არჩილ თალაკვაძე - ხვალიდან რადიკალური ოპოზიცია „ბაკურიანის გეგმის“ შესრულებაზე გადადის, რაც არეულობის მოწყობას გულისხმობს - არავითარ რიგგარეშე არჩევნებს ჩვენ არ განვიხილავთ

არავითარ რიგგარეშე არჩევნებს ჩვენ არ განვიხილავთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა 24 ივნისის აქციაზე საუბრისას აღნიშნა, ხვალიდან რადიკალური ოპოზიცია „ბაკურიანის გეგმის“ შესრულებაზე გადადის, რაც არჩევნებისთვის გვერდის ავლას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობას გულისხმობს.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს იქნება და რადიკალური ოპოზიცია მოემზადოს, თუ ვინმეს მართლა ჰგონიათ, რომ ეს ხალხი, რომელიც ხვალინდელ აქციაზე იქნება, მათ მხარდასაჭერად შეიკრიბება.

„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შემდეგ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება დადგეს არა უკანა რიგებში, არამედ წინა რიგებში, ეცდება, რომ დააანონსოს უკვე თავისი დესტაბილიზაციის გეგმა. როდესაც 9 არჩევნები წააგეს და ხედავენ, რომ ახალი პოლიტიკური პარტიები გამოჩნდნენ პარლამენტსა და პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, რომ დღეს მათთვის ყველაზე სასურველი მოკლე გზა, ეს არის დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, რამენაირად ხელისუფლებაში დაბრუნება. ისინი ღიად ლაპარაკობენ, რომ ხვალინდელი აქცია პირდაპირ ემსახურება დესტაბილიზაციას, ძალადობრივი მოწოდებებიც იყო გაკეთებული. ხვალიდან უკვე, რადიკალური ოპოზიცია გადავა „ბაკურიანის გეგმის“ შესრულებაზე, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციის, არეულობის და არჩევნების გვერდის ავლის გეგმა, სხვა გეგმა და შანსი ამ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.

ჯერ ის მითხარით, რიგითი არჩევნებისთვის როგორ ემზადებიან ეს პარტიები, რიგგარეშესთვის რომ იყვნენ მზად. არავითარი რიგგარეშე არჩევნებს ჩვენ არ განვიხილავთ, რიგითი არჩევნები იქნება 2024 წელს და კეთილი ინებოს, მოემზადოს რადიკალური ოპოზიცია, თუ რამე მართლა შეუძლიათ, თუ მართლა ჰგონიათ, რომ ეს ხალხი მათ მხარდასაჭერად შეიკრიბება ხვალ თუ შეიკრიბა გუშინ, მაშინ არჩევნებზე აჩვენონ ეს შედეგი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე, დეოლიგარქიზაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ერთგვარი მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოდლოვასაც ეხება.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია და ოპოზიციას მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ ივანიშვილი რაიმე სახით მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში.

„ეს იყო პოლიტიკური რეზოლუცია და 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ამას მხარი არ დაუჭირა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს რეზოლუცია იყო ინიცირებული და მხარდაჭერილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის მხრიდან, რომელსაც ევროპარლამენტში უმრავლესობა აქვს. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, როდესაც ოპოზიციას ვეკითხებით, სად არის ფაქტი, მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახით მონაწილეობს პოლიტიკურ ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ოლიგარქიასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ბევრი სპეკულაცია ვნახეთ. სინამდვილეში, ეს პირობა არის ჩადებული სამივე ქვეყანასთან მიმართებაში, არა მხოლოდ საქართველოში. სხვა კონკრეტიკა, არც სახელები წერია, არც გვარები. თუ ოპოზიცია უკვე შეწუხდა იმით, რომ ისევ მათთან მივიდა კვალი, ვის შეიძლება ოლიგარქები ჰყავდეს პოლიტიკაში, უკან დახევა დაიწყეს, განცხადებების შემოტრიალება, ეს მათი დაწყებული საუბარი იყო და თვითონვე შეცვალეს, რადგან კვალი, პირველ რიგში, მათთან მიდის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს