ხატია დეკანოიძე ივანიშვილის წერილზე - ჩემთვის, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს - სასაცილოა

ჩემთვის, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს - სასაცილოა, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ოლიგარქია. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო „ხელოვნური და მახინჯი სპექტაკლი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადგა ცნობილი „სამეულის“ გამოყოფით“.

“ამ წერილით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ომის პროპაგანდა, რომ თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ელჩებს, კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ. ეს იყო ოლიგარქიულ რეჟიმში მოხარშული გზავნილი. ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ხელოვნური და მახინჯი სპექტაკლი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადგა ცნობილი „სამეულის“ გამოყოფით.

მე ამ წერილში დავინახე მცდელობა, რომ მან დააშანტაჟოს ამერიკის შეერთებული შტატები, რაც სასაცილოა. ასევე, დავინახე, რომ იგი კუთხეშია მიმწყვდეული. შესაბამისად, მან არ იცის, როგორ მოიქცეს. გასაგებია, რომ საკუთარი კაპიტალი ადარდებს. ასევე, შეშინებულია სანქციებით. წერილში ღიად ამბობს, რომ კი, ნაწილობრივ დასანქცირებული ვარ, მათ შორის, შვეიცარიულ ბანკზეა საუბარი და ეს სანქციები შემაფერხებელი ფაქტორია. რა თქმა უნდა, აწუხებს ეს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს. დავინახეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს რეგიონში უმძიმეს უსაფრთხოების ფაქტორთან, რასაც რუსეთის დასუსტება მოჰყვა. დავინახეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოში, საზოგადოებაზე. ეს წერილი მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია ფინანსური კაპიტალი, მას ქვეყანა არ ადარდებს. სახელმწიფო ინსტიტუტები მისი კონტროლის გარეშე არ ფუნქციონირებენ.

ჩემთვის, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს - სასაცილოა “,- აღნიშნავს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“. ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო