სასამართლო სისტემის მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა, რაც ფაქტებით არის დადასტურებადი , - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
ოხანაშვილის ინფორმაციით “ქართული ოცნების“ გუნდმა მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013 წლიდან დღემდე.
როგორც ოხანაშვილმა განმარტა, მასში საუბარია რეფორმებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემაში აქამდე განახორციელა.
“საუბარია ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც შესრულდა და რომელიც შესრულებული არ არის და მსჯელობა მოგვიწევს. ეს არის 200-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილია სასამართლოს მიმართულებით გატარებული თითოეული ცვლილება, ამ ცვლილებების მიზანი და კონკრეტული შედეგი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შეხვედრაში ოპოზიციიდან მონაწილეობენ „გირჩის“, „მოქალაქეების“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები. საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"