ქართული პრესის მიმოხილვა 03.02.2022

კოვიდრეგულაციების გზაგასაყარი - რატომ ირღვევა პანდემიასთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა

როგორ უპასუხებს “გადაგდებული” კრემლი დასავლეთს და რატომ ახსენა ბრიტანეთის პრემიერმა საქართველო

დაახლოებით მარტიდან ბიზნესისთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი შეზღუდვებიც თანდათან გაუქმდება

* * *

კოვიდრეგულაციების გზაგასაყარი - რატომ ირღვევა პანდემიასთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პლანეტის მასშტაბით როგორც ინფიცირების, ისე ლეტალობის მხრივ მიმდინარე კვირის ანგარიში შემაშფოთებელი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად ევროპის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში რეგულაციებს ამსუბუქებენ. ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს შესაძლოა დასაშვები იყოს იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის ტემპი მაღალია, თუმცა, მიიჩნევენ, რომ საქართველოს პირობებში “მწვანე პასპორტის” გაუქმება სწორი ნაბიჯი არ იყო. ჯანმოს ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასულ კვირას, კორონავირუსს 59 195 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9%-ით მეტია, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნისთვის გამარჯვების გამოცხადება და დანებება ჯერჯერობით ნაადრევია, ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, რომ “ომიკრონ” ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კოვიდრეგულაციების გზაგასაყარი - რატომ ირღვევა პანდემიასთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა.

“მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ეგრეთ წოდებულ “ლოქდაუნს”, მაგრამ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი ხალხი ყველა საშუალების, და არა მხოლოდ ვაქცინების, გამოყენებით”, - აღნიშნა გებრეისუსმა. “ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს უფრო ფართო გახსნისთვის, ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ ხელახლა დააწესონ ზომები, საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ, თუ კარებს სწრაფად გავხსნით, სჯობს, ძალიან კარგად შეგვეძლოს მათი სწრაფად დახურვაც”, - ამის შესახებ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. თუმცა მიუხედავად ამისა, პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნების ერთიანი მიდგომა ირღვევა, სამშაბათს საკოორდნიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში “მწვანე პასპორტი” გაუქმდა, თუმცა როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ეს არ ნიშნავს რომ რეგულაციები, რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტეს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რეგულაციების შემსუბუქება თუ იმ ქვეყნებმა დაიწყეს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ეს დასაშვებია, თუმცა საქართველოში “მწვანე პასპორტების” გაუქმება მისთვის მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რეგულაციები შეამსუბუქა, ან გააუქმა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრეს. ჩვენთან ორი მესამედი აუცრელია, ასე რომ, ვერანაირ ლოგიკას მე ამაში ვერ ვხედავ, რადგან დარჩენილი გვქონდა რამდენიმე რეგულაცია, “მწვანე პასპორტის” მექანიზმი კი პირველ რიგში ვაქცინაციის წახალისებას ემსახურებოდა და არა ინფექციის კონტროლს. გასაგებია, რომ “ომიკრონის” პირობებში “მწვანე პასპორტი” ინფექციის კონტროლისთვისაც აღარ გამოდგება, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ მისი პირობები და აღსრულება გაგვემკაცრებინა, რეალურად ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ისეთმა ქვეყნებმა გააკეთეს, სადაც ამ პასპორტებმა თავისი დანიშნულება შეასრულეს და მოქალაქეების 80%-ზე მეტი აცრეს. ამ პირობებში ეს სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია... იგივე მოხდა 1918 წლის პანდემიისას, როცა უკვე მეოთხე ტალღაზე საზოგადოება და ხელისუფლებები იმდენად დაღლილები იყვნენ, საერთოდ არჩიეს, რომ ამ ტალღისთვის იგნორირება გაეკეთებინათ და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი იღუპებოდა, ცხოვრება ისე გააგრძელეს, თითქოს არც არაფერია. დღეს საქართველოში ამ სიტუაციას ვხედავ” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ახლა “ომიკრონის” პირობებში შემთხვევების თვლას აზრი აღარ აქვს, ამას თავიდანვე ვამბობდით. მთავარია, რომ რეაგირება მოვახდინოთ და ჰოსპიტალიზაციების და სიკვდილობის რაოდენობა გავაკონტროლოთ. შემთხვევების რაოდენობაზე საუბარსაც აზრი არ აქვს, რადგან, ვიცით, რომ უამრავი შემთხვევაა და ამის გარდა გამოუვლენელიც ბევრია, 26 ათასს რომ ვამბობთ, გამოუვლენელი ალბათ უკვე 60 ათასზე მეტია, აქტიური შემთხვევა 200 ათასამდეა. ქვეყნებში ის მოხდა, რაც მოსალოდნელი იყო. მთავარია, გავაკონტროლოთ ის, რომ ადამიანები საავადმყოფოში ნაკლებად მოხვდნენ. ასევე, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა დავარწმუნოთ, რომ აიცრან, რადგან ეს ყველაფერი შესაძლოა პანდემიის ლოგიკური დასასრულისკენ წავიდეს, თუ არალოგიკურად თვისობრივად ახალი შტამი არ გამოჩნდა, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ავიცრებით”, - მიიჩნევს ზოიძე.

“პანდემია მხოლოდ აცრილებისთვის დასრულდება, აუცრელებისთვის კი სამწუხაროდ გაგრძელდება, რისკი, რომელიც მათ ექმნებათ ძალიან მაღალი იქნება. 50-60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის სიცოცხლესთან და სიკვდილთან თამაში გაგრძელდება. ზაფხულისკენ, როცა ყველა ტალღა ჩაივლის, ველოდებით, რომ იმ ნაწილისთვის, ვინც ვაქცინირებულია და ბუსტერ დოზებითაა აცრილი, პანდემიური მძიმე მოლოდინები და საგანგებო სიტუაცია დასრულდება”, - თვლის ზოიძე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “მწვანე პასპორტებმა” ვერ გაამართლა და ახლა ისევ ეპიდემიოლოგიური თავდაცვა უნდა გავაგრძელოთ. “მწვანე პასპორტმა” ვერ გაამართლა იმიტომ, რომ რეგულაციების დაცვა სახელწიფო დონეზე არაა აყვანილი ისე, როგორც საჭიროა. ის ხალხი, ვინც ამ რეგულაციებს არ იცავდა, ბოლოს როდის ნახეთ “დასჯილი” - ჯარიმა გადახდილი?”,- ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით გაუგია, რომ, “არსებობს ხალხი, რომლებიც იმ ადამიანების “მწვანე პასპორტებს” იყენებდნენ, რომლებიც გარეგნობით ჰგავდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მწვანე პასპორტი” მუშაობდა მხოლოდ იქ, სადაც თავშეყრის ადგილებია, მაღაზიაში არა, ასევე არ მუშაობდა ახალი წლის შეკრებებზე, ხო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. “მწვანე პასპორტი” გაამართლებდა, თუ მკაცრი ზომები იქნებოდა, ეს ვერ შესრულდა, რადგან დაუსჯელობის სინდრომი განვითარდა. მეორე მომენტიცაა - ქვეყნები იმიტომაც აუქმებენ რეგულაციებს, რომ “ომიკრონს” ძალიან ძლიერი გადამდებლობა აქვს. ახალ ვირუსს 24 მუტაციური გენი აქვს, მართალია ლეტალობა დიდი არაა, მაგრამ გადამდებლობის უნარი დიდია, ამის რეგულირება კი ძალიან ძნელია. ისე და ისევ მარტივი ეპიდემიოლოგიური თავდაცვა უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება, შეიძლება 30-32 ათასამდე ავიდეს. მანამდე, შესაძლოა აცრებიც გაზარდოს და ბუნებრივი იმუნიტეტიც ჩამოყალიბდეს. ვიძახდი, რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც სჭირდებოდა, რომ ოფიციალურად მთლიანად მოსახლეობა აცრებზე ვალდებული გაეხადა, სხვანაირად არ ავიცრებოდით” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია “ომიკრონის” შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაინც იზრდება, იმიტომ რომ შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან მაღალი”, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. “მატულობს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, აქვთ თანმხლები დაავადებები. მათ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, იმიტომ რომ ზოგს სუნთქვის განსაკუთრებული რეჟიმი უნდა, ზოგს მაღალი ცხელება აქვს და ა.შ. ასე რომ, ჰოსპიტალური სექტორი მაინც იტვირთება. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 297 პაციენტი”, - განაცხადა გოფოძემ. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ კი განაცხადა, რომ მარტში ელოდება მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით”, - დასძენს გამოცემა.

“ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი ბავშვებში იწვევს, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. როდესაც ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოში იქნება მეექვსე ტალღის პიკი, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის თვე იქნება გამორჩეული პოსტკოვიდური გართულებების მხრივ. მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ამ პაციენტების მართვა შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარებში”, - აცხადებს ჩხაიძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით კი, ამჟამად, არ ჰყავთ მძიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული. “განყოფილებაში ახლა 30 პაციენტი წევს და კიდევ რამდენიმე ადგილი გვაქვს. დაინფიცირებულების ასეთი რაოდენობის პირობებშიც კი, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთული არ არის, მაგრამ ამ 30 პაციენტიდან, 2/3-ზე მეტი მძიმეა. მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია, აცრილები საშუალო სიმძიმის არიან. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, აცრილი და დამძიმებული პაციენტი არ გვყავს”, - აცხადებს მარინა ენდელაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

როგორ უპასუხებს “გადაგდებული” კრემლი დასავლეთს და რატომ ახსენა ბრიტანეთის პრემიერმა საქართველო

“სანამ კრემლი აშშ-სა და ნატოს წერილობით პასუხებს განიხილავს, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა დღითიდრე იზრდება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის დასავლეთმა “გადააგდო”, რადგან რუსეთის “ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო”. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, რუსეთი ხაფანგშია, რადგან უკან დახევა სისუსტედ ჩაეთვლება, სამხედრო ესკალაციის დაწყებითაც იცის, რომ ვერაფერს მოიგებს. სამშაბათს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრა პოლიტიკური, ჰუმანიტარული და რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა იქნება. ჯონსონმა რუსეთს მოუწოდა, რომ უკან დაიხიოს და დიპლომატიაში ჩაებას. პრემიერის თქმით, რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდება, თუ უკრაინაში რაიმე სახის შეჭრა მოხდება. ამბობს, რომ მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში უკრაინელები რუსებს “გაუწევენ სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ უპასუხებს “გადაგდებული” კრემლი დასავლეთს და რატომ ახსენა ბრიტანეთის პრემიერმა საქართველო.

“გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ძირს უთხრის გლობალურ წესრიგს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა უკრაინელის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და მკაცრი ჰუმანიტარული საფასური მოჰყვება...” - აღნიშნულია განცხადებაში. პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები იგნორირებული იყო. “ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება. მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს”, - განაცხადა პუტინმა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ რუსეთი ფაქტიურად ხაფანგშია, ახლა ფიქრობს ამ სიტუაციიდან როგორ გამოძვრეს და რისკების გათვლის პროცესშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სანამ ეს ოლიმპიური თამაშები არ დამთავრდება, სავარაუდოდ არა მგონია, რომ რუსეთმა ამისთვის მოიცალოს, თუმცა, გვახსოვს, რომ 2008 წელს საქართველოში ომი ზუსტად ოლიმპიური თამაშების დროს დაიწყო. აქედან გამომდინარე, გამოსარიცხიც არაფერია, მაგრამ, ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. რუსეთმა უნდა მოიფიქროს თუ ამ დელიკატური სიტუაციიდან როგორ გამოვიდეს. ფაქტიურად ხაფანგშია, შეიძლება უკან დახევაც სისუსტედ ჩაეთვალოთ და ხოლო ესკალაციაზეც იცის, რომ ამას შესაძლოა ის შედეგი არ მოჰყვეს, რომელსაც ის ელოდება. ალბათ, ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფორმალურად კი ამბობენ, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, მაგრამ, რუსული ტელევიზიებით იმის რიტორიკაცაა, რომ თითქოს უკრაინა დონბასის ოკუპირებულ რეგიონთან სიტუაციას თავად ძაბავს. ეს კი კვლავ იტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ თუ რუსეთს ესკალაცია დასჭირდა, ის რაღაც პროვოკაციულს ყოველთვის იპოვის. პუტინს ბრიტანეთის პრემიერიც უნდა ელაპარაკოს, ეს მნიშველოვანია იმ კუთხით, რომ მან ნახა, რომ მიუხედავად იმ ფრაგმენტულობისა, რაც სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკაში გამოიხატება, დასავლეთი უკრაინას მხარს მაინც მტკიცედ უჭერს და ეს ბრძოლა შესაძლოა ისეთი შედეგებით არ დამთავრდეს, როგორც რუსეთს სურს, ამიტომ ამ რისკების გათვლის პროცესშია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ამის პარალელურად რუსეთი არ ჩერდება - უკრაინაში თავის აგენტურას აფართოვებს, რომ ქვეყანა რაღაცაირად ინსტიტუციონალურად დაასუსტოს, რადგან მერე შეჭრა უფრო ნაკლები ფასი დაუჯდეს... უკრაინისთვის ბრიტანეთთან და პოლონეთთან ალიანსი პოლიტიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია. იმ მომენტში, როცა ნატო პირდაპირ ამბობს, რომ ის ვერ დაიცავს, უკრაინისთვის ახლა ნებისმიერი ასეთი სახის ბლოკის შექმნა დიდი მნიშვნელობისაა, მით უმეტეს, თუ მათში გაწევრიანებული ბრიტანეთი და პოლონეთია. გარდა ფსიქოლოგიური მომენტისა, ეს ალიანსი უკრაინისთვის შანსს იტოვებს, რომ თუ ომი გახანგრძლივდა, ბრიტანეთი პოლონეთის მეშვეობით მათ შეიარაღებას და სხვადასხვა მნიშვნელოვან რესურსებს მუდმივად მიაწვდის. ეს კი საზოგადოებაში მორალს ამაღლებს, მით უმეტეს იმ პანიკის ფონზე, რაც დღეს უკრაინაშია”, - მიიჩნევს კაკაჩია.

“უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი აღნიშნავს, რომ რუსეთი თებერვალში ომის დაწყებისთვის მზად არაა, თან ზამთარში სამხედრო მოქმედებების დაწყებას ხელს ამინდიც არ უწყობს. ესპანურმა სააგენტო “ელ პაისმა” საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა, იმაზე თუ ამერიკელებმა რუსებს რა პასუხი გასცეს. ძირითადად საუბარი იყო თუ ამერიკელები რა დათმობებზეც წავიდოდნენ. მცირე და საშუალო რადიუსიანი ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებაზე დებდნენ პირობას, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დამრტყმელ შეიარაღებას არ განათავსებდნენ. ასევე, ამერიკის შეთავაზება იყო, რომ ნატოს ტერიტორიაზე ცენტრალურ ევროპაში ბირთვული ტაქტიკური იარაღის ელემენტებს არ განათავსებდნენ. კიდევ ის მომენტი იყო, რომ სამხედრო წვრთნებს რუსეთის ტერიტორიიდან შორს ჩაატარებდნენ და წვრთნების რაოდენობას უფრო შეამცირებდნენ, ასევე იყო რამდენიმე ნიუანსიც”, - ამბობს, მაისაია, რომლის თქმით, “რუსებმა ეს არაფრად ჩათვალეს”, - დასძენს გამოცემა.

“მათთვის სამი მთავარი მოთხოვნა იყო - ნატო აღმოსავლეთ გაფართოვება დასრულდეს და უკრაინა-საქართველო მისი წევრები არ გახდნენ. მეორე ის, რომ მომხდარიყო ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის დაფიქსირება 1997 წლის მდგომარეობის მიხედვით. მესამე მოთხოვნა ის იყო, რომ სამხედრო ინფრასტრუქურა და შემტევი იარაღი არ უნდა განთავსებულიყო უკრაინაში, რუმინეთსა და პოლონეთში. ბუნებრივია, ამაზე ამერიკელებმა უარი უთხრეს, ამიტომაც პუტინს მიაჩნია, რომ გადააგდეს. მისი რექაცია როგორი იქნება, უახლოეს პერიოდში გამოჩნება - ომის ალბათობა მინიმუმ ორ თვეში შეიძლება იყოს. რუსები ახლა მზად არ არიან, რომ უკრაინაში შეჭრა მოახდინონ, ისინი ინფრასტრუქტურის განვითარებას ახლა იწყებენ. ყირიმში საველე ბენზინგასამართი სადგურები ახლა გადაისროლეს. ბელორუსისა და რუსეთის რეგიონალური სამხედრო დაჯგუფება დასრულებული ჯერ არაა, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად მთავარი ღერძი უნდა იყოს. წვრთნები კი 20 თებერვლის მერე უნდა იყოს და ამ დაჯგუფების სამეთაურო შტაბების, გაერთიანებული ეშელონიზირებული რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შექმნა და შესაბამისად დამრტყმელი დაჯგუფების შენაერთების განთავსება ბუნებრივია, თებერვალში ვერ მოესწრება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამიტომაც თებერვალში შეჭრა ნაკლებად სავარაუდოა. მეორე ის, რომ თებერვლის ამინდი ავიაციისთვის ხელსაყრელი არაა, ტენიანობა მაღალია და ეს ფაქტორიც გავლენას ახდენს. ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების პირველი და მეორე საარმიო კორპუსები სრულად დაკომპლექტებული არაა. მეხუთე ვარიანტია ის, რომ 14 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს გადასცეს თუ არა შეიარაღება არაღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკს, მანამ ეს პასუხი არ იქნება, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შანსი დაბალია... რაც შეეება ალიანსს, ესაა მცირე ანტანტას შექმნა. ფაქტიურად სამმხრივი პოლიტიკური ალიანსია, რადგან რამე რომ იყოს, ნატო უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომაც პოლონეთმა და ბრიტანეთმა ეს ვალდებულება აიღეს. დახმარება როგორი იქნება, ესეც ბევრ რამეს ნიშნავს. გაერთიანება ასევე გეოფსიქოლოგიური ფაქტორიცაა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ეს ალიანსის გეოსტრატეგიული მესიჯია, რომ რუსებს ფართომასშტაბიანი შეჭრა გადააფიქრებინონ. ომის დაწყების ალბათობა აპრილის დასაწყისისთვის უფრო დიდია, რუსების მხრიდან მზაობის ტემპები დაბალია, მათი ჩუმი მზადება გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში სტრატეგიულ დონეზე ჩუმად ვერ მოემზადებიან. როგორც ჩანს რუსებს ეგონათ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაიწელებოდა. დროის გაწელვის მომენტი მათ უფრო აწყობთ, რადგან ელოდება, რომ დასავლეთი რაღაც დათმობებზე შეიძლება წავიდეს. არაა გამორიცხული, რომ მზადების დასრულების მერე და ამ უარის შემთხვევაში სამხედრო ინტერვენციაზე წავიდნენ. ახლა უკვე რუსეთმა ახალი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია უნდა დაამტკიცოს და როგორც ჩანს იქ დაფიქსირდება კონკრეტული მომენტები, რომელიც რუსებს საშუალებას მისცემს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. რუსები, როცა სამხედრო ძალას იყენებენ, ცდილობენ, რომ თავიანთ დონეზე სამართლებრივი და კონცეპტუალური ვერიფიკაცია მოახდინონ. ჩვენთან როცა შემოიჭრნენ, ამის საფუძველი 2007 წელს მოამზადეს”, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

დაახლოებით მარტიდან ბიზნესისთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი შეზღუდვებიც თანდათან გაუქმდება

“საქართველოში “მწვანე პასპორტები” ერთი ხელის მოსმით გაუქმდა. სექტორის წარმომადგენლები მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა ამ ეტაპზე ბიზნესი ოფიციალური შეზღუდვებისგან სრულად ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა. საინტერესოა, როდის გაუქმდება ყველა აკრძალვა ობიექტებისთვის და როდიდან შეძლებს კერძო სექტორი ძალების საბოლოოდ აღდგენას? სავარაუდოა, რომ ეს დაახლოებით 1 თვის შემდეგ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტებს სტუმრების მიღება და ქორწილი, ქელეხების გამართვა შეუძლიათ ოფიციალურად აკრძალვა მაინც არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გზა სრულად გახსნილი ჯერ კიდევ არ აქვს. “რეზონანსი” დაინტერესდა რას ფიქრობენ ბიზნესის წარმომადგენლები აკრძალვების გაუქმებაზე და როდიდან შეიძლება მოითხოვოს ბიზნესმა შეზღუდვებისგან სრულად გათავისუფლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაახლოებით მარტიდან ბიზნესისთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი შეზღუდვებიც თანდათან გაუქმდება / “თუ გვაქვს ისეთი რეგულაცია, რომელიც სინამდვილეში არ მუშაობს, ისიც არის გადასახედი და გასაუქმებელი”.

“როგორც, მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ამბობს, აკრძალვებისგან სრულად გათავისუფლება ჯერ არ იგეგმება და ეს მოხდება ეპიდემიოლოგირუი მდგომარეობის გათვალისწინებით. “ჯერჯერობით საუბარი არ არის იმაზე, რომ დარჩენილი ოფიციალური შეზღუდვები (ქორწილები, ქელეხები, კლუბები) მოიხსნას, რადგან ეს ხალხის სიმრავლესთან არის დაკავშირებული. მწვანე პასპორტების შემოღებისას ვვარაუდობდით, რომ არ იმუშავებდა და ეს ასეც მოხდა, შემთხვევებმა მაინც მოიმატა და ამიტომაც ძალიან კარგია, რომ გაუქმდა. ამ ეტაპზე ბიზნეს სექტორშიც ჯერჯერობით საუბარი იმაზე არ არის, რომ შეზღდუვები ბოლომდე მოიხსნას. რა თქმა უნდა თუ ეს თანხვედრაში მოვა ვაქცინირებულების რაოდენობასთან და თუ დავაკმაყოფილებთ სტანდარტულ პირობებს, ეპიდემიოლოგებიც იტყვიან, რომ გასაუქმებელია ყველა აკრძალვა და ჩვენც დავეთანხმებით”, - თქვა ჭელიძემ. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად თითქოს მძიმდება, თუმცა ახალი შეზღუდვების შემოღებას არავინ აპირებს. ინფექციონისტები უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ “ომიკრონის” შტამი მალე გადაივლის და მდგომარეობა დასტაბილურდება, რაც თავისთავად ბიზნესზე და ეკონომიკაზე დადებითად აისახება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაშინ, როცა ქვეყანაში თითქმის არანაირი აკრძალვა აღარ მოქმდებს, ბიზნესი ჯერ ისევ წნეხის ქვეშ არის მოქცეული. კლუბების გახსნამ მარტამდე გადაიწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი თვე სტუმრების მიღებას კიდევ ვერ შეძლებენ, პარალელურად აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გამართვა გარკვეულ რაოდენობაზე მეტი სტუმრით. ფაქტია, რომ ქვეყანაში შეზღუდვები არსებობს, თუმცა ბიზნესსექტორი მაინც ახერხებს დიდი ღონისძიებების ჩატარებას. ეს კი იმას, ნიშნავს, რომ კერძო სექტორსთვის დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ფორმალობაა. როგორც, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, ბიზნესისთვის დაწესებული “მწვანე პასპორტების” გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ხალხს ამ ინიციატივამ ვაქცინაციისაკენ ნამდვილად არ უბიძგა, სანაცვლოდ კი ბიზნესი დააზარალა”, - განაგრძობს გამოცემა.

“კოვიდ პასპორტის გაუქმება სწორად მიმაჩნია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სისტემურად არასწორად იყო დაგეგმილი და მის განხორციელებასთან დაკავშირებით გვქონდა პრობლემები. მსგავსი წამოწყებებით ყველა ქვეყანაში, სადაც კი ის გაკეთდა, ადამიანებს უბიძგებდნენ აცრისაკენ. ჩვენ კი ავდექით და იმის მაგიერ, რომ საზოგადოებისათვის მაქსიმალურად ვაქცინაციისკენ გვებიძგა გადავწყვიტეთ, რომ შეზღუდვა მხოლოდ მოგვეთხოვა კვების ობიექტებში. ამას მერე დავამატეთ ისიც, რომ მწვანე პასპორტის მფლობელი ხდებოდა ყველა ის ადამიანი ვისაც ჰქონდა გადატანილი. აქედან გამომდინარე, ვისაც აცრა არ სურდა, დავუტოვეთ იმხელა ლავირების საშუალება, რომ ეს პროცესი კი არ წავახალისეთ, პირიქით, აუცრელობის მხარდაჭერა გამოგვივიდა. პასპორტებმა არ იმუშავა, იყო გაუმართლებელი და საერთოდ უმიზნო. მან ერთადერთი რაც “გააკეთა” იყო ის, რომ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებს შეუქმნა პრობლემები და შეაფერხა ეკონომიკა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“აღსრულების ნაწილშიც გვაქვს დარღვევები, თუ კონტროლის მექანიზმები არ მუშაობს, გამოდის, რომ რეგულაციები არის ფორმალური. ამ ეტაპზე დიდი ღონისძიებების ჩატარების ნებართვა ალბათ უფრო სფეროს სპეციალისტების მსჯელობის საგანია, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით, რასაკვირველია, თუ გვაქვს ისეთი რეგულაცია, რომელიც სინამდვილეში არ მუშაობს, ისიც არის გადასახედი და გასაუქმებელი”, - დაასკვნის ბაირახტარი. ჯერჯერობით კვლავ ძალაშია შეზღუდვა ფართომასშტაბიანი გასართობი და ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი, სხვადასხვა სახის იუბილე და სხვ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ეკისრებათ ფინანსური სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები ილუქება; კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში; სრულად იზღუდება ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიება. “რეზონანსის” ინფორმაციით, მარტის თვიდან ეს შეზღუდვებიც საკმაოდ სწრაფად გაუქმდება და მალე ქვეყანაში აღარც ფორმალური აკრძალვები აღარ იმოქმედებს”, - დასძენს გამოცემა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს