გიგა ბოკერია - თუ არ მუშაობ მტრის წინააღმდეგ, ე.ი. მუშაობ მტრისთვის - დიდი ხანია საფუძველი არსებობს ვიფიქრო, რომ პირდაპირი კონტაქტი არსებობს საქართველოსა და მტრის სპეცსამსახურებს შორის - თუ ეს ღალატი არ არის, სხვას რას შეიძლება ღალატი ერქვას?

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, დიდი ხანია არსებობს ეჭვზე უფრო მეტი საფუძველი ვიფიქრო იმაზე, რომ პირდაპირი კონტაქტი არსებობს საქართველოს სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირებსა და მტრის სპეცსამსახურებს შორის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი სამხედროს საბუთები რუსეთის ხელში მოხვდა.

ბოკერიას განცხადებით, როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურებს ან მუშაობ მტრის წინააღმდეგ ან მუშაობ მტრისთვის.

„სამწუხაროდ, ვიხილეთ კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტერს, ოკუპანტს, იმ ქვეყანას, რომელიც მთავარი საფრთხეა ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის და მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის, დიდი ალბათობით, ხელში აქვს დოკუმენტი, რომელიც უნდა ინახებოდეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებში და არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მტრისთვის. ეს არის ერთი შემთხვევა გრძელ წყებაში. ყველაფერი დაიწყო ძალიან ადრე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რუსულ პრესაში, გაზეთ „იზვესტიაში“ მთელი წყება გამოქვეყნდა ავთენტური დოკუმენტებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ იყო ცერცვაძის საქმე. ჩვენ გვქონდა შემთხვევა თბილისში, სადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა კინაღამ მოკლეს საქართველოს სპეცსამსახურის ყოფილი ოფიცერი, ქვეყნის პატრიოტი, ხანგოშვილი. მას მოუწია საქართველოს დატოვება იმიტომ, რომ აქ დაცული არ იყო. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, დიდი ხანია არსებობს ეჭვზე უფრო მეტი საფუძველი ვიფიქრო იმაზე, რომ პირდაპირი კონტაქტი არსებობს სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირებსა და მტრის სპეცსამსახურებს შორის. მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება თვლიდნენ, რომ ოპოზიცია არის მიკერძოებული, შეიძლება არ იყვნენ ისეთი კრიტიკული, როგორიც ვარ მე, მინდა გაითვალისწინონ, როდესაც ხელისუფლებაში 10 წელიწადზე მეტია არის რეჟიმი და მთელი ამ წლების განმავლობაში არ არსებობს არცერთი შემთხვევა რუსეთის სპეცსამსახურების ქმედების მხილების საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ, როცა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში მთელი ამ წლების განმავლობაში იყო არა ერთი გახმაურებული შემთხვევა, ნებისმიერ გონიერ ადამიანს ერთადერთ დასკვნას აკეთებინებს, რომ არის პირდაპირი კავშირი ჩვენს მტერთან, ან არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მათ არ დაუპირისპირდებიან და მისცენ საშუალება იმოქმედონ. ამ ორს შორს ზღვარი პირობითია. თუ არ მუშაობ მტრის წინააღმდეგ, ე.ი მუშაობ მტრისთვის, როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ყველა დღე საფრთხეებს ზრდის რუსეთის წინაშე.

ბიძინა ივანიშვილი თავისი ძალაუფლების და ქონების შენარჩუნებისთვის, ჩვენ ყველა სიხშირეზე გვტოვებს ყველაზე საშიშ და ბოროტ მტერთან - პუტინის რუსეთთან. იმ ქვეყანასთან, რომელიც საფრთხეა ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის, რომელმაც ჩაგვიტარა გენოციდი და რომელიც სისასტიკის მაგალითია თავისუფალ სამყაროში. თუ ამას არ ჰქვია ქვეყნის ღალატი, როდესაც შენი პირადი ინტერესებისთვის შენი ქვეყნის ბედით ვაჭრობ, სხვა რას შეიძლება ღალატი ერქვას?

პუტინის რეჟიმი უკრაინაში დამარცხდება, მაგრამ ეს საფრთხე არ გაქრება და თუ იგივე რეჟიმი გვეყოლება შემდეგ პერიოდში, ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რომ ამ ბოროტების წინაშე მარტო აღმოვჩნდებით, როგორც ვიყავით 90-იანების დასაწყისში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა