მიხეილ ჩხენკელი - Horizon Europe-ის პროგრამის სამეცნიერო კონკურსებში ქართველი მეცნიერები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები

ვაძლიერებთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და ეტაპობრივად გავზრდით მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას. 2030 წლისთვის მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტით, 8 მლნ ლარით დაფინანსდა.

„წინა წლებთან შედარებით ეს თითქმის გაორმაგებული ბიუჯეტია, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში. წლევანდელი კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართული მეცნიერების მიახლოებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან, ვინაიდან დაიხვეწა და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა როგორც კონკურსის დებულება, ასევე საკონკურსო პირობები და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმები.

ასევე წელს რუსთაველის ფონდთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად მომზადდა სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის პირობები, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს. ახალი მიზნობრივი კონკურსი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

„ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით. დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე მოეწყო საგრანტო ოფისები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა.

Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ მეცნიერთა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.

საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება “Horizon Europe”-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებს შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის – 7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერება ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას, ასევე ინოვაციების სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.

შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები,“- განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომელიც მეცნიერების ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციას გულისხმობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის საქართველოს მთავრობა 2022 წელს 10 მილიონ ლარს გამოყოფს, რაც უზრუნველყოფს ობსერვატორიის სრულ მოწესრიგებას, ტელესკოპების აღდგენასა და ახალი ტელესკოპის შეძენას. აბასთუმანში ასევე შეიქმნება თანამედროვე მეცნიერების მუზეუმი.

„სამინისტროს პოლიტიკაა, აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერება. ძალიან მალე ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრებს ადგილს. ობსერვატორიის განვითარება არის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ. უკვე გაიხსნა ობსერვატორიის თბილისის ოფისი, სადაც მოეწყო სამუშაო ოთახები ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. მეცნიერებს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნათ. ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომია ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა მინისტრმა

რაც შეეხება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ იგი საქართველოს შემსწავლელი და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით საბაზო სტრუქტურად ჩამოყალიბდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს