საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესაუბრება საერთაშორისო მსხვილ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციით და ამ შეხვედრებით ჩვენს ქვეყანას ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მართავს საინტერესო შეხვედრებს იმ კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით.
„დავოსში გრძელდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. აღნიშნულ პლატფორმას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა - ერთი მხრივ, ეს არის პოლიტიკური შეხვედრები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მართავს კოლეგა ლიდერებთან და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. მეორე მხრივ, ეს არის ეკონომიკური განზომილება, სადაც სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო ბიზნესკომპანიები, რომლებიც წარმოდგენილები არიან დავოსში, ეძებენ იმ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, სადაც შეიძლება ინვესტიციების ჩადება და სწორედ ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მართავს საკმაოდ საინტერესო შეხვედრებს კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალით და დღეს არსებული შესაძლებლობების ფონზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს საერთაშორისო პარტნიორებს. ვფიქრობ, ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესაუბრება საერთაშორისო მსხვილ კომპანიებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციით და ამ შეხვედრებით ჩვენს ქვეყანას ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.