სააკაშვილის საქმის მოსამართლე - თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება

პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ გაუუქმა სასამართლომ იმავე საქმის წინა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

გარდა ამისა, ორკოდაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ და აცხადებს, რომ თუ ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.

„ალბათ ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოიყვანონ თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია. მაგრამ თუ არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ. რატომღაც მგონია, რომ იქნება სხდომაზე. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად კარგადაა, გადაადგილება შეუძლია. პლუს ამას, იქამდე რამდენიმე დღეა“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

ამასთან, მოსამართლე განმარტავს, რატომ გაიმართა წინა სასამართლო სხდომა სააკაშვილის დასწრების გარეშე.

„სასჯელაღსრულების დაწესებულება ემორჩილება იუსტიციის სამინისტოს და არა სასამართლო ხელისუფლებას. როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია, რომ პატიმარი ვერ მოჰყავთ მისი ჯანმრთლეობის მდგომარების გათვალისწინებით, ჩვენ ხომ ექიმები არ ვართ, ეს ადამიანი ან გზაში რომ გახდეს ცუდად ან სასამართლო პროცესზე და რამე დაემართოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?“- განაცხადა მოსამართლემ.

კითხვაზე, მიეცემა თუ არა სააკაშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სიტყვით გამოსვლის უფლება, მოსამართლე ორკოდაშვილი ამბობს, რომ თავად ამის წინააღმდეგი არ არის.

„საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, სადაც ასეთი განცხადება უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ვინაიდან, გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საუბარია მესამე პრეზიდენტზე, ასევე არის ეჭი, რომ ის სპეციალურად არ მოჰყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, არც მე და ვფიქრობ, არც ჩემი კოლეგები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ განცხადება გააკეთოს“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია, როგორც გადაჰყავთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში, ლიანა ორკოდაშვილი ამბობს, რომ ამ კადრებზე როგორც ადამიანსა და მოსამართლეს, მძიმე რეაქცია ჰქონდა.

„ძალიან განვიცადე. მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს - რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“, - განაცხადა ორკოდაშვილმა.

მოსამართლე ასევე საუბრობს გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და ამბობს - „ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა“.

რაც შეეხება საკითხს, რომ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო მოსამართლეებმა განიხილონ, ორკოდაშვილისთვის ეს შეურაცხმყოფელია.

„მე, როგორც მოსამართლეს, ეს შეურაცხყოფას მაყენებს. გამოდის, რომ საქართველოში, თურმე, არ ვართ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაბედულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. რატომ უნდა განიხილოს უცხოელმა და რატომ არა ლია ორკოდაშვილმა? გადახედონ ჩემს წარსულს“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

ამასთან, ორკოდაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის წინა სასამართლო სხდომის შემდეგ მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ ძალიან ინერვიულა.

„როგორც მოსამართლემ თუ იცი, რომ თუნდაც ნული მთელი მემილიონედი რაღაც დაგიშავებია, გაჩუმდები, მაგრამ როგორც ადამიანი და მოსამართლე, რომელსაც არაფერი დაგიშავებია, არ მიგიღია იმ ადამიანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და როდესაც შენზე ასეთ ინფორმაცია ვრცელდება... ექიმთან წასვლაც დამჭირდა ნერვებთან დაკავშირებით, ისეთი სერიოზული განცდა მქონდა. ძალიან ვინერვიულე“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა