შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

პარლამენტის სპიკერის თქმით, აღნიშნულზე მან იცის ზურაბიშვილის პოზიცია და ვერ ხედავს რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა ვინც ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას, ცდილობს, ხელი შეუშალოს გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას.

„მე არ მაქვს არანაირად ამის [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი [სალომე ზურაბიშვილის] პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თვითონაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანი საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა ვინც ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. რაც შეეხება [სააკაშვილის] დიაგნოზს, ამას ვერც მე გადავწყვეტ, ვერც პრეზიდენტი, ვერც ვერავინ. ეს გახლავთ ექიმების და სასამართლოს კომპეტენცია, რომ ამ საკითხზე იმსჯელონ და იცით, რომ ამაზე მიდის სასამართლო და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ აპირებს ხელისუფლება „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ვერავინ ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების პროცესში“.

„ჩვენ არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური პროცესი ფარსად და არ უნდა ვაქციოთ მართლმსაჯულების საკითხისადმი დამოკიდებულება პირად გემოვნებად, ასე, რომ საქართველოს მართლმსაჯულება ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების პროცესში. რაც არის განხორციელებული თუ მიმდინარე პროცესები თუ გამოტანილი განაჩენები - ეს არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებები, ყველა ვინც ცდილობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს ერევა მართლმსაჯულებაში, რაც კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი ევროპულია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აპირებდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად საშობაო ღვთისმსახურებაზე მისვლას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს ეკლესიის მრევლი, ეკლესიაში წირვას ყველა ინდივიდუალურად ესწრება.

„ეს გახლავთ შობის დღესასწაული, წირვა ეკლესიაში, რომელსაც ყველა ესწრება ინდივიდუალურად, როგორც საქართველოს ეკლესიის მრევლი. აქ არანაირად არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ვიღაცასთან დგას თუ არ დგას. ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენს ეკლესიაში და ეს არის მთავარი“, - დასძინა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო