მიხეილ სარჯველაძე - თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა, რასაც ვერ მიაწვდის საქართველოში ვერც ერთი კლინიკა, თეორიულად შეიძლება გაჩნდეს უცხოეთში გაყვანის შესაძლებლობა

არავინ დაარქვას ამას, რომ მე ვუშვებ რამენაირად პოლიტიკური მოტივაციით ამის შესაძლებლობას - ასე არ იქნება, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა, რომელიც მოითხოვს ისეთ რამეს, რასაც ვერ მიაწვდის ვერც პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემა, ვერც საქართველოში არსებული ვერც ერთი კლინიკა, ამ შემთხვევაში თეორიულად შეიძლება გაჩნდეს უცხოეთში გაყვანის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რითაც საზღვარგარეთ სააკაშვილის გაყვანის შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი არ იქნება პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული. სარჯველაძემ აღნიშნა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა შესაძლებელი იქნება, ეს მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის რისკებიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს.

„თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც იქვე, პენიტენციურში მიწოდებადი სერვისებით მოწესრიგებადი და მკურნალობადი არ არის, ამ შემთხვევაში უნდა იფიქრო ე.წ. „აუთსორსზე“. არავითარი პოლიტიკური მოტივაცია არ არის - ამაზე საუბარი უსარგებლოა. თუ ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობს გაყვანის საჭიროება, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიყვანო და „აუთსორსინგით“ შეიძლება სარგებლობა, რაც არის გარე რესურსებით სარგებლობა. გარე რესურსით სარგებლობაში საქართველოში არსებული ორგანიზაცია თუ უზრუნველყოფს ამას, უნდა გამოიყენო ეს და არამც და არამც უცხოეთში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კუთხით ხარჯებს ვერ ახსნი.

ასეთია სამართლებრივი წესრიგი და რას გვთხოვენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები - საერთოდ თავზე გავიაროთ მთელი მოქმედი სამართლებრივი წესრიგის და წავიყვანოთ ეს კაცი მხოლოდ იმიტომ, რომ მის გულშემატკივრებს ასე მიაჩნიათ უკეთესად? ანამნეზი რომ ჰქონდეს სხვა პატიმარს, საინტერესოა, ვინმე გამოექომაგება და ასეთ მოთხოვნას წამოაყენებს?

როდესაც დიაგნოზსა და სანდოობაზე არის საუბარი, იქ მათემატიკური სიზუსტით შესაძლებელია დადგინდეს ზუსტი პარამეტრი, მაგალითად, როგორია ანალიზი. საბედნიეროდ, არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „გაიდლაინების“ უზარმაზარი წყება და რიგი, რომელშიც შეგვიძლია ვნახოთ, რომ ასეთი ანალიზების პირობებში რა არის რეკომენდირებული მკურნალობის კურსი. ამიტომ, ნუ გვგონია, რომ აქ, საქართველოში არ არიან ექიმები, რომელთაც სანდოობას დავუწუნებთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ვერავინ ამბობს, მათ შორის ომბუდსმენის კონსილიუმი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მკურნალობას ვერ ექვემდებარება და მხოლოდ უცხოეთშია შესაძლებელი ამის გაკეთება.

„პატიმარი არის ადამიანი, რომლის მიმართ არ შეიძლება ისე მოქცევა, როგორც წინა ხელისუფლებები იქცეოდნენ. მას აქვს ჯანდაცვის უფლება და ამის დარღვევა დაუშვებელია, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ გახმაურებულ შემთხვევას, როგორიც არის სააკაშვილი, დაუშვებელია რაიმე ირღვეოდეს. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და ზოგადად ხელისუფლებასა და სახელმწიფოს. ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, მათ შორის, როდესაც საუბარია სააკაშვილზე, როგორც პატიმარზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო