ჯოზეფ ბორელი - პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ამ წამს გავიგე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პრეზიდენტ პუტინის დასაკავებლად ომის დანაშაულებისთვის - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ პუტინი პერსონალურ პასუხისმგებლობას ატარებს ამ დანაშაულებისთვის”, - განაცხადა ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ დანაშაულების სიმძიმე და ჰააგის სასამართლოს განცხადებები “ყველაფერს ამბობენ”.

„ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება