ოქრუაშვილის  და ადეიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორი აცხადებს, რომ მას საგამოძიებო უწყებაში „ჩვენება მუქარის საფუძველზე დააწერინეს“

ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ მას საგამოძიებო უწყებაში ჩვენება მუქარის საფუძველზე დააწერინეს.

როგორც ყოფილი პოლიციელი აცხადებს, გამოკითხვაზე მისულმა იმ ვითარების აღწერა დაიწყო, რაც ბუტა რობაქიძესთან მიმართებით მოხდა, თუმცა, მას დაემუქრნენ, რომ საპატრულო პოლიციაში ვერ იმუშავებდა. ჭანტურიამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალები გაიხსენა.

“ერთადერთი გასროლის ხმა გავიგე, ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. ჩამუხლული ბაშალეიშვილი ვნახე, თავზე ირტყამდა ხელს, ვკითხე რატომ ისროლა, როცა საჭიროება არ იყო. ეს რა დამემართაო, იარაღი გამივარდაო. ეკიპაჟები მოვიდნენ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. პერიმეტრი შემოვღობეთ, ამასობაში მაშინდელი საპატრულო პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე, ასევე გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა მოვიდნენ. ჩვენ პერიმეტრს ვიცავდით. ბაშალეიშვილს და მის მეწყვილეს ვიდეოგადამღები ჰყავდათ, არ ვიცი უწყვეტ რეჟიმში იღებდნენ თუ არა. მანამდე ავტომანქანა შევამოწმე, არაფერი არ იყო, იქ მყოფ პირებსაც გარეგანი დათვალიერება ჩავუტარეთ და არაფერი ისეთი არ იყო. მერე ვიღაცამ თქვა, "კალაშნიკოვი" დევსო. იარაღი მანამდე რომ ყოფილიყო, აშკარად დავინახავდი. ჩემი უფროსი - ზურაბ მიქაძე მოვიდა და მკითხა, რა მოხდა. ვუთხარი, რაც ბაშალეიშვილმა იმ წუთას მითხრა, რომ იარაღი გაუვარდა და საწყალ ბუტა რობაქიძეს მოხვდა. პოლიციაში ამბის მოყოლა, რომ დავიწყე, ოჯახის წევრებით დაემუქრნენ და "ულვაშებიანმა" ადამიანმა დამაწერინა ცრუ ჩვენება, რომ მანქანიდან ბუტა რობაქიძე გადმოვიდა, ჩვენი მიმართულებით ისროდა და რომ ამ სროლაში დაიღუპა ბუტა რობაქიძე",- განაცხადა ჭანტურიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა ზურაბ ადეიშვილს ბრალი დაახლოებით ერთი წლის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს