ზურაბ ჯაფარიძე IRI-ს კვლევაზე - ქვეყანაში დეპრესიული განწყობაა - ოპოზიციური სპექტრი, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაშია, ამისთვის კონსოლიდაციაა საჭირო

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. მან IRI-ს კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა კვლევასთან შედარებით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ უკეთესი მდგომარეობა აქვს.

„წინა კვლევასთან შედარებით, ზრდა გვაქვს. ამ ტენდენციას თუ შევხედავთ, უკეთესობა გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა. ზოგადად, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დეპრესიული განწყობა და ქართული ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ამისთვის კონსოლიდაცია არის საჭირო. ოპოზიციის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ის ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს, შემდეგ პოლიტიკურ ქმედებებში ითარგმნოს, ეს არის მისაღწევი და ამას ვაკეთებთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პირადად ან თავისი სატელიტების საშუალებით, ანტიდასავლური კამპანია აქვს გაჩაღებული და უმტკიცებენ საქართველოს მოსახლეობას, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.

„ეს არის იმის შედეგი, რა ტიპის დეზინფორმაციის კამპანიასაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში. „მტრის ხატი“ ჰყავთ დახატული „ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ჩამოშორება ოპოზიციის საერთო რესურსების გაერთიანების გარეშე ძალიან რთული იქნება.

„ჩვენ ვეჭიდავებით ძალიან რთულ საბჭოთა მონსტრს, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს, აწყობილი საკომუნიკაციო არხები, შანტაჟისა და ზეწოლის ბერკეტები წინასაარჩევნოდ. ამასთან გამკლავება ერთობლივი ძალებით, მათ შორის რესურსების კონსოლიდაციის გარეშე ძალიან რთულია“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 25%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 12%; „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - 3%; „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ - 2%; „დროა - ელენე ხოშტარია“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი“ - 2%; „ხალხისთვის - ანა დოლიძე“ - 2%; „გირჩი“ - 2%; „პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი“ - 2%; „ლელო“ - 1%; „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - 1%; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ - 1%; სხვები - 2%; გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%; ხმას არ მივცემდი - 6%; არ ვიცი - 16%; უარი პასუხზე - 7%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს