სალომე სამადაშვილი - დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკვე განადგურებულია - ვფიქრობ, დასავლეთი დღეს ელოდება ქართველმა ხალხმა აჩვენოს, რომ ჩვენი არჩევანი არ არის ეს ხელისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ დაიღუპოს, დარწმუნებული ვარ, სანქციებისთვის თავის არიდება ივანიშვილისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება , - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ბიძინა ივანიშვილს სანქციების უნდა ეშინოდეს“.

„ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციების საფრთხე და ზოგადად მის ახალ სამართლებრივ მდგომარეობაში მოქცევა, კიდევ უფრო გამძაფრდება უკრაინის გამარჯვებასთან ერთად, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებამ საკუთარი პოზიციონირება მოახდინა იმგვარად, რომ დღეს ისინი არ აღიქმებიან უკრაინის მხარდამჭერებად და თავისუფალი სამყაროს ღირებულებების და დღის წესრიგის გამზიარებლად. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ერთად თუ შევკრავთ და იმას, თუ რა მოხდება, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში, დარწმუნებული ვარ, სანქციებისთვის თავის არიდება ივანიშვილისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. დღეს მისთვის კიდევ არსებობს შანსი - ეს არის სასამართლო და შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან. „ლელოს“ პოზიციაა, რომ ერთი თუ მეორე გზით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე უნდა გადარჩეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა 12-პუნქტიანი გეგმის შესახებ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მის პარტიას თავიდანვე სკეპტიკური განწყობა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია შეასრულებდა აღნიშნულ რეკომენდაციებს.

„ჩვენ, „ლელოს“ თავიდანვე გვქონდა სკეპტიკური განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ შეასრულებდა ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დააკისრა, რათა კანდიდატის სტატუსი მიეცა. ბიძინა ივანიშვილი იმ ხეს ვერ მოჭრის, რომელზეც ზის. როდესაც იმ პოლიტიკური სისტემის რეფორმას გთხოვენ, რომელზეც დგახარ და გეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებ, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმას გაატარებენ. გადის დრო და გვეუბნებიან, რომ არანაირი პროგრესი არ გვაქვს და როდესაც ოქტომბერში გაკეთდება შეფასება კანდიდატის სტატუსზე, მაღალი შანსია იმის, რომ ჩვენ დავრჩეთ კვლავ ხელცარიელი. როდესაც ეს დღე მოვა, „ქართულმა ოცნებამ“ რამე უნდა უთხრას ხალხს, თუ რატომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ისინი ხომ არ იტყვიან, რომ არაფერი გააკეთეს და საკუთარი ძალაუფლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მომავალი, ამიტომ მათ შექმნეს ფაბულა - რომ ჩვენ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რათა მოგვცენ, ჩვენ გვთხოვენ ომში თანამონაწილეობას და მეორე ფრონტის გახსნას. ეს რომ სისულელეა და მტკნარი ტყუილი, ეს არაერთხელ ითქვა, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან.

ურთიერთობები დასავლეთსა და საქართველოს შორის არის უკვე ძალიან გასაგებად დაზიანებული. შეგახსენებთ იმ დოკუმენტებს, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტში, სადაც პირდაპირ ჩაიწერა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა. ასეთ მინიმალურ ნიშნულზე საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია დასავლეთთან ურთიერთობები. ეს ურთიერთობები არის უკვე განადგურებული, უბრალოდ დასავლეთს აქვს საკუთარი სტრატეგიული ინტერესები ამ ქვეყანაში და მარტივად ხელს არ დაიბანს ამ ქვეყნის მომავალზე. ვფიქრობ, რომ დასავლეთი დღეს ელოდება იმის დემონსტრირებას, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანით აჩვენოს ის, რომ ჩვენი არჩევანი არ არის ეს ხელისუფლება, რომელიც არის ღიად ანტიდასავალური“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო