ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაური 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი

სასურველი იქნებოდა, ჩვენს პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან ეკა გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის განცხადებებს, გამოდის, რომ ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ- ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომ განცხადებები, თითქოს აშშ- ის სურს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა.

კობახიძის თქმით, სწორედ ეს ადამიანები ამწიფებენ აზრს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.

„თუ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, აქ მაქვს გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის განცხადება, ვახო სანაიას განცხადება, კონკრეტულ მედიაში გაშვებული სიუჟეტი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, მაშინ გამოდის, რომ ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები.

ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს და ამწიფებენ ამ აზრს (მეორე ფრონტის გახსნის), მათ შორის, მათი ნაწილი, „ენჯეოები“ ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, რაც ამ ეჭვებს მერე აღრმავებს. აქედან გამომდინარე, ნაცვლად ზოგადი განცხადების გაკეთებისა, სასურველი იქნებოდა, ჩვენს პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად ეკა გიგაურის, ლომჯარიას განცხადებას, ემიჯნებიან უსუფაშვილის, მარგველაშვილის განცხადებას და ა.შ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ასეთი განცხადებები დიპლომატების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, არავის ექნება იმის საბაბი, რომ ისაუბროს ასეთ ინტერესებზე ,"- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რომ აშშ- ის ინტერესზე, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში, მის მიერ ჩამოთვლილ ადამიანებს არ უსაუბრიათ და ამაზე „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ექსპერტებმა ისაუბრეს, კობახიძე აცხადებს, რომ სწორედ მის მიერ დასახელებული ადამიანების განცხადებები ქმნის საბაბს, რომ ექსპერტებმა ამაზე ისაუბრონ.

„ესენი არიან ექსპერტები და გარკვეული ლოგიკით აწყობენ თავის მოსაზრებებს. როცა გიგაური ამას პირდაპირ ამბობს, იმას უჩნდება გარკვეული ეჭვები, რომელიც საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ არავინ უნდა დატოვოს სივრცე ასეთი ეჭვების გაჩენისთვის. ლოგიკური ჯაჭვი არსებობს, ეკა გიგაურის განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით. 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან, როცა გიგაური ამას ამბობს, მერე ეს მიეწერება ვიღაცისგან დასავლელ პარტნიორებს, ამიტომ როცა გიგაური ამას ამბობს, მნიშვნელოვანია მოხდეს ასეთი განცხადების უარყოფა მყისიერად.

როცა უსუფაშვილი, მარგველაშვილი და სხვები ასეთ განცხადებებს აკეთებენ და მერე სელფებს იღებენ უცხოელ დიპლომატებთან და პარტნიორებთან, მნიშვნელოვანია მოხდეს გამიჯვნა ასეთი განცხადებებიდან. როცა ვიღაცები ცდილობენ მეორე ფრონტის შესახებ აზრი მოამწიფონ და არავინ ემიჯნება ამას, ეს აჩენს გარკვეულ საფუძველს და საბაბს. პირდაპირ განცხადებებია გაკეთებული, რომელიც ემსახურება მეორე ფრონტის შესახებ აზრის მომწიფებას, უნდა გაემიჯნონ ამას. თუ გაემიჯნებიან, ვიღაც ექსპერტებს აღარ ექნებათ საბაბი ასეთ ვერსიებზე ისაუბრონ. ისინი თვითონ ქმნიან საბაბს, ექსპერტები ალაპარაკონ დასავლეთის ინტერესზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა