ზაზა ბიბილაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს ზეპარტიული ვარო და ეს ცხადია, ცოტა კომიკურიც არის, ყველა საკვანძო საკითხში ის აკეთებს იმას, რაც ხელისუფლებას აწყობს

ივანიშვილს ადარდებს რამდენიმე მთავარი თემა და მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამბობს ზეპარტიული ვარო და ეს ცხადია, ცოტა კომიკურიც არის, ყველა საკვანძო საკითხში ის აკეთებს იმას, რაც ხელისუფლებას აწყობს, - ასე გამოეხმაურა "ჭავჭავაძის ცენტრის" ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი გადაცემაში „ნიუსრუმი“ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს.

როგორც ბიბილაშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს „საერთოდ არ ადარდებს, პრეზიდენტი რიგით დეპუტატს ეკამათება თუ არა“.

„სანამ უშუალოდ იმ თემამდე მივალთ, რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ყოველთვის მიყვარს იმის დაფიქსირება, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ანუ რა კონტექსტში უნდა ჩავსვათ, რასაც ის ამბობს. გუშინ თქვა, წელიწადნახევარი ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონიაო, მაგრამ მას აქვს ძალიან მკაცრი ჩარჩო. არის საკითხები, რომელიც ივანიშვილს სულ არ ადარდებს, პირობითად, ის „ოცნების“ რომელიღაც რიგით დეპუტატს ეკამათება თუ არა, ან დააფიქსირებს თუ არა თავის განსხვავებულ აზრს „ოცნების“ რომელიმე სხვა წევრისგან განსხვავებით, ეს ივანიშვილს ნამდვილად არ ადარდებს. ივანიშვილს ადარდებს რამდენიმე მთავარი თემა და მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამბობს ზეპარტიული ვარო და ეს ცხადია, ცოტა კომიკურიც არის, ყველა საკვანძო საკითხში ის აკეთებს იმას, ხელისუფლებას აწყობს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო - მან თქვა, ამხელა კრიტიკა მოდის ჩვენი მიმართულებით დასავლეთიდანო და პასუხს არავინ არ სცემს თურმე - ანუ ისევ იმ თეზისამდე დავდივართ, რომ თურმე, „ოცნებას“ პიარი არ უვარგა. თქვენი აზრით, რა უნდა უპასუხონ, შინაარსობრივად რომ ვთქვათ, რა შეიძლება უპასუხოს „ოცნებამ“ იმ ლეგიტიმურ კრიტიკას, რომელიც მოდის? მეორე მხრივ, როგორ არ პასუხობენ? ყოველდღე გამოდიან, ხან კრიმინალს ეძახიან, პოლიტიკა რაც არის, იმ პოლიტიკას ავითარებენ“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება მართლმსაჯულების პრობლემებსა და კრიტიკას, როგორც ბიბილაშვილი აცხადებს, ზურაბიშვილის ნათქვამი თავის თავთანვე მოდის წინააღმდეგობაში.

„ამასთანავე ამბობს, რომ არ შეიწყალებს ამ მართლმსაჯულების მსხვერპლ სააკაშვილს პოლარიზების გამო. ეს ძალიან პოპულარული თემაა დასავლეთში, გეგონება თავისთავადი პრობლემაა, მას ჰყავს ავტორები, ადამიანები, რომლებიც თავისი რიტორიკით, თავისი ქმედებებით ამას იწვევენ... მოდი შევაჯეროთ ორი წინადადება, რომელიც მან თქვა - სასამართლო ცუდიაო, ამას უტრირებულად ვამბობ, არ ვარგა მართლმსაჯულება, ამდენი წელია რეფორმებს ვატარებთ და კიდევ თურმე, რეფორმები ყოფილა გასატარებელიო, აი, ამ სისტემამ დაიჭირა ადამიანი და იმას ამბობს, ეს კი არის ამ სისტემის დაჭერილი, მაგრამ რომ გამოვუშვათ, უფრო ცუდი შეიძლება იყოსო, სალომე ზურაბიშვილი ამას რომ ამბობს, არ ვიცი რამდენად დამაჯერებელია, მაგრამ თავის თავთანვე მოდის წინააღმდეგობაში. არ მავიწყდება, 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელი, რომელიც მან შეიწყალა, ეს არ იყო უბრალო მკვლელობა, ეს იყო სასტიკი, წინასწარ განზრახვით, საჯაროდ ჩადენილი, მე რომ მკითხოთ, როგორც მოქალაქეს, სამაგალითოდ, მაქსიმალურად უნდა დაისაჯოს ასეთი ადამიანი, შეიწყალა - პოლიციელის მკვლელი, რომელიც ბარში ქალს გამოესარჩლა. ახლა ეს გამოდის და გვეუბნება პედესტალიდან, იცით, მე პოლიტიკურ პოლარიზაციაზე ვღელავო, ზეპარტიული ვარო. „ოცნების“ დახმარებით კი არ აირჩიეს, „ოცნება“ აირჩიეს, პირველი ტურის მერე ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი ბანერებიდან ჩამოხსნა და თავისი თავი დახატა და თქვა, მე ვარ, მართლა ეს ხომ არ გგონიათო“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მან ასევე გახსენა პრეზიდენტის მიერ გადადგმული სხვადახვა ნაბიჯები.

„ძალიან მიჭირს გამოვიდე და უბრალოდ გადავაბიჯო და გავიარო ის ეტაპი, რაც გაკეთებული აქვს, სულ ბოლო ეტაპი იყო გარეჯის „სპეცოპერაცია“, რომელიც მან დაიწყო. მანამდე მიუხედავად არსებული უთანხმოებისა საზღვრის მონაკვეთთან დაკავშირებით, ჩვენი მომლოცველები, ტურისტები, ყველა ჩვეულებრივად ჩადიოდა, გადადიოდა აზერბაიჯანის მხარეს, ან იმ მხარეს, რომელზეც აზერბაიჯანი ამბობს ჩემიაო, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ჩაიცვა სამხედრო ფორმა, ავიდა გარეჯის ქედზე, დაიყენა აქეთ-იქიდან სამხედროები შეიარაღებული ავტომატებით, გადაიღო ფოტო და თქვა, დროა ეს საკითხი გადაწყდესო, დაიწყო გარეჯის „სპეცოპერაცია“, დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანები, დაიწყო კუდიანებზე დევნა და რეალურად დაზიანდა ვინ? - საქართველო“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იქნა არჩეული, თუმცა ის არის „ზეპარტიული“. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„ეს არის ნორმა, მართალია და არაერთხელ მითქვამს, რომ „ოცნების“ მხარდაჭერით ვიყავი არჩეული. პირველივე დღიდან, ნათელი იყო, თუმცა ზოგ-ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი, ზეპარტიული, არ ვარ არცერთი პარტიის ხელში, არც მის ინსტრუქციებს ვიღებ და არც მაინცდამაინც ვარ ვალდებული შეფასებები და პოლიტიკური ხედვა მქონდეს მათთან გაზიარებული. კარგია ქვეყანაში თუ არის მრავალფეროვნება. პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს სხვადასხვა საკითხზე და ყველა ამას უნდა შეეგუოს. მე პერსონალურად არ ვსაუბრობ არავისზე არასდროს. არ ვპასუხობ არცერთ კრიტიკას თუ შეურაცხყოფას, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და ეს მქონდა ოპოზიციასთან და ეს მაქვს „ოცნებასთან“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა