„ლელო“ - ტერიტორიული მთლიანობის უარყოფის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს კობახიძის განცხადება, სადაც ის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად  რეგიონებს უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს ადარებს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები ხელშესახებ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეხმიანება რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საერთაშორისო აღიარებას.

"კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უარყოფის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს მისი განცხადება, რომელშიც ის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებს უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს ადარებს. ამავე დროს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმეორებს კრემლის მიერ დამუშავებულ გზავნილს, რომლის თანახმადაც, რუსეთის როლი, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ კონფლიქტებში, ნეიტრალური იყო, ხოლო 2008 წელს, რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკავშირდებოდა მხოლოდ მის მცდელობას აგრესიისგან დაეცვა ეთნიკური ოსები და საკუთარი სამშვიდობო ძალები. ჩვენი პოზიციაა, რომ დღეს ჩვენს ეთნიკურად აფხაზ და ოს თანამოქალაქეებსაც საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ უწევთ ცხოვრება და არავითარი გავლენა არ გააჩნიათ საკუთარ პოლიტიკურ ბედზე. მხოლოდ საქართველოს მიერ წარმოებული დეოკუპაციის, მშვიდობიანი და ეფექტიანი სტრატეგიის პირობებშია შესაძლებელი მათ მიერ დემოკრატიული თავისუფლების მოპოვება, ერთიანი ქართული სახელმწიფოს სუვერენულ საზღვრებში. ეს ამოცანა მოითხოვს, როგორც საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფას, რუსეთის გავლენის შესამცირებლად, ასევე, პირდაპირი დიალოგის პოლიტიკის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან. ნაცვლად ამისა, დღეს ქვეყნის მმართველი პარტია ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ადარებს და საქართველოს რეგიონების ოკუპაციაში რუსეთის, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს როლის განეიტრალებას ცდილობს.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ კობახიძის განცხადება საქართველოს მიერ ომში ჩართვის შესახებ პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით, იმ მტრული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ეწევა ბოლო წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ომში ჩართვისა და „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე დღევანდელ საქართველოში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს - „ქართული ოცნება“. ომის შიშის დათესვის გზით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვებისთვის თავის არიდებას, მათ შორის, ისეთ რეალურ პრობლემებზე, როგორიცაა- ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და რუსეთიდან მომდინარე გაზრდილი საფრთხეების, მათ შორის მიგრაციის საკითხები. პოზიცია, რომელიც უკანასკნელ დღეებში ჟღერდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესების დასაცავად, ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქართული სახელმწიფოს გასაერთიანებლად მშვიდობიანი და თანმიმდევრული სტრატეგიის განსახორციელებლად, „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობის დასრულება, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს",- აღნიშნულია განცხადებაში.

„როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თეორიულად იმის დაშვება, რომ საქართველოს ცხინვალსა და აფხაზეთში ომი მოუწიოს, ნიშნავს არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან ომს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა