ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2023

თორნიკე შარაშენიძე - “პრეზიდენტი განცხადებების მიღმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს”

რა შედეგს მოუტანს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება

კახა გოგოლაშვილი - “ხალხი თუ მოინდომებს, აიძულებს ხელისუფლებას მას მოუსმინოს”

რა ბერკეტებს მიიღებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავჯდომარეობით

დავით უსუფაშვილი - “ოცნება” უნდა დაფიქრდეს, რამ მიიყვანა პრეზიდენტი ამ დონემდე”

* * *

თორნიკე შარაშენიძე - “პრეზიდენტი განცხადებების მიღმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს”

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ნამდვილად კრიტიკული და ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილით სავსე იყო. აშკარაა, რომ მას აქვს ხელისუფლებასთან შედარებით მორალური უპირატესობა, მაგრამ რა რეალური გავლენა აქვს მას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე? - ფაქტობრივად, არაფერი, საკანონმდებლო ბერკეტი მას არა აქვს, შეუძლია ვეტოს გამოყენება, მაგრამ შესაძლებელია ის ვეტოც დაიძლიოს. არც აღმასრულებელი ბერკეტი აქვს. გარდა იმისა, რომ მას ქვეყნის ევროინტეგრაციული წინსვლა ნამდვილად სურს, ვფიქრობ, ამ განცხადების მიღმა ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალზეც ფიქრობს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის პოსტზე ერთი წელიწადი დარჩა და სურს ვადის გასვლის შემდეგაც აქტუალური იყოს ქართულ პოლიტიკაში. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უცხოეთში რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაშიც დასაქმდეს. მოგეხსენებათ, საფრანგეთის მოქალაქეც არის და ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერაც ჰქონდა. რეპუტაციულად მისი განცხადებები ნამდვილად სწორია. ის იმეორებს იმ კრიტიკას, რაც დასავლეთიდან ისმის. პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდგომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ოპოზიციაში გადავიდეს, ვნახოთ...” - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრეზიდენტი განცხადებების მიღმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს”.

გიორგი მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის ძალიან მალე დასრულდა თაფლობის თვე. სალომე ზურაბიშვილთან აშკარად სხვა ვითარებაა, აშკარად უტოვებენ უკან დასახევ გზას ერთმანეთს, ყველა ხიდი ჯერ ბოლომდე დამწვარი არ არის. ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძის განცხადებაც ამას მოწმობს, როდესაც თქვა, პრეზიდენტს ჯერ არ გადაუკვეთია წითელი ხაზებიო. რას გულისხმობდა, ზუსტად არ ვიცით, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წითელი ხაზები შეიძლება იყოს სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალება, თუმცა, ჩემი აზრით, გულისხმობენ იმას, რომ ზურაბიშვილს ბევრივით ჯერ პირდაპირ არ გამოუცხადებია ეს ხელისუფლება რუსეთის მსახურად. ამასთანავე, არც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობ, პირველი უფრო მნიშვნელოვანი თემაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ხელისუფლების ანტიდასავლურად შეფასებული რიტორიკას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, უპირველესად კი, რუსეთ-უკრაინის ომი. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უნდა იყოს ფრთხილად, რათა საქართველო შარში არ გაეხვიოს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, უბრალოდ, ზოგჯერ სიფრთხილეში აჭარბებენ. მეორე - მათ ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ სააკაშვილის ფაქტორი, ვერ გაარკვიეს, რა უყონ. ჩემი აზრით, ის აქამდეც უნდა გაეშვათ ქვეყნიდან, მაგრამ რატომღაც ეს არ გააკეთეს და ახლა ეს მძიმედ აწვება საქართველოს რეპუტაციას. რა მნიშვნელობა აქვს, არ თუ ვერ ჭამს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, ამიტომ ეს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პრობლემაც არის. არადა, შეეძლოთ ეს პრობლემა თავიდან მოეშორებინათ, გაეშვათ სადმე სამკურნალოდ. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ... თუ უცხოეთში მისი შესაძლო პოლიტიკური აქტიურობა აშფოთებთ, ის წლების განმავლობაში იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იყო საკმაოდ აქტიურიც, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი ამას ამ ხელისუფლებისთვის არ მიუყენებია. ჩემი აზრით, დღეს სააკაშვილის აქ ყოფნით ქვეყანაც და ხელისუფლებაც უფრო მეტად ზარალობენ, ვიდრე ამას უცხოეთიდან შეძლებდა. ამას მესამე ფაქტორად ემატება “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდა, რასაც, როგორც წესი, საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება ცდილობდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“არასწორი ნაბიჯი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ გადადგას, არის ე.წ. აგენტების კანონპროექტის ისევ პარლამენტში დაბრუნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას არ გააკეთებს. თუ ეს გაკეთდა, მაშინ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება განგებ იქცევა ისე, რომ დასავლეთს საქართველოზე უარი ათქმევინოს. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე სხვა ვერც ვერაფერი წარმომიდგენია ისეთი, რაც ევროკავშირს ჩვენზე უარს ათქმევინებს. ვფიქრობ, ევროპაშიც კარგად აქვთ გააზრებული, რომ საქართველოსთვის სტატუსის კიდევ ერთხელ არმიცემა, არც ჩვენი ქვეყნისთვის მოიტანს კარგს და არც მათთვის. თუ ვინმე იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში აქ რევოლუცია მოხდება და ხელისუფლებაში მოვლენ უფრო ჯანსაღი, დემოკრატიული ძალები, ცდება. ეს, ვფიქრობ, რომ არ და ვერ მოხდება. სტატუსზე უარის თქმას ასევე მოჰყვება ქართველი საზოგადოების იმედგაცრუება და ნიჰილისტური განწყობა ევროპის მიმართ. თუ ტექნიკურ პარამეტრებს შევხედავთ, საქართველო არც უკრაინას ჩამორჩება და არც მოლდოვას. ვფიქრობ, მოსახლეობა, რომელმაც ასე იბრძოლა 7-8 მარტს, არ უნდა დაისაჯოს ხელისუფლების გადაცდომების გამო”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.

“აქვე ვიტყვი ბარემ - სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. ოპოზიცია იმდენად მძიმე დღეშია, “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი გაისად კიდევ მოიგოს არჩევნები, მაგრამ პრობლემა ის იქნება, რომ მოგების მიუხედავად, მას ლეგიტიმაციის ძალიან სერიოზული პრობლემა ექნება. შეიძლება მოიგონ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა, რადგან ვერ ხედავს ალტერნატივას, ეს კი იქნება იმის ნიშანი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვითომ არჩეული ხელისუფლების მხარდამჭერი არ იქნება. რაღაც უნდა მოიფიქრონ ამის დასაძლევად. შეიძლება გაიმარჯვონ, მაგრამ ამის მერე ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის პირობებში რამდენად მოახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს იქნება საკითხავი. ვფიქრობ, ძალაუფლება სხვას უნდა გაუყონ, რაღაც უნდა ქნან... ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ეს მარტო მისი პრობლემა არ არის, ეს ხელისუფლების პრობლემაც არის. უბედურება იქნება, “ქართული ოცნების” კიდევ ოთხი ვადით ხელისუფლებაში დარჩენა”, - თვლის რესპონდენტი.

“მომავალი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ როგორ წარიმართება ომი უკრაინაში. თუ ომი ამ არჩევნებამდე გაიწელა და კვლავ ვერ გამოჩნდა უკრაინის გამარჯვების რეალური შანსი, ეს “ქართულ ოცნებას” გარკვეულწილად დაეხმარება არჩევნებში. თუ წელს უკრაინა რუსეთის სამხედრო ნაწილებს არ მიაყენებს მძლავრ კონტრდარტყმას, მერე უფრო და უფრო გაუჭირდება ომის მოგება. ველი, რომ წელს უკრაინა ფრონტზე მნიშვნელოვან გარღვევას მოახერხებს.... ოპოზიციისთვის მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მოწყვეტილი არიან საზოგადოებას. ისინი ხალხის აზრს არ ახმოვანებენ. სანამ ეს არ გამოსწორდება, ვინ სად გადაჯგუფდება და ვინ ვის შეუერთდება, ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც კრილოვის “კვარტეტის” შემთხვევა. საზოგადოებასთან გაუცხოების პრობლემა აქვს მთელ პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის სახელისუფლებო ძალას, მაგრამ ხელისუფლებას ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი ძალიან დაცემულია, მას მაინც უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე ოპოზიციურ ძალებს. ამ ვითარების შეცვლა უფრო ოპოზიციას სჭირდება, ვიდრე ხელისუფლებას. ამიტომაც სწორედ ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ძირფესვიანად მუშაობის პრინციპი”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე აქციაა დაგეგმილი, რომლის მთავარი თემა კვლავ ქვეყნის ევროინტეგრაციის შეუქცევადობა იქნება...” - პასუხობს:

“რაც თავი მახსოვს, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, დაანონსებულ აქციებს ველოდებით, სულ იმის მოლოდინია, არიქა, რა მოხდებაო. არაფერიც არ მოხდება. 7-8 მარტს ქუჩაში მასშტაბური პროტესტი განაპირობა ხელისუფლების შემოტანილმა ისეთმა კანონპროექტმა, რომელსაც არ ეთანხმებოდა უპირველესად საზოგადოების აქტიური, განათლებული ფენა. ისინი გამოვიდნენ ქუჩაში, მათ შეუერთდა სტუდენტობა, საზოგადოების ყველაზე უფრო მობილური და ძლიერი ნაწილი. მათ ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნა და ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია. ახლა რის გაპროტესტებას აპირებენ, ჩემთვის ბუნდოვანია, ვიმეორებ, მარტის პროტესტისას კონკრეტული პრობლემა ყველასთვის ცხადი იყო. ახლა არ მესმის, ხალხი რამ უნდა გააბრაზოს, გააერთიანოს და ქუჩაში გამოიყვანოს”

რა შედეგს მოუტანს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება

“ევროკომისია მზადაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გასცეს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, წლის ბოლოს გვექნება თუ არა სტატუსი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება, რომ ყველა მიმართულებით სექტორალურად განვითარდეს და წევრ ქვეყნებს გაუთანაბრდეს. ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, კანდიდატის სტატუსი არის ბიძგი ქვეყნის განვითარებისკენ, მოლაპარაკებები 11 მიმართულებით იხსნება და დახმარების პაკეტები რეფორმებზე იქნება ორიენტირებული, რასაც ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები საკუთარ თავზე იგრძნობს. როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო ურთიერთობების ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, კანდიდატის სტატუსის მიღება ახალი პროგრამების დაწყებას ნიშნავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩიას თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება იმ ყველა სფეროში, რომ ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის მოემზადოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შედეგს მოუტანს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება.

“პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომ თავი დავანებოთ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ევროკავშირი ეხმარება, რომ სექტორულად მისი ყველა დარგი ევროკავშირს გაუთანაბრდეს, რაც აბსოლუტუირად ყველა მიმართულებით ახალი პრორამების დაწყებას ნიშნავს, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, სოციალური სფერო თუ სხვა. ეს მხოლოდ მოლაპარაკებები არაა, ესაა რეფორმებზე ორიენტირებული დახმარებების პაკეტები, რაც ქვეყნის გაუმჯობესებას ემსახურება და რასაც ქალაქად თუ სოფლად მაცხოვრებელი იგრძნობს. მოლაპარაკებები 11 მიმართულებით იხსნება, ეს ბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, სოციალური დაცვა, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც საქართველოს თითოეული მოსახლე საკუთარ თავზე იგრძნობს. ეს აბსოლუტურად ყველა სფეროში უკეთესი ცხოვრების პირობებს ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ განცხადება არაა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ქვეყანას პარტნიორად განიხილავს, ის ამ ქვეყანას ეხმარება, მათ შორის ფინასურად, რომ კლუბის წევრი გახდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ევროკომისია მზად იყო, რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია შარშანაც გაეცა, მაგრამ ჩვენ ჩვენი თვითდამაზიანებელი რიტორიკით მოვახერხეთ და ეს რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორებს გადავაფიქრებინეთ. თუ ჩვენ პარტნიორების ლანძღვას შევწყვეტთ, რეფორმებზე ძალისხმევას მივმართავთ და ვაჩვენებთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ სიტყვით კი არა, არამედ მართლაც მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და მზად ვართ, რომ ერთად ევროპული მომავლისათვის ვიმუშავოთ, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ამ შემთხევაში მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, რომ არ გავაფუჭოთ ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს. სექტორალური შეფასების კონტექსტში, საქართველო წინაა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური რიტორიკა და ის, რასაც ახლა ჩვენ ვაფუჭებთ, იმდენად გვაზიანებს, რომ იმ წლების განმავლობაში გაკეთებულს ვაფუჭებთ. სექტორალური მიღწევები ესაა წლების და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგი, მაგრამ, აი, ამ ჩვენი თვითდამაზიანებელი რიტორიკით იმდენს ვაფუჭებთ, რომ იმასაც ხაზს ვუსვამთ”, - დაასკვნის ფხალაძე.

“სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირი უკვე ქვეყანას მოიაზრებს, როგორც კანდიდატს. სტრუქტურული დაფინანსება იქნება. აქამდეც ხომ დახმარება იყო, მაგრამ ახლა უკვე ეს თანხები იმისთვის გამოიყოფა, რომ ქვეყანა ევროკავშირისთვის მოამზადოს - ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ევროკავშირის სტანდარტებთან ახლოს მივიდეს, რომ შემდეგ მასში ჩართვა არ გაუჭირდეს. ევროკავშირი ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნები მოამზადოს არა მხოლოდ კანონმდებლობის კუთხით, არამედ სექტორული, ეკონომიკური და სხვა სფეროებში. ევროკავშირი სამხედრო ბლოკი არაა და ასე პირდაპირ სამხედრო სვეფროში დახმარება რამდენად იქნება, არ ვიცი, თუმცა, ამ ბოლოს ყველაფერი შეიცვალა და ფინანსური დახმარება შეიძლება იყოს. კიბერუსაფრეთხოების და სხვა სფეროების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა თანხების გამოყოფა იქნება, ამას აკეთებენ კიდეც. იმაზეც არის საუბარი, რომ ევროკავშირმა ქვეყნებისთვის უფრო მეტი გააკეთოს, განსაკუთრებით მოლდოვასა და საქრათველოსთვის, რომელიც რისკის ზონაში არიან”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

კახა გოგოლაშვილი - “ხალხი თუ მოინდომებს, აიძულებს ხელისუფლებას მას მოუსმინოს”

“რა დეპოლარიზაციაზეა საუბარი, როდესაც, სხვა თუ არაფერი, მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. მას კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი და ამის ნაცვლად, ვინც მასზე კრიტიკული აზრი გამოთქვა, ლანძღვა-გინებით პასუხობდა. შესაძლოა ხელისუფლებამ ისევ ოპოზიციას დააბრალოს და თქვას, რომ ოპოზიციამ გამოიწვია, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, დეპოლარიზაცია და 12 პუნქტის შესრულება გადაცემული აქვს ხელისუფლებას და ვალდებულია შეასრულოს, არათუ გააღრმავოს პოლარიზაცია. მეორე - როგორ შეიძლებოდა ისეთი კანონის წამოწევა, რომელზეც ყველა აფრთხილებდა, რომ პოლარიზაციას გაზრდიდა. ხელისუფლება რომც თვლიდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კონსპირაციულ ურთიერთობაში არიან დასავლეთში არსებულ ძალებთან, რომ დაამხონ ხელისუფლება და მერე ომი გამოუცხადონ რუსეთს, ჯერ ხომ აბსურდულია, მაგრამ შეიძლება ამ რიტორიკით ელოდო, რომ დეპოლარიზაცია მოხდება და ხელისუფლებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაეხუტებიან?!” - აცხადებს ექსპერტი, “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხალხი თუ მოინდომებს, აიძულებს ხელისუფლებას მას მოუსმინოს”.

“როგორც მინიმუმ, ამ ორი ფაქტიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ დეპოლარიზაციის და ამ 12 პუნქტის შესრულებას ხელისუფლება არ აპირებს. ამ დროს გაიძახიან, გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და არ მოგვცეს, ვალდებული არიან, მოგვცენო. ასეთი აზროვნება ინფანტილიზმია პოლიტიკაში. ხელისუფლებამ სცადა კი შეთანხმებულიყო ოპოზიციასთან რომელიმე საკითხზე, ერთად გაეკეთებინათ რამე, რათა გარეგნულად მაინც ეჩვენებინათ ევროკავშირისთვის, აი, ერთად ვმუშაობთ რაღაცებზეო? 31 მარტს “ოცნება” მთაწმინდაზე ავიდა ზვიად გამსახურდიას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მარტო რატომ ავიდნენ, რა, ზვიად გამსახურდია ან ოპოზიციის, ან არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტი არ იყო? მხოლოდ მმართველი ძალის პრეზიდენტი იყო და რეფერენდუმი მხოლოდ “ოცნების” სასარგებლოდ ჩატარდა? ასეთ მარტივ რაღაცებზე მაინც რატომ ვერ ახერხებენ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებას იმის საჩვენებლად, რომ რაღაც საკითხებში მაინც არიან ერთსულოვანი. როდესაც პირად ან ჯგუფურ ინტერესებს აყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, როგორ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ამას დაგიფასებს ევროპა, აღტაცებით შემოგხედავს და იტყვის, რაც შეიძლება მალე უნდა მიგიღოთ ევროკავშირშიო. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ძალიან ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ ხელისუფლებასთან დიალოგს. მართალია, ხანდახან რაღაც შეხვედრების გამართვა ხერხდება, მაგრამ ამის რეალური შედეგები არ ჩანს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“მაგალითად, “აგენტების კანონის” თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და არგუმენტირებულად აუხსნეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ არავის აზრი არ გაითვალისწინეს. ეს კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას მარტო ყოფნა სურს, არ სჭირდება ოპონენტი და მით უმეტეს, კრიტიკოსი. ასეთ მდგომარეობაში ევროკავშირი თავის წიაღში ვერ მიგვიღებს, რადგან ის არ არის ექსკლუზიური საზოგადოება, პირიქით, ძალიან ინკლუზიურია, ყველას ჩართვას ცდილობს. მხოლოდ დეპოლარიზაციის პრობლემა რომ გვქონდეს, შეიძლებოდა ფოკუსირება მთლიანად ამაზე მოგვეხდინა, მაგრამ დანარჩენი, რაზეც ამბობენ, შესრულებულიაო, როგორ არის შესრულებული? დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიამ იმდენი შენიშვნა გამოგზავნა, ახალია დასაწერი, რომ ევროკავშირისთვის მისაღები იყოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება მედიათავისუფლებას, გვარამია ციხეშია, პრაქტიკულად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თითქოს “რუსთავი 2” გააკოტრა და ამ დროს კარგად იციან, რომ ამისთვის მას 50-ათასლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული და მეტი არაფერი. ციხეში კი იმ საბაბით ზის, რომ ფარული თვალთვალის შედეგად ფოტო გადაუღეს, მისი სამსახურის მანქანით როგორ მიიყვანეს რამდენჯერმე მისი შვილი სკოლაში. წარმოუდგენელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ ეს არ არის მედიაზე ზეწოლა და პოლიტიკური შურისძიება. თანაც, დღე არ გავა, სარჩელი არ შეიტანონ მედიასაშულებების მფლობელების წინააღმდეგ ან ცილისმწამებლური კამპანია არ ააგორონ. პრაქტიკულად არავინ დასჯილა მედიაზე თავდასხმისთვის, რომელიც 2021 წლის ზაფხულში მოხდა. ამიტომაც არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამ პუნქტსაც შესრულებულად ჩაგვითვლიან”. - მიიჩნევს ექსპერტი. “სასამართლო რეფორმაში მთავარი იყო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა და რაც მიიღეს, ახლოსაც არ არის ამასთან. საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რასაც ეუთო/ოდირი ითხოვდნენ, და ძალიან მაღალი საარჩევნო ბარიერის დაწევას უკავშირდება, არ შესულა. შეუძლებელია არსებულ ვითარებაში 5%-იანმა ბარიერმა დემოკრატიული განვითარებისთვის პირობები შექმნას. არაფერია გაკეთებული საარჩევნო გარემოს შესაცვლელად, რათა არ იყოს ისეთივე ძალადობრივი გამოვლინებები და ა.შ. ასევე არ არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც. ამას დავუმატებდი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომ ყველა კონსპირაციული თეორია, თითქოს დასავლეთს სურს ომში ჩაგვითრიოს, აბსოლუტური აბსურდია, მაგრამ ამას უჩიჩინებენ მოსახლეობას, რათა წარმოდგენა შეუქმნან, რომ არც ისე კარგია ევროპა. სამაგიეროდ, თვითონ არიან ყველაზე კარგები და ევროპა არ გვჭირდება. ცუდი ისაა, რომ ეს საზოგადოების რაღაც ნაწილზე გავლენას ახდენს, რადგან ჩვენ ახლა ორუელისეულ ხანაში ვცხოვრობთ, სიმართლე გაუფასურებულია - ხალხი იმას უსმენს, ვინც მეტს ლაპარაკობს, და არა იმას, ვინც სიმართლეს ამბობს”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

“სწორედ ამ მეთოდს იყენებენ, ყოველდღე უჩიჩინებენ ხალხს, ომში უნდათ ჩაგვითრიონ, რომ იქნებ როგორმე ევროპა შეაზიზღონ და მერე უარს რომ გვეტყვიან კანდიდატის სტატუსზე, თქვან, ჩვენ ომში უნდა ჩავეთრიეთ სტატუსის სანაცვლოდ და ჩვენ მშვიდობა ავირჩიეთო. მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმედი, რომ სასწაული მოხდება და ჩვენ მაინც მიგვიღებენ, რადგან ევროპამ დაინახა, როგორ მაღლა ვწევთ ევროკავშირის დროშას, როგორ გამოვდივართ, ვაპროტესტებთ. ევროკავშირის ინსტიტუტებში მართლა აღფრთოვანებით უყურებენ, ქართველი ხალხი როგორ ისწრაფვის ევროპისკენ. კი ბატონო, მოსახლეობა უჭერს მხარს, მაგრამ ხელისუფლება სხვა მიმართულებით მოქმედებს. ამიტომაც აქ სასწაული არ მოხდება. სასწაულის მოხდენა მხოლოდ ხალხს შეუძლია. მან უნდა აიძულოს ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც მას სურს და არა რაღაც სინდიკატს, პირთა რომელიღაც ჯგუფს, რომელსაც ხელში ძალაუფლება ჩაუვარდა. ხალხი თუ მოინდომებს, აიძულებს ხელისუფლებას მას მოუსმინოს. ამას საზოგადოების დიდი ძალისხმევა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა და ხელისუფლებასთან მკაცრი დიალოგი სჭირდება. თუ ამას შეძლებს ქართველი საზოგადოება, მაშინ შესაძლებელი იქნება ეს სასწაული მოხდეს და ევროკავშირმა თქვას, ღირსები არიან არა მარტო კანდიდატობის, არამედ წევრობისაცო. მე ეს მგონია გამოსავალი”, - დასძენს გოგოლაშვილი.

რა ბერკეტებს მიიღებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავჯდომარეობით

“რუსეთმა 1-ელი აპრილიდან როტაციის პრინციპით ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა გადაიბარა, რაც ომში მყოფი უკრაინის ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით მიუღებელია და აცხადებენ, რომ ეს “საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს”. ამასთან, ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია ნამდვილად კრიზისშია და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში რეორგანიზაციას საჭიროებს. ამასთან, რა ბერკეტები უჩნდება რუსეთს, საერთაშორისო ანალიტიკოსების განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი შეხვედრებს წაიყვანს და ლომის წილი ექნება იმაში, რომ დღის წესრიგი განსაზღვროს. რუსეთის მიერ განსაღვრული დღის წესრიგი კი ძალიან ცუდია. “გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ბერკეტებს მიიღებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავჯდომარეობით.

“დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა, ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა. ავდეევკადან, დონბასში. მშობლები დაჭრილები არიან. რუსული არტილერია ისვრის და ამავდროულად რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. რთულია რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას”, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია და არ იქნება ისეთი მიზეზი, რომელიც გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას შეაჩერებს. “ტერორისტები უნდა აგებდნენ, ტერორისთვის პასუხს უნდა აგებდნენ და არა თავმჯდომარეობდნენ, სადაც მოესურვებათ”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კი წერს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ორგანიზაცია კრიზისშია და ნამდვილად საჭიოროებს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების სფერო გადაიხედოს. “ვერ ვიტყვი, რომ ამით რუსეთს რაიმე ბერკეტები გამოუჩნდება, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში რუსეთის, ან თუნდაც მისი მოკავშირე ჩინეთის სასარგებლო რაიმე რეზოლუცია ვერ იქნება მიღებული, რადგან ყოველთვის პრორუსული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ვეტოს დაადებენ. შესაძლებელია ჩინეთმა არა, მაგრამ ეს იგივე ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა გააკეთოს. “გაეროს უშიშროების საბჭო ხუთი მუდმივი და ათი არამუდმივი წევრითაა წარმოდგენილი. არამუდმივი წევრები ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. აქ საქმე ისაა, რომ რუსეთს არანაირი ზნეობრივი უფელება არ აქვს, რომ გაეროს უშიშრობის საბჭოს ფორმატს თავმჯდომარეობდეს. გაეროს წესდების მეშვიდე თავის მიხედვით, უშიშროების საბჭო მთავარი პასუხისმგებელი ინსტიტუტია მსოფლიო მშვიდობისა და სტაბიულურობის უზრუნველყოფაზე, კონფლიქტების დარეგულირებაზე და ა.შ.”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე, რომლის თქმით “რუსეთი კი მშვიდობის გარანტი რამდენადაა, ყველამ კარგად ვიცით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ორგანიზაცია ნამდვილად კრიზისშია, გაერო, როგორც საერთაშორისო უნივერსალური ორგანიზაცია, მშვიდობის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, მსოფლიოს სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანოა. გაეროს ბიუჯეტის 80%-ზე მეტი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისთვის გამოიყოფა, რაც შეეხება მშვიდობას, სტაბილურობას და კონფლიქტების დარეგულირებას, აქ გაერო მოისუსტებს. პრობლემა ისაა, რომ რუსერთისნაირი სახელმწიფო გაეროს უშიშროების მუდმივი წევრია, ამიტომაც გაერო რეორგანიზაციას საჭიროებს. რუსეთს მუდმივი წევრობის სტატუსი უნდა გაუუქმდეს, ან უფლებამოსილება შეუწყდეს. გაეროს წესდება იშვიათად იცვლება, ცალკეული მუხლები სულ 3-4 ჯერ შეიცვალა. ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთან დაკავშირებით ზომები უნდა მიიღოს. საერთო ჯამში უკეთესი იქნება, რომ საბჭოში მუდმივი წევრობის სტატუსი გაუუქმდეს, გაეროსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდგება”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

“გაეროს საქმიანობა გადასახედია, როგორც თავის დროზე ერთა ლიგამ არსებობა საერთოდ შეწყვიტა იმის გამო, რომ მეორე მსოფლიო ომი ვერ აღკვეთა, დღეს გაეროს საერთოდ გაუქმებაზე არ უნდა იყოს საუბარი, რადგან სხვა პროგრამებიცაა, სადაც შედარებით წარმატებულია, მაგრამ მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში რეფორმირებას საჭიროებს”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე. “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი აცხადებს, რომ გაეროში კრიზისი უკვე დიდი ხანია არსებობს და ახლა უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯომარეობა ორგანიზაციის იმიჯისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია, ჰააგის გადაწყვეტილებისა და იმ მოვლენების ფონზე, რაც მსოფლიოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ხდება”. - დასძენს გამოცემა.

“გაეროს კრიზისი დიდი ხანია არსებობს, რადგან, რამდენი ხანია მნიშვნელოვან საკითხებზე რეზოლუციებს ვეღარ იღებს. ყველაფერი იბლოკება და ცარიელი ლაპარაკი გამოდის. ერთადერთი, გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციებს, სადაც რუსეთის აგრესიას და ბევრ სხვა რაღაცას გმობს, მაგრამ მას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და იურიდიულ პასუხისმგებლობას არ ატარებს. ეს ფორმალური საკითხია, უბრალოდ ვადა მოუვიდა, რომ თავმჯდომარეობდეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი შეხვედრებს წაიყვანს და ლომის წილი ექნება იმაში, რომ დღის წესრიგი განსაზღვროს. რუსეთის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგი კი ძალიან ცუდია, თუმცა, იმის შესაძლებლობა საკმაოდ მცირე აქვს, რომ უშიშროების საბჭოს სხვა წევრს რაღაც საკითხების განხილვაზე უარი უთხრა, რომელიც პროცედურულად შესულია, ან პროცედურა დაარღვიოს. პრინციპში, თავმჯდომარეს ძალიან დიდი თავისუფლებაც არ აქვს, მაგრამ ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ თავისთავად გაეროს იმიჯისთვის ძალიან დამაზიანებელია”, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, რომლის აზრით, გაეროს რეფორმა ადრე თუ გვიან გარდაუვალია - თუ ომი რუსეთის სრული კრახით დამთავრდა, გაეროს რეფორმა აუცილებლად მოხდება, რადგან შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანას უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება დარჩეს”, - წერს სტატიის ავტორი.

დავით უსუფაშვილი - “ოცნება” უნდა დაფიქრდეს, რამ მიიყვანა პრეზიდენტი ამ დონემდე”

“სახელმწიფო მხოლოდ მაშინ დაემსგავსება სახელმწიფოს, როდესაც გამოვკვეთთ სამი ინტერესის სფეროს - ეს არის კერძო ინტერესი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ახლობლების კეთილდღეობას, მერე პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე თემებზე კამათს, კონკურენციას, არჩევნებში გამარჯვებას თუ დამარცხებას და მესამეა ეროვნული ინტერესები! ეროვნული ინტერესების თაობაზე სხვადასხვა ერი და საზოგადოება წლების განმავლობაში ყალიბდება და ამ ყველაფერს თავს უყრის კონსტიტუციაში. ეს უნდა დავაყენოთ ყველასა და ყველაფერზე მაღლა. საქართველოს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და მშვიდობიანი თანაარსებობა ცივილიზებულ სამყაროსთან. ამის მიღწევა შეუძლებელია ერთიანობის გარეშე. აი, ეს არის დეპოლარიზაცია, და არა ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი შეხედულებები არ ჰქონდეთ. მთავარია პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთი მოსისხლე მტრებად, მოღალატეებად, ჯაშუშებად არ წარმოვაჩინოთ, სახელმწიფო შუაზე არ გავხლიჩოთ”, - აცხადებს “ლელოს” ერთი-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება” უნდა დაფიქრდეს, რამ მიიყვანა პრეზიდენტი ამ დონემდე”.

“რა გახდა სიტუაციის გამწვავების მიზეზი? ე.წ. აგენტების კანონპროექტი ხომ არა? მერე რა, რომ კანონად ვერ მიიღეს, მაგრამ საზოგადოების დაპირისპირება მაინც მოახერხეს. დღემდე გრძელდება განსხვავებული აზრის მქონეთა დემონიზება და მტრებად გამოცხადება. “ქართულმა ოცნებამ” ამ ტალღაზე დიდი მონდომებით გადართო საკუთარი თავი, “ნაცმოძრაობა” კი იმთავითვე ამ ტალღაზე იყო მომართული. ამიტომ გვჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სათავეში. სხვაგვარად პოლარიზება ვერ დასრულდება. ევროპამ მოგვცა შანსი, რომელიც თვალსა და ხელშუა ნიავდება. თუმცა ბოლო დროს პრეზიდენტმა ახალი პერსპექტივა გააჩინა - თუ “ოცნება” მიიჩნევს, რომ მხოლოდ მტრობით შეიძლება ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ შეგვიძლია დასავლელ პარტნიორებს დავანახოთ, რომ სხვა რაღაცაც შეგვიძლია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავიუთ უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“ხელისუფლება ამბობს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შევასრულეო. ჯერ ერთი, სრულად არ არის შესრულებული, ამასთან, ბევრი ცუდად შესრულდა. არც იმას უარვყოფ, რომ ზოგი კარგადაც არის შესრულებული. მაგრამ ევროპელებს ის კი არ უთქვამთ, კანონები ქაღალდზე მიიღეთ და მერე თაროებზე დააწყვეთო, არამედ ხედვები შეცვალეთო. მე ვერ ვხედავ შეცვლილ ხედვებს სასამართლოსთან, ოპონენტებთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან, დასავლელ პარტნიორებთან ან თუნდაც ერთმანეთთან დაკავშირებით. ამიტომ “ოცნების” მოცემული საქაღალდე ვერ იქნება საკმარისი, საჭიროა მეორე საქაღალდე. ამ საქაღალდეში კანონების დამდებნი ქმედებებით დაადასტურებენ, რომ არც პოლარიზებული არიან, არც ოლიგარქები და არც კორუმპირებულიები”.“არაფრის ალტერნატივას არ გთავაზობთ. მე საპარლამენტო ორგანოში იმიტომ ვზივარ, რომ ხალხმა ამირჩია. პრეზიდენტიც ხალხის არჩეულია. ალტერნატიულ ხელისუფლებაზე კი არა, ალტერნატიულ ხედვებზე გელაპარაკებით. მაგალითად, ახლა ჩვენ რომ მოლდოვაში არსებულ სიტუაციას განვიხილავდეთ და გვესმოდეს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის პროევროპული, მაგრამ პროევროპულია ოპოზიცია და ისინი გვიზიარებდნენ ალტერნატიულ ხედვებს, რა არის ამაში ცუდი?! “ლელო” ყოველთვის მზად არის არჩევნებისთვის, მაგრამ ვადამდელის მოთხოვნას და დემონსტრაციების გამართვას არ ვაპირებთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტია ავანგარდში იყო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. მაშინ “ლელო” ავანგარდში იყო მიშელის შეთანხმების შედგენასა და შემდეგ მის შესრულებაშიც, მაგრამ გახსოვთ, ალბათ, როგორ დაგვაღალატეს “ნაციონალებმა”, მერე სააკაშვილი დაგვეცა თავზე და საკუთარი თავიც დააზარალა და ქვეყანაც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვერ დაგეთანხმებით, რომ მე ზურაბიშვილმა მომცა სტიმული. როდესაც მან პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა, ვუთხარი კიდეც, კარგია, გაბრაზებული რომ ხართ, მაგრამ ჯობდა ცოტა ადრე გაბრაზებულიყავით-მეთქი. მას საიმისო განათლებაც აქვს და გამოცდილებაც, რომ დროულად დაენახა “ქართული ოცნების” ლიდერების არაევროპული პოლიტიკა, მათი ზღვარგადასულობა. ვინც ზურაბიშვილს კარგად იცნობს, იცის, რომ ის არ არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია მშვიდად ჩაჰყვეს მსგავს პროცესს. მისი, როგორც პოლიტიკოსის პერსონალური იმიჯი და რენომე ყოველთვის მაღალი იყო. მე მას შევეპასუხე, როდესაც თქვა დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავიო. მასზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ასეთ ზომამდე რომ მივიდა, ეს სიმპტომურია”, - ამტკიცებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

“ზურაბიშვილი ახლა ვინმეზე კი არ არის გაბრაზებული, გაბრაზებულია იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას ამ გაუგებრობაში შეხვდა. კარგი იქნება, “ოცნების” ლიდერები თუ დაფიქრდებიან, რამ მიიყვანა პრეზიდენტი ამ დონემდე. ზურაბიშვილს წლების განმავლობაში ასეთი აღშფოთება არ გამოუხატავს ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბადრი ჯაფარიძე თვალთმაქცური მეთოდებითა და გადაწყვეტილებებით გააძევეს პარლამენტიდან. რაღაცებს ითმენდა, რაღაცების სჯეროდა, მაგრამ უკვე შეუძლებელია თვალის დახუჭვა. `ლელო~ მიესალმება მის ასეთ პოზიციას და ამიტომაც მივმართე, რომ ჩვენთან ერთად დადოს ევროპასთან სულისკვეთებით, ღირებულებებით სავსე საქაღალდე.... რაც შეეხება 9 აპრილის აქციას, 9 აპრილს დამოუკიდებლობას შეწირული ახალგაზრდების ხსოვნას მივაგებთ პატივს. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დაგეგმილ ღონისძიებას, “ლელო” არაფერ შუაში არ არის”, - დასძენს დავით უსუფაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა