რომან გოცირიძე - რეზოლუციის ტექსტი შეიცვალა ისე, რომ ნახსენები არაა სიტყვა "რუსეთი" - ეს ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ხდება საქართველოს ხელისუფლებაში

ტექსტზე, ფაქტობრივად, შეთანხმებული ვიყავით, ახლა ეს ტექსტი იცვლება. სადაც რუსეთს არ ახსენებ, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება საქართველოს ხელისუფლებაში - რაღაც სიგნალი მოვიდა, მოსკოვიდან დაურეკეს ბიძინა ივანიშვილს და მერე მან ყური აუწია პარლამენტს?, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ შეთანხმდა და პარლამენტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, აღნიშნული არა მხოლოდ უკრაინას, საქართველოსაც ეხება. მისივე განცხადებით, მომხდარი მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალში რუსეთს გარკვეული გავლენის მოხდენა საქართველოზე, უფრო გაუადვილდება.

რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველო თანდათან რუსეთის გავლენის ქვეშ ექცევა და ეს ყველაფერი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, მთელი ქვეყნისთვის წამგებიანია.

„ეს რეზოლუცია ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია. წარმოგიდგენიათ, რომ რეზოლუციას ღებულობს პარლამენტი რუსეთის აგრესიული ქმედების წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსეთი არ არის ნახსენები?! პირველად შემოტანილ ტექსტში საუბარი იყო ტერმინების დახვეწაზე, უფრო სწორ, სამართლებრივ და შინაარსობრივი მხარის გაძლიერებაზე. ის რეზოლუცია იყო მისაღები და რა მოხდა? - მოვიდა რაღაც სიგნალი, მოსკოვიდან დაურეკა ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ და მერე ბიძინა ივანიშვილმა ყური უწია პარლამენტს? - ეს არის წარმოუდგენელი. იქ ზოგადად დაგმობილია აგრესია და რუსეთი საერთოდ ამოღებულია, პირველი ტექსტისგან განსხვავებით, სადაც მშვენივრად იყო განსაზღვრული რუსეთის როლი. ეს რეზოლუცია აცდენილია იმ რბილ კომენტარებსაც, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის სახით. ეს რეზოლუცია არის გაცილებით უარესი, რა განცხადებები და რეზოლუციებიც იყო პარლამენტის ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით.

ეს პროცესი, რასაც ვხედავთ, არის საგანგაშო. მათივე ტექსტი შეიცვალა, რეალურად გამოდის, რომ პარლამენტს უკარნახეს რეზოლუცია, სადაც არ იქნებოდა რეალურად დაგმობილი რუსეთის ის ქმედება, რასაც მთელი მსოფლიო გმობს. ოპოზიციამ კორექტივები შეიტანა თავად „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში, რომელიც არსებითად იყო მისაღები, მაგრამ მის გასაუმჯობესებლად იყო ისეთი შეთავაზებები, რომელიც უფრო სარედაქციო ხასიათის იყო, შინაარსის დახვეწის მიმართულებით იყო გამიზნული და არა ის, რომ ამ ტექსტს არ ვეთანხმებოდი. ტექსტზე, ფაქტობრივად, შეთანხმებული ვიყავით, ახლა როგორც ირკვევა, იცვლება ეს ტექსტი, სადაც რუსეთს არ ახსენებ, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება ქვეყნის ხელისუფლებაში. ბოლოს და ბოლოს, ეს საკითხი მხოლოდ უკრაინას კი არ ეხება, აქ საუბარია საქართველოზეც. ის პრობლემები, რასაც უკრაინის წინააღმდეგ აყენებენ რუსები, გულისხმობს უკრაინისა და საქართველოს არ გაწევრიანებას ნატო-ში.

ამ შემთხვევაში ერთიანი, შეთანხმებული ტექსტი არის მხარდაჭერის უფრო რეალური გამოხატულება და ქვეყნის პრესტიჟის საქმეც, მაგრამ თუ ისეთი ფორმით იქნა ტექსტი მიღებული, სადაც მხოლოდ უმრავლესობა იქნება მისი მხარდამჭერი, ეს ძალიან დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, ეს იქნებ ცუდი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის. როდესაც საქართველო კრიტიკულ სიტუაციაში არ გამოხატავს უკრაინისადმი მხარდაჭერას, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენის მნიშვნელობის გაძლიერებას. ეს კიდევ უფრო გააყოყოჩებს რუსეთს, კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლას და რუსეთი დაინახავს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ექვემდებარება შანტაჟს, ზემოქმედებას და რეალურად, საქართველო კარგავს თავის სახეს. ის უკვე ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის ორბიტას, თუ უკვე არ არის რუსეთის ორბიტაზე.

ასე ვუხდით სამაგიეროს თუნდაც ჩვენს მეგობარ უკრაინას, ამით ვცემთ პასუხს უცხოეთის 30-წლიან მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობის, დემოკრატიისა და ქვეყნის მშენებლობის საქმეში?! - ძალიან მწარედ დაისჯება ეს ხელისუფლება, პირველ რიგში, დასჯის ქართველი ხალხი, რომელიც ხედავს მოღალატეობრივ დამოკიდებულებას. საქართველოს პრეზიდენტი ხმას არ იღებს, საქართველოს მთავრობა, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი, გატრუნულია პრორუსული ორიენტაციის ეკლესია. ვინ მოაწერს იმ რეზოლუციას ხელს, სადაც რუსეთის აგრესია არ არის ნახსენები და სადაც არ არის გამოკვეთილი ის საშინელი როლი, რასაც რუსეთი თამაშობს, მსოფლიოს აყენებს კატასტროფის წინაშე, მათ შორის ეკონომიკური კატასტროფის წინაშე?!“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში საქმიანობის საკითხს, მისი თქმით, პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება 27 იანვარს გახდება ცნობილი.

რომან გოცირიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში და პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი, სავარაუდოდ, შედგება.

„ჩვენი პარლამენტში შესვლის საკითხი იხილებოდა, უმეტესობა იხრება, რომ ეს მოხდეს. ალბათ, ხვალ ეს საკითხი უნდა დამთავრდეს. პარტიამ, რომელსაც 35 დეპუტატი ჰყავს, ყოველთვის უნდა გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული. ოპოზიციის როლი პარლამენტში არის ის, რომ ერთი მხრივ აკეთოს საქმე, მაგრამ ზოგი ამბობს, რა აზრი აქვს თუ შენ კანონს ვერ გაიტან. აქვს ის აზრი, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს აიძულებ, თუ კარგს ვერ გააკეთებინებ, ცუდი მაინც არ გააკეთოს. ოპოზიცია უნდა იყოს ყველგან, არავინ ამბობს, რომ ქუჩის აქციები არ იქნება, ძალიან დიდი აქციებიც იქნება. არ არის საჭირო ხისტი და ჯიუტი მიდგომა, ერთ მომენტში საჭირო იყო ბოიკოტი და ახლა საჭიროა მეორე. უკვე მწიფდება პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება აქტიურ სამუშაო რეჟიმში. როდემდე უნდა იყო ბოიკოტში?! - ან ხარ პარლამენტში, ან არ ხარ. ჩემი აზრია, რომ თუ პარლამენტში ხარ, უნდა იმუშაო, კომიტეტებში უნდა იმუშაო და კანონპროექტებიც უნდა მიიღო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა