ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022

გია ხუხაშვილი - 6-თვიანი ვადა, ანუ როდის დაიწყება დიდი პოლიტიკური ევრორემონტი?!

რამდენად კონსტიტუციურია 24 ივნისის ულტიმატუმი - ტექნიკური მთავრობის ფორმირების წესი და გარემოებები

ბექა ქურხული - “საქართველოსაც და უკრაინასაც ერთი მომავალი გვაქვს - გამარჯვება!..“

როგორი შეიძლება იყოს თამაშის ახალი წესები - რას უპასუხებს ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას

“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება”

* * *

გია ხუხაშვილი - 6-თვიანი ვადა, ანუ როდის დაიწყება დიდი პოლიტიკური ევრორემონტი?!

“რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ თუ კომპლექსურად შევხედავთ იმ პერიპეტიებს, რომლებიც ბოლო თვეებში ვითარდებოდა, ხელისუფლებამ არათუ არაფერი გააკეთა, რომ შანსი გამოგვეყენებინა და სტატუსი მიგვეღო, არამედ ხშირად, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, ასე რომ, ახლა ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არასერიოზულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული ქვეყნების პოზიციებს ოპოზიციის გამონათქვამები არ აყალიბებს. მათი დასკვნების საფუძველია საელჩოებისა და დამოუკიდებელი წყაროების მიწოდებული ინფორმაცია. ერთი სიტყვით, ჩვენ რომ ასეთი სერიოზული ჩავარდნა გვაქვს, შორს მიმავალი შედეგებით, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მეტსაც გეტყვით - ხომ ჩანს, რომ ახლაც არაფრის გაკეთებას არ აპირებენ?! ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება ამბობს, მე დიდი ბიჭი ვარ, არ ვთამაშობ იმ წესებით, რაც შენს ოჯახშია მიღებული, მაგრამ ისეთი მიმიღე, როგორიც ვარ, შეცვლას არ ვაპირებო”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 6-თვიანი ვადა, ანუ როდის დაიწყება დიდი პოლიტიკური ევრორემონტი?!

“ესენი რეალურად არც პრორუსები არიან, არც პროევროპელები. თუ მათ ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად გარანტიებს რუსეთი მისცემს, რუსეთისკენ გადაიხრებიან, თუ დასავლეთი მისცემს - დასავლეთისკენ. ისე, რუსეთს დასავლეთი ურჩევნიათ, რადგან იქ სწავლობენ მათი შვილები, იქ აქვთ ქონება და ა.შ., მაგრამ თუ დასავლეთი მათ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის, არც რუსეთზე იტყვიან უარს... ახლა რა ფორმით მონაწილეობს ივანიშვილი პოლიტიკაში და როგორ მართავს მათ არ ვიცი, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი ზედამხედველობით მიიღება. ჩანს, რაღაც არასწორად გათვალა. ვფიქრობ, ივანიშვილი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. არ ელოდა ასეთ რეაქციებს არა იმდენად ქვეყნის შიგნით, არამედ უფრო დასავლეთში. ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხედავს ამ პრობლემებისგან თავდახსნის გზას. სისტემური ცვლილებებისთვის ივანიშვილი ჯერჯერობით მომწიფებული არ არის. მას მიაჩნია, რომ თუ ახლა დათმობს, მერე უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. ცხადია, ასე არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ასე ფიქრობს. ახლა ის თავს კედელთან მიყენებულად თვლის, ამიტომ განსაკუთრებით სახიფათო ხდება. უკან დახევით გამოსავალი ხომ უნდა დაინახოს?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ღარიბაშვილს ნებისმიერ მომენტში გადააგდებს, ეს პრობლემა არ არის - სხვებიც გადაუგდია და თავად ღარიბაშვილიც, მაგრამ ახლა ღარიბაშვილის გადაგდებით რას მოიგებს, ვერ ხვდება. საჭირო სარგებელს თუ დაინახავს, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს მაშინვე აქცევს განტევების ვაცად, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ სარგებელს ვერ ხედავს. მე ვფიქრობ, მას აქვს გამოსავალი და ეს შევთავაზე კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელმწიფოებრივი საქმიანობის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი და ამას საჯაროდ ვამბობ, მისი ბედი ჩემთვის სულერთი არ არის, რადგან მასთან ბევრი რამ მაკავშირებს. ამიტომ ვცდილობ, ის ხალხის, ისტორიის და, გარკვეულწილად, დასავლეთის წინაშეც ნაწილობრივ მაინც იყოს რეაბილიტირებული. ვეძებ გამოსავალს ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც და მიმაჩნია, რომ ეს სწორია, თუმცა ამის გამო ბევრი მხვდება, მათ შორის - ჩემი მეგობრებისგან. ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ უნდა მივცეთ ბიძინას შანსი? ამბობენ, რომ ის არის ოლიგარქი და მას შანსი არ უნდა დავუტოვოთ, რაც სწორად არ მიმაჩნია. ადამიანს უნდა მიეცეს შანსი, მიუხედავად იმისა, რა დააშავა” - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი ძალაუფლება, კედელთან მიაყენებ, მას ცუდად შეუძლია კუდის მოქნევა, ამ პროცესში კი შეიძლება ქვეყანა ძალიან დაზარალდეს. ეს რატომ უნდა გავაკეთოთ, როცა შეიძლება, გამოსავალი მშვიდად მოვძებნოთ?! დღეის მდგომარეობით ძალიან მცირე შანსს ვხედავ, რომ სამშვიდობო გეგმებს დასთანხმდეს. ის ჯერ ამისთვის მზად არ არის, რადგან თვლის, რომ ეს მისი სისუსტის გამოვლინება იქნება. ის არ ენდობა მეორე მხარეს, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაც ეტაპზე ამ კომპრომისზე წამოვა, თუმცა მეშინია, უკვე დაგვიანებული არ იყოს... ჩემი გეგმა ძალიან მარტივია: დღეს ჩვენი ქვეყანა არის გარდამტეხ ეტაპზე და გვაქვს რამდენიმე თვე, რომ შევასრულოთ პირობები, რომლებიც გულისხმობს ქვეყნის სისტემურ რეორგანიზაციას. დრო ძალიან მცირეა და ამ ყველაფრის შესრულებას სჭირდება ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება, თუკი გვინდა, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გავაკეთოთ. მე არ ვამბობ, რომ ის ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის რეფორმების ჯგუფი, რომელშიც იქნება ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი და სამოქალაქო საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ევროსტრუქტურებში ნდობით სარგებლობს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ამ ჯგუფში ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს და მეტსაც გეტყვით - თვითონ უნდა გახდეს მოდერატორი, როგორც დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებელი პირი და ხელისუფლება აიძულოს, რაც მაგიდაზე დაიდება, ყველა პირობა შეასრულოს. ამის გაკეთება მხოლოდ ბიძინას შეუძლია, ამიტომ შეგვიძლია, დროებითი ლეგიტიმაცია მივცეთ და გეგმა რომ დაიდება, მერე ამ ჯგუფმა, რომელშიც ბიძინაც იქნება, მის შესრულებას ზედამხედველობა გაუწიოს. გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც ამ ჯგუფში უნდა გადაწყდეს, არის რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა-არააუცილებლობა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა. თუ ივანიშვილი ამ პროცესში სხვებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და მისი როლი იქნება გადამწყვეტი, ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე სწორი და მშვიდობიანი გამოსავალი, სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე. ამით მისი ისტორიული რეაბილიტაცია მოხდება და პირად პრობლემებსაც გადაწყვეტს. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ვალმოხდილს შეუძლია მართლაც წავიდეს და არა ისე, ახლა რომ არის ვითომ წასული, ვითომ პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრება, ამ დროს კი ყველა ყველაფერზე მას აკისრებს პასუხისმგებლობას. ისე უნდა წავიდეს, რომ მისი წასვლა ყველამ დაიჯეროს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“რატომღაც მგონია, რომ ის ჩემს ნათქვამს კითხულობს. არ გეგონოთ, რომ რამის საქმის კურსში არ არის, ასე რომ, ამ შეთავაზების შესახებაც იცის. მასთან ურთიერთობა 2018 წლიდან აღარ მაქვს. ბოლოს მიმოწერა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გვქონდა და მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამიცრუა იმედი, ეს კომუნიკაცია შეწყდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა ვამბობთ, წაიკითხავს და მისი გადასაწყვეტია, რას იზამს. ზუსტად ახლაა ის მომენტი, როდესაც მისი დაბრუნება აუცილებელია ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც, რადგან ის დღეს უსაფრთხოდ არ არის. შესაძლოა, აცნობიერებს კიდეც ამ კრიზისულ ვითარებას, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს და ამიტომ ვცდილობ მეც და, ალბათ, სხვებიც, გამოსავალი შევთავაზოთ, რასაც, უპირველესად, სახელმწიფო ინტერესების გამო ვაკეთებ, რადგან ეს დაპირისპირება ქვეყნისთვის სახიფათოა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს არაფერი: არც - პარლამენტი, არც - მთავრობა, არც - მმართველი პარტია და ეს ყველაფერი ვირტუალური ინსტიტუტებია. რეალურად არსებობს ერთადერთი კაცი, რომელზეც დგას ეს ყველაფერი და ახლა მან ყველა რომ სახლში გაყაროს, რამე შეიცვლება?” - ამბობს რესპონდენტი.

“რამდენი პრემიერ-მინისტრი გვყავდა და სამ დღეში აღარავის ახსოვდა. ახლაც ღარიბაშვილი რომ გადადგეს და მის ნაცვლად ქიბროწაშვილი მოვიდეს, რა შეიცვლება? არაფერი, რადგან ძალაუფლების ცენტრი უცვლელია და სწორედ ეს უნდა შევცვალოთ, ამის შეცვლა კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია. მისი იძულება ან დასჯა, მგონია, რომ სერიოზულ რისკებსა და შეჯახებებს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილის კედელთან მიყენება ძალიან სახიფათოა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნისთვის. მის გარშემო ბევრი რესურსია თავმოყრილი და თუ მან საფრთხე იგრძნო, შეუძლია, კუდი მოიქნიოს - ეს უნდა გვახსოვდეს. დეტალებზე არ ვილაპარაკებ. წინასწარ არ ვიცი, რას გააკეთებს, თუმცა ფაქტია, რომ მას კუდის მოქნევის რესურსი აქვს და თუ მოიქნევს, შესაძლოა, სახელმწიფო დაზიანდეს”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ხელისუფლებისთვის კონკრეტული ვადის მიცემა საზოგადოებაზე რა გავლენას მოახდენს?”, - პასუხობს:

“მე ვფიქრობ, გეგმა ძალიან ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და მხარს ვუჭერ საზოგადოების ასეთ აქტიურობას. რაც საქართველოში ხდება, უნიკალური მოვლენაა. პირდაპირი დემოკრატიული პროცესი ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას (კონსტიტუციაში კი წერია, რომ ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს ევროინტეგრაციისთვის), ხალხი იწყებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ანუ ხელისუფლების იძულებას, დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში და შეასრულოს კონსტიტუციური ვალდებულებები. ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესის მომსწრენი ვართ. ხელისუფლება აწყობს გადატრიალებას, ხალხი კი ცდილობს, ის კონსტიტუციის ფარგლებში დააბრუნოს და თუ ვერ დააბრუნა, სახლში გაუშვას. ეს სწორი, ჯანსაღი და სამართლიანი პროცესია, მაგრამ ყველაფერს უნდა სწორად შესრულება, აქ კი უკვე პრობლემები გვაქვს”...

“მაგალითად, ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა ძალიან ზოგადი დამოკიდებულების მაჩვენებელია. სამოქალაქო საზოგადოების და ამ პირდაპირი დემოკრატიული პროცესის ამოცანა განტევების ვაცებით დაკმაყოფილება კი არა, ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოყვანა უნდა იყოს, მისი იძულება, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც დააკისრა ისტორიამ. ის რომ დღის სინათლეზე გამოვა, მერე უკვე შეიძლება კაპიტულაციის აქტის შედგენა. კაპიტულაციის აქტზე ხელმომწერი ხომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს! ღარიბაშვილმა ან სხვა ვინმემ რომც მოაწეროს ხელი, მერე ივანიშვილი ხომ “გადაგვაგდებს”? როდესაც დაავადების სათავეს კი არ მკურნალობ, არამედ იმ ორგანოებს, რომლებიც ძირითადი სენის შედეგად დამძიმდა, ამით დაავადებას ხომ ვერ მოერევი?! ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც აქციაზე გამოცხადდა, შედეგის მომტანი არ იქნება. არც ღარიბაშვილი გადადგება და ამით ჩვენ, პირიქით, ივანიშვილს კომფორტს ვუქმნით, რადგან თუ ასე გაგრძელდა, ივანიშვილი მეტ პასუხისმგებლობას აჰკიდებს ღარიბაშვილს”, - თვლის გია ხუხაშვილი.

“ თუ ღარიბაშვილმა მოახერხა და ეს ყველაფერი გადატეხა, დატოვებს, თუ ვერ გადატეხა და შეცდომები დაუშვა, ხელს შეაწმენდს და გადააგდებს ისე, როგორც აქამდე არაერთი გადაუგდია. ჩვენ უნდა ვუთხრათ: “გამოდი, ბიძინა, დაგინახეთ! შენ ხარ პასუხისმგებელი, მოდი და შენ გველაპარაკე!” არანაირი ღარიბაშვილი და კობახიძე არ არსებობს, პაპუაშვილი - მით უმეტეს. რა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგ ივანიშვილი ამას დაინახავს არ ვიცი, გააჩნია, რა ვითარება შეიქმნება. დღეს ამაზე რამის თქმა გამიჭირდება. ძალიან ბევრი სუბიექტური თუ ემოციური ფაქტორი მოქმდებს. ეს უკვე, ასე ვთქვათ, ოპერატიული მართვის საკითხია. ზოგადი სქემა გასაგებია, მაგრამ საბოლოო მოლაპარაკება უნდა შედგეს ბიძინა ივანიშვილთან - სხვებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმისთვის კი, რომ ეს მოლაპარაკება შედგეს, ბიძინა ივანიშვილი დერეფანს უნდა ხედავდეს. ის თავს კედელთან მიყენებულად არ უნდა გრძნობდეს”, - დასძენს ანალიტიკოსი.

რამდენად კონსტიტუციურია 24 ივნისის ულტიმატუმი - ტექნიკური მთავრობის ფორმირების წესი და გარემოებები

“რა არის ტექნიკური მთავრობა, რა შემთხვევაში იქმნება ის და რამდენად რელევანტურია გასულ პარასკევს პარლამენტთან გამართულ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები? ქართველი ანალიტიკოსები ამ მოთხოვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. გარდა ამისა, მათივე შეფასებით, ამ ახალი ულტიმატუმით აქციის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვნად დააგდეს ის საპროტესტო მუხტი, რომელიც 20 ივნისს გაჩნდა. 24 ივნისს პარლამენტთან გამართულ მიტინგზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა უნდა გადადგეს და უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა (სხვაგვარად - ეროვნული თანხმობის მთავრობა), რომელიც ორი მთავარი მიმართულებით იმუშავებს - ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომზადება და ჩატარება. ყოველივე ამის შესახებ პარლამენტთან გამართულ აქციაზე მოძრაობის „სირცხვილია“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა გამოაცხადა. თუ ეს მოთხოვნები ერთ კვირაში არ შესრულდა, 3 ივლისს პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც შემდგომი მოქმედების გზებს დასახავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად კონსტიტუციურია 24 ივნისის ულტიმატუმი - ტექნიკური მთავრობის ფორმირების წესი და გარემოებები.

“როგორც “რეზონანსთან” კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუცია ტერმინს “ტექნიკურ მთავრობა” არ სცნობს. მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ასეთი მთავრობის დაკომპლექტება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში რევოლუციის გზით გადატრიალება ხდება და საჭიროა მთავრობა, რომელსაც ჯერ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს. ან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ პოლიტიკური კრიზისია და ხელისუფლებაში მყოფი ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს ძალაუფლებას გადასცემს. შესაბამისად გამოდის, რომ თუ ქვეყანაში აქციის ორგანზიატორები რევოლუციას არ აწყობენ, მაშინ “ოცნებამ” საკუთარი ნებით მომიტინგეებს ხელისუფლება უნდა გადააბაროს. ასპარეზზე ჯერ პოლიტიკოსებიც არ ჩანან, ვინც ამ ხელისუფლებას იბარებს. ის, რაც მოძრაობამ ქვეყნის მთავარი გამზირიდან მოითხოვა, არაკონსტიტუციურად შეაფასა მმართველმა გუნდმა. ოპოზიციის ნაწილი 24 ივნისს გამოცხადებულ მოთხოვნებს სრულად იზიარებს და უერთდება მას, ნაწილისთვის კი ეს მოთხოვნები არასერიოზულია. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხმალაძე ამბობს, რომ მსგავს რამეს ჩვენი კონსტიტუცია არ სცნობს. მთავრობის ფორმირება ან მისთვის უნდობლობის გამოცხადება კონსტიტუციით განსაზღვრული წესით ხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რადგანაც ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზეა გადასული, ყველაფერს პარლამენტი წყვეტს. მთავრობის დათხოვნასა და მისთვის ნდობის გამოცხადებას -ყველაფერს ამას ახორციელებს პარლამენტი. ეს ტერმინიმი - ტექნიკური მთავრობა - გამოიყენება გარკვეული მდგომარეობის აღსანიშნავად. არა ერთ ქვეყანაში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იქმნება, ტექნიკური მთავრობა გამოიყენება კრიზისის განსამუხტად. ამ მთავრობას ეძლევა ყველა ის უფლება, რაც ჩვეულებრივ მთავრობას გააჩნია. თუმცა, მისი შექმნა ხდება ამ კრიზისში ჩართული ძალების შეთანხმების საფუძველზე. ანუ, მაგალითად, არსებული პოლიტიკური ხელისუფლება - “ქართული ოცნება” და მისი ოპოზიცია, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო და საზოგადოებრივი ჯგუფები მთავრობის შექმნის პროცედურაზე თანხმდებიან. ამ პროცედურაში ის იგულისხმება, თუ ამ მთავრობის მაგიდასთან ვინ ჯდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“მთავრობის შემადგენლობაზე, როგორი წესით, შეთანხმება ხდება. თუ ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნება, სადაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასა და მთავრობის შემადგენლობაზე მოილაპარაკებენ, შემდეგ ამ მთავრობის ძირითად ამოცანას დასახავენ. ასევე გაიწერება ეს ამოცანა რა ვადაში უნდა შეასრულოს. ამ მთავრობას ყველაფერი სხვა რამის გაკეთებაც შეეძლება. ხოლო რაც შეთანხმებით გაიწერება, მთავრობისთვის სავალდებულო გასაკეთებელი გახდება. ამ შეთანხმების განხორციელება კი ორი სახით არის შესაძლებელი - მოქმედი პრემიერი აკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ და ამ წინასწარ შეთანხმებულ მთავრობას პარალმენტი უცხადებს ნდობას. ამ ნდობის გამოცხადებას კონსტიტუციის მიხედვით აუცილებელია მხარი სულ ცოტა 76 დეპუტატმა დაუჭიროს. შესაბამისად, გამოდის, რომ მთავრობის დასამტკიცებლად ისევ „ოცნების“ თანხმობაა საჭირო. სხვაგვარად მას ოპოზიცია ვერ დაამტკიცებს. აქ ყველაფერი ისევ “ოცნებაზეა” დამოკიდებული. მის გარეშე რაიმეს შექმნა და დაკომპლექტება შეუძლებელია”, - განმარტავს რესპონდენტი.

“პოლიტიკოსების შეთანხმების გარეშე ტექნიკური მთავრობა ვერ შეიქმნება - ეს მინდა, რომ კარგად იყოს გაგებული. ასევე ტექნიკურ მთავრობაში შესაძლოა ადგილი დაიკავონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც პოლიტიკოსები არ არინ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ. ისინი შესაძლოა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ან საზოგადოებისთვის მისაღები ფიგურები იყვნენ, ოღონდ ამაზე პოლიტიკოსები თანხმდებიან. ორივე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - ამ პირებით მთავრობის დაკომპლექტებაზე თანახმაა. ისევ ხაზგასმით აღვნიშნავ - პოლიტიკური აქტორების გარეშე ვერანაირი მთავობა ვერ შედგება. მათ ლეგიტიმაცია არ ექნებათ. შესაძლოა პრემიერი ორივე მხარის შეთანხმებით არ იყოს პოლიტიკური ფიგურა. ეს არ არის მთლად კლასიკური კოალიციური მთავრობა, რომელსაც იმ პარლამენტში კოალიციურ უმრავლესობას ქმნის. ტექნიკური მთავრობის ამოცანა უნდა იყოს კონკრეტულია დავალების გადაწყვეტა. როგორც წესი, ამ დავალების შესრულებას შემდგომ არჩევნები მოსდევს. შესაძლოა ეს იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ დავალების შესრულების თანავე არჩევნები არ უწევს”, - დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ სრული აბსურდია. ჩვენს ქვეყანაში ტექნიკური მთავრობის თუ გარდამავალი მთავორბის შექმნაზე საუბარი არა ერთხელ ყოფილა. თუმცა ეს რეალურად არც არასდროს შექმნილა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ ტექნიკურ მთავრობაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკურად დიდი შეთანხმება უნდა მოხდეს. ანუ “ოცნებამ” რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხელისუფლება ნებაყოფილობით უნდა გადააბაროს. “ახლა მე ვსვამ კითხვას და მაინტერესებს - “ოცნებას” რატომ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ასე აიღოს და ვიღაცას ხელისუფლება გადააბაროს? ცოტა ხომ უნდა დავფიქრდეთ და ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი საღლიცინო არ გავხადოთ? ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება მოხდება მაშინ, თუკი ქვეყანაში რევოლუცია მოხდება. როდესაც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა ხელში აიღებს ძალაუფლებას გადატრიალების შედეგად, მაგრამ ხალხის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით არ ექნება, იქმნება ტექნიკური მთავრობა”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ეს არის დროებით მთავრობა, რომელსაც კონკრეტული დავალება ეძლევა”, - დასძენს გამოცემა.

“წარმოდგენა არ მაქვს ეს ხალხი რას ითხოვს. მთავრობა ვინ უნდა დააკომპლექტოს -მიტინგმა? დავუშვათ ღარიბაშვილი გადადგა, მთავრობა ვინ უნდა დააკომპლექტოს? მიტინგზე უნდა მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება? ეს ხალხი არალეგიტიმური ფიგურები არიან. ისინი ხალხს არ აურჩევიათ. ვისი სახელით საუბრობენ? თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ მიტინგი ანგარიშგასაწევი გახდა, მაშინ ხელისუფლებას პარლამენტი დაითხოვს. მერე ისევ “ოცნება” დააკომპლექტებს. ისინი, რაც მე მოვისმინე, ითხოვენ „ოცნებისგან“, რომ ხელისუფლება გადმოგვეცითო. მერე და ვის? ფარდის უკან ვინც დგას, ვიცით. ასეთი ბავშვებიც ხომ არ ვართ გვჯეროდეს, რომ შოთა დიღმელაშვილი წყვეტს რეალურად რამეს. რატომ უნდა უნდოდეს “ოცნებას” ხელისუფლება ვინმეს გადააბაროს? დაიცა და იმ ხალხს რას ვუშვებით, ვინც მათ ხმა მისცა? არ ვეკითხებით რა უნდათ? ისინიც რომ გამოვიდნენ გარეთ, მერე რა ხდება? სამოქალაქო დაპირისპირებაზე მივდივართ? ცოტა რომ დაალაგონ და ისე ისაუბრონ, არ სჯობს?”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გაუგებარია ქართული საზოგადოება რატომ მიიღებს, მაგალითად, ნინო ლომჯარიას ან ეკა გიგაურს. ან რატომ დათანხმდება თუნდაც “ოცნების” ამომრჩეველი, რომ ხელისუფლება ასე ვიღაცას გადააბაროს და ტექნიკური მთავრობა სამოქალაქო სექტორით დაკომპლექტდეს. ამ ადამიანებს ლეგიტიმაცია არ აქვთ და პარლამენტს კი აქვს. ამიტომ წარმოუდგენელია პარლამენტმა ეს რატომ უნდა გააკეთოს. 2009 წელს ხელისუფლებაში ენმ იყო. აქციები მაშინ იყო, თორემ ახლა რა აქციებია. მთელს რუსთაველზე კარვების ქალაქი იყო გაშლილი. პოლიტიკური სპექტრიც შეკრული იყო და ხალხიც. მაშინ არ გადადგა “ნაციონალების” ხელისუფლება და ახლა კითხვა მაქვს - რატომ უნდა გადადგეს „ოცნება“, რომელსაც რეიტინგების მიხედვით ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ემორჩილება პოლიცია, ჯარი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და თან პოლიტიკური კრიზისიც არ არის? რომ არ გადადგეს ღარიბაშვილი, რას აპირებენ მერე - შევარდებიან პარლამენტში? ვერ შევარდებიან, 2003 წელი არ არის. სისტემურად ყველა და ყველაფერი ხელისუფლებას ემორჩილება. ამიტომ ამ გაუგონარი მოთხოვნებით ის მუხტი უკვე დააგდეს, რაც 20 ივნისს გაჩნდა. ოპოზიცია ისევ იგივე შეცდომას იმეორებს და თუ ასე გააგრძელებენ, “ოცნება” ხელისუფლებაში კიდევ კარგა ხანს იქნება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

ბექა ქურხული - “საქართველოსაც და უკრაინასაც ერთი მომავალი გვაქვს - გამარჯვება!..“

“1992-1993 წლებში აფხაზეთში, შემდეგ კი საქართველო-რუსეთის ომს ცხინვალში, რომელიც პირველად 1990-1992 წლებში, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოში მოხდა სიმძაფრე, მსხვერპლი და ტრაგედია არ მოჰკლებია, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმამ მაინც სხვა მასშტაბები მიიღო. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში ფრონტი ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. მთელი უკრაინა ფრონტის ხაზია და მასში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფოა ჩართული. 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ პირველად საუბარია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ანუ კაცობრიობა დე ფაქტო მესამე მსოფლიო ომის, ატომური კატასტროფის წინაშე დგას!..” - აცხადებს მწერალი ბექა ქურხული გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოსაც და უკრაინასაც ერთი მომავალი გვაქვს - გამარჯვება!..“ / “სულ უნდა გვახსოვდეს, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, “ესესერიც” სანატრებელი გაგვიხდება და პირდაპირ ჩრდილოეთ კორეის ჯურღმულებში ამოვყოფთ თავს”.

“უკრაინაში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, არც ერთი ომი და კონფლიქტი ერთმანეთს არ ჰგავს. მაგალითად, საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ მტერი ერთია, რუსეთის იმპერია, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. აღარაფერს ვიტყვი ჩვენს რეგიონში მიმდინარე სხვა კონფლიქტებზე. ომი და კონფლიქტი საოცრად წააგავს სიყვარულს, არც ერთი ადამიანის რომანი არ მეორდება, ყველა ომი და სიყვარული თავის განსაკუთრებულ სახეს იძენს, განსაკუთრებულ დრამას თუ ტრაგედიას მოიცავს. თვით უკრაინა-რუსეთის ომი 2014 წლიდან და ის, რაც ჩვენ თვალწინ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, უკვე ერთი ომის ორი სრულიად სხვადასხვა დამოუკიდებელი ეტაპია. ვფიქრობ, რუსეთს გამარჯვების შანსი თითქმის არა აქვს. მგონია, ეს ომი გაგრძელდება და ბევრ სიცოცხლეს წაიღებს, სანამ კრემლის მონსტრი საბოლოოდ არ დამარცხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა ქურხული.

“რუსეთის იმპერიას ულევი ადამიანური და ბუნებრივი რესურსი აქვს. უკრაინელმა ხალხმა ომის პირველ თვეებშივე მიაღწიას წარმატებას. ამ ცეცხლში ისე გამოიწვრთნენ და გაერთიანდნენ, როგორც არასოდეს. მათი გმირული წინააღმდეგობა რუსეთის დამპყრობელი არმიის წინააღმდეგ საარაკო და განსაცვიფრებელია. უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ბრძოლაში ჩამოყალიბდა და უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო ღირსებისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. რუსეთის გეგმა, რომ ორ-სამ დღეში კიევში შეისეირნებდა, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დასრულებულად გამოაცხადებდა, უკრაინის მთავრობა სასწრაფოდ მოცოცხავდა და პუტინი თავის პირობებს წამოუყენებდა უკრაინას და მსოფლიოს, სამარცხვინოდ ჩავარდა. ბლიცკრიგის მცდელობა კრემლისთვის კატასტროფული მარცხით დამთავრდა. და აი, აქ იწყება - კი, ბლიცკრიგი ჩავარდა, უკრაინა და მასთან ერთად საქართველოც, პოლონეთიც და მთელი ევროპაც გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ სწორედ ეგ არ მომწონს, ძალიან არ გაგვიგრძელდეს ზეიმი, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის იმპერიის არაჩვეულებრივი უნარი, ისე მოიგოს ომები, ვერც ერთ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აფხაზეთის ომში ჩვენმა ბიჭებმა არავისზე ნაკლებად არ იბრძოლეს, უამრავი გმირობის და თავდადების მაგალითი იყო, ყველა გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ დავმარცხდით... ძალიან არ მინდა უკრაინა ერთი წამით მაინც მოეშვას და ჩვენი ბედი გაიზიაროს! ჯერ არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება. ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსული ხიშტი ნახეს პარიზში; მე-20 საუკუნეში გერმანულ ვერმახტზე ძლიერი და აწყობილი სამხედრო მანქანა არ არსებობდა. მოსკოვის გარეუბნებში შევიდნენ, უკვე კრემლის კურანტებს ხედავდნენ დურბინდში, საბოლოოდ კი რუსმა ჯარისკაცმა თავისი ფეხსახვევები გამოფინა ბრანდენბურგის ჭიშკართან... ბლიცკრიგი კი ჩაუვარდათ, მაინც მეთოდურად, ნელა, უკვე ფრთხილად, მაგრამ ჯიუტად მიიწევენ წინ. ვიმედოვნებ, მისი მარცხი გარდაუვალია, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ უდიდესი ძალისხმევით, მსხვერპლით, ბრძოლით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დღეს უკრაინაში მხოლოდ მისი ან საქართველოს კი არა, მთელი ევროპის, მსოფლიოს ბედი წყდება”, - თვლის მწერალი.

“სულ უნდა გვახსოვდეს, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, “ესესერიც” სანატრებელი გაგვიხდება და პირდაპირ ჩრდილოეთ კორეის ჯურღმულებში ამოვყოფთ თავს... უკრაინაში განცდილი აღფრთოვანება, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. ამ მშვიდობიანმა, შრომისმოყვარე ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რას ნიშნავს ღირსება, თავდადება და თავისუფლების სიყვარული. ქართველებს, საერთოდ კავკასიელებს, საუკუნეების განმავლობაში თითქოს სისხლში გვაქვს გამჯდარი თავისუფლებისა და ღირსებისათვის ბრძოლის ჟინი. ახლაც უკრაინაში 2000 ქართველი იბრძვის და 20-მდე მებრძოლი უკვე დაგვეღუპა. მერაბ კოსტავა ამბობდა, კაცობრიობამ იცის 30-წლიანი ომიც, 100-წლიანი ომიც, მაგრამ საქართველოს მრავალათასიანი ისტორია განუწყვეტელი ომების ისტორიააო. თუმცა ის თავდადება, რაც უკრაინელებმა ამ 4 თვეში მსოფლიოს აჩვენეს, დაუვიწყარია”, - ამტკიცებს ბექა ქურხული.

“ლვოვში ჩემი მეგობრის, პოეტის და მთარგმნელის, ქართველოლოგის - ნატალია ტროხიმის ოჯახმა გვიმასპინძლა. მისმა ვაჟმა მიხასმა და რძალმა ულიანამ მიგვიღეს. იმდენი ლტოლვილი, სრულიად უცნობი ადამიანები შეიფარეს, სათვალავი ამერია, თან ისეთი სიყვარულით, სითბოთი, ჩვენი განთქმული კავკასიური სტუმართმოყვარეობა ლამის განზე დაგვრჩა. კიევში ცნობილი უკრაინელი პოეტი და ბარდი ვალერი სერგეევი, მეტრო “სალვუტიცთან” დნეპრისპირა აგარაკებზე თითქმის მარტო დარჩა 70 წლის ასაკში, რადგან იმ დაბომბვების დროსაც კი ფეხი არ მოიცვალა და სრულიად მარტო უვლიდა მეზობლების კარ-მიდამოს, ყოველდღიურად აპურებდა მათ ძაღლებს და კატებს და 28 მაისს ბარდების კონცერტი გამართა ღია ცის ქვეშ. პოეტმა ვადიმ გეფეტერმაც გამართა მეტროში საკუთარი ხარჯით გრანდიოზული კონცერტი, საკუთარ სასტუმროში დააბინავა უამრავი ლტოლვილი, მატერიალურად ეხმარებოდა “აზოვზე” არანაკლებ ცნობილ სპეცდანიშნულების ბატალიონ “აიდარს”. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი თანამებრძოლისა და უფროსი მეგობრის, შესანიშნავი პოეტის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერ გიორგი ჭყონიასი, რომ ეს ადამიანები გამაცნო”, - ჰყვება რესპონდენტი.

“ომში ყველა ადამიანი იცვლება... სიკვდილ-სიცოცხლის ეს განუწყვეტელი და საბედისწერო თამაში ნებისმიერ სულიერზე აისახება. დაბომბვამდე და მის შემდგომ ჩიტები ჭიკჭიკს წყვეტენ და უცნაური, ავისმომასწავებელი, თითქოს გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდება. ეს ომი არც პირველი იყო ჩემთვის და გული მიგრძნობს, არც უკანასკნელი იქნება. ფაქტობრივად, ომში გავიზარდე, რამაც ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებას დაღი დაასვა. უკრიანის ომმა კიდევ ერთხელ დამანახა ომის ცხოველური სისასტიკე. რა გიღირს 3 თვის ბავშვის ან შენივე გასაცოდავებული ჯარისკაცების სიკვდილად? თუ ასეთი მაგარია პუტინი, ბუნკერში არ ჩაიმალებოდა. ასეთი რა ვირუსი გვჭირს მთელ კაცობრიობას, რომ აბელიდან და კაენიდან დღემდე ერთი დღეც ვერ გავძელით ისე, ერთმანეთის სისხლი არ დაგველია და ყველა პუტინი, ჰიტლერი, პოლ პოტი, ლენინი, შაჰ აბასი, იდი ამინი, სომოსა, ეიხმანი და უჯიშო ჯალათების მთელი ლეგიონი ჯოჯოხეთიდან არ ამოგვეძრო? რატომ ვერ წყვეტს კაცობრიობა ომს, არ ვიცი”, - დაასკვნის მწერალი და შეკითხვაზე - “უკრაინაში დედაზე არაერთხელ დაწერეთ. მშობლის მონატრება სულ თან სდევს ადამიანს, მაგრამ ომში, ალბათ, მძაფრდება...” - პასუხობს:

“უღრმესი მადლობა ამ კითხვისთვის... კი მძაფრდება, მით უმეტეს, რომ მთელი ცხოვრება დავტანჯე ოჯახის წევრები და მით უფრო დედა ჩემი ექსპედიციებით და რეიდებით ცხინვალში თუ აფხაზეთში, დაღესტანში თუ ინგუშეთში. პანკისის ხეობაში დასასვენებლად დადისო, ჩხუბობდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ჩემი ქისტი მეგობრები და მათაც მთელი გულით დაიტირეს. ავღანეთში ბოლოს 2013 წლის მარტში ვიყავი, პროტესტის ნიშნად მობილური გამომირთო, როდემდე უნდა ითამაშო მაგარი ბიჭის როლიო. ჩემს ამბებს ჩუმად ჩემი ცოლისგან იგებდა. არადა, მაგარი ბიჭის როლი რომ არ მეთამაშა, ვიცი, საშინლად არ მოვეწონებოდი. იცოდა, რომ ამ მაგარ ბიჭს პირველ რიგში მისთვის ვთამაშობდი, მაგრამ ეშინოდა. ვმეგობრობდით და ვკინკლაობდით კიდეც. ძნელი იყო ლეილა ბეროშვილის შვილობა, მაგრამ არც ჩემი დედობა იყო ადვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ უკრაინაში, ანუ ომში, პირველად წავედი და ისეთი შეგრძნება მქონდა, დედას გავეპარე, დრო ვიხელთე, რომ გარდაცვლილია და ვეღარ მეჩხუბება, აქ ვეღარ ვიგრძნობდი მის ნერვიულობას და თითქოს სინდისი მქენჯნიდა. დედა და ნაირა გელაშვილი მეგობრობდნენ. დედამ ერთხელ შესჩივლა, პირველად რომ წავიდა, მოვიკალი თავი ტირილით, ნამდვილად მოკლავენო, მეორედ წასვლაზეც ბევრი ვიტირე, პირველად ღმერთმა არ გამწირა, შემთხვევით გადარჩა, ახლა მეორედ ნამდვილად მოკლავენ-მეთქი. მესამედაც რომ დაბრუნდა, ეტყობა, რაღაც იცის, თვითონ გადასარევად გრძნობს თავს და მე ჭკუიდან შევიშალე, წავიდეს მისი ნაგიჟარი ჯიშიცო... დავბრუნდებოდი, ერთს შვებით ამოისუნთქავდა და ეგრევე სახლიდან მაგდებდა, შენს ტრაბახს რა გაუძლებსო. მომენატრა”...

“ყველაფერს დრო სჭირდება... ჩემი ბოლო რომანის “თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი ყიფჩაღის~ პირველი 16 გვერდი 1999 წელს არის დაწერილი და 2018 წელს გავაგრძელე, 2020 წელს გამოიცა და 2022 წელს ლიტერატურული პრემიები “ლიტერა” და “ფაზისი” მოიპოვა. კიდევ ერთი რომანის, “სამოთხიდან გაქცეულების”, რომლის მეორე ტირაჟი ახლახან გამოვიდა და 2016 წელს ლიტერატურული პრემია “საბა” მოიპოვა, 2011 წელს დავიწყე წერა და 2014 წლის 31 დეკემბერს გავაგრძელე; ვრცელი მოთხრობა “მკვლელი”, რომელიც აფხაზეთის ომსა და გალელ პარტიზანებზეა, 2013 წელს დავწერე და 5 ენაზეა თარგმნილი, მაგრამ ეს ამბები 1999-2001 წლებში ხდებოდა ანუ 12-15 წლით ადრე... ასე დაწვრილებით იმიტომ მოვყევი, რომ წერას სიჩქარე არ უყვარს. არასდროს დამიმალავს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი მებრძოლებისადმი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების ვეტერანებისადმი. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობის პატივიც მაქვს, რამდენიმე მათგანი წიგნებშიც მყავს აღწერილი”, - ჰყვება ბექა ქურხული.

“ხშირად ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს მათ რომანტიზაციას ვახდენდე და ერთგვარი ლირიკულ-ჰეროიკული დამოკიდებულება მაქვს. ასეც რომ იყოს, მერე რა, მაგრამ მათ არავისი რომანტიზირება არ სჭირდებათ. ვისაც ქართული რწმენისა და ღირსების დაბრუნება სურს, ქართველ მეომრებთან უნდა გაატაროს გარკვეული დრო. მათთან ყოფნისას ვხვდები, რომ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე, როგორც ქართველი პოლიტიკოსების შემხედვარე იფიქრებ. ამაზრზენია მათი გარჩევები და ჭორაობა, მათი ინტრიგებში გარევის მცდელობა, ორღობისა და “ფეისბუკის” ენამორღვეული ლაილაი. უკრაინაში შევხვდით ქართველ მებრძოლებს: ჯაბა ხოფერიას, რომელმაც ირპენში ქართველი მეომრების ადგილი გვაჩვენა; დავით აბულიძეს, მეტსახელად “თუშს”, რომელიც დაჭრილია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ; ლეგენდარული `აზოვის~ გადარჩენილ მეთაურებს და დამფუძნებლებს: ვადიმ პალიის, ევგენი ბელცკიის, ანდრეი პროკოპენკოს, რომლებიც დიდი სიყვარულით ლაპარაკობდნენ “აზოვის” ასევე თანადამფუძნებელ და სამხედრო ინსტურქტორ გიორგი ქუფრაშვილზე”, - ამბობს რესპონდენტი.

“საქართველოც, უკრაინაც, მოლდოვაც, ბალტიისპირეთიც, აზერბაიჯანიც და იმედია, მოვა დრო და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიც, ერთ გზას ვადგავართ - რუსეთის დიქტატორული და დეგრადირებული იმპერიისგან საბოლოოდ თავის დაღწევისა და გადარჩენის გზას. სამწუხაროდ, მოსკოვის ულუსის ურდო უსისხლოდ ჩვენს გაშვებას არ აპირებს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანებების ან დამარცხების შემთხვევაში, უარესი გველის, დიდხანს, სამარცხვინოდ და წამებით დაღუპვა. კრემლმა უკვე გამოგვიცხადა ბორტნიკოვის პირით, რომ ვლადივოსტოკიდან და ბურიატიიდან ბრიუსელამდე და ლისაბონამდე არც ისე შორია, როგორც ეს ზოგიერთ დახვეწილ და ფრთხილ ევროპელ პოლიტიკოსს ჰგონიაო. ამიტომ საქართველოსაც და უკრაინასაც ერთი აწმყო და მომავალი გვაქვს - გამარჯვება!.. “სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია”, - დასძენს ბექა ქურხული.

როგორი შეიძლება იყოს თამაშის ახალი წესები - რას უპასუხებს ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას

“ხელისუფლება ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს, რათა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. ამის შესახებ პარასკევს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორი იქნება ამაზე ოპოზიციის პასუხი? ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე დიალოგს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, მითუმეტეს 24 ივნისის აქციის შემდეგ, რომელზეც მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიანი აქცია მისცეს და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება დააანონსეს. პოლარიზაციის შემცირება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლის შერულებაც დაევალა საქართველოს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად არიან ოპოზიციასთან თამაშის გარკვეულ წესზე შეთანხმდეს. ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები მზად არიან, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ოპოზიციურ ტელევიებს მისცენ ინტერვიუები და მათ ეთერში გამართულ დებატებშიც მიიღონ მონაწილეობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი შეიძლება იყოს თამაშის ახალი წესები - რას უპასუხებს ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას.

“ჩვენ აბსოლუტურად გვინდა განვაცხადოთ საჯაროდ, გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა მზაობა, რომ თამაშის გარკვეულ წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. თუ ეს წესები არ შეთანხმდა, თუ მათი ეს პოლიტიკა მხოლოდ მიზანმიმართული იქნება იმაზე, როგორ არიონ ქვეყანა, როგორ დაანგრიონ, როგორ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური დებატები, რეალური, საქმიანი, შინაარსიანი და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი”, - განაცხადა პრემიერმა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახლა სხვა მოთხოვნები აქვთ მხარეებს, რის ფონზეც რთული იქნება დიალოგი და საეჭვოა ისიც, რამდენად წავა ამაზე ოპოზიცია, მაგრამ ეს არის აუცილებელი ქვეყნის მომავისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია დიალოგი, მათ შორის თუნდაც ტელევიზიების ეთერში. თუმცა ხელისუფლება მაინც დაიწყებს კრიტიას ოპოზიციური ჯგუფების მიმართ, ხოლო რაც მეტი იქნება კრიტიკა, მით მეტად გაიზრდება პოლარიზაცია. ამასთან, არის მთელი რიგი სირთულეები რომელიც ახლავს ქართულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ის, თუ რას ითხოვენ მხარეები. ყველაზე შედეგის მომცემი იქნება ერთი მხარე დათანხმდეს მეორეს მოთხოვნებს და აქედან დაიწყონ დიალოგის წარმართვა და ევროსაბჭოს მოთხოვნების შესრულება. რაც მეტი იქნება ერთობლივი მუშაობა ქვეყნის მომავლისთვის, მით უფრო არ დარჩება დრო ერთმანეთის გინებისთვის, პირიქით, მადლობას ეტყვიან ერთმანეთს თანამშრომლობისთვის. მაგრამ ახლა რთული თემებია წამოყენებული, თუნდაც პარასკევის აქციიდან გამომდინარე. პირდაპირ განაცხადეს, რომ გადადგეს ღარიბაშვილი ან მოშორდეს ივანიშვილი, ხოლო სად უნდა მოშორდეს, გაუგებარია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგს მოგვცემს ოპოზიციისა და ხელისუფლების შემდგარი დიალოგი იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლა მოხდა - პირველ რიგში, შეეჩვევიან ერთად მუშაობას და იმ საკითხებსაც დაიცავენ ხალხის წინაშე, რომელზეც ერთად იმუშავებენ. ქვეყნის მომავლისთვისაც უკეთესია ერთანი ძალებით შრომა. ხოლო თუ ვერ მოხდა მოლაპარაკებების წარმართვა, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. თავად პოლარიზაციის შემცირების მოთხოვნაც არ არის აზრიანი მოთხოვნა და არ ვეთანხმები უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებას. გაუგებარია რას ნიშნავს არ იყოს პოლარიზაცია მრავალ პარტიულ სისტემაში. შემცირებულია პოლარიზაცია საფრანგეთში, როცა „ყვითელ ჟილეტიანები" ამსხვრევდნენ ყველაფერს? ან შემცირებული იყო ამერიკაში, როცა შევარდნენ კონგრესში? ასე რომ, ასეთი დაძაბული დაპირსპირება ახლავს მრავალპარტიულობას. თუმცა ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყნის განვითარების პროცესს”, - დასძენს საყვარელიძე.

“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება”

“ევროპული პერსპექტივა თავისთავად ძალიან კარგია, უამისოდ სტატუსს ვერ მიიღებ და ვერც გაწევრების იმ ფაზაში გადადიხარ, რომელიც სრული ინტეგრაციით უნდა დასრულდეს. ეს ნამდვილად არის ნაბიჯი წინ, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტის, ანუ იმის მიღება შეგვეძლო, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს - პერსპექტივა კი არა, კანდიდატის სტატუსის მოპოვების რეალური შანსი გვქონდა და თუ ეს ვერ გამოვიყენეთ, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. უკრაინამ და მოლდოვამ იმიტომ მიიღეს, რომ რეფორმებისკენ სწრაფვა და აღმავალი დინამიკა აჩვენეს. კი, მართალია პრემიერი, სტატისტიკური მონაცემებით, ვუსწრებთ უკრაინასაც და მოლდოვასაც, მაგრამ თუ დინამიკას დავაკვირდებით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოში დინამიკა შეჩერებულია და დაწყებულია უკუსვლა, იგულისხმება მიშელის დოკუმენტის უგულებელყოფა, შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმა, პოლარიზაცია და ა.შ.”, - აცხადებს ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება”.

“გარდა ამისა, გავლანძღეთ ყველა დასავლელი პარტნიორი, რომლებიც მოწადინებული იყვნენ მხარი დაეჭირათ ჩვენთვის. მეგობრებთან ურთიერთობა გავიფუჭეთ და ეს მაშინ, როცა უკრაინისა და მოლდოვას დიპლომატია დღესა და ღამეს აერთიანებდა მუშაობაში. ზელენსკიმ დასავლეთში არ დატოვა ქვეყანა, რომლის ლიდერს პირადად არ ესაუბრა და რომლის პარლამენტშიც სიტყვით არ გამოვიდა. ძალიან აქტიური იყო მაია სანდუც, ის რამდენჯერმე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონიც ჩავიდა კიშინიოვში. ჩვენ ასეთი აქტიური ურთიერთობა ევროკავშირის არც ერთ წამყვან ქვეყანასთან არ გვქონია. ღარიბაშვილი მხოლოდ ერთხელ ჩავიდა ბრიუსელში. ჩვენ შეცდომების კასკადი გვქონდა. დასავლელმა ლიდერებმა მიშელის დოკუმენტის ანულირება ძალიან ცუდად აღიქვეს. ამას დაემატა პარტნიორების ლანძღვა, შიდა დაპირისპირება და შედეგიც შესაბამისია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთაან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ერთი უცნაური ნარატივი მომხვდა ყურში - თურმე მაკრონმა თქვა, საქართველოს განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვსო. ჯერ ერთი, რა შუაშია გეოგრაფია? მაკრონმა გეოპოლიტიკაზე ისაუბრა. საქართველო გეოგრაფიულად რომ არ იყოს ევროპის ნაწილი, ისეთ სამართლებრივ დოკუმენტში, როგორიც ასოცირების ხელშეკრულებაა, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოდ არ იქნებოდა მოხსენიებული. ევროპულ პერსპექტივას არავინ მისცემდა ქვეყანას, რომელიც გეოგრაფიულად ევროპაში არ არის. თუ 6 თვეში აღებულ ვალდებულებებს არ შევასრულებთ, ჩვენც იმ კლუბის წევრებს შორის აღმოვჩნდებით, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრება არ სურთ. მაკრონმა რაც თქვა, არ იყო კარგი, მაგრამ მის ნათქვამზე გაცილებით მნიშვნელოვანია დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ენიჭება ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მიენიჭება როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ეს დოკუმენტი საფრანგეთის თანხმობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა, მით უფრო ახლა, როცა საფრანგეთი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დარწმუნებული ვარ, მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, ნდობის კრედიტი რომ არ ამოგვეწურა და მიშელის დოკუმენტი თავზე არ გადაგვეხია ევროპელებისთვის. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადის დუბროვსკიმ განაცხადა, რომ მზად არიან მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოში რეფორმების გატარებას და რომ ახლო მომავალში საქართველოს ევროკავშირში ელიან. გარიგების შემთხვევაში გვეტყოდნენ, რომ პირობების შესრულების შემდეგ მოვიფიქრებთ, მოგცეთ თუ არა პერსპექტივაო”, - ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “თუ გამჟღავნდებოდა, რომ გარკვეულ ჯგუფებს დასავლეთიდან მართლაც სურდათ ჩვენი ომში ჩართვა, რა შეიძლება მომხდარიყო?” - პასუხობს:

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროკავშირისა და ნატოს არც ერთ ქვეყანას არ სურს საქართველოს ომში ჩართვა და თუ ჩვენ რუსეთმა დღემდე ვერ ჩაგვყლაპა, ეს სწორედ ევროკავშირისა და ნატოს დამსახურებაა”.

“რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას 24 ივნისის საპროტესტო აქციასა და სამოქალაქო მოძრაობის ულტიმატუმზე - სამოქალაქო მოძრაობა ახლა იქმნება, შესაბამისად, ძნელია შეფასება. აქ თავად პროცესია მნიშვნელოვანი, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება. ხელისუფლება ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს პრობლემების შექმნაში. ოპოზიციას რომ ბევრი პრობლემა აქვს, ეს ყველამ ვიცით. ამიტომაც მარცხდება არჩევნებში. “ოცნებას” სრული ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ საქმე გააკეთოს, თუ ნამდვილად აქვს საამისო ნება”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით