იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს

2 ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკურ შედეგებზე, არჩევნების შემდეგ არსებული რეალობის თავისებურებებზე, საშინაო პოლიტიკის აქტუალურ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“, ადვოკატსა და უფლებადამცველს, იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, ვინაიდან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თემა აქტუალურია, ჩვენ საუბრის დაწყება, ამ თემით მოგვიწევს.

ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მისთვის კრიტიკული 43% ბარიერი გადალახა, რითაც, მისი აზრით წერტილი დაესვა საუბარს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ოპოზიციის ნაწილი ასე არ თვლის, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

ახლა არც იმას აქვს მნიშვნელობა მმართველი გუნდის შედეგში რა როლი აქვს შესრულებული მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლას, რადგან ფაქტია, რომ მან ამ ჩამოსვლით „ნაცმოძრაობის“ პოზიციებიც გააძლიერა.

ფაქტია ისიც, რომ მმართველმა პარტიამ პირველ ტური პრაქტიკულად ვერც ერთ დიდი ქალაქში ვერ მოიგო და ახლა ბევრი რამ მეორე ტურებმა უნდა გადაწყვიტოს. როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ შიდა პოლიტიკაში ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფი ახალი რეალობის კონტურებს?

- ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი - ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მიუღებელია ,,ქართული ოცნების“ მმართველობა, თუმცა, იმავდროულად, ამომრჩეველთა კიდევ უფრო დიდი ნაწილი წინააღმდეგია ,,ნაცმოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა.

განვმარტავ, თუ რა მაქვს მხედველობაში.

2 ოქტომბრის არჩევნებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 46%-ზე მეტი, ხოლო გიორგი გახარიას, ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, აგრეთვე ,,პატრიოტთა ალიანსმა“, რომელთა ამომრჩეველიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ ,,ნაცმოძრაობის“ მომხრედ, საერთო ჯამში მიიღეს 10% -ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად მმართველი გუნდის არაპოპულარობისა, ამომრჩეველთა უმრავლესობა ,,ნაცმოძრაობის“ მმართველობის წინააღმდეგია.

მიუხედავად მმართველი გუნდის არაპოპულარობისა, ამომრჩეველთა უმრავლესობა ,,ნაცმოძრაობის“ მმართველობის წინააღმდეგია

მეორე გარემოება, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ, ამ ეტაპზე საფუძველი გამოაცალა ე.წ. ,,შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალიწინებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეას, ვინაიდან არჩევნების წინა დღეებში მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლამ გამოიწვია ,,ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა განსაკუთრებული მობილიზება.

ამავე დროს, მოხდა გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველთა ნაწილის ხმების ,,ქართულ ოცნებაში“ გადინება, რამაც მმართველ პარტიას საშუალება მისცა, მოეპოვებინა ამომრჩეველთა 43% -ზე მეტი. ამ მოსაზრებას ადასტურებს, კომპანია ,,ედისონ რისერჩის“ მიერ არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ჩატარებული კვლევის შედეგებიც.

არა მგონია, მიხეილ სააკაშვილს ვერ განესაზღვრა, რომ არჩევნების წინ მისი საქართველოში ჩამოსვლა გამოიწვევდა პოლიტიკურ ძალთა უკიდურეს პოლარიზებას.

პირიქით, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მთავარ მიზანს, საქართველოს პოლიტიკურ ველზე დაბრუნებასთან და გააქტიურებასთან ერთად, წარმოადგენს ორი პოლიტიკური პოლუსის შექმნა, ,,ნაცმოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების“ სახით და პოლიტიკური სივრციდან სხვა ძალების გამორიცხვა, ისე როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გააკეთა.

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მთავარ მიზანს წარმოადგენს ორი პოლიტიკური პოლუსის შექმნა, ,,ნაცმოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების“ სახით და პოლიტიკური სივრციდან სხვა ძალების გამორიცხვა, ისე როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გააკეთა

კიდევ ერთი ფაქტი, რაც უნდა აღინიშნოს, არის გიორგი გახარიას პარტიის - ,,საქართველოსთვის“- წარმატება. ვფიქრობ, თანმიმდევრული სვლების შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ გუნდს აქვს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა.

- როგორ შეაფასებდით არჩევნების მეორე ტურებამდე არსებულ ვითარებას?

რა შანსები აქვს ოპოზიციას მეორე ტურში?

სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მეორე ტურში სააკაშვილის მოწოდება ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ?

- მეორე ტურში „ნაცმოძრაობას“ 2-3 საარჩევნო ოლქში აქვს რეალური შანსი, რომ მისი წარმომადგენლები არჩეული იქნან ქალაქების მერებად.

მეორე ტურში „ნაცმოძრაობას“ 2-3 საარჩევნო ოლქში აქვს რეალური შანსი, რომ მისი წარმომადგენლები არჩეული იქნან ქალაქების მერებად

როგორც ჩანს, ყველა სხვა ოლქში, გამარჯვებას მოიპოვებენ ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

- სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებისთვის სააკაშვილის ციხეში ყოფნაც პრობლემაა და ისიც, თუ იგი მას ციხიდან გაათავისუფლებს.

ვხედავთ, რომ მოქალაქეთა ნაწილი სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. მეორე ნაწილი კი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მან სასჯელი სრულად მოიხადოს. ასევე ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კმაყოფილებას გამოთქვამენ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნის გამო.

ფაქტია, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით ერთდროულად პარადოქსული და ჩიხური ვითარებაა. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება?

- საქმე გვაქვს სრულიად არაორდინარულ ვითარებასთან არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული დღევანდელი მოცემულობა შექმნა თავად მიხეილ სააკაშვილმა და პატიმრობაც და შიმშილიც მისთვის წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ძალაუფლების ხელში ასაღებად.

სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ არც საქართველოს მოსახლეობას და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს, არ უნდა გაუჩნდეთ კითხვები სასამართლოს კომპეტენტურობასთან და ობიექტურობასთან მიმართებით, რაც ჩვენი დისკრედიტირებული მართლმსაჯულების პირობებში ძნელად წარმომიდგენია

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ეხება არა პენსიაზე გასულ პოლიტიკოსს, არამედ იმ ოპოზიციურ ლიდერს, რომლის პარტიასაც ბოლო არჩევნებზე, ოფიციალური მონაცემებით, მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 30%-ზე მეტმა ანუ 540 000 -ზე მეტმა მოქალაქემ.

ამას ემატება ,,ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი მძლავრი მედია-საშუალებები და ფინანსური რესურსები. ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი არაფერს მოერიდება ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად.

რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შემდეგი ვითარება - საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სისხლის სამართლის ორ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები, ხოლო კიდევ სამი ბრალდების საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ.

ცხადია, სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ არც საქართველოს მოსახლეობას და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს, არ უნდა გაუჩნდეთ კითხვები სასამართლოს კომპეტენტურობასთან და ობიექტურობასთან მიმართებით, რაც ჩვენი დისკრედიტირებული მართლმსაჯულების პირობებში ძნელად წარმომიდგენია.

სააკაშვილის უკრაინისათვის გადაცემა შეიძლება იყოს ვითარების განმუხტვის საუკეთესო საშუალება, თუმცა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ვერ მოხდება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში

გარდა ამისა, თვითონ ეს სასამართლო სხდომები შეიძლება გადაიქცეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების ადგილად. ასევე გაიზრდება ხელისუფლების კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე აყენებს.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისათვის გადაცემა შეიძლება იყოს ვითარების განმუხტვის საუკეთესო საშუალება.

- თუ სწორად ვხდები, თქვენ არ გამორიცხავთ, რომ სამართლებრივად სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა უფრო შესაძლებელია, ვიდრე ქვეყანაში გაუმართავი და ნდობადაკარგული მართლმსაჯულების სისტემის არქონის გამო მისი ციხიდან გათავისუფლება.

- სტრასბურგის 1983 წლის კონვენცია ,,მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“, მინსკის 1993 წლის კონვენცია ,, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ და ამავე საკითხზე, საქართველოსა და უკრაინას შორის დადებული შეთანხმება ითვალისწინებს მსჯავრდებული პირის გადაცემის შესაძლებლობას მისი მოქალაქეობის ქვეყანაში.

იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად არის მხოლოდ უკრაინის მოქალაქე, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთშეთანხმების შედეგად, შესაძლებელია მისი უკრაინისათვის გადაცემა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია საქართველოში დასრულდეს სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომლებზეც, ამ ეტაპზე განაჩენი არ არის გამოტანილი.

დიახ, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისათვის გადაცემა შეიძლება იყოს ვითარების განმუხტვის საუკეთესო საშუალება. თუმცა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ვერ მოხდება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით