პაატა მანჯგალაძე - თუ ხელისუფლების შეცვლის ამოცანას მოემსახურება ჩვენი პარტიის ბრენდის ჩაქრობა, მზად ვართ, უსუფაშვილის შეთავაზება განვიხილოთ

მზად ვართ, ასეთი საკითხებიც განვიხილოთ - უსუფაშვილი რასაც ამბობს, ეს უნდა იყოს შედეგი საერთო მოლაპარაკების და შეთანხმების. თუ მიზნის მიღწევას მოემსახურება ჩვენი პარტიის ბრენდის ჩაქრობა, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ მსგავსი შეთავაზებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც ერთიანობაზე დავით უსუფაშვილის ხედვას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, ახლა პოლიტიკურ განსხვავებებზე საუბრის დრო არ არის.

„ერთიანობის იდეა და საერთო ფრონტის შექმნა არის საქართველოს გადარჩენის გზა და ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მათ შორის, მსგავსი საკითხებიც განვიხილოთ, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი საკითხები განვიხილოთ, უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა ერთმანეთისკენ. გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაესხა ამ იდეას, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილსაც არ მოსწონს. როცა კობახიძე ამას თავს ესხმის, გასაგებია, რომ ეს ძლიერი იდეაა და ამიტომ ესხმის თავს, მაგრამ გაუგებარია ოპოზიციის ლიდერებისგან თავდასხმა იდეაზე, რომ ერთიანი ფრონტით ჩამოვაშოროთ ქვეყანას ოლიგარქიული რეჟიმი, რადგან ის სამი მოსამართლე, ვინც ნიკა გვარამიას განაჩენი გამოიტანა, ივანიშვილია, ყველგან ივანიშვილია, სალომე ზურაბიშვილიც ივანიშვილის ვითომ პროდასავლური ფრთა არის, კობახიძე - ღარიბაშვილიც ივანიშვილია, შესაბამისად,თუ ყველგან ოლიგარქია, ჩვენ არ გვრჩება პოლიტიკურ განსხვავებაზე საუბრის დრო. მესმის კრიტიკა, მაგრამ მაშინ უკეთესი იდეა შემოგვთავაზონ,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რომ მხოლოდ „სტრატეგია“ აღმაშენებელია მზად, რომ უსუფაშვილის მიერ შეთავაზებული ფორმულა განიხილონ, თუ ეს „გირჩის“ და „დროას“ პოზიციაცაა, მანჯგალაძე აცხადებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მისი პარტიის სახელით საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის, რაზეც უსუფაშვილი აკეთებს აქცენტს, საერთო მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგი უნდა იყოს, თუკი განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ ეს კარგი გზაა მიზნის მისაღწევად.

„დათო უსუფაშვილი რასაც ამბობს, ეს უნდა იყოს შედეგი საერთო მოლაპარაკების და შეთანხმების. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, თუ სტრატეგიულად დადასტურდება, რომ ეს გზაა უკეთესია მიზნის მისაღწევად, პრობლემას ვერ ვხედავ, უფრო მეტიც, პარტია არის საშუალება, რომ მიზანს მივაღწიოთ, თუ მიზნის მიღწევას მოემსახურება ჩემი პარტიის ბრენდის ჩაქრობა, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ მსგავსი შეთავაზებები,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების „გამსხვილება“. კითხვაზე გულისხმობს თუ არა ამაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა თანხმობა განაცხადა.

„დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. „ლელო“ იმას კი არ ამბობს, მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია „ოცნებიდან“ მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე, ვისაც აქვს იმის გააზრება, რომ „ოცნებამ“ ბევრი კარგი დანაპირები გასცა, მაგრამ არ შეასრულა. ამ ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შეთავაზება იქნება სწორი და არა პოლიტიკური ძალებისგან რაღაცის შექმნა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო