრო აღარ რჩება. აღვნიშნავ იმასაც, რომ ევროკავშირიც, რომელიც ყოველთვის ესწრება ჩვენს შეხვედრებს, ამჟამად არ იქნება. ჩვენ მომავალ წელს გვექნება კიდევ ერთი სამიტი, რომელიც ჩვეულ გარემოში ჩატარდება და, რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინაც იქნებიან მიწვეული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯეიმს აპატურაი.

“რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოების ყველა ცდას დასაწყისიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. გავიხსენოთ გასული წლის პრეცედენტი - როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია გახდა ნატოს წევრი, რუსეთი ყველანაირად ცდილობდა, ეს არ დაეშვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნატო რეგულარულად იძენს ახალ წევრებს. ასე რომ, კარი ღიაა. მეორე ასპექტი, რომელსაც გამოვყოფდი, არის ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრებას, მაგრამ მოკავშირეები საჯაროდ და ყველას გასაგონად იმეორებენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდეს ნატოს წევრი! რა თქმა უნდა, გულუბრყვილო არავინაა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ რუსეთი ასე აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომ მას ჯარები ჰყავს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. ეს საქმეს არ გვიადვილებს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ამის გამო გავჩერდებით და საქართველოზე ხელს ავიღებთ. “მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში” - ამ მიდგომის ერთგული ვრჩებით და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ”, - განაგრძობს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

“ვფიქრობ, ჩვენ უკვე დიდი ხანია გავცდით პოლიტიკური განცხადებების ხანას და პრაქტიკული ნაბიჯების ფაზაში გადავედით. ერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ნატოს მზარდი ჩართულობა საქართველოში. მსგავსი მაგალითი არ გვაქვს თუნდაც ჩრდილოეთ მაკედონიაში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, გვაქვს ყოველწლიური წვრთნები, თბილისში მუშაობს ნატოს მუდმივი წარმომადგენელი საკუთარი გუნდით. რა თქმა უნდა, გვაქვს უწყვეტი და მაღალი დონის სამხედრო თუ პოლიტიკური ვიზიტები. იზრდება თანამშრომლობა შავი ზღვის კონტექსტში - საქართველოს სანაპირო დაცვის მშენებლობაში ვეხმარებით. გვაქვს აშკარა და მნიშვნელოვანი პროგრესი. როდესაც ვუყურებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ვადარებ იმას, რაც 10 წლის წინ იყო, განსხვავება დღისა და ღამის ტოლფასია, რაც შესანიშნავი მიღწევაა. განხორციელდა რეფორმები იმ მნიშვნელოვან სფეროებში, რომლებიც ნატოსთან არის დაკავშირებული, მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურში, სადაზვერვო სამსახურსა და მმართველობაში. ასე რომ, მხოლოდ სიტყვებს არ ვჯერდებით”, - განმარტავს ჯეიმს აპატურაი.

“მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა რეფორმას, რაც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ეს მხარდაჭერა არის როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული, რაც იმის წინაპირობაა, რომ როდესაც პოლიტიკური თანავარსკვლავედი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, საქართველოს ნატოში გაწევრებისთვის პრაქტიკული ბარიერები არ ექნება. ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია. ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ვერ გავაკონტროლებთ გაწევრების პროცესს, მაგრამ შეგვიძლია შევქმნათ ყველა პირობა, რომ როდესაც პოლიტიკურ კონსენსუსს მივაღწევთ, ნატოში გასაწევრებლად ყველა სხვა ელემენტი სათანადო დონეზე იყოს. მესმის თქვენი სკეპტიციზმი და იმედგაცრუება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ნატო შეეგუა “გავლენის სფეროების” პოლიტიკას. ძალიან ადვილი იქნებოდა დასავლელი სკეპტიკოსების აზრის გაზიარება, იმ ხალხისა, ვინც ამბობს, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, დაე, ჰქონდეს რუსეთს თავისი გავლენის სფერო, დავანებოთ თავი საქართველოსა და უკრაინას, უარი ვუთხრათ ნატოში გაწევრებაზე, შედეგად რუსეთთან პრობლემები არ შეგვექმნება და ჩვენს საქმესაც უკეთ მივხედავთო. მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებისა, - ამბობს რესპონდენტი.

“ამას არ გავაკეთებთ, რადგან ჩვენ გვჯერა პარიზის ქარტიაში ჩაწერილი პრინციპისა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდელი, საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია. ასე რომ, ძალიან ადვილი იქნებოდა დანებება და თამაშიდან გასვლა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და არ გავაკეთებთ, რადგან ვაღიარებთ და პატივს ვცემთ საქართველოს არჩევანს, რომ ის არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის საქართველოსთვის, მაგრამ მერწმუნეთ, არც ნატოსთვის არის იოლი. ალბათ, მეტის გაკეთებაც შეგვიძლია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მეტის გასაკეთებლად!” - დასძენს აპატურაი და შეკითხვაზე - “ბოლოს მინდა გკითხოთ ნატოს ჩართულობაზე შავ ზღვაში. რას უნდა ველოდოთ მომავალში?” - პასუხობს:

“ ჩვენ მომხრე ვართ სტაბილური განვითარების, რათა ვითარება შედარებით მართვადი იყოს. ეს გულისხმობს მეტი ინფორმაციის გაცვლას, სანაპირო დაცვის ტრენინგს _ საქართველოს შემთხვევაში და დახმარებას უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ მეტ წვრთნას ვატარებთ შავ ზღვაში, რის შესახებ ბევრ რუსულ პრეტენზიას ვისმენთ და ეს თვალსაჩინოა. ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაში მოკავშირე წევრების გემების რაოდენობის ზრდას, ვხედავთ ამერიკულ გემებსა და საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავებს. ახლა საკითხი ასე დგება - კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია? მიმდინარეობს დისკუსია ნატოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ზრდაზე შავი ზღვის იმ ქვეყნებში, რომლებიც უკვე არიან ალიანსის წევრები. ეს დისკუსია არ შეჩერებულა და ვნახოთ, სად მიგვიყვანს... ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ რუსები. თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი გადაადგილების თავისუფლება იზღუდება ისე, რომ ხელს გვიშლის ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დაცვაში, სათანადო ზომებს მივიღებთ!”

გახარიას მესამე ძალის ფორმირება შეუძლია, ამიტომ “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” მისი ეშინიათ - ძაბირაძე

“არ მგონია, რეალურად “ნაციონალურმა მოძრაობამ” დასახულ გეგმებს გადაუხვიოს. ის, რაც ადრე ქუჩაში ხდებოდა, ახლა პარლამენტში მოხდება. იგივე დაპირისპირება იქნება, ოღონდ ეს იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში და ასე გაგრძელდება. თანამშრომლობის პარლამენტი ნამდვილად ვერ იქნება. გინდა შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერონ ხელი და გინდ არა. ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სხვა რაიმე კონსტრუქციულ და სერიოზულ თანამშრომლობას პარლამენტში არ ველი. ეს ორი ძალა “ოცნება” და “ნაციონალები” ისევ შეეცდებიან, რომ ერთმანეთთან ტანდემში დაპირისპირებულები იყვნენ. მთელი ყურადღება ისევ მათ გარშემო იყოს და მესამე ძალას აქტიურობის საშუალება არ მისცენ. იყვნენ პირველი და მეორე, ხოლო მესამე ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე არ გააქტიურდეს. ადგილობრივ არჩევნებამდე, აი, ამ იწილო-ბიწილოში და რიტორიკაში იქნებიან. ყველაფერი კი შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული “ოცნება” 43%-ზე ზემოდ აიღებს თუ არა...”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გახარიას მესამე ძალის ფორმირება შეუძლია, ამიტომ “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” მისი ეშინიათ - ძაბირაძე.

“გახარიას სწორი ტაქტიკა აქვს შერჩეული. მას კარტების და კოზირების ბოლომდე გახსნა ჯერჯერობით არაფერში სჭირდება. აქ ის იმდენად ბიძინა ივანიშვილზე არ თამაშობს, როგორც მის ამომრჩეველზე. ის ივანიშვილს კი არა „ოცნების“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უპირისპირდება. ამომრჩევლისთვის კი, რა თქმა უნდა, გარკვეული ორიენტირია. ივანიშვილმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ამომრჩველი მაინც ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მაიც ერთგავრი თამაში იყოს. გახარია კვლავ ივანიშვილის კაცია და ბოლომდე მის დამოუკიდებლობას არ იჯერებს. გახარიას ეს განწყობა აწყობს კიდევაც. მას ივანიშვილთან დაპირისპირება არაფერში სჭირდება. თუ დააკვირდებით, ის არც “ნაციონალების” ლიდერს სააკაშვილს უპირისპირდება, მაგრამ ირაკლი კობახიძის და ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოდის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გახარია ლიდერ ნაცვლებს უპირისპირდება, რადგანაც კარგად იცის, რომ ორივე პარტიაში ამ ადამიანების მიმართ მხარდამჭერებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. აქაც ტატიკურად სწორი გათვლაა, მელიასაც და კობახიძესაც პარტიის შიგნით, ასევე დაპირისპირებული ჯგუფები ჰყავთ. ამიტომ მათზე დარტყემები ხელს უფრო აძლევს, რადგანაც კონკრეტულ ელექტორატზე მუშაობს. რამდენად მომგებიანი იქნება და რამდენ ხმას მოუტანს ამის გაზომვა რთულია, მაგრამ ტაქტიკურად სწორად მოქმედებს... დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო კვლევების მიხედვით მას საქართველოში ყველა ლიდერზე მაღალი რეიტინგი აქვს. მართალია ეს სრულად მხოლოდ მისი პირადი რეიტინგი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილში მხარდაჭერა აქვს. ეს იცის როგორც “ოცნებამ”, ასევე “ნაციონალებმა”, და მისი ეშინიათ. იმიტომ კი არა, რომ ის კატასტროფულად მოიგებს და მათზე წინ იქნება. აქ საუბარი მის ქმედებასა და ტაქტიკაზეა. როგორც ახლა ის პოლიიტკურ ცხოვრებაში ხელახლა შემოვიდა, მას ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბება შეძლოს. ამიტომ ეს არცერთ ამ პარტიას არ აწყობს ამიტომ ისინი ებრძვიან, რადგან ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აცოცხლებენ. როგორც კი სხვა ალტერნატიული ძალა გაჩნდება, ორივე პოლიტიკურ მომავალს დაკარგავს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“გახარიას აქამდე გამოჩენილი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი პოლიტიკური კაპიტალი და წონადობა აქვს. ამიტომაც ხიფათს ხედავენ და უნდათ გახარია 1%-იდან 5%-მდე დარჩეს. გიორგი გახარია ხმების ძირითად ნაწილს “ოცნებისგან” აიღებს. ის დაახლოებით თავისი ხმების 50%-ს მმართველ გუნდს წაართმევს და დაახლოებით ამდენსავე შუა ამომრჩეველს წამოიყვანს. ხოლო ხმების 20%-ი ალბათ “ნაციონალური მოძრაობის” ხმები იქნება. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ივანიშვილს ორი და სამი გათვლა ჰქონდეს. ფიქრობდეს, რომ თუ კი “ოცნება” წააგებს, მაშინ გახარია ერთგვარი დაზღვევა იქნება.... რაც შეეხება კარლ ჰარცერის შეფასებას, ლოგიკურია, რადგანაც გახარია 2 წელი პრემიერი იყო და მას დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და აქვს. რა თქმა უნდა, მათ მიაჩნიათ, რომ ის ევროპული ლიდერია და რატომაც არა. ეს ლოგიკურიც არის. საგარეო კურსთან დაკავშირებით მის პოლიტიკურ შეხედულებებს იცნობენ და თუ ისევ უკან პრემიერად დაბრუნდება მიესალმებიან”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი ოპოზიციის ბოლო დროინდელი ქმედებით იმედგაცრუებულებია, ანუ დასავლეთსაც ახალი პოლიტიკური ძალა და ლიდერი სჭირდება?” - პასუხობს:

“ რა თქმა უნდა, გახარიას ევროპელები და ამერიკელები ხმების აღებაში ვერ დაეხმარებიან. თუმცა თუკი ის 5%-იან ბარიერს გადალახავს და ორნიშნა ციფრზე ავა, მას მხარდაჭერა ამერიკიდანაც და ევოპიდანაც ექნება. გაგიკვირდებათ და მისი თანამდებობაზე დაბრუნების წინააღმდეგი არც რუსეთი იქნება. ასე რომ საგარეო ფაქტორი გახარიასთვის პრობლემატური არ არის. საშინაოსგან განსხვავებით, მას საქმე საგარეო მიმართულებით უფრო მარტივად აქვს, რადგანაც ყველასთვის მისაღები ფიგურაა”.

ბადრი ჯაფარიძე - “დიახ, გახარიამ წერილი პირადად მე გადმომცა”

_ არ ვიცი, რას გულისხმობენ გახარიას თანამებრძოლები ახალ-ახალი ვერსიების გავრცელებაში. მიკვირს, ბატონი ხოჯევანიშვილი რომ ამბობს, ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცესო და ა.შ. ჰკითხოს გახარიას და მოუყვება. ჩვენ ახალი არაფერი გვითქვამს, ადრეც ვამბობდით, რომ წერილი მე გადმომცა გახარიამ. ახლა, როდესაც პოლიტიკურ ველზე დაბრუნდა, რატომ განვაახლეთ ამ თემაზე საუბარი? იმიტომ, რომ როდესაც ჟურნალისტებმა გახარიას წერილის შესახებ კითხვები დაუსვეს, მან ყველაფერი უარყო. შარშან აგვისტოში, უფრო ადრეც, ვამბობდი, რომ ჩვენსა და გახარიას შორის შუამავალი არ ყოფილა. დიახ, წერილი გახარიამ პირადად მე გადმომცა”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი ბადრი­ ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, გახარიამ წერილი პირადად მე გადმომცა” / “ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ხელისუფლებაში კორუფცია და ნეპოტიზმია. გახარიამ ამის შესახებ მხოლოდ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გაიგო? იქნებ თავადაც სარგებლობდა?”.

“არ ვიცი რატომ უარყოფს ამას ახლა. იმის თქმა, რომ წერილი არ გადმოუცია, ტყუილია. გახარია, ალბათ, ფიქრობს, რომ ამის აღიარებამ შეიძლება მის პოლიტიკურ კარიერას დიდი დარტყმა მიაყენოს ან სულაც დაასრულოს. კარგი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამაზე ვიფიქრებთ. ამასთან, უკვე წამოვაყენეთ ინიციატივა, რომ პარლამენტში შეიქმნას სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაც კორუფციასთან დაკავშირებული ყველა საეჭვო ფაქტის შესასწავლად. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ხელისუფლებაში კორუფცია და ნეპოტიზმია. გახარიამ ამის შესახებ მხოლოდ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გაიგო? იქნებ თავადაც სარგებლობდა?.. ტელესიუჟეტი იმის დასტურია, რომ "ოცნებას" კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსის გაშავება სურს. არადა, დარწმუნებული ვარ, გახარია პოლიტიკურ ველზე ივანიშვილმა დააბრუნა. ვინც ივანიშვილს კარგად იცნობს, ამბობს, რომ ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, გადაკიდება სჩვევია. ახლა შორიდან დააკვირდება ორივე პოლიტიკურ ჯგუფს და ფსონს გამარჯვებულზე დადებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“მახსენდება ძველი ამბები, როდესაც ივანიშვილი ვიღაცებს მოღალატეებად მოიხსენიებდა, შემდეგ კი გვერდით იყენებდა. ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას მოიხსენია ვიღაც-ვიღაცები მოღალატეებად, შემდეგ კი პოლიტიკურ ბრძოლაში გვერდით დაიყენა. რა თქმა უნდა, გახარიას დადანაშაულება კორუფციაში, ნეპოტიზმში, გუნდისა და სამშობლოს ღალატში სისხლისსამართლებრივ დევნაში არ გადაიზრდება! თუ მაინც ასე მოხდა, მაშინ მე დავიცავ პოლიტიკური დევნისგან, ოღონდ უსაფუძვლო პოლიტიკური დევნისგან. რეალურად ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “აშკარაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულება სულ უფრო რთულდება. აქილევსის ქუსლად იქცა “ამნისტიის შესახებ” კანონი. თქვენი აზრით, ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” ბრალია?” - პასუხობს:

“არც ველოდით, რომ “ქართული ოცნება” დაუბრკოლებლად გაგვატარებინებდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას. მუდმივად ძალისხმევა გვიწევს, რათა მმართველი გუნდი დავაბრუნოთ მიშელის დოკუმენტის ფორმატში და გავატაროთ ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ხელისუფლების გადანაწილება და ა.შ. ამნისტიის საკითხის შეთანხმების დოკუმენტში შემოტანა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენ მუდმივად ვაყენებდით ნიკა მელიას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს. ვერავინ იტყვის, რომ საუბარი იყო ფართო ამნისტიაზე, ან ვიმსჯელეთ 20-21 ივნისის მოვლენებზე და ამის შედეგად შევთანხმდით ამნისტიაზე. ასე არ იყო. “ოცნება” ცდილობს ნიკა მელიას საქმე ფართო ამნისტიად გამოიყენოს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, გარდა იმისა, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს “ამნისტიის შესახებ” ხმა არ მივცეთ”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით