გია ხუხაშვილი - „ვივამედის“ წარმომადგენლებს სისტემისგან საფეთქელზე იარაღი აქვთ მიბჯენილი - ეშმაკთან კონტრაქტს მოაწერეს ხელი

გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

ექსპერტი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია „ბრძოლისთვის მზად არის“.

„გამორიცხული არაფერი არ არის. როდესაც ხელისუფლების მოქმედება ყველას და ყველაფრის კონტროლზეა ორიენტირებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გახარიასი რაც მომწონს, ამ ბრძოლისთვის მზად არის. ის არ არის ადამიანი, რომელიც შეტევებისგან დაფრთხება და ბუჩქებში წავა, განსხვავებით კობახიძისგან, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ნახავთ, სად მოცოცხავს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა შეაფასა გიორგი გახარიას მიმართ, მისი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიძინა ივანიშვილს ეპრანჭებიან“, მაშინ, როდესაც „გახარიას უტევენ“.

„კობახიძის გესლიან ბჟუტურს პოლიტიკურ კომენტარს ვერ დავარქმევდი. იუმორის ნატამალი არ აქვს, ვითომ ხუმრობას იწყებს - ინტელექტისგან დაცლილი, გაუგებარი არსება. ვფიქრობ, რომ ისინი გახარიას უტევენ ბიძინას გასაგონად, რადგან ბიძინასთვის გახარია მაინც არის მტკივნეული თემა, მას ეპრანჭებიან“, - დასძინა ხუხაშვილმა.

გადაცემაში ხუხაშვილმა ისაუბრა საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც.

წამყვანმა ხუხაშვილს ჰკითხა „ვივამედის“ ექიმების მიმართვის შესაძლებლობაზე ხელისუფლებისადმი, გადაიყვანონ სხვა კლინიკაში, რაზეც ხუხაშვილმა უპასუხა, რომ მათ „სისტემასთან უკვე მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი“, შესაბამისად, ვერ გაბედავენ.

ხუხაშვილი ამბობს, რომ „ვივამედის“ წარმომადგენლებს „საფეთქელზე იარაღი აქვთ მიბჯენილი“.

„ადამიანებს, ვინც ახლა საუბრობს, მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ექიმები, რადგან მათ სისტემასთან ხელშეკრულებაზე უკვე მოაწერეს ხელი, რომ სისტემის ინსტრუქციების ქვეშ მუშაობენ, იქიდან დავალებებს იღებენ. რა თქმა უნდა, ისინი დიდი სიხარულით გააკეთებდნენ ამას, რასაც ამბობთ, ლოგიკურად ამას უნდა აკეთებდნენ, მაგრამ თქვენ დაშვებას აკეთებთ, რომ ისინი არიან თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც თავისუფლებად შეუძლიათ იმოქმედონ, სინამდვილეში ასე ხომ არ არის. მათ სისტემისგან საფეთქელზე იარაღი აქვთ მიბჯენილი. ვერ გაბედავენ, ვერ გააკეთებენ, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში პატარ-პატარა ვირეშმაკობებს ცდილობენ, რომ ცოტათი მაინც პასუხისმგებლობა მოიხსნან. როდესაც ექიმი იმაზე იწყებს ლაპარაკს, რომ პაციენტი, თურმე საჭმელს არ ჭამს. რა შუაშია, პაციენტი არის ავად, თვითონ ადასტურებენ, რომ მდგომარეობა მძიმდება და მძიმდება. მას მკურნალობა უნდა, ჭამა არის მკურნალობა?’’, - აღნიშნა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ მას „ვივამედის“ წარმომადგენლები არ ეცოდება, რადგან „ეშმაკთან კონტრაქტს თვითონ მოაწერეს ხელი“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა