სალომე სამადაშვილი - არავის ვურჩევ, რაღაც ინიციატივებით ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ სამართლებრივი დევნა დაიწყოს

არავის ვურჩევ, რაღაც ინიციატივებით ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ სამართლებრივი დევნა დაიწყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ის ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

„დღეს ჩემი გამოსვლა მეც მადლობით მინდა დავიწყო, მადლობით, იმ 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომელიც გუშინ გამოვიდა თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად. საინტერესოა, რომ აქციას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი ღირსეულ, მშვიდობიან მანიფესტაციას უწოდებს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად, უმრავლესობის და ივანიშვილის მსახური დეპუტატები ჩვენს პარლამენტში მიიჩნევენ ოპოზიციის მიერ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით დაგეგმილ აქციად. დიახ, ე.ი. სწორად გესმით გზავნილი, რომელიც ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუგზავნა. არჩევანი არის დღეს ქართველ ხალხზე, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ან ვირჩევთ ევროპას, ან ვირჩევთ ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. არავის ვურჩევ, აქ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ. გაფრთხილებთ, ყველა მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დააჩქარებს იმ პროცესს, როცა ევროპარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, ვინ არის ოლიგარქი ჩვენ ქვეყანაში და

სანქციების შემოღება მოითხოვა ივანიშვილის წინააღმდეგ. „ქართული ოცნებიდან“ ყველა ნაბიჯი, რომელიც შეზღუდავს ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, მხოლოდ დააჩქარებს როგორც მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას, ასევე ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას, ამიტომ, ორჯერ დავფიქრდებოდი თქვენ ადგილას, როგორ მოვიქცეოდი უახლოეს მომავალში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, აქციაზე გამოსულ ადამიანებს ხელისუფლების ტყუილები მობეზრებული აქვთ.

„რაც შეეხება გუშინ გამოსულ ადამიანებს, განსაკუთრებით მინდა მივმართო ათიათასობით სტუდენტს, რომელიც გუშინ ჩვენ ქვეყანაში საკუთარი მომავლის დასაცავად გამოვიდა. რატომ გამოვიდა ეს ხალხი და რატომ გამოვიდნენ ახალგაზრდები გუშინ ქუჩაში? გამოვიდნენ, რადგან მობეზრდათ თქვენი ტყუილების მოსმენა, მობეზრდათ ტყუილების მოსმენა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული სპიკერებისგან, რომ თითქოს, ევროკავშირი, რომელიც ჩერჩილის მიერ ციურიხში იდეის გაჟღერების შემდეგ ევროკავშირის დაარსების შესახებ ევროპაში მშვიდობის სიმბოლოა, თურმე, ომში ჩართვას გვთხოვს იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭოს. მობეზრდათ თქვენი ტყუილების მოსმენა იმის შესახებ, რომ თითქოს, გეოგრაფია უშლის ხელს ჩვენ ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მობეზრდათ ტყუილების მოსმენა, რადგან წერა-კითხვა იციან და წაიკითხეს ევროკომისიის დასკვნა, სადაც არაფერია ნათქვამი არანაირ გეოგრაფიაზე, მაგრამ ნათლად არის ნათქვამი, რომ სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის არჩევანი არ არის. ქართველმა ხალხმა გუშინ გააკეთა თავისი არჩევანი და დააფიქსირა ქუჩებში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე და არჩევანი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოს ივანიშვილმა და ყველამ, ვინც გადაწყვიტა, რომ ოლიგარქი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი სამშობლო და 30 წლის მანძილზე სისხლით, ოფლით, ცრემლით მოპოვებული ჩვენი თავისუფლება და ჩვენი დემოკრატია. აირჩიეთ, მხოლოდ ერთი არჩევანი გრჩებათ - რომელ მხარეს ხართ, ქართველი ხალხის, თუ - რუსეთის, ეს არის თქვენი არჩევანი, სხვა არაფერი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა