ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2022

რა განსხვავება და მსგავსებაა 16 და 20 ივნისის აქციებს შორის და რა ზეგავალენა ექნება მათ ევროინტეგრაციის პროცესზე

უკრაინის მარცვლეულის გადარჩენის და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილების სასწრაფო გეგმა - საიდან გაიტანენ პროდუქციას

ახდენენ თუ არა ზეწოლას ზელენსკიზე პუტინთან მოლაპარაკების დასაწყებად

* * *

რა განსხვავება და მსგავსებაა 16 და 20 ივნისის აქციებს შორის და რა ზეგავალენა ექნება მათ ევროინტეგრაციის პროცესზე

“ევროკომისია რეკომენდაციას ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით 17 ივნისს გამოაცხადებს, ხოლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე ევროპული საბჭო მიიღებს. 16 და 20 ივნისს საქართველოში ევროპული ღირებულებების მხარდამჭერი ორი მასშტაბური აქცია ჩატარდება, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” შემდეგ, აქცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც დაანონსა და პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა. ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და თუ ევროპული ღირებულებების შინაარსის აქციაზე ხალხის დიდი მასა არ შეიკრიბა, უფრო ცუდ ტონად ჩაითვლება, თუმცა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მთავარი იდეაა და არა რაოდენობა. რაც შეეხება 20 ივნისის “სირცხვილიას” აქციას, ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება თუ პოლიტიკური ელფერი არ მიეცემა და აქცენტი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებზე იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა განსხვავება და მსგავსებაა 16 და 20 ივნისის აქციებს შორის და რა ზეგავალენა ექნება მათ ევროინტეგრაციის პროცესზე.

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 16 ივნისის აქციაზე ხალხი ევროპის მოედნიდან რიყემდე შეიკრიბება, მისი თქმით, ყველა უნდა გამოვიდეს იმის ნიშნად, რომ “მომავალი თაობისთვის ევროპა გვინდა”. 20 ივნისს დაგეგმილი აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს მიმართა, რომ “თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება”. ხუთშაბათის აქციას ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი უერთდება, თუმცა, “ქართული ოცნება”, როგორც “სირცხვილიას”, ისე პრეზიდენტის აქციაში მონაწილოებაზე უარს ამბობს. “აქციის კონტექსტში პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და “ამ მოცემულობას ხვალინდელი, მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომელსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა. როდესაც ასეთი მოუმზადებელი აქცია იგეგმება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოცემულობა, მოსახლეობის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და ასეთ დროს, როდესაც შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ასეთ დროს ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა”, - განაცხადა კობახიძემ. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა თქვა, მმართველი გუნდის ერთიანი პოზიციაა, რომ არც ერთ აქციას არ შეუერთდებიან. “საქართველოს მოსახლეობის პოზიციას= არის მკაფიო და ნაჩქარევი აქციებით ამას დამატებითი დადასტურება არ სჭირდება. როცა აქციას აწყობ მას სჭირდება უფრო მეტი დრო, რესურსი, მობილიზება, თუნდაც იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს და გარე მაყურებლისთვის შთაბეჭდილებაც იყოს ისეთი, როგორიც არის ხალხის რეალური განწყობა - ხვალინდელი და 20 ივნისის აქციები ამ შთაბეჭდილებას ვერ შექმნის და ბუნებრივია, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას - ეს არის გუნდის პოზიცია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიწვევის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხუთშაბათს ევროპის მოედანზე აქციას ისიც შეუერთდება, რათა ევროპული ნების გამოხატვის მოწმე იყოს. “საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ”, - წერს გერმანიის ელჩი “ფეისბუქზე”. “აქციის მიზანი თუ არის დავანახოთ, რომ ბევრს გვინდა ევროპაში, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ გადაწყვეტილება მიიღეს, მერე გინდა შევიკრიბოთ, გინდა ვიცეკვოთ და გინდა ვიმღეროთ - პოლიტიკოსების პრობლემაა, რომ ვერ ვისწავლეთ პარტიის ვიწრო ჭუჭრუტანის იქით დავინახოთ მოვლენები”, - ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როცა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია ქუჩაში დადგომა, აუცილებელია, რომ ყველამ გადადოს გვერდით პარტიული ინტერესი და ერთად დადგნენ. ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ ის 20 ივნისს დანონსებულ აქციაზეც მივა”, - დასძენს გამოცემა.

“ორივე აქციას შეუერთდება “ლელოც”, როგორც პარტიის წევრი ანა ნაცვლიშვილი “პალიტრანიუსთან” აცხადებს, ერთი აქცია უკეთესი იქნებოდა. “ყველგან უნდა ვიყოთ, სადაც საქართველოს მომავალს ხედავენ ევროპაში და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ, „ლელოს" მიგვაჩნია, რომ ევროპა არ არის ვინმეს მონოპოლიური იდეა. ეს არ არის არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც ასევე აქვს მრავალფეროვანი პოლიტიკური შეხედულებები. თავიდანვე ვთქვით, რომ 20 ივნისის აქცია არ უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც ვინმეს დატოვებდა განზე და აგრძნობინებდა, რომ იქ მისი ადგილი არ არის”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. “სტრატრეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ორივე აქციაზე, რაც მეტი ადამიანი შეიკრიბება, მით უკეთესი იქნება.

„სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის მერე შეიძლება მოგვიწიოს. ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ მობრძანდით, 20-ში ასევე ყველას გთხოვთ, რომ აქციაზე მოხვიდეთ. მე თვითონ 20-ში ბრიუსელში ვიქნები, ევროპარლამენტარებთან ხალხთან შეხვედრის მტკიცებულებები ჩამაქვს. ყველგან ყველა ერთად უნდა ვიყოთ და არავის, ვისაც არ უნდა უნდოდეს განხეთქილების შემოტანა, რაღაც სხვა პროცესების დაწყება, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ”, - განაცხადა ვაშაძემ. სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც იგი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებას სთხოვს, მოძრაობა საპასუხოდ აცხადებს, რომ “არა და არასოდეს”. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია კრიტიკულად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, გადაიდოს 20 ივნისის აქცია. მელია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და პრობლემების მოსაგვარებლად აქციას გეგმავს. ანალიტიკოსი ვახტნგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ევროკომისიის პასუხის წინ, აქციის დაგეგმვით სწორი ნაბიჯი გადადგა, მისი თქმით, მთავარი ხალხის რაოდენობა კი არა, იდეაა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ გამოსვლიდან და იმ პოზიციიდან ამომდინარე, რაც მას უჭირავს, ვფიქრობ, რომ ნორმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გამომდინარე იქიდან, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ სარეკომენდაციო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და 16 ივნისს აქციის ჩატარება სრულიად ლოგიკურია. აღნიშნული აქცია არ იქნება კრიტიკული არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც ევროპის მიმართ. პოლიტიკური შემადგენლისგან იქნება სრულიად დაცლილი. ერთადერთ რამეზე გამახვილდება ყურადღება, რომ ევროსაბჭოს ვთხოვოთ, რომ სტატუსის მონიჭების შესახებ რეკომენდაცია გაგვიწიოს. პრეზიდენტმა დაპატიჟა, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, ელჩები, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში და ზოგადად საზოგადოება, როგორც მან თქვა, არც გამოსვლები არ იქნება, თუმცა, შესაძლოა თვითონ გამოვიდეს და რამდენიმე სიტყვა თქვას. ლოგიკური აქციაა. რამდენად ხალხმრავალი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“20 ივნისის აქციაზეც თუ ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურებისადმი იქნება გზავნილები, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, მაშინ ეს ნორმალური აქცია იქნება. თუ პოლიტიკური შეფერილობა მიიღო, ერთი ჩვეულებრივი რიგითი აქცია გამოვა. პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მომწონს ის, რომ ყოველგვარი კრიტიკისგან იქნება დაცლილი და უბრალოდ საზოგადოების თხოვნაა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიმართ, იგივეს თუ 20 ივნისს გააკეთებენ, მაშინ არ ექნება დიდი მნიშვნელობა მივა თუ არა ბევრი ხალხი. კამათია - უნდა დადგეს თუ არა 20 ივნისის აქციაზე სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფკლების თემა და ა.შ. მაშინ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია იქნება... “ქართული ოცნება” ისევ იმ გზას ირჩევს, რაც აირჩია, მე მგონი ეს უფრო კონფრონტაციის გზაა, არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ ევროპარლამენტთანაც, ამ პოზიციას ბოლომდე იცავს და თვლიან, რომ ისინი ყველაფერში მართლები არიან”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ამიტომ თვლიან, რომ ევროკავშირი იქით უნდა გვეხვეწებოდეს რამენაირად, რომ დავთანხმდეთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებასო. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა გარკვეული ფანჯარა და შესაძლებლობა გააჩინა, რომ ხელისუფლება ხისტიდან დიპლომატიურ პოლიტიკაზე გადასულიყო, როგორც ჩანს არ იზიარებენ და ისევ თავის პოზიციაზე რჩებიან”, - დაასკვნის ძაბირაძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება აქცისთან დაკავშირებით გაუგებარია, მისი თქმით, რადგან ამ აქციას „ოცნება" არ უერთდება, ბევრი ხალხი არ მივა, რაც პრეზიდენტს უხერხულობას შეუქმნის”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან ასეთი მასობრივი აქციებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი პარტია ძალიან დიდი ხანი ემზადება. ასე რამდენიმე დღეში, რომ გადაწყვიტოს და გამოვიდეს, ვფიქრობ, რომ ძალიან შერცხვება, როცა ნახავს, რომ ხალხის ის რაოდენობა არ იქნება, რაც უნდა იყოს. რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, ეს ოპოზიციის გადაწყვეტილებაა, მათი დაორგანიზებულია, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და ვისაც სურვილი აქვს მივა, მაგრამ 16 ივნისს აქციის დაანონსება აბსოლუტურად უადგილო იყო. 16 ივნისს მიტინგზე ბევრი ხალხის მისვლას არ ველოდები იმის გამოც, რაც ამას წინათ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარკვეული სკანდალური განცხადებები გააკეთა, შემდეგ უკვე თავისი რიტორიკა შეცვალა, მაგრამ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი საკმაოდ ნაწყენი დარჩა. აქედან გამომდინარე, აქციაზე უმრავლესობის წარმომადგენლები, ანუ ხალხის ძირითადი მასა თუ არ მივიდა, მაშინ ვინ უნდა მივიდეს?! ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ 16 ივნისის აქცია მასობრივი იქნება”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“20 ივნისის აქცია კი შესაძლოა მასობრივი იყოს, დიდი ხანია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები არ შეკრებილან, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე. ეს მათი არჩევანია, მთავარია კანონი დაიცვან. ევროკავშირის პასუხის წინ აქციის გამართვა პოლიტიკური მატრაკვეცობაა, რადგან ევროპული ღირებულებების შინაარსის აქციაზე თუ ხალხის დიდი მასა არ შეიკრიბა, უფრო ცუდი იქნება. ქართველი ხალხის ურყვი ნება არაერთხელ დაფიქსირდა, მათ შორის კონსტიტუციაშიც გვაქვს და ამიტომ თუ 20 ივნისის აქციაზეც ნაკლები ხალხი მივიდა, ესეც პატარა არასასიამოვნო დეტალი იქნება იმის დემონსტრირებისა, რომ თურმე ხალხი ევროპულ გზაზე სვლას მხარს მასობრივად არ უჭერს”, - ამბობს

უკრაინის მარცვლეულის გადარჩენის და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილების სასწრაფო გეგმა - საიდან გაიტანენ პროდუქციას

“მსოფლიო სასურსათო კრიზისის აღმოსაფხვრელად როგორც ჩანს დასავლეთს მასშტაბური გეგმა აქვს - 26-28 ივნისს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, სადაც აქტუალურ გლობალურ საკითხებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ, მათ შორის მთავარი საკითხი სასურსათო და ენერგეტიკულ კრიზისი იქნება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. სპეციალისტების შეფასებით, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც 2008-2009 წელს საქართველოს ომმა გამოიწვია, მაგრამ, აქ მასშტაბები გაცილებით დიდია. თუმცაღა, მათივე თქმით, გეგმა არის, რომელიც არსებულ სასურსათო კრიზისს გარკვეულწილად თავიდან აგვარიდებს. მანამდე ჯო ბაიდენი იმ ალტერნატიულ გზაზე საუბრობს, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამბობს, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ, მათ შორის პოლონეთში, მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის მარცვლეულის გადარჩენის და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილების სასწრაფო გეგმა - საიდან გაიტანენ პროდუქციას.

“ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინიდან მარცვლეულის სარკინიგზო გზით გამოტანის გეგმაზე, მაგრამ, უკრაინის სარკინიგზო ლიანდაგები განსხვავდება ევროპულისგან, ამიტომ მარცვლეული საზღვარზე სხვადასხვა მატარებელში უნდა გადაიტანონ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დასძენს, მარცვლეულის გადატანა თავდაპირველად შესაძლებელია უკრაინის რკინიგზის ვაგონებიდან მარცვლეულის შესანახ ახალ ნაგებობებში, შემდეგ კი ევროპის სატვირთო ვაგონებში. მაგრამ ამას დრო სჭირდება. უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. უკრაინული პორტებისა და მარცვლეული კულტურების მარაგების ბლოკირება საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი რეალისტური უწოდა შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის შექმნის გეგმას და განაცხადა, რომ შესაბამისი მექანიზმი განიხილება გაეროს, რუსეთის, უკრაინის და თურქეთის მონაწილეობით. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სახმელეთო გზით მარცვლეულის გატანა, რაზედაც ბაიდენი საუბრობს, შესაძლოა დროში გაწელილი იყოს, თუმცა, კარგია, რომ დასავლეთი კრიზისის აღმოსაფხვრელად ალტერნატიულ გზებს ეძებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოცემულ შემთხვევაში ბაიდენის განცხადებაში სახმელეთო გზა მოიაზრება, მათ შორის რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიების გავლით. როცა რუსეთის მიერ საზღვაო სივრცე ბლოკირებულია, ამით ჩნდება შესაძლებლობა, რომ ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო გზით მოხდეს. მსოფლიოში საზღვაო ტრანსპორტზე ტრანსპორტირების და ტვირთბრუნვის 60%-ზე მეტი მოდის. ხმელეთით ტრანსპორტირება შეიძლება შედარებით უფრო გვიანი იყოს და ძვირი დაჯდეს, არარენტაბელური იყოს და შედარებით უფრო ნაკლები ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი, მაგრამ. კარგი ისაა, რომ ალტერნატივა არსებობს და ამ მხრივ მისაღებია, რომ სახმელეთო გზა იყოს გამოყენებული. საჰაერო სივრცეს რაც შეეხება, ეს პირველ რიგში საშიშია, რადგან შესაძლებელია რუსული ჭურვი მოხვდეს. მეორე ვარიანტი ისაა, რომ ძირითადად თვითმფრინავით მალფუჭებადი პროდუქტები გადააქვთ. მარცვლეული კულტურებს რაც შეეხებათ, მისი ტრანსპორტირება დიდი ხნის განმავლობაშიც შესაძლებელია. არის გარკვეული გეგმაც, რომ დამატებითი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც იწარმოებოდეს, ასევე, საუბარია მიწების გაფართოვებაზე, განიხილება, როგორც ინტენსიური, ასევე ექსტენსიური მეთოდი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ექსტენსიურია, როცა კონკრეტული ტერიტორიის ფართობი იზრდება, სადაც შემდგომში კონკრეტული კულტურების დარგვა და მოსავლის მიღება ხდება. ინტენსიურია, როცა კონკრეტული სასოფლო სამეურნეო ნაკვეთის გაფართოვება არ ხდება, მაგრამ იქ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწა ნაყოფიერდება და მოსავლიანობა იზრდება. დასავლეთის ქვეყნები ამ მიმართულებითაც მუშაობენ. დიდი შვიდეულის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სასოფლო-სამეურნეო პრობლემის გადაჭრა იქნება. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურ როლს თამაშობს, გაეროს ფარგლებში მსოფლიო სასურსათო პროგრამა ფუნქციონირებს, ასევე, არსებობს გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებები, როგორიცაა: მისი სოფლის მეუნრეობის ხელშეწყობის სააგენტო, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციაც. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობა ყოველწლიურად 80-85 მილიონი ადამიანით იზრდება და ახალი დასახლებები ჩნდება, მიწის ფონდი მაინც არსებობს. მსოფლიოში მიწის ფონდის ფართობი დაახლოებით 13 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოსადეგ მიწებზეა საუბარი”, - განმარტავს რესპონდენტი.

“უკრაინის ომმა მსოფლიოში გარკვეულწილად ფასების ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით ფასები მარცვლეულის პროდუქციაზე და ნავთობზე გაიზარდა. ეს პროპორციულად ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის, რაც საქონლის თვითღირებულების ფასის ზრდაზე აისახება, მათ შორის საქართველოშიც. საბედნიეროდ, მსოფლიოში მარცვლეული კულტურები არსებობს და ალტერნატიული ბაზრების ძიება შესაძლებელია. თურქეთი ცდილობს პორტებთან დაკავშირებით შუამავლის როლი შეასრულოს, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე გარკვეული ტვირთები გაატაროს, მას ოთხ ზღვაზე გასასვლელი აქვს” - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ივნისის ბოლოს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალური სასურსათო კრიზისის აღმოფხვრის გზებზე იქნება საუბარი და კონკრეტულად იქ გახდება ცნობილი, თუ რა გეგმა აქვთ ამ მხრივ დიდ ქვეყნებს”, - დასძენს გამოცემა.

“ბაიდენს აქვს იდეა. რომ უკრაინიდან კანონიერი ექსპორტი განახორციელოს და უკრაინის ხელისუფლების თანხმობით საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდოს, რომ რუსეთმა არსებული მარცვლეული ვერ გაიტანოს და შემოსავალი ვერ მიიღოს. ანალოგიური წინადადება თურქეთმაც წამოაყენა, ოღონდ ის რუსეთთან, უკრაინასთან და გაეროსთან აპირებს, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს, შექმნას საგზაო რუკა, რათა საშუალება მიეცეს, რომ უკრაინული პორტებიდან მარცვლეული გაიტანონ. მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით სიტუაცია გაურკვეველია. 27-28 ივნისს დიდი შვიდეულის სამიტი იქნება, რომელიც ამ თემატიკას ეძღვნება, იქ ალბათ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჯერჯერობით ამ საკითხზეა საუბარი, რაც ბაიდენმა თქვა, რომ უკანონო ხორბლის გატანას დაბლოკავენ და შეეცდებიან, რომ ხორბალი ბაზარზე გაიტანონ. ზოგადად უკრაინის ომმა ფასების ზრდა გამოიწვია, ნავთობზე, ენერგორესურსებზე, ასევე მარცვლეულზე. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. სერიოზული ეკონომიკური კრიზისია რუსეთშიც, ასევე აზიურ ბაზრებზე საკმაოდ სერიოზული კრიზისის ტალღას ელოდებიან. ალბათ 2008-2009 წლის მსოფლიო კრიზისის ანალოგი იქნება, მაშინაც აგვისტოს ომმა გამოიწვია, ახლა მითუმეტეს მასშტაბები დიდია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ორშაბათს, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ გლობალურ დონეზე სურსათის, საწვავისა და ფინანსური კრიზისის გამო, მილიონობით ადამიანი სასურსათო დაუცველობისა და სიღარიბის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მიშელ ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეულ ქაოსსა და ნგრევაზე ისაუბრა. “მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლოს შევიკრიბეთ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ ანადგურებს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული საშინელება წარუშლელ კვალს დატოვებს, მათ შორის მომავალი თაობებისთვის. ომის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რეგიონში და გლობალურ დონეზე ვრცელდება და მას დასასრული არ უჩანს”, - თქვა მიშელ ბაჩელეტმა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაცემების თანახმად, მოსალოდნელია, რომ მძიმე სასურსათო დაუცველობის პირობებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 2022 წლის დასაწყისში 276 მილიონიდან წლის განმავლობაში 323 მილიონამდე გაიზრდება”- წერს სტატიის ავტორი.

აბაშიძე.

ახდენენ თუ არა ზეწოლას ზელენსკიზე პუტინთან მოლაპარაკების დასაწყებად

“ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე საუბრობს და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკიზე გერმანიის და საფრანგეთის მხრიდან გარკვეული მოთხოვნა იყოს, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაუყოვნებლივ დაჯდეს. დროში ასევე ემთხვევა 16 ივნისს კიევში, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერების ვიზიტი. ამის პარალლეურად კი ზელენსკიმ გერმანულ და დანიურ მედიასთან საუბარში უკვე მეორედ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებისთვის მზად არის. დროში ასევე საეჭვოდ ემთხვევა დასავლეთიდან უკრაინისთვის იარაღის შეფერხებით მიწოდება. სწორედ იარაღის დაგვიანების მიწოდების გამო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცი უკრაინელი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახდენენ თუ არა ზეწოლას ზელენსკიზე პუტინთან მოლაპარაკების დასაწყებად.

“არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინა რუსების დამარცხებას და ქვეყნიდან განდევნას შეძლებდა, საკმარისი იარაღი რომ ჰქონოდა. მისი თქმით, უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები, ჯავშანტრასპორტიორები და უპილოტო საფრენი აპარატები. როგორც ჩანს, გერმანიის კანცლერის პოზიციაა, რომ რუსეთის გაღიზიანება არ მოხდეს და არაა გამორიცხული, იარაღის დაგვიანებით მიწოდება სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელება იყოს. უფრო მეტიც, გამოცემა “ბლუმბერგის” ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “გაზპრომ გერმანიის” სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება არ გამოეწვია. გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკისა და კლიმატის საკითხებში ფედერალური მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა “გაზპრომის” შვილობილი კომპანიის სახელმწიფო კაპიტალში შესვლას მხარი დაუჭირა. შოლცი შეშფოთებულია, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გამწვავება რუსეთის ფედერაციასა და გერმანიას შორის რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგრამ “გაზპრომ გერმანიის” ფინანსური მდგომარეობის გადარჩენის მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს გამოყოს 10 მილიარდ ევრომდე. სესხი მიზნად ისახავს “გაზპრომ გერმანიის” ფინანსების სტაბილიზაციას და მიწოდების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეზღუდა. “ამ მიდგომით, ფედერალური მთავრობა ინარჩუნებს თავის გავლენას კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამ ნაწილზე და ხელს უშლის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმოქმნას”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში. ჯგუფი გერმანიის უმსხვილეს გაზის საწყობს ფლობს და ლონდონსა და სინგაპურში გლობალური სავაჭრო გუნდი ჰყავს. გარდა იმისა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ერთ-ერთი წამყვანი მოვაჭრეა, იგი აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ოპერირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიურმა კონცერნმა “გაზპრომმა” განაცხადა, რომ იგი აღარ ფლობს გერმანულ “გაზპრომ გერმანიას” - სანქციებიდან გამოსაყვანად აქტივი ნაკლებად ცნობილ კომპანიას გადაეცა. გერმანიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ქვეყნის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, აპრილის დასაწყისში ფედერალური ქსელის სააგენტო კომპანიის მეურვედ დანიშნა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ 16 ივნისს შოლცის, მაკრონის და დრაგის ვიზიტის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკიზე გარკვეული წნეხი ხდებოდეს, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მეორე განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებისთვის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ამჯერად, დანიურ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის საკითხი მთლიანად პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასასრულებლად ყველა არსებული შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის, პირდაპირი დიალოგი”, - დასძენს გამოცემა.

“თუ რუსეთს ამ ომის დასრულება სურს, როგორც ისინი ამას მედიაში აცხადებენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე, შეუძლებელია, ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირისპირ. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე - ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის ფედერაცია თუ მზადაა ომის დასასრულებლად და ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე, პირადად, მზად ვარ”, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ვარაუდობს, რომ 2 წელიწადში, შესაძლოა, უკრაინამ საერთოდ აღარ იარსებოს მსოფლიო რუკაზე... ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ დასავლეთის ნაწილს უკვე დაღლა ეტყობა და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაში არწმუნებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს შეიძლება იყოს, როგორც სამხედრო მოქმედებების შეჩერება, ასევე ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაც. ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც რუსული ჯარები დგანან, იქ გაჩერდნენ. ეს კი რა თქმა უნდა, უკრაინას არ აწყობს. რაც ჩვენთან მოხდა 2008 წელს შესაძლოა უკრაინაში იგივე სცენარი ვიხილოთ. სადაც იდგა რუსული ჯარი, ცეცხლის შეწყვეტის შედეგად საქართველოში იქ გაჩერდნენ და დღემდე იქ არიან. რა თქმა უნდა, უკრაინას არ აწყობს, რადგანაც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი და წარმოიდგინეთ პუტინმა საქართველოს ტოლი ტერიტორიები უკვე დაიკავა. ეს იქნება უკრაინისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. რაც შეეხება რუსეთს და პუტინს, ვფიქრობ, ის დროის გაწელვას შეეცდება. მას უნდა, რომ ევროპა ბოლომდე დააშანტაჟოს. იტყვის - კი ბატონო, არ ვუტევ, მაგრამ აი დონეცკში ღრმად ჩავეფლობი და ეს თქვენი პრობლემა იქნება. პუტინი მიხვდა, რომ ევროპა შფოთავს. იცის, რომ მათ უკვე პრობლემები უგროვდებათ და ქვეყნის შიგნით რისკი იზრდება. ამიტომ, პუტინი უკვე წავა არა უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“დააშანტაჟებს იმით, რომ ომი გაიწელება. ეს კი ევროპას არ უნდა. პუტინმა იცის, რომ ეს უპირატესობა აქვს. ამიტომ რუსეთს უნდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა დაჯდეს. ზელენსკი ევროპამ აიძულოს, რომ რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზოს. მერე ისინი მეორე მხარეს, რუსეთისკენ გადავლენ. უკვე ვიცით, რომ შოლცი და მაკრონი პუტინს ურეკავენ. ამაში სიმართლე გითხრათ ტრაგედიას ვერ ვხედავ. კი ბატონო, დამამცირებელია, მაგრამ როცა მის ხელში ამდენი ადამიანის სიცოცხლეა, მას უნდა ელაპარაკო”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, ამერიკელები ჰიტლერს ჩუმად ელაპარაკებოდნენ, ამიტომ თუკი საჭიროა და რამე გამოვა, პუტინსაც უნდა ელაპარაკონ. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, რადგანაც ომის გაწელვა მსოფლიოს და თავად უკრაინას ძალიან დააზიანებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა