ქართული პრესის მიმოხილვა30.09.2021

შეძლებს თუ არა ნაცმოძრაობა კოალიციური მთავრობის შექმნას - ოპოზიციის დაპირებები და ანალიტიკოსების შეფასებები

დაკავება, შეწყალება, დეპორტი - სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში რა სცენარს ემხრობა პაატა ზაქარეიშვილი

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია? - გერმანიის პრეზიდენტი ამ ინფორმაციას უარყოფს და “ფეიკს” უწოდებს

* * *

შეძლებს თუ არა ნაცმოძრაობა კოალიციური მთავრობის შექმნას - ოპოზიციის დაპირებები და ანალიტიკოსების შეფასებები

“არჩევნებამდე 2 დღით ადრე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მასთან ერთად გაერთიანებულმა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია. ხოლო ეს მოხდება არა 2024 წელს, არამედ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ხელისუფლება 43%-ს ვერ აიღებს და ის იძულებული გახდება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ეს დათქმა შეასრულოს - დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს და კოალიციურ მთავრობას ქმნის. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ კოალიციური მთავრობის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ და უკვირთ ოპოზიცია ასეთ იმედებს რაზე დააყრდნობით აკეთებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს თუ არა ნაცმოძრაობა კოალიციური მთავრობის შექმნას - ოპოზიციის დაპირებები და ანალიტიკოსების შეფასებები.

“პირველ რიგში ყველა სოციოლოგიური კვლევით, “ოცნებას” ყველაზე მეტი პროცენტი აქვს. თუნდაც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ის მაინც იმდენს აიღებს, რომ კანონით კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება მაინც მას ევალება. მმართველ გუნდს სრულიად თავისუფლად შეუძლია გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და სხვა პატარა პარტიების დახმარებით მთავრობა ჩამოაყალიბოს. ამიტომაც მათი განცახდება არის პოლიტიკური ბლეფი, რომლითაც მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ. მაშინ ერთადერთი გზა რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა რჩება, რაც ქართველ ხალხს არ უნდა. ხოლო თუ ხალხს არ უნდა, დასავლეთი ოპოზიციას მხარს არაფერში დაუჭერს. გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამომრჩეველს მიმართავს და ეუბნება რომ ერთიანი ოპოზიცია მათ მრავალფეროვნებასა და მრავალპარტიულობას სთავაზობს. ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ხსნას კოალიციურ მმართველობაში ხედავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას მრავალფეროვნებას. ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს ერთპარტიული, რომელიმე სხვა მმართველობით. ჩემი პირადი და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა, რომ ამ ქვეყნის ხსნა და უებარი გამოსავალი ამ ეტაპზე არის მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა”, - თქვა ნიკა მელიამ. “დროას” ლდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით კი 2 ოქტომბერს ოპოზიცია პარტნიორებთან ერთად დაჯდება და კოალიციური მთავრობის შექმნაზე იმუშავებს. “2 ოქტომბერს ღამე, 3 ოქტომბერს, შეიკვრება კოალიციური უმრავლესობები ძალიან ბევრ ადგილას თბილისის ჩათვლით. გამარჯვება ნიშნავს ამას. შეიქმნება კოალიციური უმრავლესობები და დაიწყება ჩვენ პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე”, - ამბობს ხოშტარია. “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ოცნებასთან” და ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე ვუშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება, ზოგადად. ამის გამო ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არამხოლოდ ნიკასთან და ელენესთან ერთად, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ეს იქნება “ევროპული საქართველო” თუ “ლელო”. ჩემთვის კრიტერიუმი ეს არის, თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს უნდა შესრულდეს, ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე თანამშრომლობა არ მესმის. “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც, ჩემი აზრით, გახარიასთანაც”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით კი კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე კითხვები არარელევანტურია. “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მთავრობა დააკომპლექტა და 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამიტომ კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია”, - განაცხადა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ჯერ ერთი ოპოზიციამ კოალიციური მთავრობა როგორ უნდა შექმნას, თუ კი ყველა კვლევის მიხედვით “ოცნებას” მაინც მათზე მეტი რეიტინგი აქვს. მეორეც, რომ შექმნან ასეთი კოალიციური მთავრობა, მაშინ ოპოზიციაში უმრავლესობა ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” ექნება, რადგანაც ყველაზე მეტ ხმას ის აიღებს. მაშინ ჩნდება კითხვა - ასეთი კომბინაცია მოსახლეობას უნდა? ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ბლეფია, რომელსაც ერთი მიზანი აქვს, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოიყვანონ და ისევ რევოლუციური სცენარი გაითამაშონ. ენმ-ს დაბრუნებას იმხელა დაპირისპირება მოჰყვება, რომ ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“რასაც მელიას, ხოშტარიას და ჯაფარიძეს ვუსმინე, ერთი დიდი პოლიტიკური ბლეფია. ამომრჩეველს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ კოალიციური მთავარობის შექმნა აუცილებელია, მაგრამ როგორ ქმნიან ამ მთავრობას, ესაა საინტერესო. საქმე კი იმაშია, რომ კონსტიტუციის მიხდევით, რომელი პარტიაც ყველაზე მეტ ხმას აიღებს, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების უფლებაც მას ეძლევა. ახლა გავყვეთ მათ ლოგიკას. კარგი, დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. ყველა სოციოლოგიური კვლევა, მათიც და სხვა ორგანიზაციების ჩატარებულიც, ამბობს, რომ “ოცნებას” ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს. შემდეგ მოდის “ნაციონალები” და გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. ახლა ისმება კითხვა თუკი კოალიციური მთავრობას ისევ “ოცნება” შექმნის, ესენი რა მთავრობის შექმნაზე საუბრობენ? ანუ მმართველ გუნდს ისევ შეუძლია, თუნდაც გიორგი გახარიას გუნდთან და სხვა იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც პარლამენტში არიან, მთავრობა დააკომპლექტონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ანუ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც, “ნაციონალებმა” ისევ რომ წააგონ, კვლავ იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა? ეკითხებიან ხალხს, უნდათ ენმ-ის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება? ოპოზიციაში ყველაზე მეტ ხმას ისევ ეს პარტია აიღებს და ხელისუფლებაშიც დომინანტი ის იქნება. აი, ხალხის მხრიდან რევოლუცია მართლა მერე ნახეთ”, - თვლის საყვარელიძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არარეალისტურია. კარგია, მელია და სხვა პოლიტიკური ლიდერები პირდაპირ რომ აცხადებენ, თვითმმართველობის არჩევნები არაფერს ნიშნავს ამიტომაც იყო, რომ წინასაარჩევნოდ არ ემზადებოდნენ და მხოლოდ დესტრქუციასა და ფეიკზე აგორებული ინფორმაციით საზოგადოებას კვებავდნენ. მისივე თქმით, უკვე ათასგვარი პროვოკაციები რეგიონებშიც დაიწყეს. “ცნობილი პროვოკატორი” ზურაბ კუპრავა საბურთალოს საოლოქო კომისიაში შეიჭრა და დებოშს ცდილობდა. ზუსტად 2 ოქტომბერს ანალოგიური სცენარები იგეგმება და საზოგადოებას ხელოვნურად გამოწვეული პანიკით შეუქმნიან განწყობას, თითქოს არჩევები ყალბდება”, - დასძებს სტატიის ავტორი.

“ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ე.წ. რაღაცა რეფერენდუმზე საუბარი და შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ლაპარაკი მხოლოდ აბსურდია. ეს მხოლოდ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მიერ გამოგონილი ამბავია. ამ კოალიციური მთავრობის თემას მხოლოდ ვიწრო მოხმარების დანიშნულება აქვს. როგორ შეიძლება ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს, თუ ეს არჩევნები, ისევე როგორც წინა, თავისუფალი და დემოკრატიული იქნება?! ამ არჩევნებს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვალს მიადევნებს. ისინი ზუსტ სურათს დადებენ იმისა, რაც 2 ოქტომბერს მოხდება. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არჩევნები გაყალბებულად იქნას გამოცხადებული, განწირულია. ოპოზიცია ცესკოსთვის ტოტალური უნდობლობის გამოცხადებას აპირებს. საკუთარი ე.წ. სამოქალაქო ორგანოთი, რომელიც მხოლოდ საბოტაჟის შედეგებზე იმუშავებს, ისევე როგორც “სამართლიანი არჩევნების” მიერ დათვლილი ხმები იყო. ეტყობა, იგივე სცენარს აკეთებენ და ახალი აქტორი ე.წ. სამოქალაქო კომისია ჰყავთ, რომლის მეშვეობითაც არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ. 8 საათზე კი სააკაშვილის მიერ მართული ტელევიზიები ეგზიტპოლების შედეგებს გამოაცხადებენ. აი, ეს არის მთელი მათი სცენარი, რომელიც უკვე კარგად გაშიფრულია. არანაირი კოალიციური მთავრობა 3 წლის განმავლობაში არ იქნება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

დაკავება, შეწყალება, დეპორტი - სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში რა სცენარს ემხრობა პაატა ზაქარეიშვილი

“სამართლებრივად ყველაზე სწორი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, მოხდება მისი შეწყალება და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს დეპორტაციას გაუკეთებენ, ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს და ამბობს, რომ სააკაშვილს აუცილებლად ექნება დასავლელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა, და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის. ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომელთა გამოც ყოფილმა პრეზიდენტმა ევრაოპარლამენტართა მოწოდებები არ გაითვალისწინა, პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავების საკითხთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაკავება, შეწყალება, დეპორტი - სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვის რა სცენარს ემხრობა პაატა ზაქარეიშვილი.

“მის ჩამოსვლას და დაკავებას აუცილებლად მოჰყვება დიდი ხმაური, იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილს უჭერენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ როგორც წესი, ყოფილ პრეზიდენტებს ამ ფორმით არ აპატიმრებენ არც ევროპაში და არც არსად. მათ უფრო პირობითი სასჯელები აქვთ ხოლმე. ამიტომ, ეს ქმედება დიდ ხმაურს გამოიწვევს. ხელისუფლებას კონგრესმენებიც მიმართავენ, ევროპის დეპუტატებიც და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ამაზე საუბარი უკვე გაიმართა და მიიღო მითითება, თუ როგორ მოიქცეს საქართველო ამ ვითარებაში. ხმაური იქნება - სწორედ ამიტომ ჩამოდის სააკაშვილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მან არ გაითვალისწინა ევროპარლამენტარების მოწოდება, არ გაემწვავებინა წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება, რადგან მას თავისი შიდაპოლიტიკური ამოცანები აქვს. ევროპარლამენტარებს ისედაც ევალებათ მსგავსი განცხადებებისა და მოწოდებების გაჟღერება, ევროკავშირი ვალდებულია ზომიერებისკენ მოუწოდოს დაპირისპირებულ მხარეებს. თუმცა წინასწარ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი მოწოდებების გათვალისწინება არ მოხდებოდა. მათ უბრალოდ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, თორემ კარგად იციან, როგორ მოიქცევიან სააკაშვილი, კობახიძე, ივანიშვილი და ა.შ. ყველაფერი წინასწარ ცნობილია”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“სააკაშვილი გვიან ჩამოდის, ის 2 კვირით ადრე უნდა დაბრუნებუიყო. მე არ მგონია, ახლა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მის გამო ყველაფერი გადადოს და ამ სიცივეში, პანდემიის რისკის ფონზე ქუჩაში გამოვიდეს. მას იმედი აქვს რევოლუციური საპროტესტო ტალღის აგორებისა, მაგრამ ეს არ მოხდება. სააკაშვილი დიდხანს მართლაც ვერ იქნება ციხეში. ამერიკისა და ევროკავშირის ზეწოლა განთავისუფლების მიმართულებით იქნება სარიოზული. ვფიქრობ, რომ დააკავებენ ისე, როგორც დააკავეს ნიკა მელია და შემდეგ საერთაშორისო მხარდამჭერების ჩარევით მოხდება განთავისუფლება. პოლიტიკურად ყველაზე სწორი და რეალისტური იქნება, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავოს, მოხდეს მისი შეწყალება და შემდეგ სასამართლომ მიიღოს დეპორტაციის გადაწყვეტილება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისა. შედეგად, მოხდება მისი გაძევება ქვეყნიდან”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია? - გერმანიის პრეზიდენტი ამ ინფორმაციას უარყოფს და “ფეიკს” უწოდებს

“გერმანიის პრეზიდენტი “ფეიკს” უწოდებს ევროპული გამოცემა “ობზერვერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლისა და მათ მიერ ჩადენილი კრიმინალური შემთხვევების გამო, ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება. “ევროობზერვერი” ამ ინფორმაციას გერმანიის საემიგრაციო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს და გერმანული მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტს აქვეყნებს. ამ დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, იტალია, ჩეხეთი და საფრანგეთი არსებული მდგომარეობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ევროკავშირს ბალკანეთის ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველო ათი ყველაზე პრობლემური ევროპული ქვეყნის სიაშია შეყვანილი, რომელსაც საემიგრაციო პოლიტიკაში სერიოზული დარღვევები აქვს და ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა ყოველ წელს საგრძნობლად იზრდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია? - გერმანიის პრეზიდენტი ამ ინფორმაციას უარყოფს და “ფეიკს” უწოდებს.

“ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 51 პროცენტით არის გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ევროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატნენ ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა. მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის. სტატიას უკვე მოჰყვა განმარტებები თბილისსა და გერმანიაში. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ფეიკს“ უწოდებს „ობზერვერის“ ინფორმაციას. “დღეს, როდესაც აქ (კიშინიოვში) ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბავია”, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მათივე ცნობით, აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა “ევროობზერვერის” მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. “ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ შეჩერების არანაირი მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება”, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას. როგორც მანვე ზა განაცხადა, სტატიაში საუბარი არ არის საქართველოზე. ზალკალიანს სურს დაამშვიდოს ყველა და ასევე, “იმედი გაუცრუოს იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ამბავი აიტაცეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვიცი, რომ აღტკინება არის ჩვენს ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როდესაც ოპონენტები ხარობენ, სავარაუდოდ, ქვეყნის წარუმატებლობით. მინდა, მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვასა და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი. არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, 75 პროცენტით არის შემცირებული. ეს არის ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის კარგად. ბოლო სავიზო ლიბერალიზაციის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება... ჩვენი ევროკავშირის ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია - ეს არის შეუქცევადი პროცესი და ჩვენ არ გადავუხვევთ არც ერთი ჩვენი ნაკისრი ვალდებულებისგან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა.

“არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს. ეს განხილვები, როგორც იცით, ყოველდღიურად მიმდინარეობს ხოლმე, ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლის სარგებლობისთვის ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, პოლიტიკური მოცემულობა ამ ქვეყანაში არის ჩვეულებრივი”, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ. “თუ საქართველოში ჩატარდა ისეთი არჩევნები, როგორსაც ოპოზიცია ლამობს, რომ ჩაატაროს - იყოს მუდმივი დაძაბულობა, დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის თემა განიხილება”, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში საქართველოს იმიჯი შელახოს”, - წერს სტატიის ავტორი.

„ხშირად არ ვფიქრდებით იმაზე, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე განიხილება არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიებს შორის მტყუან-მართლის გარჩევის ასპექტით, არამედ საერთოდ, საქართველოში არსებული ვითარებით. არჩევნები რომც არ იყოს, დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება არის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ოპოზიციის დღის წესრიგიდან არ იხსნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვისაუბრებდით მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც ეხება ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას და ა.შ. თუმცა, საქართველოს დამცირება ევროკავშირის თვალში არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურება ოპოზიცია”, - განაცხადა ვოლსკიმ. “ნაცმოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას უკავშირდება. ხელისუფლებამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ზურგი აქცია ევროკავშირს, მათ შორის, ბოკუჩავა “შარლ მიშელის დოკუმენტის” ანულირებასა და მართლმსაჯულების რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“2019 წელს ეს მეტწილად დაკავშირებული იყო კრიმინოგენურ ვითარებასთან და აქედან გამომდინარეობდა რეზერვაციები, რომელიც ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს ჰქონდა უვიზო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ახლა თუ ეს საკითხი განიხილება და ვადასტურებ, რომ, სამწუხაროდ, განიხილება და განიხილება პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე. ეს მოცემულობა კი მდგომარეობს იმაში, რომ “ქართული ოცნება” გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, არ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებით, უარს აცხადებს ევროკავშირის დახმარებაზე და ზურგს აქცევს ევროკავშირს”, - განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის აზრით, “სამწუხაროდ, ევროკავშირს შეუძლია, განიხილოს ისეთი მძიმე ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის მთავარი სიკეთის შეფერხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა