ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021

ხათუნა ლაგაზიძე - “ქართული პოლიტიკური სპექტრი მორალურად დაბერდა..."

ახალი საფრთხე საქართველოსთვის - ეპიდემიის აფეთქება რუსეთში და რუსი ტურისტები შესაძლო ყალბი „კოვიდ-პასპორტებით“

მამუკა ხაზარაძე - “ფეხბურთელი თუ შეიძლება მერი გახდეს, მეურნე რატომ არ შეიძლება?!”

რა მოხდება, თუ პარლამენტი ახალ მოსამართლეებს მაინც დანიშნავს - “ეს საკმაოდ სერიოზული გაფრთხილებაა...”

გიორგი ვაშაძე - ”მიშა მარცხის ფორმულაა!”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ქართული პოლიტიკური სპექტრი მორალურად დაბერდა..."

“დადგა დრო ვაღიაროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფო გადავრჩინოთ, რეალური პოლიტიკის თვალსაწიერიდან უნდა დავინახოთ და შევაფასოთ პროცესები. რეალური პოლიტიკა კი გვკარნახობს, რომ ბაიდენის პუტინთან შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩინეთი. განიხილეს ბირთვული შეთანხმებისა და განიარაღების საკითხები, იყო ლაპარაკი, რუსეთმა ხელი აიღოს მასშტაბურ კიბერშეტევებზე, ახსენეს რუსეთში დემოკრატიისა და ნავალნის თემა, ითქვა ისიც, რომ უკრაინის სიღრმეში რუსეთის შემდგომი ანექსია აღარ უნდა მოხდეს, თუმცა ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ დღეს აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი არის ჩინეთის შეკავება. აქ მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკურ ზრდაზე არ არის ლაპარაკი”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული პოლიტიკური სპექტრი მორალურად დაბერდა...”

“სამწუხაროდ, პანდემიამ დარტყმის ქვეშ დააყენა მართვის დემოკრატიული მოდელი. ევროპის ქვეყნებშიც კი პანდემიასთან გამკლავების პირველმა თვეებმა ევროკავშირისა თუ ნატოს ეფექტიანობის მიმართ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ჰუმანიტარული დახმარებით თუ მართვის ავტოკრატიული მეთოდების წყალობით კოვიდს სწრაფად გამკლავებოდა და ამით დემოკრატიული მართვის სტილისთვის ალტერნატივა შეექმნა, რაც მანამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც ეს სერიოზულ გამოწვევად იქცა აშშ-ისთვის. ის, რაც იყო მისი ნოუ ჰაუ, მისი მთავარი ბერკეტი და ხიბლი - მართვის დემოკრატიული სტილი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამიტომაც ამერიკისთვის ჩინეთთან კონკურეცია უკვე სხვა შრეებში გადავიდა. რა თქმა უნდა, რუსეთის შეკავებაც რჩება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, თუმცა ჩინეთის გათვალსწინებით, მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბაიდენის ევროპული ვიზიტი დიდწილად ემსახურებდა ჩინეთთან საერთო პოლიტიკის შემუშავებას, იმას, რომ გაერკვია, ამ ფონზე რა როლი უნდა მიანიჭოს აშშ-მა ჩინეთს უახლოესი წლების საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ბაიდენის პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანა ისიც იყო, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გარკვევის პარალელურად, გარკვეულიყო, შესაძლებელია თუ არა, ამერიკა რუსეთისგან მუდმივი რისკისა და საფრთხის წინაშე არ იყოს. გავიხსენოთ - მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის ამბავი გაახმაურა, რუსეთისგან არაერთი, არნახული მასშტაბის კიბერშეტევა მიიტანეს ამერიკის ენერგეტიკულ ინფრასტრქტურაზე, რამაც ლამის ნახევარი აშშ ენერგომომარაგების გარეშე დატოვა. ეს, რა თქმა უნდა, იყო რუსეთის გამიზნული ნაბიჯი. მან კუნთები აათამაშა და სწორედ ამ შეხვედრის წინ ბაიდენს თავისი პოზიციები დაანახვა. მოკლედ, დღეს აშშ-ის ამოცანაა, რუსეთთან ურთიერთობაში მეტნაკლებად შეინარჩუნოს სატაბილურობა. შესაძლებელია თუ არა ეს პუტინის მმართველობის პირობებში? იმედია, ბაიდენმა ამ კითხვაზე პასუხი მიიღო, პროგრამამაქსიმუმი კი გახლდათ ჩინეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების გარკვევა, იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი ტაქტიკური პარტნიორები კი არიან სხვადსხვა საკითხში, მაგრამ ისინი სტრატეგიული მოკავშირეები ვერ იქნებიან, რადგან რუსეთს ძალიან ეშინია ჩინური ექსპანსიის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოკლედ, ეს შეხვედრა ემსახურებდა პოზიციების მოსინჯვას - რას შეიძლება ელოდოს ამერიკა რუსეთისგან ჩინეთთან დაკავშირებით. როგორც ბაიდენმა თქვა, ამ შეხვედრის შედეგების მიღებას დრო დასჭირდება. ვნახოთ, იმედია, ამ შედეგებს ყველა ვნახავთ... რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მასში გაწევრებას უამრავი ბარიერი ეღობება, ამიტომ ყველაფერი სწორედ რეალური პოლიტიკის პრიზმაში უნდა დავინახოთ და ყოველდღიურად, რუტინულად ვიმუშაოთ ამის მისაღწევად. ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ და მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გადადგეს ძალიან კარგი ნაბიჯი, როდესაც სწორედ ნატოს სამიტის წინ პარლამენტმა ერთიანი მიმართვა მიიღო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დაგვიანდა. მე მას უკან მიდევნებული ლამპარი ვუწოდე, რადგან ზუსტად სამიტის წინ ასეთ განცხადებას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვებოდა. ეს უნდა გაკეთებულიყო 6 თვის წინ მაინც. ამას ნაწილობრივ ხელი შეუშალა იმანაც, რომ პარლამენტმა სრულფასოვანი მუშაობა დროულად ვერ დაიწყო”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქრათველოში უკრაინის პრემიერის ვიზიტი და მისი და ჩვენი პრემიერის ერთობლივი განცხადებები. ასევე მნიშვნელოვანი განცხადებები მოვისმინეთ ამერიკელი კონგრესმენებისგან, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, თუ არ გვინდა, რომ პროცესები ისევ ამერიკას მოუბრუნდეს ცუდად, დროა, ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრებაზე ვიფიქროთო, თუმცა ეს განცხადებებიც დაგვიანდა. მაქვს იდეა, საქართველოსა და უკრაინის ინიციატივით გაკეთდეს საპარლამენტთაშორისო ლობისტური ჯგუფი, რომელშიც შევლენ ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები, კონგრესმენები, გავლენიანი ექსპერტები, გადამდგარი თანამდებობის პირები, ვისთან ერთადაც იმუშავებენ საქართველოსა და უკარაინის ხელისუფლებები ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობასთან ნატოში გაწევრების საკითხებზე. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხების რეგიონული ფორმატები. უმნიშვნელოვანესი მგონია საქართველოს, უკრაინისა და თურქეთის რკალის შექმნა შავ ზღვაზე. რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების თავმოყრა დაიწყო, თურქეთმა როგორც სიტყვიერი, ისე მატერიალური დახმარება აღუთქვა უკრაინას, რითაც რუსეთის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ფაქტიც აჩვენებს, რა მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს შავ ზღვაში უსაფრთხოების ახალი კონგლომერატის შექმნა”, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

“ეს ვერ ჩაანაცვლებს ნატოს, მაგრამ ჩვენთვის უსაფრთხოების ზღუდედ შეიძლება იქცეს, მით უფრო, რომ ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია ერდოღანის იდეა “ექვსთა კავშირის” თაობაზე, რომელშიც მთავარ როლს შეასრულებენ თურქეთი, რუსეთი და ირანი. ამგვარ ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის ნიშნავს დასავლეთისგან გამიჯვნას, რაც მეტისმეტად სარისკოა. სხვადასხვა ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტისას ერდოღანმა ეს წინადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა საქართველოს პრემიერს, როგორც ამბობენ, ისეთი რაკურსით, თითქოს ეს იქნება საქართველოს რუსეთისგან დაცვისა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ფორმატი. ვფიქრობ, საქართველომ ამ ფორმატში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, თუმცა ამის ალტერნატივად შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის სამკუთხედი. მოკლედ, სასწრაფოდ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოების ახალ ფორმატებზე”, - ამბობს რესპონდენტი.

“ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ჩინეთის გაძლიერებაც - მან 400 მილიარდის ინვესტიცია ჩადო ირანში. აშშ-ს ტყუილად არ ეშინია ჩინეთის გავლენის გაძლიერების. ის უპრეცედენტო ეკონომიკური შესაძლებლობებით შევიდა არა მხოლოდ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, არამედ სამხრეთ ამერიკაშიც კი. ირანში ამხელა ინვესტიცია ნიშავს, რომ ჩინეთი ცდილობს, ფეხი მოიკიდოს ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც აშშ სულ უფრო სწრაფად კარგავს გავლენას. ჩინეთის ინტერესები კავკასიის მიმართაც მზარდია, ასე რომ, ჩვენ სრულიად სხვა ეპოქაში გადავედით, როდესაც საგარეო პოლიტიკაში სრულიად ახალი პარადიგმები შემოდის. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ სირაქლემას პოზა ავირჩიოთ და ეს მნიშვნელოვანი პროცესები არ შევიმჩნიოთ. ჩვენ გარშემო ძლიერი ქარტეხილი ატყდა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება. თუ დროულად არ დავიწყეთ ჩვენი ინტერესების პოზიციონირება და ჩვენვე არ მოვხაზეთ უსაფრთხოების ზღუდეები სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობით, დიდია ალბათობა, რომ სხვა ქვეყნების ამბიციებმა გადაგვიყოლოს”, - თვლის ექსპერტი.

“ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ამერიკა სრულიად აუხსნელად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც. დასავლეთმა პუტინის ასეთი აგრესიული, შემტევი და ეპატაჟური პოლიტიკის საპირწონედ დღემდე ვერაფერი მოიფიქრა. სანქციები, რომლებსაც რუსეთს უწესებენ, ისეთი არაპროპორციულია, რომ მათი საშუალებით რუსეთის შეკავება ვერ ხერხდება, ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტეგრაცია კი ისეთი მაღალია, უფრო მწყობრი და შემტევი საგარეო პოლიტიკისთვის დღეს დასავლეთი, სამწუხაროდ, მზად არ არის. რეიგანის, თეტჩერისა და კოლის ძლიერი პოლიტიკის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ცდა, ვიდრე დასავლეთში კვლავ ასეთი ლიდერები გაჩნდებიან”, - აღნიშნავს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ჩვენთან სტაბილური განვითარების პროცესი ძალიან მყიფეა. ქვეყანა ისევ საარჩევნო პროცესში ერთვება. ელით, რომ ეს პროცესი მშვიდად წარიმართება?” - პასუხობს:

“პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მირალურად დაბერდა, გაცვდა... ამაში პოლიტიკოსთა მორალს კი არ ვგულისხმობ, არამედ მათი რესურსებისა და ენერგეტიკისგან დაცლას. ეს შეეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთგვარი ტაიმ-აუტი ავიღე ოპოზიციის კრიტიკაზე, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არანაკლებ უსარგებლოა ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ვიდრე ხელისუფლება. ამიტომაც არის ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე. რეალური, ძლიერი, კვალიფიციური ალტერნატივა თითქმის არ ჩანს პოლიტიკურ სპექტრში, ეს კი იწვევს ამომრჩევლის იმედგაცრუებას”.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ძველ დროში ჩარჩა და ფეხი ვერ აუწყო ახალ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რასაც ქმნის არა მხოლოდ ქვეყანაში შექმნილი გარემო, არამედ ინფორმაციის გავრცელების საშუალებების გლობალური ტარნსფორმაცია, სოციალური ქსელები, იმიჯის ფორმირებისა თუ ნგრევის ახალი პარადიგმები, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ, ინტერაქტიულ ფორმებს მოითხოვს. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფრისთვის ფეხი აეწყოთ, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტნენ. გამაოგნებელია, რა თემები გვესმის მათგან, ხალხის პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება. ადრე ვამბობდით ხოლმე, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდები ხელისუფლებაში ყოფნის მე-7-მე-8 წელს პარალელურ რეალობაში ინაცვლებდნენ, სადაც, თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ცალკე არსებობდნენ და ხალხი ცალკე რჩებოდა. დღეს მივიღეთ უცნაური მოცემულობა, როდესაც ხალხი სხვაგან ცხოვრობს და ოპოზიცია - სხვაგან. ეს დამღუპველია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ თუ ხელისუფლების ალტერნატივა არ გამოჩნდა, უფრო მეტად ჩავეფლობით ჭაობში”, - განმარტავს ხათუნა ლაგაზიძე.

“გახარია საინტერესოა რამდენიმე ფაქტორით. უპირველესად იმიტომ, რაც თქვენ ბრძანეთ - აშკარად დიდია გახარიასა და მისი პოლიტიკური ძალისადმი დასავლელი პარტნიორების ინტერესი. ორი დღის წინ ვხუმრობდი, გახარია პრემიერის რანგში არ შეხვედრია ამდენჯერ უცხოელებს, რამდენჯერაც ოპოზიციონერის ამპლუაში ხვდება-მეთქი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ჩვენი ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის დამსახურებაა, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში დიდი ნდობით სარგებლობს, ან შეიძლება ლობისტებიც დაიქირავეს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მის მიმართ ინტერესი რეალურია. ბრიუსელში წასვლამდე, აგერ, საქართველოში, ფილიპ რიკერი შეხვდა გახარიას, მის დასაცავად კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰარცელმა განცხადება გააკეთა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც გახარიაზე ამოსდით მზე და მთვარე, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლეთიც, ქართველი ხალხისა არ იყოს, ხელის ცეცებით ეძებს საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სტაბილური პარტნიორის იმიჯი ექნება, ვითარების სასიკეთოდ შეცვლას შეძლებს და, ამასთანავე, ცვლილების შემთხვევაში, ქვეყანაში სტაბილურობასაც შეინარჩუნებს. ამ თვალსაზრით სიამოვნებით დაელაპარაკებიან ყველა ახალ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალას. მოკლედ, გახარიასადმი არსებობს ინტერესი, გარკვეული იმედიც. როგორ გაამართლებს ამ ყველაფერს, მხოლოდ მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზეა დამოკიდებული”, - დასძენს ლაგაზიძე.

ახალი საფრთხე საქართველოსთვის - ეპიდემიის აფეთქება რუსეთში და რუსი ტურისტები შესაძლო ყალბი „კოვიდ-პასპორტებით“

“რუსეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპებმა ბოლო რამდენიმე კვირაში შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მოსკოვში. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებული კორუფცია, როდესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია უბრალოდ იყიდოს ყალბი ცნობა იმის შესახებ, რომ გაიარა ვაქცინაციის სრული კურსი, ან ჩატარებულ “პი-სი-არ” ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ ყველაფერმა ტურისტული სეზონის წინ შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეუქმნას საქართველოს, სადაც ტურისტების უმრავლესობას სწორედ რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ, რადგანაც ქვეყანაში შემომსვლელი რუსი ტურისტების ნაწილს შესაძლოა სწორედ ასეთი ყალბი ცნობები ჰქონდეთ. ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ ეს ცნობები დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება საზღვრებზე ახალი რეგულაციების დაწესება. ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი ისე, რომ არც ტურისტულ ბიზნესს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი და საქართველოს მოსახლეობაც დაცული იყოს ეპიდემიის ახალი “აფეთქებისგან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი საფრთხე საქართველოსთვის - ეპიდემიის აფეთქება რუსეთში და რუსი ტურისტები შესაძლო ყალბი „კოვიდ-პასპორტებით“.

“რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობის ზრდა მაისის ბოლოდან დაიწყო. ბოლო სამი დღეა რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება - დღეში 17 ათასზე მეტი შემთხვევა. აბსოლუტური რეკორდი დამყარდა მოსკოვში, სადაც 20 ივნისს პირველად დაფიქსირდა დღეში 9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ეს კორონავირუსის ახალი, ე.წ. ინდური შტამის (იგივე დელტა შტამი) გავრცელებითაა გამოწვეული, რომელიც უფრო აგრესიულია, ორგანიზმში უფრო სწრაფად აღწევს და ორმაგად ძლიერი იმუნიტეტი სჭირდება. რუსეთში ახალი შეზღუდვები დააწესეს, ხოლო აცრა პრაქტიკულად სავალდებულო ხდება. დამსაქმებლებს უფლება აქვთ თანამშრომლებს აცრის გაკეთება აიძულონ და უარის შემთხვევაში კი პანდემიის დასრულებამდე დროებით დაითხოვონ სამსახურიდან ანაზღაურების გადახდის გარეშე. ამას საზოგადოებაში სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა. რუსეთის შრომის მინისტრმა ანტონ კოტიაკოვმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დამსაქმებლის მიერ თანამშრომლის იძულება კანონდარღვევა იყო, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ამაში უკანონო არაფერია... რამდენიმე რეგიონში სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაინერგა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსული მედიის ცნობით, ეპიდემიის ახალი აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი, ინდური შტამის მასობრივად გავრცელებასთან ერთად, შესაძლოა კორუფციაც იყოს. დღეს რუსეთში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სამედიცინო დაწესებულებაში ქრთამის სანაცვლოდ მიიღოს ცნობა, რომ გაიკეთა აცრა, ან ჩაუტარდა “პი-სი-არ ტესტი” და პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, ამ ადამიანების ნაწილი შესაძლოა ინფექციის გამავრცელებელი იყოს, თუმცა ამ ყალბი ცნობების გამო აღარ ხდება მათი მკურნალობა და საზოგადოებისგან იზოლირება. საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია სკეპტიკური დამოკიდებულება რუსეთში გაცემული სამედიცინო ცნობების მიმართ. მაგალითად, პოლონეთში ამის გამო ახალი რეგულაციები შემოიღეს, რომელთა მიხედვითაც რუსეთიდან ჩასული ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უარყოფილი “პი-სი-არ” ტესტის პასუხი, ვადებულია პოლონეთის საზღვარზე მაინც გაიაროს ტესტირება. ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ტურისტული სეზონის წინ ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს, რადგან ტურისტთა მთავარი ნაკადი სწორედ რუსეთიდან შემოედინება. მათი აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა ჩაატაროს რუსეთიდან ტურისტების მიღების რისკისა და სარგებლის ანალიზი და ამის შედეგად უნდა გადაწყდეს, დაწესდება თუ არა საზღვრებზე დამატებითი რეგულაციები”, - განაგრძობს გამოცემა.

“უნდა აღიაროს თუ არა საქართველომ რუსეთში გაცემული სამედიცინო ცნობები და უნდა შეცვალოს თუ არა ტურისტების მიღების წესი? ამ საკითხზე საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ვითარება საფრთხის შემცველია, თუმცა ამაზე ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრომ რისკისა და სარგებლის ანალიზის საფუძველზე ერთობლივად უნდა იმუშავონ. “რამდენად დიდი რისკია, ეს შეფასება უნდა გვქონდეს. პოლონეთმა რისკების გარკვეული შეფასება თავისი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გააკეთა. რისკისა და სარგებლის ანალიზის კუთხით ჩვენც ალბათ იგივე უნდა გავაკეთოთ, ანუ რა სარგებელი შეიძლება იყოს თუ ტურისტებთან დამატებითი შეზღუდვა არ გვექნა, ან თუ გვექნა. ეს შესაბამისი მონაცემით და გარკვეული კვლევით უნდა გაკეთდეს, ასე პირდაპირ ვერ იტყვი”, ამბობს ზოიძე, რომლის აზრით, ეს საფრთხილო თემაა”, - დასძენს გამოცემა.

“აქ ძალიან საფუძვლიანი რისკისა და სარგებლის ანალიზი ჩატარდეს. ანუ რას მოიტანს ის, თუ დამატებით ბარიერს დავაყენებთ, როგორც ადრე გართულებული ეპიდსიტუაციის დროს იყო - საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე 72 საათის განმავლობაში მათ ვალდებულება ჰქონდათ, რომ ტესტი ჩაებარებინათ; ან იქვე, საზღვარზე სწრაფი ტესტი ჩაეტარებინათ, ანტიგენის მაინც და მერე კიდევ 72 საათში “პი-სი-არ” ტესტი. ასე რომ, ეს თემა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ერთად უნდა განიხილონ და ამ კუთხით რისკს და სარგებელს შეხედონ. ყალბი ცნობა რა თქმა უნდა რისკია, თუმცა როცა ტურისტების შემოსვლას ეხება, ეს მხოლოდ რუსეთზე კი არა, სხვა ქვეყნებზეც შეიძლება იყოს. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სისტემების საიმედოობას, რომ მათი გაცემული ცნობა აბსოლუტურად სანდო იყოს, აქაც უპირობოდ ვერ ვენდობით. ამიტომ ეს თემა შესაფასებელია და ამ ყველაფერს სარგებლისა და რისკის ანალიზის შედეგად უნდა შევხდოთ. მე ასეთი პირდაპირი რეკომენდაცია ამ კუთხით ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რისკი რომაა, ეს გასაგებია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან”ამბობს, რომ ეს თუ მართლაც დადასტურდა, მაშინ ჩვენც საჭირო ზომები უნდა მივიღოთ და ვიზიტორს საზღვარზე დამატებით სწრაფი ტესტი ჩაუტარდეს. მისი აზრით, “ჯანმო ამაზე რეკომენდაციასაც გასცემს. ეს ფაქტები თუ დადასტურდა, მაშინ აუცილებელი იქნება დამატებითი ღონისძიება, რომელიც საბუთის გადამოწმებას მოითხოვს. ამაზე უთუოდ იქნება მსჯელობა, რომ გაიზარდოს იმ დოკუმენტის სარწმუნოება, რომლითაც საზღვრის კვეთის დროს ვიზიტორი ისარგებლებს. საშუალო ოქროს კვეთა უნდა ვიპოვოთ. თავიდან შესაძლოა გამკაცრდეს. სასურველი იქნება სწრაფი ტესტი. ტურიზმი მსოფლიოში დიდი ინდუსტრიაა, ყველა შეზღუდვების მოხსნას ელოდება და ცრუ ინფორმაციამ რომ გაჟონოს, ეს სერიოზული ეკონომიკური დარტყმა იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - “ფეხბურთელი თუ შეიძლება მერი გახდეს, მეურნე რატომ არ შეიძლება?!”

“ორი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ - დავაინიცირეთ კანონის რეგისტრაცია ანტიკორუფციული სააგენტოს დაფუძნების შესახებ. კანონპროექტი მომზადებულია ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, წამყვანი როლი აქვს “საერთაშორისო გამჭვირვალობას”. საქმეში ჩავრთეთ ბევრი ცნობილი იურისტი. ამასთან, ფრაქციამ “ლელო _ პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტში დააინიცირა საგამოძიებო ანტიკორუფციული კომისიის შექმნა, რომელსაც 50 ხმა სჭირდება. ორივე ღონისძიების მიზანია იმ დიდი კორუფციული სქემების გამოვლენა, რომელთა გამო ქვეყანა უკან მიდის, ეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიუჯეტის ფლანგვა, კლანური გავლენები... ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას, რათა გაჩნდეს სამართლიანობის განცდა და ვერავინ გაბედოს ბიუჯეტის ძარცვა”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფეხბურთელი თუ შეიძლება მერი გახდეს, მეურნე რატომ არ შეიძლება?!” / “მოსამართლეთა კლანს სანქციების გარეშე ვერაფერი შეაჩერებს” / “საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იპარავს მათ ფულს”.

“ეს საქმე რთული რომ იქნება, ვიცით, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში მუშაობს პრინციპი “ხელი ხელს ჰბანს”. ჩვენ უნდა ვამხილოთ დამნაშავეები და შესაბამისი დოკუმენტები გადავცეთ პროკურატურას, რომელიც მიკერძოებულია. თუ ეს პროკურატურა არა, ახალი პროკურატურა და ახალი სასამართლო მიიღებს საჭირო ზომებს. მანამდე კი საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იპარავს მათ ფულს. იქ, სადაც ბიუჯეტის ფული იხარჯება, ყველგან კორუფციაა. ბოლო წლებში 8 მილიარდი ლარია დახარჯული მხოლოდ პირდაპირ შესყიდვებზე. რა საჭიროა პირდაპირი შესყიდვები, როდესაც ქვეყანაში არ არის ფორსმაჟორი ან საომარი მდგომარეობა. ცივილიზებულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, კანონი არეგულირებს ამ საკითხს. იქ არავინ აკეთებს პირდაპირ შესყიდვას, თუ განსაკუთრებული ვითარება არ არის. ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ - სახელმწიფო ტენდერების 50%-ს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ. რა გამოდის, კონკურენცია არ არის? ეს ხომ აბსურდია?! ჩვენ ყველა ამ მაქინაციას გამოვააშკარავებთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“გახარია “ქართული ოცნების” პროექტია. როგორ შეიძლება უდანაშაულოსავით ისაუბრო იმ სისტემის ნაკლოვანებაზე, რომლის შექმნაშიც ლომის წილი გიძევს? ბიძინა ივანიშვილს და გახარიას საქართველო ცხვრის ფარად მიაჩნიათ. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტყუილი თქვეს, ხალხმა კი ყველაფერი აპატია. შესაბამისად, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა. ორი დღის წინ მთავარი პროკურორი იმაშიც გვარწმუნებდა, ჩვენი მინისტრი “მილისტერი” ყოფილა. ესე იგი, პირდაპირ გვეუბნებიან, ყრუები ხართო. ეს უკვე ცინიზმია! ასეთივე ცინიზმია, როდესაც ყველაზე გავლენიან თანამდებობებზე ნამუშევარი კაცი მეუბნება, რომ ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმია და თავად ამაში წვლილი არ მიუძღვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ მოსამართლეთა კლანს სანქციების გარეშე ვერაფერი შეაჩერებს. ის, რაც გააკეთა იუსტიციის საბჭომ, პირდაპირი დარტყმაა იმ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განმუხტა. ასეთი დემარში უბრალოდ წარმოუდგენელია - ქვეყანამ ამხელა ვალდებულება აიღო პოლიტიკური პარტიების ხელმოწერით, ამ დროს კი იუსტიციის საბჭო ამბობს, მე სულ არ მაინტერესებს თქვენი ვალდებულებები, ცალკე კუნძული გვაქვსო... მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია, სანამ ახალი კანონმდებლობა არ იქნება მიღებული, მოსამართლეების არჩევა უნდა შეჩერდეს! მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მოასწროს ნათესავების, შვილების, მძღოლების მოსამართლეებად გამწესება. რატომ? იმიტომ, რომ მმართველ პარტიას თავად სჭირდება დაქვემდებარებული სასამართლო კლანი. თქვენ გჯერათ, რომ მმართველი პარტიის ჩარევისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე იუსტიციის საბჭო ამხელა რამეს იღებს საკუთარ თავზე? არა, ბატონებო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, დანიშნე მოსამართლეები, რა დროს მიშელიაო! კატასტროფაა, საქართველოში რუსული მმართველობის სტილი ყალიბდება, საბოლოოდ შესაძლოა ორიენტაციაც შევიცვალოთ. სალომე სამადაშვილს სრულიად ვეთანხმები, - სანამ ამათ ძალას არ დაანახებ, არ გაჩერდებიან, საკუთარი კუნძულის აშენებით არიან დაკავებული”, - მიიჩნევს ხაზარაძე.

“მეცოდება კობახიძე. სამი თვის წინ გახარია ცაში აჰყავდა ქებით, დღეს კი მოღალატეს, კორუმპირებულს და ვინ იცის, კიდევ რას უწოდებს. ეს უკვე კლინიკის ნიშანია. მე მათი შიდა ურთიერთობები არ მაინტერესებს, უბრალოდ, ვამბობ, რომ ასეთი ადამიანი ჯანმრთელი ვერ იქნება. რასაც კობახიძე აკეთებს, კაგებეშნიკური ცილისწამება ჰქვია. ვერ ვიმართლებ თავს იმის გამო, რაც არ მომხდარა. ესეც იმ კინოდან არის, თითქოს ხალხს ვყრიდი ბინებიდან, მევახშე ვიყავი, ახლა თურმე რეკეტიორიც ვყოფილვარ. ამით ჩემზე გავლენას ვერ მოახდენენ, თავიანთ გაუნათლებლობასა და ოროსნობას კი ყველას აჩვენებენ”, - თვლის “ლელოს ლიდერი და შეკითხვაზე - “სხვათა შორის, ხალხის ნაწილს დღემდე სჯერა, რომ სწორედაც “თიბისი ბანკი” ხალხს ბინებიდან ასახლებდა”, - პასუხობს:

“ამის სჯერა მათ, ვისაც ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო მევახშეები ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია. ილია ჭავჭავაძეს თავს როგორ შევადარებ, მაგრამ მასაც კი მევახშეს ეძახდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მეანაბრეების ფულს არავის ატანდა. თქვენს მკითხველს აუცილებლად ეცოდინება მაჩაბლისა და ჭავჭავაძის დაპირისპირების შესახებ. ასი წლის შემდეგაც იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ - ადამიანების ნაწილი ვერ არკვევს, ვინ უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ვინ აუბედურებს ხალხს. ზოგიერთს ყველა ბანკი ჰგონია, ვინც ფულს ასესხებს”.

“ახლა აჭარაში ვარ და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. საგრძნობლად გაზრდილია ნარკომანია, კრიმინალი, ქურდული გარჩევები აქ უკვე ჩვეულებრივი ამბავია. გული მწყდება იმის გამოც, რომ ბულვარი ნადგურდება. თუ ეს სამშენებლო უმსგავსობა არ შეჩერდა, მალე ბეტონის ჯუნგლებს მივიღებთ. ახალგაზრდები უხარისხო განათლებას უჩივიან. ეს პროტესტი უნდა გაღვივდეს, არ შეიძლება ამდენი დრო, ფული, ენერგია უქმად იხარჯებოდეს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, განათლებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ. გამოდის, გაუნათლებელი ერი ვართ. “ქართულმა ოცნებამ” ამის აღმოსაფხვრელად არაფერი გააკეთა... ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლა მოგვიწევს. ბრძოლა უნდა მოხდეს არჩევნებზე, ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, არ შეიძლება ერთი პარტია იყოს მმართველობაში, უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, - დაასკვნის რესპონდენტი

“ლელო” დამოუკიდებლად იბრძოლებს. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ მაჟორიტარულ ნაწილში შევთანხმდებით ოპოზიციასთან, რომ ერთმანეთს არ გავუწიოთ კონკურენცია და არ ვასარგებლოთ ხელისუფლება. ჩემი ინიციატივაც ზეპარტიული მერის შესახებ ამ მიზანს ემსახურება... ზოგიერთის აზრით, ახლა თბილისს მეურნე კი არა, სწორედაც პოლიტიკოსი მერი სჭირდება. ფეხბურთელი თუ შეიძლება მერი გახდეს, მეურნე რატომ არ შეიძლება?! თუ საქმიანი კაცი ხარ და მართვის უნარი გაქვს, ყველაფერსაც შეძლებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხარ, როგორც კი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვები, უკვე პოლიტიკოსი ხარ. მერობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვმსჯელობთ. იმედია, შევთანხმდებით”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

რა მოხდება, თუ პარლამენტი ახალ მოსამართლეებს მაინც დანიშნავს - “ეს საკმაოდ სერიოზული გაფრთხილებაა...”

“საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატები წარუდგინა, რაც მისი თქმით, ცალსახად 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება არაა. ამის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შესრულებულია. ანალიტიკოსთა აზრით, თუ პარლამენტმა ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეაჩერა, დასავლეთის რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იქნება. აშშ-ის ელჩის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენი უკიდურეს იმედგაცრუებას იწვევს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი შეაჩერებს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდება, თუ პარლამენტი ახალ მოსამართლეებს მაინც დანიშნავს - “ეს საკმაოდ სერიოზული გაფრთხილებაა...”.

“მაშინ, როდესაც სასამართლო არის ხელისუფლების ცალკე შტო, რთული გასაგებია, რატომ შეიძლება არ სურდეთ მათ ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში. ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლე იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდეს. ცალსახად არის საკმარისი მოსამართლე სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება, რაც შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისთვისაც ის მოწოდებულია და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს”, - ნათქვამია კელი დეგნანის განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის საპასუხოდ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები მოსამართლეების დანიშვნის პროცესის მიმართულებით შესრულებულია და პირობა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ უნდა განახლებულიყო იქამდე, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდებოდა, შესრულებულია. შესაბამისად, მისი თქმით, მმართველი პარტია კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საქართველოს პარტნიორების პოზიცია სწორია, რადგან ქვეყანაში სასამართლო ერთ-ერთი სუსტი რგოლია და თუ პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ამას ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ კელი დეგნანი როგორც ამ დოკუმენტის შედგენაში, ისე მოლაპარაკებებში გაცილებით უფრო ჩახედულია, ვიდრე თვითონ მამუკა მდინარაძე. ამიტომ ლაპარაკი, რომ ის შეთანხმება ამას გულისხმობს და იმას არა, მე მგონი ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია. ჩვენი პარტნიორების მიდგომა მართებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში დემოკრატიის და სამართლიანობის თვალსაზრისით სასამართლო ერთ-ერთი სუსტი რგოლია. ამიტომ მისადმი დამოკიდებულება ძალიან მკაფიო და მკვეთრი უნდა იყოს. ეს უკავშირდება არა მხოლოდ 9 კანდიდატს, არამედ ზოგადად მთლიანად სასამართლოს, რადგან შემოდგომაზე არჩევნების ლეგიტიმურობა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ოპოზიციამაც რომ აღიაროს და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც, ისედაც ამ 43%-ის გამო, საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა და ყოველივე ამან არასტაბილურობის განცდა შეიძლება გამოიწვიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანდ ძაბირაძე.

“ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლებამ ერთი შეცდომა უკვე დაუშვა და შეცდომების ეს ჯაჭვი არ უნდა გააგრძელოს. თუ ეს გაგრძელდება, დასავლთის დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი ძალიან მკვეთრი და ძალიან უარყოფითი იქნება, რასაც შესაძლოა მთელი რიგი სოციალური და ეკონომიური ტრანშების და დახმარებების შეჩერება, ან შეწყვეტა მოჰყვეს, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გარემოს კიდევ უფრო დაამძიმებს და ეს პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული გაფრთხილებაა და ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს, მით უმეტეს, რომ ჩვენი პარტნიორები და საზოგადოება, რომელიც ზოგადად მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია, ამ შემთხვევაში ოპოზიციას არ ვგულისხმობ, ამ თემასთან დაკავშირებით მათი აზრი და მიდგომები ერთმნიშვნელოვანია და ერთმანეთს სრულად ემთხვევა”, - თვლის ანალიტიკოსი.

“პარლამენტმა დანიშვნის პროცესი უნდა შეაჩეროს. ვერ გეტყვით, რომ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ და ზეგ მიიღებენ, მაგრამ თუ არ შეაჩერებს, ხელისუფლებისთვის ეს ერთ-ერთი მძიმე შეცდომა იქნება, რასაც დღეს თუ არა ხვალ ჩვენი პარტნიორებისგან შესაბამისი რეაქციები მოჰყვება. არა მარტო პარტნიორების, ზოგადად საზოგადოების მხრიდანაც. დასავლეთმა ამ შემთხვევაში შესაძლოა სოციალური და ეკონომიური ზეწოლა განახორციელოს და მეორე - თუ სასამართლოს ჩვენც არ ვენდობით და ისინიც არ ენდობიან, მაშინ არჩევნების ლეგიტიმურობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არა მარტო ოპოზიციის, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, ამ შემოდგომით თუ არა 2024 წლისთვის აუცილებლად და ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ძალაუფლებას უბრალოდ დაკარგავს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

გიორგი ვაშაძე - ”მიშა მარცხის ფორმულაა!”

“ნაცმოძრაობის” წევრებს ჰგონიათ, რომ გამლანძღავენ, მოღალატეს დამიძახებენ, მათთან მაინც ვითანამშრომლებ. როცა მესამე ცენტრზე ვლაპარაკობდი, მეკითხებოდნენ, რატომ არ ვაპირებდი თანამშრომლობას “ნაციონალებთან”. იმიტომ არ ვაპირებდი, რომ ერთი და იმავე სტრატეგიით არჩევნების მოგება შეუძლებელია. “ნაკლები მიშა~ არის გამარჯვების ფორმულა, “მეტი მიშა” არის მარცხის ფორმულა. მთელი საქართველო ასე ფიქრობს”, - აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”მიშა მარცხის ფორმულაა!” / “სააკაშვილმა იმდენჯერ მომატყუა და გადამაგდო, ვეღარც ვითვლი” / “ჩვენ ამ კლანს აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს, ეს ხალხი მათრახებს იმსახურებს”.

გრიგოლ ვაშაძე “ნაცმოძრაობის” კი არა, ბლოკის “ძალა ერთობაშია” კანდიდატი იყო. ამ ბლოკის წევრი იყო ჩემი პარტიაც. “ნაციონალებმა” თავად მთხოვეს შტაბის ხელმძღვანელობა. დავთანხმდი და პირველ ტურში ძალიან მაგარი შედეგიც მივიღეთ. მეორე ტურში წაგების მთავარი ფაქტორი სააკაშვილი იყო, რომელიც ვერაფრით გავაჩერეთ და გავაჩუმეთ. გრიგოლ ვაშაძეს, ფაქტობრივად, წაართვა საარჩევნო კამპანია. ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა “ოცნება” და ტელეიმედი. შედეგად 60-ით 40-ზე დამთავრდა მეორე ტური. ამ მარცხის შემდეგ ორი წლის განმავლობაში კიდევ ვცდილობდი მათთან მუშაობას და გონს მოყვანას, მაგრამ რომ მივხვდი, მაგათი გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა, ჩავიქნიე ხელი. ყველა, ვინც სააკაშვილის გზას დაადგება, მარცხისთვის არის განწირული, იმიტომ, რომ საკუთარი თავის იქით ვერავის ხედავს...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვაშაძე.

“მე სააკაშვილს კი არ ვუპირისპირდები, სიმართლეს ვამბობ, რათა ივანიშვილი დავამარცხო. სიმართლე კი ის არის, რომ ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ერთადერთი მაშველი რგოლი ისევ სააკაშვილი იქნება. თუ ისევ ძველებურად ჰიპერაქტიური იქნება, მისი შიშით ხალხი ისევ “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას... იმდენჯერ მაქვს მასთან ამ თემაზე ნალაპარაკები, დავიღალე უკვე. თითქოს შევთანხმდებოდით სხვა ტიპის სტრატეგიაზე და მერე ისევ ფაქტის წინაშე გვაყენებდა. საბავშვო ბაღი ხომ არ არის? იმდენჯერ მომატყუა და გადამაგდო, ვეღარც ვითვლი. ეს ძალიან კარგად იციან “ნაცმოძრაობაში”. სააკაშვილის კიდევ ერთი დიდი ზღაპარი ის არის, რომ ჩემზე ამბობს, უკრაინაში მლანძღავსო. უკრაინაში მასზე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მითქვამს. უბრალოდ, ყველა თავისი გაფუჭებულობიდან განსაზღვრავს სხვას”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თუმცა თქვენ უკრაინაშიც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით”, - პასუხობს:

“ეს რა შუაშია? უკრაინაში სააკაშვილს არ ჩავუყვანივარ, მასზე გაცილებით მეტი გავლენა მქონდა და დღემდე მაქვს უკრაინულ პოლიტიკაში. უბრალოდ, არ მიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემებს ქმნის სააკაშვილი უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს საქართველოს არ ეხება.

“ფრაქციაში მოვიწვიეთ გრიგოლ ვაშაძე, ვისაუბრეთ და დამთანხმდა, რომ ფრაქციის შექმნაში დამხმარებოდა. ჩვენი მოსაზრებები 90%-ით ემთხვევა ერთმანეთს, ჩვენ ვენდობით ერთმანეთს. 2012 წლის შემდეგ ოპოზიციას ყველაზე მაღალი შედეგი ვაშაძეების ტანდემმა მოუტანა. ახლა უფრო მეტად სჭირდება კარგი შედეგი, უფრო სწორად, საუკეთესო, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ძალიან სახიფათო გზას დაადგება, შესაძლოა ისეთ გამოუვალ ჩიხშიც შევიდეთ, რომ გამოსვლა შეუძლებელი გახდეს. ქვეყანას მართავს ძალა, რომელმაც დაამშია მოსახლეობა, რომელიც უკუსვლისა და შიმშილის სინონიმი გახდა. “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელმაც მიზანმიმართულად გაყინა ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, - მიიჩნევს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი.

“ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ინიციატივა, შევთანხმდებით ექსპერტებთან, ვითანამშრომლებთ ასევე უკრაინულ ოპოზიციასთანაც. გვექნება ბევრი კონკრეტული ნაბიჯი, რაც დააჩქარებს ამ ხელისუფლების მიერ გაყინულ პროცესს. ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები ელჩების პირით გვეუბნებიან, რომ იმედგაცრუებული არიან. ავიღოთ თუნდაც კელი დეგნანის განცხადება - უკიდურესად იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც არ პასუხობს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. ჩვენ ამ კლანს აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და აღმოვფხვრით იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ. ეს ხალხი მათრახებს იმსახურებს. მიშელის შეთანხმება არის დოკუმენტი, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი ჩვენც და “ოცნებასაც”, ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული. ვინც ამ ბეჭედს და შეთანხმებას შეეწინააღმდეგება, სანაგვეზე აღმოჩნდება!” - დაასკვნის გიორგი ვაშაძე.

“ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნებისა” და კლანის აღვირახსნილობას და ძალიან სწორი ტაქტიკით დავუპირისპირდებით. ეს იქნება ევროკავშირისა და ამერიკის ფინანსური სანქციები, ამაზე უკვე ვმუშაობთ. სანამ რაღაც არ გაკეთდება, მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტი არ მიიღებს დახმარებას. კლანი ცდილობს “ოცნების” შერყეულ ხელისუფლებაში რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად გაიდგას ფესვი, მაგრამ სულ ტყუილად, არავის შერჩება სასამართლოს გადაფორმება”, - ამბობს რესპონდენტი.

“ელისაშვილი სისულელეებს ამბობს. პოლიტიკის მთავარი წესი პირობის შესრულებაა. შესაბამისად, როგორც კი შევედი პარლამენტში, დავარეგისტრირე კანონი, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს ბანკის არჩევის უფლება ექნება და ამით დამთავრდება უსამართლო დამოკიდებულება. კუჭავამ მეც დამირეკა და შემომთავაზა ამ ჯგუფში მუშაობა, მაგრამ... იმისთვის, რომ პრობლემა გამოასწორო, დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა რა საჭიროა? ადექი და პირდაპირ გაასწორე! ეს პრობლემა მარტივად გასწორდება _ მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება პენსიონერს და “ლიბერთი ბანკს” აღარ ექნება ძარცვის ფუნქცია, ვეღარ წაართმევს პენსიონერს 36%-ს. კანონში პატარა პწკარის ჩაწერას რად უნდა სამუშაო ჯგუფი და კომისია?” - განმარტავს ვაშაძე.

“რაც შეეხება მესამე პოლიტიკურ ცენტრს, მე ოპოზიციაში დიდ დაპირისპირებას ვერ ვხედავ, რეალურად არის მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერთა ფლანგი და “ნაცმოძრაობის”. სხვა დაპირისპირება არ არსებობს. დოკუმენტზე ხელმომწერებმა ვაიძულეთ “ქოცებიც” და “ნაცებიც” ხელი მოეწერათ შეთანხმების დოკუმენტისთვის. “მოქალაქეები” რომელ ფლანგზე­ არიან არ მაინტერესებს,. თავად ჰკითხეთ, რას გეტყვიან... გაერთიანებული მესამე პოლიტიკურ ცენტრში იქნებიან სავარაუდოდ ისინი, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიკა მელიას არაფერს ვერჩი, ახლა ის რთულ პროცესს გადის და ვგულშემატკივრობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის პარტიის ლიდერი. ლიდერი სააკაშვილია, სააკაშვილი კი წაგების ფორმულაა”, - დასძენს რესპონდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა