კახა ოქრიაშვილი - ჩვენ მოღალატე მთავრობა გვყავს! - ხვალ მტერი რომ მოგვადგეს და გვითხრას, ერთიანი საქართველო კი არა, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები ხართ და მმართველად ვორონცოვს, პასკევიჩს ან კობახიძეს დაგინიშნავთო, “ოცნება“ ხელს დიდი სიამოვნებით მოაწერს

ჩვენ მოღალატე მთავრობა გვყავს! - ხვალ მტერი რომ მოგვადგეს და გვითხრას, ერთიანი საქართველო კი არა, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები ხართ და მმართველად ვორონცოვს, პასკევიჩს ან კობახიძეს დაგინიშნავთო, “ოცნება“ ხელს დიდი სიამოვნებით მოაწერს, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა.

ამასთან, როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, ნებისმიერი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყანა და უზრუნველყოს მშვიდობა.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს ამოცანა მიიღწევა საზოგადოების სრული კონსოლიდაციით, ძლიერი ეკონომიკის შენებით, ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობითა და საერთაშორისო თანამეგობრობაში ინსტიტუციონალური ინტეგრირებით, “ქართული ოცნების“ “არალეგიტიმურ ხელისუფლებას“ არ გაუკეთებია.

„კობახიძე-ივანიშვილის განცხადებით - რადგან ბატონი კობახიძე ბატონი ივანიშვილის გამხმოვანებელია და სხვა არაფერი! - მას მერე, რაც საქართველო დსთ-ში არ შევიდა, მეორე დღეს სამოქალაქო ომი დაიწყო. დსთ-ში შესვლა იგივეა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ანუ დამოუკიდებლობის დათმობა. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, ის რუსეთის ინსპირირებულია. სამოქალაქო ომი წამოიწყეს ეროვნებით ქართველმა რუსეთის აგენტებმა, რუსეთის დაკვეთით. სამწუხაროდ, კანონიერად არჩეული ხელისუფლება სუსტი აღმოჩნდა და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გასწია. კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას თუ გავყვებით, როცა საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, მალევე, 1921 წელს, რუსეთის წითელ არმიას წინ ისევ მოღალატე ქართველები შემოუძღვნენ და თურმე ჩვენ არ უნდა გვეომა! ამ ლოგიკის შედეგად, ქართველებს არ უნდა ებრძოლათ კოჯორში და არც არავინ დაიღუპებოდა, არც ქვეყნის სუვერენიტეტი გვექნებოდა და არც სიამაყე. თუ ჩვენს მდიდარ ისტორიას გადავხედავთ, ჩვენი ხალხის წინამძღოლები, მეფეები, მუდმივად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომაც ვარსებობთ დღემდე და თავს ვიწონებთ, როგორც ამაყი, მებრძოლი, დამოუკიდებლობის მოყვარე ერი.

კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას თუ გავაგრძელებთ, ხვალ რუსეთი ისევ მოგვადგება და გვეტყვის, დამოუკიდებლები არ უნდა იყოთო. ეს უკვე არაერთხელ გააჟღერა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ იმპერიაში ლენინის ნაციონალური თვითგამორკვევის რეფორმა შეცდომა იყო და არარუსული რეგიონები გუბერნიებად უნდა დარჩენილიყვნენ. ხვალ, მტერი რომ მოგვადგეს და გვითხრას, ერთიანი საქართველო კი არა, თბილისის და ქუთაისის გუბერნიები ხართ და მმართველად ვორონცოვს, პასკევიჩს ან კობახიძეს დაგინიშნავთო, “ოცნება“ ხელს დიდი სიამოვნებით მოაწერს და ამას არც მალავენ საკუთარ გამონათქვამებში. რა არის დასკვნა - ჩვენ გვყავს მოღალატე მთავრობა! თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, როგორ შემოგვაპარეს პარლამენტში გავრილოვი, როცა რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, ნათელია, რომ ხელისუფლებაში მოღალატეები გვყავს! ამ პატარა მოღალატეობრივ ჯგუფს, სამწუხაროდ, ემსახურება უამრავი ადამიანი, რომელიც გაერთიანებულია “ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ ლიდერები თავს იმით იწონებენ, რომ 2012 წლიდან საქართველოში ომი არ ყოფილა და “ვითომ მათ ქვეყანა გადაარჩინეს“.

სინამდვილეში კი, ოქრიაშვილის შეფასებით, “2018 წლის შემდეგ აყალბებენ არჩევნებს, რაც ომზე უარესია!”

„დიახაც, საქართველოში ომია, რადგან ისინი ებრძვიან და ცდილობენ გაანადგურონ ნებისმიერი ქართველი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მათ მილიონამდე ქართველი აიძულეს, ლტოლვილის სახით გასულიყო საქართველოდან, რაც არც ერთი ომის პერიოდში არ მომხდარა. “ქართული ოცნება“ რუსეთის საამებლად ებრძვის საკუთარ ხალხს და ასაღებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვიან! დღეს საუბრობენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და დაპირისპირება პიკს აღწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირებული მხარეები მზად არიან, ხელში იარაღი აიღონ და სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღონ. ვინ არის პასუხისმგებელი ამ პოლარიზაციაზე?!

“ოცნების“ ხელისუფლება და ბიძინ-კობახიძეები! ხშირად ამბობენ, რომ “ოცნება“ პრორუსულია. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ პროევროპულები არიან, ვიღაცების თქმით კი - პროქართულები. სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ბიუჯეტის ქურდები არიან და ქურდობის პრივილეგიას პროევროპულ სივრცეში, ევროპული ღირებულებებით, ვერ შეინარჩუნებენ. როცა ხელისუფლება ქურდავს და აუბედურებს საკუთარ მოსახლეობას, ის პროქართული ვერ იქნება. ამიტომ გამოდის, რომ “ოცნება“ პრორუსულია, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სივრცეში აქვს შესაძლებლობა, იქურდოს და გაატყავოს საკუთარი მოსახლეობა! წადით, რა !“ - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა