მიხეილ სარჯველაძე - თუ კრიტიკას იმის გამო ვიღებთ, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას მოსამართლის მოხსნის უფლება არა აქვს, ეს ჩვენი გამარჯვებაა

ბრძოლა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, იმას არ გულისხმობდა, რომ პრეზიდენტს რომელიმე მოსამართლის მოხსნის უფლება უნდა ჰქონოდა - თუ კრიტიკას იმის გამო ვიღებთ, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას მოსამართლის მოხსნის უფლება არა აქვს, ეს ჩვენი გამარჯვებაა! - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მოსამართლეებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის პასუხად განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული უნდა იყოს, ნებისმიერი პოლიტიკური ხელისუფალს მოსამართლის მოხსნის უფლება ჰქონდეს.

“ეს ადამიანები უვადოდ სასამართლო ხელისუფლებამ დანიშნა - პოლიტიკურ ხელისუფლებას არ დაუნიშნავს! რაზე ვკამათობთ საერთოდ?! რატომ არა აქვს ხელისუფლებას იმ მოსამართლეების მოხსნის უფლება, რომლებიც არიან დანიშნული და რომლის მიმართაც ქალბატონ პრეზიდენტს პრეტენზია აქვს?! ეს სწორი და კორექტული განცხადება არ არის. არც მინდა ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც მოგვწონს თუ არა მოსამართლე, მას პოლიტიკოსები მოხსნიან ან არ მოხსნიან, ეს არასწორია.

სასამართლო მოსამართლეების დანიშვნას დღეს თავად წყვეტს - ამის ალტერნატივა კი არის ის, რომ სასამართლოს ამის უფლება არ ჰქონდეს და უფლება პოლიტიკურ ხელისუფლებას ჰქონდეს. თუ ასეთი სახელმწიფო გნებავთ და მიგაჩნიათ, რომ უფრო სწორია, თქვენი ნებაა - მე ასე არ ვფიქრობ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.

“რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე?! მე?! როდის?! მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ ისეთ ადგილებზე განაწესეს, საიდანაც მათ ვერავინ მოხსნის. სწორედ ისინი გვიბლოკავენ ევროპის გზას. ეს ვის აწყობს, რატომ არ ვკითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია?!“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო