პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ევროპულ ქვეყნებს არის შეფარებული და იქიდან ურევს საქართველოში არსებულ სიტუაციას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან სასჯელი მოიხადოს.
„რაც შეხება BBC-ის სტატიას კეზერაშვილთან დაკავშირებით, რაზეც უკვე დიდი ხანი იყო საუბარი, თაღლითური სქემა, რომელიც „ქოლ - ცენტრებით“ იყო აწყობილი და პენსიონერების გაღლეტით იყო დაკავებული, ვხედავთ, რომ არის რეპორტაჟი BBC-ზე, ამაზე გვაქვს ჩვენც საუბარი. კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომის გამეორება ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო დაშვებული, როდესაც ევროპის ქვეყნებს იყო შეფარებული და იქიდან უყურებდა აქ არსებულ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს საქართველოში სიტუაციას. იმედი მაქვს, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ფული, რომელსაც დავით კეზერაშვილი ქართულ მედიაში, პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ხარჯავს, არის როგორც ქართული ჯარისგან, ისე პენსიონერებისგან მოპარული.
„ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, ადამიანმა, რომელსაც მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, სასჯელი საქართველოში მოიხადოს. ისევე, როგორც წინა რეჟიმის სხვა დამნაშავეები, რომლებიც აფარებენ თავს სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის არის ზურაბ ადეიშვილი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.