მეტი რეალიზმი, ნაკლები თვალთმაქცობა: საქმით თანამშრომლობა სიტყვით პოზირების ნაცვლად

(პირველი ნაწილი)

(ზედმეტ) შეხსენებად

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის კალენდარზე ახალი თარიღი - 2022 წლის 24 თებერვალი - გაჩნდა, რომელმაც საბოლოოდ გამიჯნა უსაფრთხოების ძველი, თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად გამოუსადეგარი და არაეფექტიანი სისტემა იმ სისტემისაგან, რომელიც ახლა აღმოცენდება და რამდენადაც ახალია, იმდენადვე ამოუცნობია, მათ შორის, სარგებლიანობისა და ეფექტიანობის კუთხითაც.

ახალ სისტემაზე მსჯელობისას თეორიული სკოლების მთელი სპექტრი ეჯიბრება ერთმანეთს - სტატიკურ-ნორმატივისტულიდან დაწყებული, რეალისტურით დასრულებული. მაშინ, როდესაც ახალი სისტემის განმსაზღვრელად პირველი უკვე კარგად ნაცნობ - „დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“ - იდეოლოგიურ თეზას მიიჩნევს, მეორე საფუძვლად დეიდეოლოგიზებულ ძალთა ბალანსირებას (გეოპოლიტიკური „კოჰაბიტაციის“ აუცილებელი მინიმუმის გათვალისწინებით) ასახელებს.

როგორი შინაარსისა თუ სიმწვავისაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი თეორიულ-იდეოლოგიური „ჯახი“, უკრაინაში მიმდინარე ომმა ტრანსატლანტიკურ ალიანსს უკან დასახევი არ დაუტოვა ევროპაში საზღვრების რევიზიონიზმის მიმართ თავისი საშუალებების კრიტიკულად გადახედვის კუთხით. მეტიც, ეს ომი იქცა ძლიერ შეხსენებად საკუთრივ ევროპისათვის, რომ „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეასთან ნებისმიერი შეთამაშება ამ ეტაპზე უფრო მაღალფარდოვანი ამბიციაა, ვიდრე რეალისტური ხედვა და რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ბებერი ევროპისათვის“ ჯერაც უსაფრთხოების გარანტის (პატრონის) როლს ასრულებს. თუმცა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აგერ უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში, გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში გამოკიდებული, ამჯერად უკვე რუსეთის ფედერაციის სამეზობლო ქვეყნები (მათ შორის, საქართველო) ამ გეოპოლიტიკური „ნახევარფეხმძიმობის“ დასასრულებლად დასავლეთისაგან დროულად გამოხატულ ცხად პოზიციას ელიან. უკრაინის ომმა სანახევრო, პირობადებულ თუ მხოლოდ ბრჭყვიალა დეკლარაციებით დახუნძლულ მიდგომებს პრაქტიკული შინაარსი საბოლოოდ გამოაცალა და ამგვარი მიდგომების უსარგებლობა ნათლად წარმოაჩინა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში გეოპოლიტიკურად მოწყვლადი გეოგრაფიებისათვის „დაახლოების გზამკვლევად“ თუ „საინტეგრაციო გზის რუკად“ სახელდებული სქემები თანამედროვეობის ნარცისიზმად გადაიქცა. დადგა დრო საქმით და არა სიტყვით ისეთი თანამშრომლობისა, რომელშიც უფროს-უმცროსად დაყოფას ინტერესთა თანხვედრა ჩაანაცვლებს და რეალურ პარტნიორობას ერთობლივი გამოწვევების სწორი და დროული გააზრება დაედება საფუძვლად. ხოლო, ვინმეს პათეტიკურ „განსაკუთრებულობასა“ თუ „განუმეორებლობას“ პრაგმატული ინტერესების თანწყობა, რაციონალური ფიქრი და ქმედება შეცვლის.

ფაქტია, რომ სამომავლო ეროვნული უსაფრთხოების მოდელირების პროცესში დღემდე არსებულმა წარმოდგენებმა მოსაწყენად სტანდარტულიდან უსარგებლოდ სტანდარტიზებულის ფორმატში გადაინაცვლეს. შედეგად, მსოფლიო ახალი, უსაფრთხოების ექსპერიმენტული გადაწყვეტის ვარიანტებისაკენ დაიძრა, რომელთა კონტურები ამ მომენტისათვის მხოლოდ მკრთალად თუ მოინიშნება. აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ საჭირო ეფექტიანობისა და ქმედითობის მისაღწევად ამ პროცესის მხოლოდ „დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ პრიზმაში გატარება საკმარისი არ იქნება. ხელშესახები რეზულტატის მისაღწევად თანაბრად პრიორიტეტულია არსებული მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების საფუძვლიანი დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება თუ არა, მათი ძირეული გადაწყობა და რეალური ძალის მქონე - და არა მხოლოდ მორალური ავტორიტეტის - ინსტიტუტებად გარდაქმნა. თანაბრად აღსანიშნია დიდი გაგებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, - უთანაბრობისა თუ დისბალანსის აღმოფხვრისაკენ მიმართული ახალი ეკონომიკური აზროვნების დამკვიდრება და დღევანდელი მმართველობის ცერემონიალურ-პროტოკოლური ფორმების შინაარსობრივ თანამედროვე სერვისპროვაიდერებად გადაწყობის საჭიროება.

სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობისათვის არახალია. თუმცა გამოსარჩევია სისტემა შემქმნელი სამხედრო კონფლიქტები, რომლებიც ძალთა ახალ ბალანსსა და ურთიერთობათა სისტემას („წესრიგზე“ დაფუძნებული იქნება ის თუ „უწესრიგობაზე“) გლობალურ მასშტაბში განაპირობებენ. გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომი სწორედ სისტემა შემქმნელი კონფლიქტების კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, მას პირდაპირი გავლენა აქვს როგორც უშუალოდ რეგიონულ, ისე ჩვენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებული ომის შედეგების სწორად აღქმა და ანალიზი კი საკუთარი მოლოდინის ადეკვატურ გათვლას, რეალისტურ შესაძლებლობებსა და ხელმისაწვდომ რესურსზე მათ დაშენებას მოითხოვს. საკითხის ირგვლივ უკეთ მსჯელობის მიზნით რამდენიმე აუცილებელ გარემოებასა თუ ფაქტზე ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

მხარის არჩევა-არარჩევა: შეუძლებლის შესაძლებლობა?

შექმნილი უწესრიგობა და გლობალურ ძალთა ბალანსში გაურკვევლობა ერთ ასეთ მეტად საჭირბოროტო შეკითხვას წარმოშობს: რამდენად მიზანშეწონილია საერთაშორისო ურთიერთობაში კვლავ ვიხელმძღვანელოთ ორად - შავად და თეთრად დაყოფის ე.წ. ბინარული პრინციპით? რამდენად უნდა გადაიფაროს მიზანშეწონილობა, ვთქვათ, „მორალისა“ თუ „ზნეობრიობის“ მოსაზრებებით? მიზანშეწონილის ნებისმიერი საპირისპირო მიდგომა ხომ არ იქნება ერთგვარი ნარცისიზმი, თავის მოტყუება, ქვეყნისათვის კონკრეტული შედეგის მისაღწევად უსარგებლო და უშედეგო მცდელობა? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც სრულფასოვანი და ობიექტური მსჯელობა მხოლოდ დიდ, გლობალურ სურათზე მიუკერძოებელი დაკვირვებით, პროცესებსა და ტენდენციებზე დეპოლიტიზებულ-დეიდეოლოგიზებული ანალიტიკის გზით არის შესაძლებელი.

არსებული დაპირისპირების პირობებში ერთ-ერთი თვალსაჩინო ტენდენციაა ქვეყნების გარკვეული ჯგუფის მიერ მხარის არჩევის უარყოფა. ამგვარი „მრავალალიანსობა“, გნებავთ, ფორმირებად ახალ წესრიგში ძალთა ბალანსირებაზე მორგება, საშუალო და მცირე ზომის ქვეყნებს გლობალურ პოლუსებთან ურთიერთობის შენარჩუნების (ზოგან კი - აქტიური თანამშრომლობის) შესაძლებლობას აძლევს. ამის მიზეზი არსებითად კი ისაა, რომ მათ არ უწევთ ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელსაც ერთ და კონკრეტულ დაპირისპირებულ მხარესთან სხვა დაპირისპირებული მხარის ინტერესების საზიანოდ დადგომა ჰქვია. მოცემული წესრიგის/უწესრიგობის გათვალისწინებით, გარე ვექტორში ასეთი „ჰეჯირება“ დროის მოკლე და საშუალო მონაკვეთში რისკების მართვასა და საფრთხეების მინიმიზაციას ემსახურება. ცხადია, რომ გეოპოლიტიკური ჰეჯირების გზით მხარის არარჩევის ხაზის გასატარებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა: ამას სათანადო პრინციპულობა, პოლიტიკური უნარები, ხელმძღვანელი გუნდის წევრთა შესატყვისი თვისებები და კომპეტენცია სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი საერთაშორისო-პოლიტიკური ფორმაციისადმი არაერთაზროვან დამოკიდებულებას მსხვილი მოთამაშეებიც ამჟღავნებენ. ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ბოლო ვერსია არამარტო სტრატეგიულ მოკავშირეებსა თუ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე საუბრობს. ნიშანდობლივია, რომ აშშ-ს საგარეო დოქტრინული ხაზი „დემოკრატია-ავტოკრატიის“ ათწლეულების დოგმის საპირისპიროდ, უფრო ღია, შედარებით ინკლუზიური მიდგომისაკენ გადაიხარა. ამას შესაბამისი ახსნაც მოეძებნება: მსოფლიოში გავლენების გადანაწილებისათვის რუსეთთან და განსაკუთრებით კი ჩინეთთან ჭიდილში, იდეოლოგიური კლიშეებით (მხოლოდ!) სამოკავშირეო ალიანსების გამყარება გართულდა. ამდენად, საგარეო ასპარეზზე დროით ნაკარნახებმა პრაგმატიზმმა ვაშინგტონის მიდგომის რაციონალურობაც განაპირობა. ეს კი პრობლემათა მოსაგვარებლად ისტორიულ-კულტურულად და იდეოლოგიურად განსხვავებულ (ზოგჯერ კი მკვეთრად განსხვავებულ) ქვეყნებთან სიტუაციური ალიანსებსა თუ პარტნიორობაში ვლინდება. შედეგად, ახალ სამყაროში პოზიციების განსამტკიცებლად გლობალურ აქტორს დღეს უკვე ურთიერთობათა ახლებურად სტრუქტურირება და მათში სათანადო ინვესტირება ესაჭიროება. დავძენთ იმასაც, რომ ამ ახლებური საგარეო დოქტრინის გამოხატული მცდელობაა რეალიზმის თვალით შეხედოს პოსტ ერთპოლუსიან სამყაროში მიმდინარე პროცესებს. მეტიც, პრაქტიკული სარგებლიანობის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ახალი გლობალური სისტემის თანამონაწილე, საკუთარი ინტერესების გასატარებლად მეტად კონკრეტულ ხერხებს მიმართავს, როგორებიც არის: დეკლარირებული იდეოლოგიური სწორხაზოვნებიდან უფრო „ნიუანსური“ პოლიტიკის ქმნაზე გადაწყობა; კონკრეტული ერების კეთილგანწყობის მისაღებად სხვა გლობალურ აქტორებთან მიმართებით გაუთავებელი „დასაჩუქრების“ შეჯიბრებითობაში არშესვლა; სხვა ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა, მათი უზრუნველყოფა და გათვალისწინება მხოლოდ ნაცვალგების პრინციპით.

რა თქმა უნდა, ე.წ. მრავალ ალიანსობა - რომელიმე მხარეს გამოკვეთილად დადგომის თავიდან არიდება, თითოეული ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე ასევე სპეციფიკურად რეალიზებადი არჩევანია. ამის კარგი მაგალითია ისრაელი, რომელიც აშშ-თან სტრატეგიული მოკავშირეობის თანადროულად, ეკონომიკურ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს მთავარ კონკურენტთან - ჩინეთთან, ხოლო რუსეთთან ტაქტიკური ხასიათის თანამშრომლობა აქვს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების პრობლემატიკის ირგვლივ.

ბუნებრივია ისიც, რომ გლობალური თუ ნებისმიერი სხვა დიდი მოთამაშის საშუალო თუ მცირე ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება უწინარესად პირველის ინტერესს ემსახურება. ეს ტენდენცია კიდევ უფრო აშკარა გახდა ბოლო პერიოდში, სადაც დიდი ქვეყნები „გეოპოლიტიკური ძიძის“ მომაბეზრებელ როლის თითქოსდა თავიდან აცილების ცდილობენ, მოქმედებენ მიზნებში პრაგმატული თანხვედრის პირობით და სოლიდარობის ავტომატურად გამოხატვის გარეშე. ინტერესთა ამგვარი ერთობის მაგალითებს წარმოადგენენ ისეთი სიტუაციურ-ტაქტიკური პლატფორმები, როგორებიცაა Quad, the Abrahams Accords, I2U2.

მიუხედავად არაერთი მინუსისა, ასეთ მიდგომას, შესაძლოა, ურთიერთობათა უფრო თვითკმარ სისტემისაკენ მივყავდეთ: მისი მონაწილეები რეალისტურად აფასებენ ერთიმეორის მოლოდინს, ისე როგორც გასაგებად და მისაღებად განსაზღვრავენ კონკრეტული პოლიტიკის პრიორიტეტებს. აღნიშნული მიდგომა, აგრეთვე, შესაძლოა არის ყველაზე ეფექტიანი პასუხი საგარეო ურთიერთობებში უაზრო პოზიორობასა და რესურსების არამიზნობრივ ფლანგვაზეც.

გავლენის სფეროები: უცვლელი მოცემულობა?

უკრაინაში მიმდინარე ომის გადმოსახედიდან ევროპა 1975 წლის ჰელსინკის აქტსა და „ახალ იალტას“ შორის არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. აქ, თითქოსდა, ასარჩევიც არაფერია, თუმცა პროცესის სირთულეზე ღიად ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ითქვა. იმავე წლის 24-მა თებერვალმა კი უჩვენა, რომ დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ს შემაკავებელი ზომები ევროპაში „იალტის“ განმეორების აღსაკვეთად არასაკმარისი აღმოჩნდა. პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ უსაფრთხოების კუთხით დასავლური პოლიტიკის არაეფექტიანობის აღნიშვნის პარალელურად, დღეს უკვე ღიად განიხილება, თუ რამდენად განაპირობა დასავლეთის სტერეოტიპულმა მიდგომამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოწყვლადობა? საკითხავი გახდა, აგრეთვე, თუ რამდენად დაგვიანდა დასავლელი პარტნიორების მიერ უსაფრთხოების ქმედითი, არსებულ მიდგომებთან შედარებით ალტერნატიული გადაწყვეტის გზების გამოძებნა და დროული რეალიზება? შესაძლებელია კი გლობალურად ურთიერთობათა ისე გადაწყობა, როდესაც ისეთი მოვლენა, როგორიცაა გავლენის სფეროები, წარსულს ჩაბარდება?

ჩვენი აზრით, გავლენის სფეროები იყო, არის და განჭვრეტად მომავალში კვლავ იქნება საერთაშორისო პოლიტიკის თანმდევი მოვლენა. არსებული სფეროებიდან ზოგი დარჩება, ზოგის მოდიფიცირება მოხდება, ხოლო ზოგიერთი კი, შესაძლოა, სრულად ჩანაცვლდეს. უკრაინის ომის დასრულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგობრივი განმაპირობებელი სწორედ გავლენის სფეროების - ამჯერად უკვე რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გასწვრივ არსებულ არეალში განსაზღვრა იქნება. აკადემიურ წრეებში ამის თაობაზე დღეს შედარებით უფრო თამამად საუბრობენ; გაცილებით ფრთხილ პროგნოზს აკეთებენ პროცესში უშუალოდ მონაწილე პოლიტიკოსები და სახელმწიფო პირები.

აუცილებელია, ასევე, აღინიშნოს, რომ გავლენის სფერო არის ისეთი ადგილი თუ ადგილმდებარეობა, რომლის ფარგლებშიც ერთი დიდი აქტორი საკუთარ უპირატესობას როგორც გეოგრაფიული სიახლოვის მიხედვით, ისე ძალაუფლების ღია დემონსტრირებით ამკვიდრებს. ამგვარი უპირატესობის დამკვიდრებას ხელს უწყობს სხვა დიდი აქტორის ან აქტორთა შიში ან სურვილის არქონა, რომ მიიღონ გამოწვევა და ჩაერიონ. ასეთ თავშეკავებას ხშირად გამოწვევის განაცხადთან დაკავშირებული მაღალი რისკი თუ ხარჯი უდევს საფუძვლად.

სსრკ-ს დასრულების შემდეგ ერთგვარ გეოპოლიტიკურ ვაკუუმში აღმოჩენილი ქვეყნების ბედზე საუბრისას, ასევე, საჭიროდ მიგვაჩნია გავლენის სფეროების გადანაწილება-გადახალისებაზე რამდენიმე, შესაძლოა, მოსასმენად არცთუ სასიამოვნო გარემოებაზე აღნიშვნა. ამით ვეცდებით, თუნდაც ნაწილობრივ, ავხსნათ ის გეოპოლიტიკური ვაკუუმი, რაც პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ დასავლეთის მხრიდან გაბედული მოქმედებების დეფიციტს და გარკვეულ სტერეოტიპებს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ამავე სტერეოტიპების შედეგია ის „კომფორტის ზონაც“, რომელშიც დასავლური სამყარო ნებაყოფლობით იმყოფება სსრკ-ს ფორმალურ დაშლიდან მოყოლებული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

საგულისხმოა ისიც, რომ ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული, გავლენის სფეროების მიუღებლობის თაობაზე აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის მრავალი განცხადება სწორედ რომ იმ უსარგებლო ნარცისიზმის მაგალითია, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. მეტიც: ცალკეული წყაროების თანახმად, ის, რასაც დღეს ზოგიერთი „რუსეთის უკანა ეზოს“ (მაშასადამე, გავლენის სფეროს) უწოდებს, რუსული ექსპანსიონისტური პოლიტიკის კვალდაკვალ დასავლური შემწყნარებლობითაც (ცალკეულ ეპიზოდებში კი პირდაპირ დათმობით) იყო გამოწვეული. დავძენთ იმასაც, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ერთ-ერთ დასავლურ ნარატივად საბჭოთა კავშირის ერთადერთ მემკვიდრედ რუსეთის ფედერაციის აღიარება იქცა. ამას კიდევ არა უშავს, რომ არა ის გარემოება, რომ ამავე აღიარებას თან ახლდა მეზობელი ქვეყნების ე.წ. „პირობითი სუვერენიტეტის“ ელემენტი, რომელიც, ისევ და ისევ, ამ ქვეყნებზე რუსეთის დომინანტურ როლს მოიაზრებდა.

ფაქტია, რომ ახლანდელი ეტაპის რეალიების გათვალისწინებით უკვე მხოლოდ განცხადებები ან ნახევარზომები - ხსენებული კომფორტის ზონის ამა თუ იმ სახით შესანარჩუნებლად - დროსა და მიმდინარე პროცესებს აცდენილი იქნება. ამდენად, გარდაუვალია არსებული მოთხოვნებსა და რეალობასთან შესატყვისი, შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკული პოლიტიკა. ნებისმიერი სხვა მიდგომა წარსულიდან კარგად ცნობილ „ვინძლო“ მიზეზების განმეორებას დაემსგავსება.

კიდევ ერთი: თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის სტრუქტურირება არ მოითხოვს აპრიორშივე ერთი დიდი აქტორის მიერ ამა თუ იმ სფეროზე საკუთარი გავლენის საგანგებო წესით ფორმალურ დეკლარირებას, ხოლო მეორე აქტორის მიერ გავლენაზე ასევე ფორმალური უარის გაცხადებას. ასე მაგალითად, უკრაინაში ომის ერთ-ერთი პოლიტიკური შედეგი შესაძლოა გახდეს ამ ქვეყნის აშშ-ს დეკლარირებული გავლენის სფეროს მიღმა დარჩენა, რაც არ გამორიცხავს სამხედრო და უსაფრთხოების პოტენციალის განმტკიცების მიზნით დახმარების უწყვეტობას. საკუთარ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის დელეგირების ასეთი მიდგომა არამეგობრული ქვეყნის გავლენის სფეროს შესუსტების ან სულაც გაბათილების არანაკლებ ეფექტიან საპირწონედ გამოდგება. როგორც უსაფრთხოების ე.წ. ექსპერიმენტული სისტემების ნაირსახეობა, ეს ვარიანტიც შეფასების ღირსია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ნიშნულის ასამაღლებლად.

ხოლო, რადგან გავლენის სფეროების განსაზღვრასა თუ გადახედვაზე - მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური საზღვრების შესაძლო განახლების კუთხით - ვსაუბრობთ, თანაბრად აქტუალურია დავინტერესდეთ, თუ რამ შეიძლება განაპირობოს გადაწყვეტილების მიღება სტატუს-კვოს შეცილება/რევიზიის შესახებ. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ვთანხმდებით, რომ თანამედროვე პირობებში რეალური შედეგის მიღწევის ყველაზე ოპტიმალური გზა არა უსარგებლო იდეოლოგიური კლიშეები, არამედ ინტერესთა პრაგმატული კვეთის პოვნაა. ამ მხრივ, ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორად დავასახელებთ არსებული თუ პოტენციური საფრთხეების სწორ იდენტიფიცირებას, ისევე როგორც მათი მართვისათვის (დაბალანსებისათვის) დამხმარე საშუალებების ფლობას. ამაზეც ორიოდე სიტყვით.

საფრთხის ბალანსირება

უდავოა, რომ ალიანსები, ისე როგორც სხვა შინაარსის სამოკავშირეო და პარტნიორული ურთიერთობები, მეტწილად, პასუხია არსებულ და სამომავლო საფრთხეებზე. აშკარაა ისიც, რომ მცირე ქვეყნისათვის საფრთხე, ძირითადად, აგრესიული სამეზობლოდან შეიძლება მოდიოდეს. შესაბამისად, მცირე ქვეყნის გასაგები სურვილია იპოვოს საყრდენი, პარტნიორი, თავისი ეროვნული უსაფრთხოების საიმედო გარანტორი. აღსანიშნია ისიც, რომ საფრთხის - იქნება იგი რეალური თუ წარმოსახვითი - დაბალანსება (ზოგან კი უხეში გზით აღკვეთა) მხოლოდ მცირე ქვეყნის საზრუნავი როდია. ეს ამოცანა თანაბრად ეხება დიდ ქვეყანას - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესა თუ ის მოვლენა თუ პროცესი მან საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების საპირისპიროდ შეიძლება მიიჩნიოს. ნათქვამის საილუსტრაციოდ ხშირად ციტირებული მაგალითია აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოების ცნობილი ტალღა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დასავლეთთან მიღწეული შეთანხმების თითქოსდა დარღვევად (დღესაც, ასეთი „შეთანხმების“ ირგვლივ გამომრიცხავი შეფასებები არ წყდება) და რუსული გავლენის სფეროში შეჭრის აქტად შეაფასა (აღსანიშნავია, რომ, მართალია, უმცირესობა, მაგრამ ცალკეული დასავლელი მკვლევრები ასეთ შეფასებას არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ).

უკრაინაში ომის კონტექსტში აგრეთვე საგულისხმოა შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება სტატუს–კვოს შეცვლისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის შესახებ, რაც წარმოქმნილი საფრთხეების გადაფასებასა და მათი დაბალანსების მცდელობას უდრის. ამავე გეოპოლიტიკურ და სამხედრო მოსაზრებას უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში „აბრაჰამის შეთანხმებაზე“ გამავალი ისრაელის რეგიონული პოლიტიკის ხაზი, ისე როგორც ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების აუზში რამდენიმე სიტუაციურ-ტაქტიკური ალიანსი (AUKUS, Quad). ეს და სხვა მაგალითები კონკრეტულ გეოგრაფიებში საფრთხეების შეფასებისა და მართვის ღონისძიებათა კომპლექსი შემდეგ ამოცანათა ერთობლიობას ემსახურება: გავლენათა სფეროების ბუნებით განპირობებული საფრთხეების დაბალანსება, უსაფრთხოების გარემოს მართვა და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდება.

გავრცელებული აზრით, ამავე კატეგორიას განეკუთვნება რუსეთ-უკრაინის ომში კოლექტიური დასავლეთის მონაწილეობა იმ ფორმით და მასშტაბით, რომლის მოწმენიც დღეს ვართ. კერძოდ, გარკვეული დასავლური პოლიტიკურ-აკადემიური ხაზის თანახმად, კიევისადმი დასავლური მხარდაჭერა იმ სამომავლო საფრთხეების ბალანსირებას ემსახურება, რომელიც უკრაინაში ომის არასასურველი სცენარით ან საომარი მოქმედებების უკრაინის საზღვრებს გარეთ (მაშასადამე, რუსული გავლენის სფეროს განვრცობით) გადადინებით შეიძლება მივიღოთ. ასეთი განვითარების შემთხვევაში აღმოცენებული დამატებითი საფრთხეების მოთოკვისა და ალაგმვის დანახარჯი - როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი - გაცილებით მძიმე იქნება. ამდენად, აწმყო საფრთხეები vs. მომავლის საფრთხეები და აწმყო დანახარჯი vs. მომავლის დანახარჯი რაციონალური ოპტიმიზაციასა და მართვას - შესატყვისი ფორმების ამოქმედებით - უკვე ამთავითვე მოითხოვს.

ვფიქრობთ, რომ ეს ყოველივე ოფიციალური თბილისისათვის გასათვალისწინებელია მის პარტნიორებთან ეროვნული უსაფრთხოების თაობაზე ხელშესახებ და დროულ შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის საწარმოებლად.

პირველი ნაწილის დასასრული..

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი