უკრაინის საკითხის საჯილდაო ქვად გადაქცევა სერიოზული შეცდომაა, ეს პრობლემებს უქმნის ქვეყნის იმიჯს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ "ნაციონალური მოძრაობის" უკრაინაში ცალკე ვიზიტის კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცალკე წასვლის გადაწყვეტილება.
"რატომ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცალკე წასვლის გადაწყვეტილება, მათ უნდა ჰკითხოთ, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას პარტიებს შორის - უკრაინის საკითხის საჯილდაო ქვად გადაქცევა, მე ვფიქრობ, სერიოზული შეცდომაა, ეს პრობლემებს უქმნის ქვეყნის იმიჯს და ინტერესებს. როცა საკუთარი თვალით ხედავ და გრძნობ ატმოსფეროს ბუჩაში, ირპენში და იმ ფონზე, რა მდგომარეობაშიცაა მთელი უკრაინა, ამ ტიპის დაპირისპირება და კინკლაობა, რომლის გამოც ჩვენ ამდენი დრო მოვანდომეთ ოფიციალური დელეგაციის ორგანიზებას და ვიზიტს, ძალიან მძიმე სანახავია. მეათასეხარისხოვანია ეს დაპირისპირება,"- განაცხადა სამნიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"