თსუ-სა და ELTE-ს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობისა და გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდაზე, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არქეოლოგიის დარგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის (ELTE) (უნგრეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ELTE-ს რექტორმა ლასლო ბორჰიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის დეკემბერში ბუდაპეშტში თსუ-ის დელეგაციის ვიზიტის დროს მიიღეს.

თსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე, ELTE-ს რექტორს, პროფესორ ლასლო ბორჰის გადაეცა ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი.“

„ELTE ერთ-ერთი უძველესი და წარმოჩენილი უნივერსიტეტია უნგრეთში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ აქამდე არსებულ თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ELTE-ში ისწავლება ქართული ენა, არსებობს ქართველოლოგიის მიმართულება, ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც ორი წლის წინ გახსნა საქართველოს ელჩმა უნგრეთში ზაალ გოქსაძემ. სწორედ ამ საქმიანობისთვის გადაეცა ბატონ ბორჰს ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“. საყურადღებოა ისიც, რომ საინტერესო შეხვედრა გაიმართა ELTE-ს რექტორს, უნგრეთის ელჩს ანა სიკოსა და იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც უნგრულ ენას სწავლობენ ჩვენს უნივერსიტეტში“,- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს ჯილდო, საქართველოში კვლავ ჩამოსვლა და სტუმრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენს შორის ძალიან მჭიდრო კავშირია და ეს ღონისძიება ამ თანამშრომლობის დაგვირგვინებაა. მე პროფესიით არქეოლოგი ვარ, ჩემი კვლევის ძირითადი საგანი ძველი კულტურების კვლევაა; საქართველო სწორედ ასეთი კულტურის ქვეყანაა. თსუ-სთან ჩვენი ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ისტორიას და არქეოლოგიას. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ქართველი და უნგრელი სტუდენტი მიიღებს ერთობლივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას,“ - აღნიშნა ELTE-ს რექტორმა ლასლო ბორჰიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიური ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ უცხოელს ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

უნგრელ პროფესორს, ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის რექტორს, არქეოლოგს, უნგრეთის რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტს ლასლო ბორჰს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ზოგადად საქართველოს პოპულარიზაციაში. მისი ძალისხმევით, 2019 წელს, ELTES-ს უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა. ლასლო ბორჰი 2021 წელს გახდა ჯილდოს მფლობელი.

„კიდევ ერთხელ მერგო პატივი ბატონი ლასლო ბორჰისთვის გადამეცა სპეციალური ჯილდო - საქართველოს უცხოელი მეგობარი, რომელიც შარშან, წლის ბოლოს დაუსწრებლად გადაეცა“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, პროფესორ ლასლო ბორჰის ეს ჯილდო გადაეცა იმ ძალისხმევისთვის და ღვაწლისთვის, რომელსაც ის ეწევა ქართული კულტურის, ქართული ენის პოპულარიზაციისთვის არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ მთელ ევროპაში.

„პროფესორ ბორჰის ჯილდო არის შესანიშნავი ჯილდო ისეთი მეგობრისგან, როგორიც საქართველოა და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ზრუნავს უნგრეთი და საქართველო ერთმანეთზე, როგორი კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ. უნგრეთი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს დამოუკიდებლობას და ინტეგრირებას როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან სასარგებლოა საუნივერსიტეტო კუთხითაც. ქართველი და უნგრელი სტუდენტები ყოველწლიურად იღებენ სტიპენდიებს იმისთვის, რომ ისწავლონ უნგრეთსა და საქართველოში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას“,- განაცხადა უნგრეთის ელჩმა საქართველოში ანა შიკომ.

ღონისძიებაზე გამოიფინა ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“ (ქართველიშვილისეული გამოცემა, 1888 წ.), რომელიც თსუ ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული.

თსუ-ში 2019 წლიდან მოქმედებს უნგრული ენისა და კულტურის კურსი, რომელსაც დოქტორი არპად ელეში უძღვება. 2019 წელს ამ კურსით სულ 9 სტუდენტი დაინტერესდა, ხოლო მიმდინარე სემესტრში უნგრულ ენას უკვე 40-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს