სამხარაულის ბიუროს ექსპერტი, რომელსაც ბიუროდან სისხლის სამართლის საქმეებზე მოპოვებული მტკიცებულებების გაფლანგვას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, 29 წლის დავით უმანკოშვილი, რომელსაც ბიუროდან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების გაფლანგვას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ ბრალდებულს სასჯელის საბოლოო სახედ 5 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უმანკოშვილის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, სასამართლომ ბრალდებულის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა და მინიმალური სასჯელი ¼-ით შეუმცირა. ადვოკატის თქმით, აღნიშნულის მიზეზი თავად ბრალდებულის მხრიდან გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობა იყო.

„როგორც მოგეხსენებათ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. სასჯელი 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესები დასრულდა, სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოყენებული იქნა საგამონაკლისო უფლება. თავდაპირველად, მოსამართლის მიერ აღებული იქნა სასჯელის სახით მის მიმართ მინიმალური სასჯელი, 7 წელი, სადაც გამოყენებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი, რაც მოსამართლეს უფლებას აძლევს, გამონაკლის შემთხვევაში, თუ პირი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ხელს უწყობს სასამართლოს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულების განხორციელებაში, მის მიერ შეფარდებულ სასჯელს კიდევ ჩამოაკლოს ¼, ეს ხდება მაშინ, რომ როცა ეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის მუხლია, ვინაიდან ეს მძიმე კატეგორიის დანაშაული იყო, მინიმალურად შეფარდებული 7 წელს მოსამართლემ ¼ ჩამოაკლო, რის შემდეგაც მას განესაზღვრა 5 წელი და 3 თვით პატიმრობა, საიდანაც მას 6 თვე უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, მას სასჯელი 4 წელი და 9 თვე აქვს დარჩენილი.

შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როცა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე ხდება სასჯელის მინიმალურ ზღვარზე კიდევ ¼-ის ჩამოკლება, რაც ერთი მხრივ, მასში მონაწილე ადვოკატების მიერ დაგეგმილი სტრატეგიის დამსახურებაცაა, ჩემთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჩემი კოლეგა ირაკლი ჩომახაშვილი, ასევე მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულის სწორი პოზიცია და რაც მთავარია, სასამართლომ ეს ყველაფერი გაიზიარა. ბრალდების მხარე სასჯელის ნაწილში ასეთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, მათი პოზიცია იყო, ეს საგამონაკლისო უფლება არ გამოყენებულიყო. სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელიც დაწესებულებაში 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, მიმდინარე წლის 26 ივნისს დააკავეს. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და მისი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ განაცხადა. უმანკოშვილს სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე მოპოვებული მტკიცებულებები ექსპერტიზის ბიუროდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჰქონდა.

ზარალი დაახლოებით, 150 000 ლარს შეადგენს.

უმანკოშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო, მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს