ნათია მეზვრიშვილი - დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენი საპარლამენტო გუნდი მხარს არ დაუჭერს - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივადაც აბსურდულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის მიმართ საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი პოლიტიკური და სამართლებრივად აბსურდულია. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რაც მის მიმართ მიმდინარეობდა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, მისი გუნდი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

„უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენი საპარლამენტო გუნდი არც ერთ ნაწილში არ დაუჭერს მხარს. „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ბადრი ჯაფარიძის საკითხს ისე განმარტავს, როგორც აწყობს. აბსოლუტურად მიუღებელია ბადრი ჯაფარიძის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტა. დიახ, მე ვფიქრობ რომ ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობდა და ცოტა სამართლებრივ ნიუანსებში რომ წავიდეთ და პოლიტიკურს თავი დავანებოთ, სამართლებრივადაც ცოტა აბსურდულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ადამიანი, რომელიც დამნაშავედ ცნეს დანაშაულისთვის, რომელიც ხანდაზმულია, ამას იმ პირობებში, როდესაც ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა მოქმედი კანონმდებლობა და ამ გადაწყვეტილებას ჯერ სხვა ინსტანციები არ აქვს მოვლილი, ადამიანს მანდატს უჩერებენ. დიახ, ეს მის მიმართ პოლიტიკური აქტია და სამართლებრივადაც არის სრული აბსურდი.

სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" როცა აწყობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, როცა ეს პოლიტიკურად არ აწყობს არ ელოდება. ამ შემთხვევაშიც კანონის არაერთგვაროვან გამოყენებასთან გვაქვს საქმე," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს - როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ის თვლის, რომ მანდატები, რომლებიც მათ ამომრჩევლებმა მიანიჭეს უნდა გამოიყენონ, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ხოშტარიას თვითონ არ უნდა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს, რაც ჩემთვის ასევე მიუღებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანის პარლამენტში ყოფნა და მათი ფუნქციების შესრულება მნიშვნელოვანია. ბოიკოტს ჩვენ არასდროს არ ვეთანხმებოდით. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში ცოტა არასერიოზულია, ხან უნდა შესვლა, ხან არ უნდა. მესმის, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვიტა რომ უნდა, ალბათ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ პარლამენტთან დაკავშირებით სერიოზულობა რომ გამოევლინა უფრო კარგი იქნებოდა," - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება ძალის" დემონსტრირებას ცდილობს, თუმცა მისი შეფასებით, მმართველი გუნდის ქმედებები სასაცილოა.

"თუ დავუკვირდებით გადაწყვეტილებებს, რომელიც გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გაჟღერდა, ეს ადამიანები ცდილობენ რაღაცნაირად ძალის დემონსტრირება მოახდინონ. ეს ყველაფერი შეიძლება მათ ჰგონიათ, რომ ძალის დემონსტრირების წარმოჩენად ჩანს, მაგრამ რეალურად რომ შეხედო ცოტა სასაცილოა.

ალბათ ცდილობენ დაგვანახონ, თუ როგორი პრინციპულები არიან, რომ აი, მანდატს შეუწყვეტენ ერთსაც მეორესაც, მესამესაც. ცდილობენ გვაჩვენონ როგორი შეკრული გუნდია," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო