შალვა პაპუაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის საკითხს კენჭისყრაზე არ დავაყენებ და შესაძლებლობას მოგცემთ, კონსულტაციები გაიაროთ, რათა იყოს კონკრეტულ კანდიდატებზე კვალიფიციური უმრავლესობის მოგროვების შესაძლებლობა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს მომდევნო კვირას კენჭისყრაზე არ გაიტანს. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, აღნიშნულით ის პოლიტიკურ ჯგუფებს კონსულტაციების გავლის საშუალებას მისცემს.

„რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხზე კენჭისყრას, უმრავლესობის ფრაქციასთანაც მქონდა ამაზე საუბარი. მიმდინარე კვირას არ გამოვიტან ამ საკითხს კენჭისყრაზე, ამიტომ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა გექნებათ ამ საკითხებთან დაკავშირებით კვლავ იმსჯელოთ და ნახოთ, მოსინჯოთ. დღის წესრიგში არის, მაგრამ მიმდინარე კვირას კენჭისყრაზე არ დავაყენებ და შესაძლებლობას მოგცემთ ამაზე კონსულტაციები გაიაროთ და სცადოთ, რომ გარკვეული კანდიდატების გარშემო იყოს კვალიფიციური უმრავლესობის მოგროვების შესაძლებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხი პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგშია ასახული.

პარლამენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90-ხმიანი კონსენსუსი სჭირდება, წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე კი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ არსებობს.

თითქმის ორი წელია საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში კონკურსი 30 სექტემბერს გამოცხადდა და განაცხადი 32-მა პირმა გააკეთა, თუმცა შეთანხმების არარსებობის გამო პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ვერ ახერხებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება