ქართული პრესის მიმოხილვა 01.11.2021

სანდრო თვალჭრელიძე - არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ ისევ მძიმე ნოემბრის მოლოდინში?!

“ოცნება” ზეიმობს, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს - რა დასკვნის საშუალებას იძლევა არჩევნების მეორე ტური

კოტე ჯანდიერი - “მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს!”

წალენჯიხის პრეცედენტი - რა პოლიტიკური შედეგები ექნება ხელისუფლების ცვლილებას ერთ ქალაქში

გია ხუხაშვილი - “ფასი, რაც ხელისუფლებამ ამ არჩევნებში გადაიხადა, გარანტირებული წაგებაა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ ისევ მძიმე ნოემბრის მოლოდინში?!

“მეორე ტურამდე ინტერვიუში ვთქვი, თითო-ოროლა თემის გარდა, ყველგან “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს-მეთქი და ასეც მოხდა. გეტყვით, რამ მომცა ამის თქმის საფუძველი. საქმე ის არის, რომ თუ გადავხედავდით პირველი ტურის შედეგებს, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, აშკარად ჩანდა, რამდენად სერიოზული იყო გახარიას პარტიის წილი. დიდწილად ამან გადაწყვიტა მეორე ტურის ბედი, მაგრამ ვვარაუდობდი იმასაც, რომ ეს ამომრჩეველი მეორე ტურში “ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემდა ხმას და ასეც მოხდა. გახარიას მხარდამჭერთა ნაწილი ან არ წავიდა არჩევნებზე, ან “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი. სხვათა შორის, ამ არჩევნებმა ლაპიდალური სიცხადით გამოავლინა ჩვენი საარჩევნო სისტემის მანკიერება არაერთი მიმართულებით, რაზეც უცხოელმა დამკვირვებლებმაც გაამახვილეს ყურადღება”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ ისევ მძიმე ნოემბრის მოლოდინში?! / “ოპოზიცია ტყუილად დაელოდება, რომ აქციების შემთხვევაში არმია, პოლიცია და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები მის მხარეს გადავლენ” / “ნაციონალურ მოძრაობას” ვურჩევ, ბოლოს და ბოლოს, განახორციელოს ძირეული რებრენდინგი, შეიცვალოს სახელი და ახალგაზრდებს დაუთმონ ასპარეზი”.

“მეორე ტურმა კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში ხმას მნიშვნელოვანწილად არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევენ. როდისმე გინახავთ, ვაკეში ასეთი მაღალი ყოფილიყო ამომრჩევლის აქტივობა? ფაქტობრივად, თბილისში ვაკემ რეკორდი დაამყარა და ეს სწორედ არა ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ საწინააღმდეგოდ მიცემული ხმებია. მე ვნახე ძალიან ბევრი უბნის პირველადი მასალები, რაც მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კვლევის უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა და ამის საფუძველზე სერიოზული დასკვნების გაკეთება იქნება შესაძლებელი. ვურჩევდი კახა კალაძეს, დაინტერესდეს ამგვარი ანალიზით. ჩვენი საარჩევნო სისტემის კიდევ ერთ მანკიერებაზე გავამახვილებ ყურადღებას: მაგალითად, რა აკავშირებდა გიგი უგულავას ფოთთან ან ხატია დეკანოიძეს - ქუთაისთან? წესით, ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ქვეცნობიერ, უჯრედულ დონეზე გრძნობს თავისი ქალაქის პრობლემებს. აქედან გამომდინარეც ჩანს, რომ ჩვენში კანდიდატები მხოლოდ პარტიული დღის წესრიგით სახელდებიან და ამომრჩეველიც ხმას ასე აძლევს. ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე არავინ ფიქრობს. ოღონდ კი ის არ მოვიდეს ხელისუფლებაში, ვინც ჩვენ არ მოგვწონს და წყალსაც წაუღია ყველაფერი. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენს ქვეყანას არ ადგება. ვფიქრობ, ჩვენისთანა ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნება სრულად მაჟორიტარული სისტემა, რომლის პირობებშიც შესაძლებლობა მიეცემათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, გამოავლინონ თავიანთი თავი. ყველაზე კარგი მერი იქნებოდა დამოუკიდებლად მოაზროვნე, პროფესიონალი ადამიანი, რომელიც არანაირ პარტიულ დისციპლინას არ დაექვემდებარებოდა. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, ვისაც ხელეწიფება ქალაქის თავკაცობა, მაგრამ იმიტომ, რომ პარტიამ არ აირჩია, ისინი თამაშგარე რჩებიან. ვიდრე ეს არ შეიცვლება, ჩვენ სულ ასეთი პოლარიზება გვექნება. ამ არჩევნებზე კიდევ ერთი რაღაც გამოჩნდა: ბოლო წლების განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის მოსახლეობის 10-12% უჭერდა მხარს, ახლა ეს რიცხვი გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია ან მიხეილ სააკაშვილი ეხატება ვინმეს გულზე - არა! ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აღარ უნდათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კიდევ ერთიც - პოლიტიკოსის სიტყვამ სულ დაკარგა ფასი. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” დასრულებულიაო. როგორ არის დასრულებული, როდესაც მისმა კანდიდატმა დედაქალაქში ხმების 44% მიიღო, ხოლო პირველ ტურში თითქმის 450 000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა?! თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, არჩევნები გაუქმებულიაო, ანუ მე თუ არ გავიმარჯვე, ყველაფერი უქმდებაო, არადა, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის შედეგები რეალურია. როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი უბნის პირველადი ოქმები ვნახე და თითო-ოროლას გარდა, ყველა პარტიის წარმომადგენელი კომისიის წევრების ხელმოწერით არის დამოწმებული. კალაძემ 10%-ზე მეტით მოიგო არჩევნები. ეს არ არის პატარა რიცხვი, ამდენის გაყალბება შეუძლებელია და ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არასწორი მგონია. იმ ქალაქებში, სადაც პირველი ტური წააგო “ქართულმა ოცნებამ”, ხედავდნენ, ცუდად იყო საქმე და არნახული მობილიზება გამოაცხადეს, იმუშავეს. შესაძლოა, ამ პროცესში იყო გადაჭარბება, დარღვევები, ადამიანების ნებით მანიპულირებაც, მაგრამ ეს საქართველოა, აქ მსგავსი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა და კიდევ კარგა ხანს მოხდება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაღა დაგიმალოთ და, რევოლუციას არ ველი. ბევრს კი ლაპარაკობენ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე, მაგრამ მეორე ტურმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ მყარად დგას და ოპოზიცია ტყუილად დაელოდება, რომ აქციების შემთხვევაში არმია, პოლიცია და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები მის მხარეს გადავლენ. სხვათა შორის, არჩევნების დასრულების შემდეგ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას პირადი მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს. ისინი შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ. მოგეხსენებათ, მელიამ ამნისტიაზე უარი თქვა, თუმცა მისი საქმე ამით არ დასრულებულა. “ნაციონალურ მოძრაობას” ვურჩევ, ბოლოს და ბოლოს, განახორციელოს ძირეული რებრენდინგი, შეიცვალოს სახელი და ახალგაზრდებს დაუთმონ ასპარეზი. ზოგადად, რევოლუციური მუხტი არსად იგრძნობა, სრული სიმშვიდე იყო ქვეყანაში არჩევნების მეორე დღეს. კი ბატონო, დაუძახებენ, გამოიყვანენ 20-30 ათას კაცს, აყვირებენ და გაუშვებენ შინ. სხვა რა გზა აქვთ, სახელმწიფო უწყებების შტურმს დაიწყებენ? მეეჭვება, თანაც კი ვიცით, რითიც სრულდება ხოლმე ამგვარი შტურმი. საერთოდ კი, ოპოზიციამ საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ მიშა-მიშას ძახილით, თავისი თავი თვითონ შეჰყავს ჩიხში”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ამას წინათ ვთქვი ამ ე.წ. ჩრდილოვან მთავრობაზე, ეს უიმედობის ინიციატივაა-მეთქი. “ნაციონალურ მოძრაობას” მსგავსი რამ რეალურად რომ ნდომებოდა, ამას პირველ ტურამდე გააკეთებდნენ. თან კოალიცია ვის შესთავაზეს? 1-2%-იან პარტიებსა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წარმომადგენლებს. ამით “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი არაფერი მიმატებია, პირიქით კი მოხდა. ამ პარტიებმა თვითლუსტრაცია მოახდინეს. ვფიქრობ, მათი დამოუკიდებელი რეიტინგი უფრო შემცირდება. ეს ინიციატივა თავიდანვე განწირული იყო. ქართველი ამომრჩეველი ბეცი არ არის, ის პოლიტიკოსებზე მეტს ხვდება. ეს იყო კოალიციური მთავრობის კარიკატურული იდეა. როგორც წესი, კოალიციურ მთავრობებში პარტიებს მოჰყავთ არაპოლიტიკოსი, პროფესიონალი ადამიანები და არა პარტიების ლიდერები”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, დარღვევების თვალსაზრისით, ახალი არაფერი მომხდარა. არც იმაზე მეტი მოსყიდვა თუ ზეწოლა ყოფილა, ვიდრე სხვა არჩევნებზე ხდებოდა. ფიცხი ხალხი ვართ ქართველები, ხშირად წავეკიდებით ხოლმე ერთმანეთს. რასაკვირველია, ეს კიდევ დიდხანს არ დამთავრდება და ამაში თავისი ნეგატიური წვლილი არასწორ საარჩევნო სისტემასაც შეაქვს. ყველაზე არასწორი მგონია ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა მთავრობის წევრებს არ უშლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ ხდებოდეს. ეს არის მახინჯი კანონმდებლობა, რაც შესაცვლელია... პრემიერ-მინისტრისგან და არა მხოლოდ მისგან ბევრი მარგალიტი მოვისმინეთ, მაგალითად, “ჩვენ ვთქვით, რომ გახარია ნარკომანია და ახლა თვითონ ამტკიცოს, რომ არ არისო”... ან რომ თურმე “თვითმკვლელობის უფლება კანონით გვაქვს მონიჭებული”... ეს ხალხი არ ფიქრობს ქვეყნის შორეულ მომავალზე, უახლოესი მიზნისთვის კი მზად არიან, ამგვარი არაადეკვატური განცხადებები აკეთონ. არჩევნები რომ დამთავრდება, მერე რა იქნება, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ... ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი სულ სხვა იყო ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობისას და სულ სხვაა ახლა. თანაც მას დაუოკებელი ზიზღი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და დიპლომატობაც არ ჰყოფნის - ენაზე რაც მოადგება, ყველაფერს ამბობს. ჯერ იტყვის და მერე ფიქრობს. თვითმკვლელობის შესახებ განცხადების შემდეგ თქვა, სხვა ვთქვი და სხვანაირად გამიგესო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გასაგებად თქვა ყველაფერი”, - ამბობს ექსპერტი.

“ყველაზე დიდი პრობლემა კი ის მგონია, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი დიფამაციის შესახებ. აქ ყველაფერი მოსულა. ჩვენ თუ გვინდა, დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს, უნდა გავიგოთ, რომ დემოკრატია არ არის უმრავლესობის თარეში, ეს არის უმცირესობის აზრის პატივისცემა. ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებასა თუ პარლამენტში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმანეთის მოსმენა. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და კახა კალაძე ცდილობდნენ, მოეთოკათ ეს რიტორიკა და გაწონასწორებულად ელაპარაკათ, მაგრამ მათაც წამოსცდათ არაერთი შემაშფოთებელი და მიუღებელი ფრაზა... ხელისუფლებამაც უნდა დაასრულოს მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში ცხოვრება და უფრო აქტიურად დაკავდეს ხალხის პრობლემების გადაჭრით”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ხელისუფლება კი ამტკიცებს, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არისო, მაგრამ ხშირად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები აქცევს მას პოლიტპატიმრად. მაგალითად, მეორე ტურის წინ პრემიერმა განაცხადა, სააკაშვილს არეულობის გეგმა ჰქონდა და პროვოკაციისთვის ორი ადამიანის მოკვლა იგეგმებოდაო. სწორედ ამის შემდეგ სუს-მა გაავრცელა განცხადება მსგავსი სცენარის შესახებ...” - პასუხობს:

“საერთოდ, ბურუსით არის მოცული, ვინ შემოიტყუა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში: ეს მისი დაუდევრობა და არასწორი პოლიტიკური გათვლა იყო თუ შესაბამისი უწყებების დაგეგმილი სპეცოპერაცია. ჩემი აზრით, ის ასე უბრალოდ ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოვიდოდა. ადამიანი, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მზად უნდა ყოფილიყო, რომ დაკავების შემდეგ სატუსაღოში აღმოჩნდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, მართლაც არ ჰქონდა ახალი რევოლუციის გეგმა. ისე კი, თუ ევროპული სახელმწიფოს აშენების პრეტენზია გვაქვს, კანონი ყველასთვის უნდა აღსრულდეს”.

“ოცნება” ზეიმობს, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს - რა დასკვნის საშუალებას იძლევა არჩევნების მეორე ტური

“მმართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მოიგო. მერების არჩევნები 20 ქალაქში გაიმართა და აქედან “ოცნების” კანდიდატმა 19 ქალაქში გაიმარჯვა, ერთში კი - ენმ-ის წარმომადგენელმა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საკრებულოებში მეორე ტურში სულ 42 მაჟორიტარის არჩევა მოხდა და აქედან 28 შემთხვევაში “ოცნების” წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, 14-ში კი - ოპოზიციის კანდიდატებმა. მეორე ტურისას შემთხვევათა უმრავლესობაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ოლქსა და მუნიციპალიტეტში ოპონენტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობებს შორის განსხვავება მეტად მცირე იყო. ეს განსაკუთრებით ეხება მაჟორიტართა არჩევნებს, სადაც, ზოგიერთ ოლქში 3-5 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი გამარჯვებულის გამოსავლენად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” ზეიმობს, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს - რა დასკვნის საშუალებას იძლევა არჩევნების მეორე ტური.

“ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ “ბრძოლა გრძელდება”. ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთი პოზიცია თავად ოპოზიციისთვის შეიძლება აღმოჩნდეს დამაზიანებელი, რადგანაც, ერთის მხრივ, მას ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი არ აქვთ და, მეორეს მხრივ, ამას არც დასავლეთი დაუჭერს მხარს. მერების არჩევნების მეორე ტური 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში იმართებოდა. ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა დანარჩენ 19 ქალაქში კი “ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს. საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” 14 მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა არჩევის მეორე ტური 24 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთა ფარგლებში ჯამში 42 მაჟორიტარის არჩევა მოხდა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად არაერთი ხარვეზისა, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ რამდენიმე დაპირისპირება საარჩევნო უბნებთან ძირითადად დესტრუქციული ქმედებებისგან იყო გამოწვეული, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” და მის განშტოებებს ახასიათებთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის, რომ ოპოზიცია პირწმინდად პირველ და მეორე ტურშიც წააგებდა, ამის პროგნოზირება, პოლიტიკურ ანალიტიკოსებს კი არა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ უჭირდა. ასეთი დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც რეალურ დაპირებებზე არ არის ორიენტირებული, ჩვენი მოქალაქეებისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებს. როცა ოპოზიცია მხოლოდ გადატრიალებაზე, რევანშზე და დაჭერებზე ფიქრობს, მას მოსახლეობა უკან ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს. ხალხის უდიდესმა ნაწილმა ენმ-ს და მათ ჯალათობრივ რეჟიმს უარი კიდევ ერთხელ უთხრა. წალენჯიხის გამოკლებით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხელისუფლებამ გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ უდიდესი პასუხისმგებლობა ახლა “ოცნებას” ეკისრება და დარწმუნებული ვარ, თავს ამასაც გაართმევენ. ის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს არ აღიარებს, ესეც მოსალოდნელი იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ისევ იქნება მოწოდება სახალხო აჯანყებაზე, რადგანაც ე.წ. მშვიდობიან რევოლუციაზე განცხადება უკვე გაკეთდა. აბაშიძე ამბობს, რომ ტერმინი “მშვიდობიანი რევოლუცია” არ არსებობს და ეს ისეთივე ნონსენსია, როგორც, მაგალითად, “ცხელი თოვლი”. ამიტომაც მოსახლეობას ამ გადატრიალების დაუოკებელი სურვილით კიდევ უფრო აშინებენ და არჩევნებზეც წაგება ამიტომ გაიფორმეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ოპოზიცია მოიგებდა თუ წააგებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც ქუჩას მაინც ვერ ავცდებოდით. თუკი ის 5 ქალაქში მაინც გაიმარჯვებდა, ყიჟინას დასცემდა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდოდა. ხოლო წაგების შემთხვევაში კი არჩევნების ე.წ. გაყალბების საბაბით აქციებს მაინც დაიწყებდა. ამიტომ აქციებით და რევოლუციის წარუმატებელი მცდელობით დაღლილმა მოსახლეობამ არჩევანი ისევ ხელისუფლებაზე გააკეთა”, - დასძენს გამოცემა.

“ძირითად ოლქებში “ქართული ოცნება” რომ გაიმარჯვებდა, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა. ხოლო თბილისს რომ კალაძე მოიგებდა, ეს ოპოზიციამაც კარგად იცოდა. აქ არაფერი უპრეცედენტო არ მომხდარა. მეგონა ანზორ მელია ზუგდიდს მოგებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, წალენჯიხაზე “გაიცვალა”. საქართველოს ყველა ოლქში რაღაცა დარღვევა იქნებოდა, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ოპოზიციას ყველგან თავისი წარმომადგენელი ჰყავს და ვნახეთ, რომ ხელისუფლების დამკვირვებლებზე არანაკლებ იცავენ ხმებს. ჰოდა, ამ ხალხმა ეს დარღვევები უნდა დააფიქსიროს და საჩივრები დაწერონ. შეფასება უნდა მოხდეს, ესა თუ ის დარღვევა არჩევნების შედეგებზე რა გავლენას მოახდენდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ეუთო-ოდირის დასკვნა იქნება. თუკი დასავლეთი მეორე ტურებს ლეგიტიმურად აღიარებს, რისი მოლოდინიც მაქვს და ალბათ ასეც იქნება, ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს. დასავლეთს უკვირს - ადგილობრივი არჩევნები თუ წააგე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს რატომ ითხოვ? კი, ბატონო, შესაძლოა რაღაც გაყალბება იყო, მაგრამ იმ ოლქში ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვე. ამიტომ ეს იქნება ისევ წყლის ნაყვა და მოსახლეობა ქუჩაში კვლავ არ გამოვა. დასავლეთი მით უმეტეს ადგილობრივი არჩევნების გამო თავს დიდად არ შეიწუხებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

კოტე ჯანდიერი - “მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს!”

“ყველაფერი იდენტობით იწყება. ვინ არის თანამედროვე ქართველი?! ამ კითხვაზე საქართველოში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყველაზე ხშირად ასეთ პასუხს გაიგონებთ: ეს არის კაცი, რომლისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას “ენა, მამული, სარწმუნოება”. თუმცა ეს ისე, ალბათ, სიტყვისთვის, თორემ ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, მეეჭვება ბევრს გააზრებული ჰქონდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ტრიადა არც ილიას სიცოცხლეში ყოფილა საყოველთაო კონსენსუსის საგანი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი მარქსისტებისა და სოციალ-დემოკრატებისთვის ადამიანის იდენტობა განისაზღვრებოდა სამი რამით: ღმერთის, არისტოკრატიისა და ტრადიციული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლით, პროლეტარიატის თაყვანისცემით და ნებისმიერ ფასად რევოლუციის მოხდენის მანიაკური აკვიატებით. ვინც ამ იდეალებს არ იზიარებდა, ის მათი გაგებით არც ქართველი იყო და არც ადამიანი. ჰოდა, სწორედ იმ ხალხმა ესროლა ილიას, მათ მოუკლეს ის ქართველ საზოგადოებას. რა შეიცვალა ამდენი წლის შემდეგ?” - აცხადებს მწერალი კოტე ჯანდიერი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს!” / “რევოლუციას სიახლე უნდა მოჰქონდეს, რათა მას მიემხროს ხალხი, ესენი კი მიშას, ახალაიასა და მეგის ქარდავას ციხიდან გამოშვების, რევანშისა და ერთხელ უკვე დამყარებული ტერორის გამეორების გარდა, არაფერზე ფიქრობენ...”

“დღეს ჩვენი პოლიტიკური კლასისა და მედიის დიდი ნაწილისთვის ქართველად იწოდება მხოლოდ ის, ვისაც ახასიათებს მკვეთრად გამოხატული რუსოფობია და ულტრალიბერალური რიტორიკა. პატრიოტიზმის საზომი გახდა ის, თუ ვინ უფრო უშვერი სიტყვებით და ხმამაღლა შეაგინებს პუტინს. არადა, ამაში ქვეყნისთვის ხეირი არაფერია, უფრო პირიქით... მაგრამ მათთვის ამას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ტიპები თავიანთ ლეგიტიმაციას საკუთარი ხალხისგან კი არა, თავიანთი დასავლელი ლობისტებისგან ელოდებიან. “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ხომ წამოსცდა კიდეც: “საქართველოს არსებობას დასავლეთისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი ის ღია კონფრონტაციაში იქნება რუსეთთანო”. რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელეა. წარმოუდგენელია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ასე ფიქრობდეს. უბრალოდ, ასეთი ქცევით მათ სურთ ერთგულება დაუმტკიცონ კონკრეტულ მფარველებს, რათა შემდეგ ისინი დაეხმარონ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებაში. არადა, ცხადია, ამას არავითარი კავშირი არა აქვს არც ქვეყნის ინტერესებთან, არც მის უსაფრთხოებასა და არც ხალხის რეალურ გასაჭირთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჯანდიერი.

“არსებობს ქართველი ხალხი და კიდევ არსებობს მოსახლეობის 25-30%, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ებრძვის ამ ხალხის ეროვნულ იდენტობას, კულტურულ სუვერენიტეტს, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს. თუმცა არა უშავს, 1937 წელს ეს პროცენტი გაცილებით დიდი იყო, თანაც მას ზურგს უმაგრებდა საბჭოეთის მრისხანე ძალა, ანუ ბევრად მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ გადავრჩით. ძალზე მძიმე გამოცდილება გვაქვს ახლო წარსულიდან და იმედია, დღეს იმ სისულელეს, რომელიც 90-იანებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩავიდინეთ, აღარ გავიმეორებთ. ახლა ვირტუალური სამოქალაქო ომი მხოლოდ ქართულ ტელეეთერებში მიმდინარეობს, რეალობაში კი ადამიანებს მშვიდი ცხოვრება, ეკონომიკური წინსვლა და რუსეთთან ახალი ომის გარეშე ევროპასთან დაახლოება სურთ, მათ შორის “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობასაც. ასე რომ, არავითარი რევოლუცია არ იქნება. ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია გამოიწვიოს რევოლუცია საქართველოში, ეს არის დასავლეთი. თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ელჩები და ანალიტიკოსები ხვდებიან, რომ მეორე რევოლუცია ამ ქვეყანაში უკვე აღარც ვარდებისა იქნება და აღარც უსისხლო, ხოლო თბილისიდან ორმოც კილომეტრში მდგარი რუსული ტანკების გათვალისწინებით, არც ამ რევოლუციის შედეგი იქნება ადვილად პროგნოზირებადი”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაღლილია “ოცნების” მმართველობით, გაბრაზებულია, რომ არ აღდგა სამართლიანობა, სასამართლოებში ყოვლად სამარცხვინო მოსამართლეთა შემადგენლობა არ შეიცვალა, არ გაუმჯობესებულა ხალხის ცხოვრების დონე, არც სიღარიბე შემცირებულა, უამრავი შეცდომა დაუშვეს, ასევე უამრავი პრობლემით გვიწევს ცხოვრება და ა.შ, მაინც მჯერა, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, ვერც არჩევნებით და ვერც რევოლუციით. რევოლუციას რაღაც რადიკალური სიახლე უნდა მოჰქონდეს, რათა მას მიემხროს ხალხი, ესენი კი მიშას, ახალაიასა და მეგის ქარდავას ციხიდან გამოშვების, რევანშისა და ერთხელ უკვე დამყარებული ტერორის გამეორების გარდა, არაფერზე ფიქრობენ და რაც მთავარია, მათ გეგმებშიც არ იკითხება სხვა რამ. ის, რაც მოხდა 2012 წელს, სრულიად ლოგიკური იყო - ვარდებით მოსულმა და პოლიტიკურ პარტიად წოდებულმა გავეშებულმა დაჯგუფებამ, ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ სამარცხვინოდ ცოცხებით და ქვების სროლით დაასრულა ცხრაწლიანი “მოღვაწეობა”. ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა. ეს ახსოვს მოსახლეობას”, - თვლის მწერალი.

“ჰოდა, ბოლშევიზმსა და კანიბალიზმს ისტორიამ განაჩენი გამოუტანა. “ნაცმოძრაობას”, როგორც უნდა ეცადოს, ისტორიული პერსპექტივა არა აქვს. ეს არის რეალობა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათთან ერთად არც ქვეყანას ექნება პერსპექტივა, თუ ქართველმა ხალხმა მთელ ამ კოშმარს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი არ დაუსვა... მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს, მით უფრო, ამ გუნდისგან არავინ დაიჯერებს მშვიდობიან რევოლუციას, რადგან გვახსოვს მათი კანიბალისტური ქმედებები... რაც შეეხება აქციებს, აღარ უნდა ხალხს რევოლუცია, “ნაციონალების” მხარდამჭერებსაც კი. ჯერ ერთი, დაიღალნენ მუდმივი დაძაბულობითა და აურზაურით. “ოცნებას” იმიტომ არ მისცეს ხმა, რომ იმედგაცრუებული იყვნენ მასზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადიკალური ნაბიჯებისთვის არიან მზად. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ქართველ ამომრჩეველს ეს სპექტაკლი უკვე ნანახი აქვს”, - ამბობს კოტე ჯანდიერი.

“რაც უნდა იძახოს ახლა ოპოზიციამ, მასშტაბური გაყალბებაო, თავადაც იციან, რომ მიიღეს იმდენი ხმა, რამდენიც დაიმსახურეს. ასე რომ, ერთი-ორი ხალხმრავალი აქცია შეიძლება გამართონ, მაგრამ გია ბარამიძე რომ გაიძახის, მშვიდობიანი რევოლუციაო, როგორც კი ხალხი დაინახავს, რომ პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავთ, მაშინვე დაიფანტება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეობრივად გავიზარდეთ, ასე რომ იყოს, მოძალადე პარტიის ლიდერი მელია 44%-ს ვერ აიღებდა. ის, რომ ხალხის დიდი ნაწილი ოპოზიციას არ გაჰყვება, არ ნიშნავს, რომ საზოგადოების სამოქალაქო შეგნება გაიზარდა, მაგრამ გრძნობენ, რომ რევოლუციის, ჯანჯღარის შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და ეშინიათ. განვითარებული ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში ასეთ ძალას, რაც მიიღო, იმ მხარდაჭერის მეათედიც არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენთან ხომ ვიცით, რაც მოხდა - მათი ამხელა მხარდაჭერა და ასეთი მაღალი პროცენტი “ოცნების” შეუსრულებელმა დაპირებებმა, მცდარმა საკადრო პოლიტიკამ, განსაკუთრებით ჩავარდნილმა სასამართლო პროცესებმა განაპირობა. მურუსიძესა და ჩინჩალაძეს გადააყოლეს თავიანთი რეიტინგი”, - დასძენს ჯანდიერი.

წალენჯიხის პრეცედენტი - რა პოლიტიკური შედეგები ექნება ხელისუფლების ცვლილებას ერთ ქალაქში

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგად წალენჯიხის მერი ენმ-ის წარმომადგენელი გახდა. ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობაც დაკარგა. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ მინიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე ხელისუფლება შეიცვალა, რაც საინტერესო პრეცედენტს ქმნის. ანალიტიკოსთა შეფასებით, თუკი წალენჯიხის ახალი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იქნება ორიენტირებული და ხმაურიან პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება, შესაძლოა კოალიციური მმართველობის კარგი მაგალითი მივიღოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით წალენჯიხის პრეცედენტი - რა პოლიტიკური შედეგები ექნება ხელისუფლების ცვლილებას ერთ ქალაქში.

“წალენჯიხის მერის არჩევნების მეორე ტურში ენმ-ის წარმომადგენელმა “ქართული ოცნების” კანდიდატს დაახლოებით 300 ხმით აჯობა. საბოლოო შედეგები ასეთია: გიორგი ხარჩილავა (ენმ) 51.107% და გოგა გულორდავა (“ოცნება”) 48.893%. რაც შეეხება წალენჯიხის საკრებულოს, ის 27 წევრისგან არის დაკომპლექტებული. აქედან 18 პროპორციული წესით არის აირჩეული და 9 მაჟორიტარულით. წალენჯიხის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა უმრავლესობაც. ჯერ კიდევ პირველ ტურში აქ აშკარა იყო ენმ-ს უპირატესობა. პროპორციულ ნაწილში ხმები ასე განაწილდა: “ნაციონალური მოძრაობა” - 37.78%, “ქართული ოცნება” - 34.79%, “საქართველოსთვის” - 18.96%, “ლელო” - 3.35%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, 9 ოლქიდან პირველ ტურში ერთი ენმ-მ მოიგო და 3 „ოცნებამ". დანარჩენ 5 ოლქში კი მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, საიდანაც „ოცნებამ მხოლოდ ერთი ოლქი მოიგო, 3 ოლქში ენმ-ის მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს, ერთში კი - პარტიის „საქართველოსთვის” წარმომადგენელმა. საბოლოოდ წალენჯიხის საკრებულოში ადგილები ასე განაწილდა: “ქართული ოცნება” - 11 მანდატი, ენმ - 11, “საქართველოსთვის” - 4 და “ლელო” - 1”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახლა წალენჯიხის თვითმმართველობამ რეალური განვითარების გეგმები უნდა დაისახოს და არ იყოს პოლიტიზირებული. “ეს არის იშვიათი დემოკრატიის მაგალითი საქართველოში და კარგი ნიშანი იმისა, რომ წალენჯიხის მოსახლეობას განსხვავებული აზრი აქვს და ყველაფრის მიუხედავად ამომრჩეველმა თავისი არჩევანი დაიცვა. მიმაჩნია, რომ ახლა მთელმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაუჭირონ მხარი, რათა რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა მოხდეს წალენჯიხაში, რომ მომავალი არჩევნებისთვის ნამდვილი თვითმმართველობის მაგალითი გვქონდეს”, - თვლის ანალიტიკოსი, რომლის აზრით, “საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვევაც აუცილებელია ამ პროცესებში, რათა განავითარონ ახალი პროექტები”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ადგილობრივი მმართველობა არ იქნება პოლიტიზირებული, არ ისაუბრებს საერთაშორისო დონეზე, ივანიშვილსა და პუტინზე. სამაგიეროდ კი ყურადღებას გაამახვილებენ გზებზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ., რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება მათთვის ხელის შეშლა და მუშაობის შეფერხება. ოპოზიციურმა პარტიებმა რეალურად უნდა დაიწყონ ადგილოვრივ თვითმმართველობაზე მუშაობა. მსოფლიოში უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც მსგავს მმართველობას აფინანსებენ, თუ ცენტრალური ხელისუფლება ხელს უშლის განახორციელოს რეალური სამუშაოები. ასე რომ, თუ რაიმე ფორმით შეეზღუდებათ მუშაობის სამუალება, “ოცნება” უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. წალენჯიხა მაგალითი უნდა გახდეს იმისა, თუ რას ნიშნავს რეალური, დამოუკიდებელი დემოკრატია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რაც შეეხება არჩევნების მე-2 ტურს, ეს იყო კატასტროფა, საშინლად პოლარიზებული საზოგადოება, დაურიგეთ ამ ხალხს ბიულეტინის ნაცვლად იარაღი და ჩვეულებრივად დახოცავენ ერთმანეთს. ქვეყანაში უაღრესად გამძაფრებული პოლარიზაციაა, რაზეც პირველ რიგში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ პროცესებს და მეორე მხრივ “ნაციონალური მოძრაობა”, იგივე სააკაშვილის ქმედებები. დიდი ხანია საქართველოში ასეთი სიძულვილით სავსე, პოლარიზებული და დაპირისპირებული ადამიანები აღარ ყოფილან”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

გია ხუხაშვილი - “ფასი, რაც ხელისუფლებამ ამ არჩევნებში გადაიხადა, გარანტირებული წაგებაა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში”

“ასეთი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. მეორე ტური მაინც სამობილიზაციო ტურია და ხელისუფლების რესურსების მობილიზაცია მეორე ტურებში უფრო მაღალია. მით უმეტეს, რომ ხალხი გაყოფილია და მას უწევს არჩევნის გაკეთება წარსულსა და აწმყოს შორის, პოლიტიკურ მაგიდაზე მომავლის არჩევანი საერთოდ არ არსებობს. ხელისუფლებას მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსი მეტი აქვს, ეს აძლევს აშკარა უპირატესობას და ეს მოცემულობა დადგა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფასი, რაც ხელისუფლებამ ამ არჩევნებში გადაიხადა, გარანტირებული წაგებაა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში”.

“ოპოზიციის შანსი იყო აქტივობის გაზრდა პირველ ტურში თამაშგარეთ დარჩენილი კანდიდატების ელექტორატის სახით, გახარიას, ანა დოლიძის და ა.შ. ელექტორატის სახით. თუმცა ნაცვლად იმისა, აქტივობა გაეზარდათ, შემცირდა - 3%-ით ნაკლები იყო პირველ ტურთან შედარებით. ვერ მოახერხეს ისეთი პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბება, რომელიც სხვა კანდიდატების ამომრჩეველს მოიზიდავდა, იმ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მიშა სააკაშვილის ბედი არ არის პრიორიტეტული. უფრო მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს. ვერ მოახერხეს ობიექტური მიზეზების გამო. ვერ ვიტყვი, რომ ამაში სააკაშვილის როლი გადამწყვეტი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლდათ. მან საბოლოოდ პოლიტიკური პროცესი უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი­ მოუტანა. მან მაქსიმალურად გააძლიერა საკუთარი პარტია და პრინციპში, მისი ელექტორატისა და მის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალების მაქსიმალური მობილიზება გამოიწვია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მისი ამ ვოიაჟის გამო ოპოზიციამ 5-7% დაკარგა, რადგან ორპოლუსიანობა ჩამოყალიბდა. თუმცა არ მიკვირს, რადგან ასეთია სააკაშვილი. ივანიშვილი და სააკაშვილი ერთგვარი ეგოცენტრისტები არიან, რომლებსაც პოლიტიკური პროცესი ვერ წარმოუდგენიათ, თუ ისინი არ არიან ცენტრალური მოთამაშეები. ცოტა ოპტიმიზმი რომ შევიტანო ანალიზში, ვიტყვი, რომ ფაქტობრივად, ეს არის ბოლო სისტემურად მანკიერი არჩევნები - ფასი, რაც ხელისუფლებამ ამ არჩევნებში გადაიხადა, არის გარანტირებული წაგება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. სხვა საკითხია, რომ მათ წაგებას გაფორმება სჭირდება. საჭიროა მომავლის არჩევნის ფორმირება - ან უკვე გაჩენილი ნაპერწკლების გაძლიერებით, ან სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ყოველთვის ბოროტად იყენებდა და ამის გადალახვა ხერხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იქმნებოდა ალტერნატიული მომავლის არჩევნის იმედი. ეს მოხდა 2003-სა­ და 2012-ში. ამიტომ უნდა ვიპოვით ჩვენს თავში ძალა, მაგრამ ეს თავისთავად არ მოდის და არც მოვა, თუ საზოგადოებამ თავის თავში გასარღვევად რესურსი არ იპოვა. ხელისუფლება, ფაქტობრივად, განწირულია, რადგან მან წაგება-მოგების ზღვარზე გაიარა კომპრომეტირებულ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ლიდერი ციხეში ზის და რომელ პარტიასაც ცხრა წელია ამთავრებენ. თან იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ ყველაფერი იკადრა, და დიდი ბოდიში, შარდის სუნიც კი დააყენა”, მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ოცნებას” რომ ჩამოაშორონ ის ლიდერები, რომლებიც საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს იწვევენ, შეიცვლება სიტუაცია?” - პასუხობს:

“კობახიძე და ღარიბაშვილი კი არიან მინუსებში, მაგრამ “ოცნება” რელიგიაა და არა პარტია, რომელსაც ჰყავს ერთადერთი ლიდერი, რომელიც ყველგან არის, და რა მნიშვნელობა აქვს, პოზიციებზე ვინ იქნებიან? ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს “ოცნებას”, ხმას აძლევს იმას, რომლის სახელის თქმა არ შეიძლება, მაგრამ რომლის სულიც ყველგან ტრიალებს. ამან რაღაც რიტუალის სახე მიიღო. არა იმიტომ, რომ უყვართ, არამედ სწამთ მისი უძლეველობის”.

“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აწერს ხელს, მაგრამ მამაძაღლობის რესურსი უსასრულო ხომ არ არის? “ნაცმოძრაობას” კი ამ ბარიერის გადალახვა არ შეუძლია. ისევ ორპოლუსიანობა, ისევ რესურსების მობილიზება, ადამიანების იძულება, რომ არჩევანი გააკეთონ ცუდსა და უარესს შორის და ასეთ ბრძოლაში, ყოველთვის გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს, ესე იგი, ხელისუფლება. ორპოლუსიანობა აღარ უნდა დავუშვათ. ამის საშუალებას კი ყველაზე უკეთ პროპორციული არჩევნები იძლევა და უკვე ცხადია, რომ ხელისუფლებას პროპორციულ არჩევნებზე ძალაუფლების შენარჩუნების შანსი არა აქვს. ამ მოცემულობით უკვე აგებს ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს და მანამდე მისი მდგომარეობა ხომ უფრო გაუარესდება, რადგან სახელმწიფოებრივი პრობლემების მოგვარებაზე არ ფიქრობს. ისინი სააკაშვილით იწყებენ და ამთავრებენ და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებასაც კი არ ჰპირდებიან. ეუბნებიან, ჭაობში კი სხედხართ, მაგრამ ჯობს, ისხდეთ, რადგან, თუ თავს ამოყოფთ, ვიღაც წაგაცლითო...”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო