გიორგი კობერიძე - “რუსეთის პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე - იქ, სადაც რუსია, არის რუსეთიც”
ჩაშლილი ქორწილი და საუბრები ქსენოფობიაზე - ვინ როგორ აფასებს ყვარლის ინციდენტს
ვახტანგ ძაბირაძე - “არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ აფხაზეთსა და ცხინვალზე”
რამდენად რეალურია სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - “სიხარულით მიესალმებიან და მაშველ რგოლად გამოიყენებენ”
დავით უსუფაშვილი - “ფრენების აღდგენაში პრობლემა არ არის, პრობლემა ხელისუფლების დამოკიდებულებაშია”
* * *
გიორგი კობერიძე - “რუსეთის პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე - იქ, სადაც რუსია, არის რუსეთიც”
“დროის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. დღეს დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთმა პოლიტიკური დათმობების მთელი კასკადი მიიღო. უკვე კარგა ხანია ვაკვირდებით პროცესს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არათუ ქმედებებით, რიტორიკის დონეზეც კი რუსეთის საწინააღმდეგოდ სიტყვასაც არ ძრავს. სამაგიეროდ, პირდაპირ დაუპირისპირდა უკრაინას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მეტიც, როდესაც სანქციებსა და მოკავშირეების დახმარებაზე იყო ლაპარაკი, ის, ფაქტობრივად, უარს აცხადებდა და ჰქონდა ძალიან ხისტი პოზიცია. რუსეთს არც ის გამოჰპარვია, როდესაც ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე კვირებში ღარიბაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის აღორძინებას ვაპირებ და უკრაინის ამბები არ მაინტერესებსო. მთელმა ამ რიტორიკულმა კასკადმა პუტინის რეჟიმს, ბუნებრივია, დიდად ასიამოვნა და გადაწყვიტეს საქართველოს ხელისუფლება დაეჯილდოებინათ”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე - იქ, სადაც რუსია, არის რუსეთიც”.
“აქ საინტერესოა ერთი ფაქტი - ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ჯილდო მიიღო მას შემდეგ, რაც 9 მაისს პუტინმა გამარჯვების დღე სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც მიულოცა და თან მოაყოლა, ასევე ვულოცავ საქართველოს “ხალხებსაცო...” ხვდებით, რა საშიში განცხადებაა?! ამ მილოცვის კონტექსტით კარგად გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულებაც აქვს რეალურად ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსადმი. ჩვენი ხელისუფლება კი ამ საშიშ “თამაშში” უკვე ჩასულია ყველა კარტს - პრაქტიკულად, ყველაფერი მისცეს რუსეთს, რაც ამ ეტაპზე მას სურდა. გარდა იმისა, რომ საქართველო უკრაინის შესახებ სიტყვასაც არ ძრავს, კარგა ხანია მისგან ოკუპაციაზეც არ მოგვისმენია პროტესტი. ამასთანავე, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო როგორმე ერთგვარ ნავსაყუდლად იქცეს არა მარტო რუსი ტურისტებისთვის, არამედ რუსული ბიზნესისთვისაც და თუ აქამდე ევროკავშირის ქვეყნებთან კვიპროსი ახერხებდა რუსული ინტერესების შუამავლობას, ახლა ეს შესაძლოა საქართველომ იკისროს. მოგეხსენებათ, კვიპროსის საშუალებით ამ ინტერესების შუამავლობა დღეს შეწყვეტილია. მოკლედ, რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე სურდა, საქართველოს ხელისუფლებას კი თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, რაც ქვეყნის ინტერესებს აცდენილია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“კარგად რომ გაეანალიზებინათ, ნახავდნენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი არც საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რადგან სწორედ რუსეთის გეგმის ნაწილია ისიც, რომ დღეს მმართველი პარტიის პოზიციონირება ძალიან შერყეულია. საქმე ისაა, რომ რუსეთი ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურს გავლენის გაძლიერება, ცდილობს ხელისუფლებასა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის ისეთი პოლარიზება მოახდინოს, რომლის დროსაც სახელმწიფო ინტერესები ვიწროპარტიულ-პოლიტიკურ ინტერესებად იქცევა. ეს ხდება ჩვენთანაც. დააკვირდით, დღეს მმართველი ძალა, ფაქტობრივად, საკუთარ პარტიულ ინტერესებსა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს სახელმწიფოს ინტერესებთან აიგივებს. ამის შემდეგ რუსეთისთვის ახალი ეტაპი დგება, ის ამ პოზიციამორყეულ ხელისუფლებებს ეუბნება, თუ გაატარებ ჩემი ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, მე შენ მხარეს ვიქნები, დაგეხმარები ძალაუფლების შენარჩუნებაშიო. ეს არის ყველაზე საშიში პროცესი. ამას ეუბნებოდა უკრაინაში იანუკოვიჩის, მოლდოვაში კი დოდონის ხელისუფლებას და ა.შ.” - განმარტავს რესპონდენტი.
“მე არა მგონია, საქართველოს ხელისუფლებაში აპრიორი წინასწარგანზრახული ჰქონდათ პრორუსული პოლიტიკის წარმოება. არა, ისინი იძულებული არიან აირჩიონ ეს გზა საკუთარი არადემოკრატიული, შუღლის გამაღვივებელი, შიდა პოლარიზებაზე აგებული კორუფციული პოლიტიკის გამო. ასეთი ტიპის ხელისუფლებები სუსტები არიან რეალურ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, ვერ ართმევენ თავს საზოგადოების მოთხოვნების შესრულებას და ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსული მართვის მოდელის გარდა, სხვა შესაძლებლობას ვერ ხედავენ. პრაქტიკულად, რუსეთი ყველა მავნებლური, სუსტი, რელიგიურ-ფუნდამენტალისტური თუ ოპორტუნისტული რეჟიმის დასახმარებლად მზად არის, რის სანაცვლოდაც საკუთარი გავლენის გაზრდასა და ინტერესების გატარებას ცდილობს. დღეს ბევრად უფრო სერიოზულად არის საქმე საქართველოში, ვიდრე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრაა. ახლა ვითარება ბევრად მძიმეა”, - დაასკვნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს საქართველოს? დავიწყოთ იმ დიდი ფინანსური ნაკადებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა რუსეთიდან. ეს არაერთ კითხვას ბადებს. კერძოდ, როგორ აისახება ეს ქვეყნის ცხოვრებაზე, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას აუმჯობესებს თუ ამძიმებს? საინტერესოა, რუსების ის მრავალათასიანი არმიაც, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში შემოვიდა საცხოვრებლად, რა მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორ და რისთვის განკარგავს შემოტანილ მილიონებს? ამ ათიათასობით რუსს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან შედარებით მეტი მსყიდველუნარიანობა აქვს. შესაბამისად, საბოლოოდ გარკვეულწილად ისინი განსაზღვრავენ მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარზე და ადგენენ ფასს შენს ქვეყანაში. ამით გარკვეული ტიპის ბიზნესი, რიგი სახელისუფლებო წრეები სარგებელს, ალბათ, ნახულობენ, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება გაძვირდა. გარდა ამისა, ვხედავთ, საქართველოში როგორ წარმატებით იწყებენ ბიზნესს რუსების ჯგუფები, ამ ყველაფრის შედეგად კი დღეს ჩვენ ნეოკოლონიალიზმის პირობებში ვცხოვრობთ”, - ამტკიცებს გიორგი კობერიძე.
“ეს გამოიხატება უპირველესად ეკონომიკური კოლონიალიზმით, რა დროსაც ეკონომიკური პროცესები შეიძლება უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე, ვიდრე ჩვენზე. ეს ეკონომიკის ანაბანაა. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკური აღმშენებლობა გველის, მაგრამ ცოტა ხანში კატასტროფულ შედეგს მივიღებთ. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ ფასს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასიც. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე, იქ, სადაც რუსია, რუსეთიც იქ არის. ამდენი რუსი რომ შემოვუშვით და დავასახლეთ ქვეყანაში და კიდევ კაცმა არ იცის, რამდენი შემოვა, რამე რომ მოხდეს და, რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ულტიმატუმებით დაგვიწყოს ლაპარაკი, ამისთვის მზად არის საქართველოს ხელისუფლება? თან გაიხსენეთ, ჩამოსულების დიდი ნაწილი არ აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამაზე დასმულ კითხვას თავს არიდებენ. ამის გარდა, თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ ამბებს, როგორ იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩვენს მოქალაქეებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ეს პროცესები სინქრონულად ვითარდება: ჩამოდიან რუსები, ქორწილებს იხდიან, დროს ატარებენ და მშვენივრად გრძნობენ თავს მაშინ, როცა მათი თანამოძმეები ჩვენივე ქვეყანაში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, და ეს არის ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სრულიად უმწეოა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“რაც ყველაზე სავალალოა, ისე იქცევა, ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე პროცესში რუსეთთან პირისპირ მარტო რჩება. დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო ნელ-ნელა ხდება რუსეთის ნავსაყუდელი, რომელიც მალე რუსული ინტერესების გამტარებლად შეიძლება იქცეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი კვლავ ენდობიან კი საქართველოს და მის ხელისუფლებას? ამ რეალობაში საქართველო თუ მართლაც მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ, ეს შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის კატასტროფად იქცეს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში, მაგრამ ამის მერე საქართველოსთან დაკავშირებით რას იზამს, არავინ იცის. ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრობის სტატუსი პოლიტიკური საკითხია და არა ინსტიტუციური. ამიტომაც საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს სტატუსი, რაც იქნება ნიშანი, რომ ევროკავშირს არ მიუტოვებია ქართველი ხალხი. სტატუსის არმიცემით არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მეტიც, ეს გაზრდის ხალხის ნიჰილიზმს. ევროკავშირის წევრებმა შეიძლება მიიჩნიონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამით დასჯიან, მაგრამ დასჯაზე მეტად, მისცემენ იმის საფუძველს, რომ ევროპა და დასავლეთი მეტად აკრიტიკონ და ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას უფრო შეურყიონ საფუძველი. ვფიქრობ, ეს საშიშროება ესმით ევროკავშირში”, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“მე თუ მკითხავდა ვინმე, უკეთესი იქნებოდა, თუ დაჩქარებულად მოგვცემდნენ სტატუსს. კაცმა არ იცის, საქართველოს ხელისუფლება წლის ბოლომდე კიდევ რას ჩაიდენს. ჩემი ღრმა რწმენით, სტატუსი ეკუთვნის არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს, რომელმაც ეს ნამდვილად დაიმსახურა... მთავრობის წარმომადგენლები ცდილობენ რიტორიკის დონეზე კვლავაც ილაპარაკონ ქვეყნის დასავლურ კურსზე, თუმცა ეს არ უშლით ხელს ქვეყანაში ევროინტეგრაციაზე ნიჰილიზმის გაღვივების მცდელობაში. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ დემოკრატიულ რეფორმებში დაინახა საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხე და ამიტომაც გადაწყვიტა რუსულ “ლიგაში” თამაში. თუ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამას ხელისუფლება საკუთარ მიღწევად გააფორმებს, სინამდვილეში კი ყველას მშვენივრად ეცოდინება, ვისი დამსახურებაც იქნება”, - თვლის კობერიძე და შეკითხვაზე - “ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი” ასე უპასუხა - “თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე...” - პასუხობს:
“კობახიძის პირით საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენი სახელმწიფო არის უმწეო, უმოკავშირეო და რეალური საფრთხეების წინაშე უუნარო. სხვანაირად ამ განცხადების გაგება რთულია. აჩვენებს, რომ მზად არიან, ყველაფერს დათანხმდნენ, ოღონდ კი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე არ დადგნენ. რუსეთთან ლოიალურობითა და ნეიტრალური პოზიციით პრობლემების თავიდან აცილების მართლა თუ სჯერათ, ეს მათი პოლიტიკური უმწიფრობის ნიშანია. ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ქვეყანას მსოფლიოში ჩვენი ნეიტრალიტეტი ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. ჩვენი ხელისუფლება ხომ, ფაქტობრივად, დე ფაქტო ნეიტრალიტეტს აცხადებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პოზიცია საქართველოს უსაფრთხოებასა და მით უფრო ტერიტორიულ მთლიანობას მოუტანს, უმეცარია. გაიხსენეთ მოლდოვა _ ეს ქვეყანა 1994 წლიდან დღემდე ნეიტრალური სახელმწიფოა და რა, ამით მისი ტერიტორიული მთლიანობა აღდგა? უკრაინა დაარსების დღიდან 2014 წლამდე სწორედ ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, მაგრამ იძულებული გახდა ამაზე უარი ეთქვა, რადგან რუსეთმა მისი ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ნეიტრალიტეტმა მოლდოვასა და უკრაინას მხოლოდ რღვევა მოუტანა”.
“როდესაც რუსეთმა საქართველოს კონფლიქტები წაახალისა, ჩვენთან ნატოსა და ევროკავშირზე ვინმე ლაპარაკობდა? - არა, მაგრამ აფხაზეთიც მოხდა და სამაჩაბლოც. რუსებმა ნაღმები მიზანმიმართულად ააფეთქეს და ეთნიკური წმენდაც მოგვიწყვეს. რუსეთი არავის არაფერს დაუბრუნებს, თუ არ წაჰგლეჯს, მით უფრო, რომ რუსეთის მიზანია ნეოკოლონიური იმპერიის შექმნა. პუტინს ამის დაწყება წარმოედგინა რუსეთ-უკრაინა-ბელარუსის ერთობით, რაც არ გამოუვიდა. საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის სწორედ ამ მცდელობის გაგრძელება - საქართველოს მიწებება რუსულ სოციალურ-ეკონომიკურ სივრცესთან ისე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უუნარო, რუსეთზე ჩამოკიდებული ქვეყანა, რომელსაც რასაც უნდა, იმას უზამს. ჩათვალეთ, რომ რუსეთმა შეიძლება ყველაფერი მოინდომოს, რაც მის ინტერესში იქნება. არ გამოვრიცხავ, როგორც გავრილოვმა გვითხრა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც სცადონ. თუ საქართველოს ხელისუფლება ამასაც დათანხმდა, გამოდის, ვაღიარებთ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას. შეწყვეტილი რომ არ გვქონდეს, შეიძლება სხვა რეალობა ყოფილიყო, მაგრამ ამ ვითარებაში, თუ ოკუპანტ სახელმწიფოსთან აღადგენ დიპლომატიურ ურთიერთობას, ეს იქნება ოკუპაციის დაკანონება”, - დასძენს გიორგი კობერიძე.
ჩაშლილი ქორწილი და საუბრები ქსენოფობიაზე - ვინ როგორ აფასებს ყვარლის ინციდენტს
“შაბათს ყვარელში მომხდარ ინციდენტსა და ოპოზიციის პროტესტს მმართველი პარტია ქსენოფობიის გაღვივების მორიგ მცდელობად აფასებს. ამას კატეგორიულად არ ეთანხმება პრეზიდენტი, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე “ოცნების” თავმჯდომარეც გააკრიტიკა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების განმახორციელებელ ქართულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია თავისი ქმედებებით კარგ საბაბს აძლევს მოსკოვს მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილებების მისაღებად, ხოლო ხელისუფლებამ თავის მხრივ კარგად უნდა გათვალოს, რუსეთის რომელი მოქალაქეების შემოშვებას შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების პროტესტი. იმყოფებოდნენ თუ არა რეალურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში? ამას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა ოფიციალურად არავინ ადასტურებს. თუმცა, ოპოზიცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს იყენებს იმის მტკიცებულებად, რომ კახეთში, “ყვარლის ტბის” სასტუმრო კომპლექსში სერგეი ლავროვის სანქცირებული სიძის ძმის ქორწილი მიმდინარეობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაშლილი ქორწილი და საუბრები ქსენოფობიაზე - ვინ როგორ აფასებს ყვარლის ინციდენტს.
“ისინი მთელი ხუთი დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდნენ და სიძე-პატარძალმა ქორწინება ოფიცილურად თბილისში გააფორმა. ქორწილის გადახდას კი შაბათს, 20 მაისს ყვარლის ტბაზე აპირებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ინფორმაცია გაახმაურა, კახეთში აქცია დაანონსდა. მანამდე კი ყვარლის ტბაზე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა. სასტუმროსთან მისასვლელი გზა პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც შეკრებილები შეძახილებით დახვდნენ. საბოლოოდ პოლიციამ 16 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ შორის არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი ჩიქოვანიც. ყველა მათგანი თელავის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, რამდენიმე საათის შემდეგ კი სწორედ იზოლატორთან დააკავეს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაც. ამის შემდეგ ოპოზიციამ აქცია საღამოს უკვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე გააგრძელა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი საქართველოში - “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსების წინააღმდეგ “ქსენოფობიური კამპანია” მიმდინარეობს და სწორედ ამას ემსახურება ყვარელში მიმდინარე აქციაც. “რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია - მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი (უკრაინაში) და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას. ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი წარუმატებელი იყვნენ და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით, “ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის", - განაგრძობს გამოცემა.
“გომელაურისგან მივიღე პირობა, რომ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი აღარ გაიმართება”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამავე ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ რუსმა მექორწილეებმა შაბათს დილით უკვე დატოვეს საქართველო. თუმცა, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდა. მათი შეფასებით, პრეზიდენტმა მიზანმიმართულად იცრუა, რათა საზოგადოებაში გაჩენილი საპროტესტო მუხტი გაენელებინა. ზურაბიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, რუსულმა სანქცირებულმა ოჯახმა უკვე დატოვა საქართველო.”მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორიც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა... მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს”, - განაცხადა პრეზიდენტმა. ის ასევე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დაუშვებელია ქართველები ვინმემ ქსენოფობიაში დაადანაშაულოს”, - დასძენს გამოცემა.
“არ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 თუ 80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მითუმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი თემა, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის მომზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას”, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებს ავიაკომპანია “აირზენას”, რომელმაც რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო და სხვებსაც ამასვე მოუწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი.
ანალიტიკოსი რამაზ სააყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს მუდმივად რყევის რეჟიმში ამყოფოს ხელისუფლება და ამისთვის ნებისმიერ მიზეზს იყენებს. შედეგად კი შესაძლოა ქვეყანას, მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შექმნას პრობლემები. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ სიყალბეა, როცა ხელისუფლება ამ ყველაფერს ქსენოფობიით ფუთავს. ზაქარეიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წელიწადნახევარია საქართველოში უამრავი რუსი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან, ხმაურობენ, ერთობიან და დროს ატარებენ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“გასაგებია - მივუვარდით, ჩავუშალეთ ქორწილი და გავაგდეთ. მერე შეიძლება ამ ყველაფრის საფუძველზე ქართველები ქსენოფობიაში დაადანაშაულონ, ეს ანტირუსულ კამპანიად იქნას შერაცხული და პუტინმა საქართველოში რუსების ინტერესების დაცვა გადაწყვიტოს. გამოდის, ოპოზიციას პროცესი აქეთ მიჰყავს. ამ აჟიოტაჟში ჩართული მხარე აცნობიერებს იმის რისკს, რაც შესაძლოა ამ ყველაფერს მოჰყვეს? ძნელია არ დავუშვათ, რომ ეს რისკი არსებობს. რაღაც ნაწილი ამის პედალირებას ცდილობს. ელენე ხოშტარია არ იყო გავრილოვის ღამესაც ამ ყველაფრის ინიციატორი? ეს ქალბატონი არ იყო რუს ტელეწამყვანს პოზნერს რომ რესტორანში მიუვარდა? ახლაც ხომ იგივე ფიგურები აქტიურობენ. თანაც ხოშტარია რუსეთიდან საკმაოდ სოლიდურ თანახს იღებს. ამბობენ მემკვიდრეობით გვეკუთვნისო, მაგრამ ფულს ხომ რუსებისგან იღებენ. უფრო უკეთესი იქნება დავუკვირდეთ - ამ ყველაფრისკენ ვინ და რატომ მოუწოდებს ხალხს. ეს ხომ იგივე ხალხია, ვინც ამბობდა “ღირსების გამო ომში ჩავებათო”. აგერ, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოიწერა - კარგია, რომ იბრძვით და სჯობს ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთო. ვინმე იაზრებს ასეთმა დაპირისპირებამ ქვეყანა სადამდე შეიძლება მიიყვანოს? იგივე ლავროვი ახლა გაეროში ზის და სხდომები მიჰყავს. ეს არის სანქცირებული ოჯახი? ისევ მიზეზს პოულობენ საიმისოდ, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს ყველაფერი რუსებს და ქართველებს შორის შუღლს აღვივებს. ერთი ფაქტიც კი არ არის ამ ხნის განმავლობაში, რომ ქართველებმა რუსებს ქუჩაში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ ვიცით და უამრავი ფაქტი გვაქვს, რომ საქართველოს საზღვარზე ლიბერალური შეხედულებებისა და ოპოზიციური განწყობების მქონე რუსეთის მოქალაქეებს არ ატარებენ. მათ ეუბნებიან, რომ საქართველოს უსაფრთხეობიდან გამომდინარე აკეთებენ ამას. დავუშვათ ასეა და მართლები არიან, მაშინ ლავროვის ოჯახის წევრების და მათთან დაახლოვებული პირების საქართველოში შემოშვება და ქორწილის გადახდა რასთან არის კავშირში? ხომ იციან, რომ ეს მოსახლეობის დიდი ნაწილის აგრესიასა და უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს? ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად არაკომპეტენტურად მუშაობენ ჩვენი უსაფრხოების სამსახურები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ძალიან კარგად იციან, რომ გავრილოვისა და პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ, ქართველებისთვის ამ ტიპის ადამიანების ქვეყანაში ჩამოსვლა როგორი გამაღიზიანებელია. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს... მე მგონი საქართველოს ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილებების მიღება სულაც არ უნდა. ზოგჯერ მეცოდებიან კიდეც, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი სამარცხვინო ვითარების თავიდან არიდება სურთ. თუმცა, რუსებს უარს ვერ ეუბნებიან. განა იმიტომ, რომ ამით თავიდან მართლა ომს იცილებენ. არა, საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ. რუსეთი მათ ამცირებს და ეუბნება - თუ გინდათ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, ჩვენი მონა გახდით. მერე ვხედავთ, რომ მოსახლეობის პროტესტის ფონზე, ხელისუფლება უკან იხევს და ამით რუსებს აჩვენებენ - ხომ გეუბნებოდით, არ გინდათ აქ ჩამოსვლა, არ ღირს... აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება მათი საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო. თუმცა რუსეთმა მაინც მოასწრო ხელისუფლების დამცირება. რომ არა ეს აქცია, ალბათ ქორწილის აღნიშვნას დიდი სიამოვნებით კიდევ კარგა ხანს გააგრძელებდნენ. აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციის მიერ აწეულმა ტემპერატურამ გაჭრა. მაგრამ, თუკი არ გახმაურდებოდა, რატომაც არა - რუსებს პატივს ბოლომდე სცემდნენ”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე - “არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ აფხაზეთსა და ცხინვალზე”
“ჰიბრიდული ომის იმ სახეობას, რომელსაც ჰქვია რბილი ძალა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, რუსეთი საქართველოში 30 წელია იყენებს. თუმცა რუსულ ფაქტორზე დიდი პრობლემა ქართველების ძალაუფლების სიყვარულია. რაც თავი მახსოვს, ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, საქართველო ყოველთვის ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ხელისუფლებად და ოპოზიციად. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, მუდმივად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ოპოზიციაში დარჩენილები კი მუდმივად იძულებული არიან მათ დაუპირისპირდნენ. დღემდე ვერ შევქმენით ისეთი სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ძალები გავლენებისა და ძალაუფლებისთვის კი არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ საქმის კეთებაში გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. შესაბამისად, ხელისუფლება იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში დაპირისპირება ზღვარს აღწევს და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადადის. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს, რომ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არა გვაქვს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ აფხაზეთსა და ცხინვალზე”.
“სანამ ჩვენ საკუთარ მანკიერებებს არ ვაღიარებთ, რუსეთი ყოველთვის შეძლებს აქ არეულობის ინსპირირებას. ავიამიმოსვლის აღდგენა კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ ის, რომ სწორედ მაშინ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს მის იზოლაციაში მოქცევას. იქმნება განცდა, რომ ჩვენ პუტინს იზოლაციისგან თავის დაღწევაში ვეხმარებით, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, რუსი ლარსიდან ავტობუსით შემოვა თუ პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდება?! რაც შეეხება მოლდოვის მაგალითს, მოლდოვა დსთ-შია და რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს, მაგრამ ასე იყო ომის დაწყებამდეც. სამაგიეროდ, კიშინიოვი ახლა ნელ-ნელა იწყებს მოსკოვისგან დისტანცირებას. ჩვენთან სულ სხვა ვითარება იყო. მართალია “ქართული ოცნება”, როცა ამბობს, ჩვენ მოლდოვაზე წინ ვართ როგორც დემოკრატიის განვითარებით, ისე სხვა მაჩვენებლებითაცო, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მათ მისცეს და არა ჩვენ. ჩვენ უკრაინაზე წინაც ვიყავით, მაგრამ პრობლემა ის არის, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ სწორ მხარეს არ აღმოვჩნდით. ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის და ჩვენ რუსეთისკენ გადავდგით ნაბიჯი, მოლდოვამ კი დასავლეთისკენ დაიწყო სვლა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ღარიბაშვილმა თქვა, როგორ, უკრაინის ომი ომია და 2008 წლის ომი ომი არ იყოო?! 2008 წელს მსოფლიოს ლიდერებს სხვაგვარი პოლიტიკა ჰქონდათ რუსეთთან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა უკრაინას ყირიმი წაართვა, მაგრამ არც მაშინ გადარეულა დასავლეთი. ესე იგი, 2008 წელს კი არა, 2014 წელსაც კი ფიქრობდნენ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი გზით მოაგვარებდნენ ურთიერთობას. ახლა დაიწყო პროცესი, დასავლეთი იზოლაციაში აქცევს რუსეთს და იმის მაგივრად, ამ მომენტით ჩვენც ვისარგებლოთ, ახლა ვიწყებთ საკუთარ მტერთან დამეგობრებას. მოლდოვა წინ მიდის, ჩვენ - უკან. ესე იგი, პრობლემა ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმი კი არა, რუსეთთან დამეგობრებაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა სულაც არ არის უსაფრთხო. გაგახსენებთ, საბჭოთა კავშირის მთავრობამ ავღანეთში ხელისუფლების შესაცვლელად სწორედ ქაბულის აეროპოტი გამოიყენა. ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი გათვალოს...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“გაიხსენეთ, როგორი იყო დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ პირველი ორი კვირის განმავლობაში. მაშინაც მხოლოდ აღშფოთების გამომხატველი განცხადებებით შემოიფარგლნენ. ორი კვირა ბომბავდა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ დასავლეთი თითს არ ანძრევდა. მეტიც, ზელენსკის თავშესაფარი შესთავაზეს. ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და დასავლეთს უკრაინისთვის ჯერ კიდევ არა აქვს სრულად გადაცემული შეტევისთვის საჭირო იარაღი. დღესაც კი ყოყმანობენ. ასეა თუ ისე, დღეს ხომ მივიდა დასავლეთი იმ კონდიციამდე, რომ დაიწყო რუსეთის იზოლაციაში მოქცევა?! ჩვენ რატომ არ ვსარგებლობთ ამით?! ჩვენ ახლა მხოლოდ უკრაინაში რუსულ ოკუპაციაზე კი არა, საქართველოს ოკუპაციაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ. რომელი ჭკვიანი ფიქრობს, პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიაფრენების აღდგენის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოზე შესტკივა გული?! რუსები იღებენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მათ სჭირდებათ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ბოლო დროს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობაზე...” - პასუხობს:
“სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხზე, ვინაიდან რუსეთს ძალიან სჭირდება საქართველოზე კონტროლის აღდგენა, რაც ნიშნავს იმ სატრანზიტო დერეფანზე კონტროლის აღდგენასაც, რომელიც დღეს დასავლეთს ძალიან სჭირდება. ამასთან, რუსეთს ძალიან უნდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა. ავიამიმოსვლის განახლება პირველი და საცდელი ნაბიჯია. შეხედავენ, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ქართველი ხალხი და ნელ-ნელა რკინიგზის გახსნაზე საუბარსაც შემოგვაპარებენ. რუსეთში დიდი ხანია მსჯელობენ საქართველო-სომხეთი-ირანი-რუსეთის სარკინიგზო ხაზზე. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევას, რუსეთი ამას არ დაუშვებს, მხოლოდ დაპირებებს დაგვაჯერებს”.
“დასავლეთი უნდა მიხვდეს, რომ დღეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან მაგრად მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდა და თუ სტატუსზე უარს გვეტყვიან, პრორუსებს დიდ კოზირს ჩაუგდებენ ხელში... მოგვწონს თუ არა, უვიზო მიმოსვლა რუსეთთან ის საკითხია, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში მხარდამჭერები ჰყავს, "ქართული ოცნება" ამას ხედავს და უკვე აგრესიულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადადის. ოპოზიციურ ფლანგზე კი ქაოსია. “ნაცმოძრაობაში” ისეთი ამბებია, ეშმაკი პირჯვარს იწერს. ეს ძალიან მომგებიანია ხელისუფლებისათვის. დღეს რომ არჩევნები იყო, შეიძლება “ნაციონალებმა” 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახონ. ქვეყანაში ძალიან დიდი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატია, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, არჩევნებზე ეს ხალხი აღარ მივა და დარჩება ბურთი და მოედანი “ქართულ ოცნებას”... რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაზე - თუ ომს მოიგებს, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა უვნებლად დავაღწიოთ თავი ქარიშხალს. თუ იქ პრობლემები გაჩნდა, პრობლემები გვექნება ჩვენც”, - დასძენს ძაბირაძე.
რამდენად რეალურია სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - “სიხარულით მიესალმებიან და მაშველ რგოლად გამოიყენებენ”
“ნაციონალური მოძრაობა”, სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს. როგორც ჩანს, ისინი უკვე სააკაშვილის დასაბრუნებლად ემზადებიან. გახდება თუ არა პარტიის დამფუძნებელი პარტიისთვის მაშველი რგოლი, უახლოვეს დღეებში გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, თუ თანხმობა იქნება, მესამე პრეზიდენტს 2024 წლის არჩევნებზე პარტია პრემიერობის კანდიდატადაც წარადგენს. უახლოეს დღეებში, კონსულტაციები “ვივა მედის” პალატაში დაიწყება. ამ ამბავს ენმ-ის წევრი და დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ადასტურებს. ამბობს, რომ მზად არიან პოლიტიკური მოქმედების შესახებ მითითებები სააკაშვილისგან მიიღონ. მათ შორის, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ქუჩაში მისი გათავისუფლების მიზნით. ახლა ყველაფერი პატიმარი პრეზიდენტის პასუხზეა დამოკიდებული - შეცვლის თუ არა ის შარშანდელ გადაწყვეტილებას, როცა ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად რეალურია სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - “სიხარულით მიესალმებიან და მაშველ რგოლად გამოიყენებენ”.
"ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება, მათ ინტერესებში შედის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრონ”, - განაცხადა “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, ენმ ეცდება, ხმები შემოიკრიბოს და სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატადაც კი დაასახელოს: “არ ვიცი, შეიძლება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც დაასახელონ იმიტომ, რომ ამით ხმების შემოკრებას ეცდებიან. სააკაშვილის ფიგურა იწვევს დიდ პოლარიზაციას, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს “ნაციონალურ მოძრაობა”, მაგრამ ასევე გააძლიერებს “ოცნებას”, რადგან აძლიერებს პოლარიზაციას”, - ამბობს სალომე სამადაშვილი. ენმ-მ სააკაშვილის გარეშე პოლიტიკური მომხრეების მოზიდვა უნდა ისწავლოს - ასე ეხმიანება რომან გიცირიძე ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტია მესამე პრეზიდენტთან პოლიტიკურ თემებზე კონსულტაციას იწყებს. “ჩაიხურა ყალბი კამპანია, რომელიც სააკაშვილის მიერ მის გასათავისუფლებლად წარმოებდა. მარტივი გეგმა იყო, რაც ჩაიშალა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ. ახლა უნდა გადავიდნენ გეგმა “ბე”-ზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილი შეიძლება, დაბრუნდეს პოლიტიკაში, საიდანაც სინამდვილეში არასოდეს წასულა”, - აცხადებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, “ის დღემდე რჩებოდა რადიკალური ოპოზიციის არაფორმალურ ლიდერად”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თამაშია. რაც უფრო მეტი კრიმინალი იქნება რადიკალური ოპოზიციის სათავეში, მით უკეთესია, რადგან საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავს რადიკალური ოპოზიციის მანკიერ სახეს. ამ ყველაფრით არსებითად ვერაფერი შეიცვლება. ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვან ძვრას გამოიწვევდა, ჰგონიათ, რომ მას დღემდე აქვს შემორჩენილი ქარიზმა და გავლენა ქართულ პოლიტიკასა და ქართულ საზოგადოებაში. სინამდვილეში, საზოგადოებამ კარგად დაინახა და შეისწავლა სააკაშვილის ბუნება და კარგად იცის, რომ ის არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი კრიმინალი. აქედან გამომდინარე, მისი ფორმალური, არაფორმალური თუ ისეთი და ასეთი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ვერაფერს შეცვლის”, ამბობს კობახიძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” სრული ქაოსია და პარტია მიხეილ სააკაშვილის კონტროლიდან გასულია. ენმ-ს რამდენიმე ე.წ. ფეოდალი მართავს და ვინ ვის ემორჩილება, თავად აღარ იციან. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ახლა 2024 წლის არჩევნებში ენმ-ს, რომელსაც ყველა გამოკითხვების მიხედვით რეიტინგი კატასტროფულად აქვს დავარდნილი, მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ბრენდი სჭირდება. ამიტომ მის ქართულ პოლიტიკაში ისევ შემოყვანას შეეცდებიან”, - დასძენს გამოცემა.
“რეალურად არ არის სიმართლე, თითქოს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართული არ იყო. უბრალოდ ეს ერთ-ერთი ტაქტიკა იყო იმისთვის, რომ ციხისთვის თავი დაეღწია. მისი ეს განცხადება არც არავის დაუჯერებია. ამიტომაც ახლა თავად სააკაშვილიც ხედავს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა და პოლიტიკაში კვლავ აქტიურად შემობრუნდება. რაც შეეხება მის პარტიას, რა თქმა უნდა, სიხარულით მიესალმებიან, რადგან სააკაშვილს როგორც მაშველ რგოლს ისე გამოიყენებენ. ამის პარალელურად კი ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიაში გავლენებს აძლიერებენ. პარტიას სრულიად წმენდენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათ არ ემორჩილებიან. რეგიონებში მერაბიშვილმა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების მეშვეობით წმენდა ჩაატარა. თავიდან ისეთ ხალხს იშორებენ, რომლებსაც წინააღდეგობის გაწევა შეუძლიათ. ამიტომ სააკაშვილი თუ უკან პოლიტიკაში შემობრუნდება, ის ნომინალური ფიგურა იქნება და მხოლოდ მისი სახელით ისარგებლებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“სააკაშვილი ციხიდან პარტიას საერთოდ ვეღარ აკონტროლებს. ამიტომ ყველა სათავისოდ რაღაცეებს ცდილობს. ვხედავთ, რომ ენმ-ს რამდენიმე ფეოდალი მმართველი ჰყავს და ერთმანეთთან კომუნიკაცია კი უჭირთ. პარტიის გაყოფა გარდაუვალია, ამიტომ რეიტინგის დაკარგვის შიშით, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი თავს იზღვევენ და სააკაშვილის ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობენ. მათი ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნებში პარლამენტში შესასვლელად სააკაშვილის მომხრეები შემოიკრიბონ. რეალურად კი სააკაშვილის ბედი არავის აინტერესებს, მისი ციხიდან დახსნას არც არავინ აპირებს. პირიქით, ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი ყველაზე მეტად აწყობთ”, - დაასკვნის აბაშიძე.
დავით უსუფაშვილი - “ფრენების აღდგენაში პრობლემა არ არის, პრობლემა ხელისუფლების დამოკიდებულებაშია”
“რაც დღეს საქართველოში ხდება, იმის საწინააღმდეგოა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები წლების განმავლობაში გუნდურად და ინდივიდუალურად აკეთებდნენ. ნაცვლად იმისა, მსოფლიოში შექმნილი ახალი პოლიტიკური მოცემულობით ისარგებლონ და ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებელ რუსეთთან პრინციპული პოზიციები დააფიქსირონ, მის დაკრულზე ცეკვას იწყებენ. გამოდის, რუსეთს, ერთი მხრივ, ბელარუსი ჰყავს საიმედო საყრდენად, მეორე მხრივ კი საქართველო უმზადებს პლაცდარმებს სხვადასხვა გზით. ფრენების აღდგენაში მართლა არ არის პრობლემა. შეიძლებოდა ავიამიმოსვლა არც თავის დროზე შეწყვეტილიყო. პრობლემაა ხელისუფლების დამოკიდებულება, მათი ყიჟინა და ხელების ფშვნეტა. მათ და პუტინს ერთნაირად უხარიათ, როდესაც რაიმე ისეთი ხდება, რაც დასავლეთს უქმნის პრობლემას. დიახ, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. “ქართული ოცნების” ლიდერებმა შესანიშნავად იციან, რომ რუსეთთან მეგობრობა, პარტნიორობა შეუძლებელია და მასთან ჩვენ მხოლოდ ტრაგიკული წარსული გვაკავშირებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, დასავლეთისგან კი ლეგიტიმურ შენიშვნებს იღებენ, ისევ რუსეთთან ურთიერთობა ურჩევნიათ”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფრენების აღდგენაში პრობლემა არ არის, პრობლემა ხელისუფლების დამოკიდებულებაშია”.
“რამდენიმე დღის წინ ისიც კი გვითხრეს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ გაუშვებენ ბრიუსელში, იმიტომ, რომ ცუდ რამეებს ილაპარაკებსო. ამგვარად მოლაპარაკე პირების ადგილი ევროპაში ნამდვილად არ არის. ასე მეტყველებენ იქ, საიდანაც ცოტა ხნის წინ ფრენები დაიწყო. ზურაბიშვილისგან ველი პრეზიდენტისთვის შესაფერის პასუხსა და ნაბიჯს. მან რამდენიმე ასეთი ნაბიჯი გადადგა კიდეც. ვფიქრობ, ზურაბიშვილი კობახიძეს საკადრის პასუხს გასცემს და ბრიუსელშიც იმ განცხადებებს გააკეთებს, რაც, წესით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება მმართველი გუნდის შიშებს, |”ქართული ოცნების” ლიდერებს ეშინიათ ყველასი და ყველაფრის, ვინც და რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. შიშიანობა პარანოიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც აუცილებლად ემართებათ უსაზღვრო ძალაუფლებით აღჭურვილ ადამიანებს. ეს პოლიტოლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კვლევებით არის დადასტურებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ ადამიანებს თანაბრად ეშინიათ პრეზიდენტის, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, რიგითი მოქალაქეების, რომელთაც ვერ აკონტროლებენ. კობახიძემ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოგვიცხადა, რომ არც ერთი “ნაციონალი” არ უნდა გააჭაჭანონ არც ერთ თანამდებობაზე. კობახიძეს აშკარად აქვს იმ ცნობილი დაავადების ნიშნები, რომელიც ემართებათ ცალკეულ ინდივიდებს ნერვიული აშლილობის დროს... 55 წლის ვარ და მოვესწარი იმ დროს, როდესაც სახელისუფლებო დონეზე იგეგმებოდა ანტიევროპული და ანტიამერიკული კამპანიები. ესე იგი, ყველაფერი, რაც ხდებოდა დასავლეთში, იყო ცუდი, და ყველაფერი, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში, იყო კარგი. ასეთივე პროპაგანდას ეწევიან ახლა ღარიბაშვილი, კობახიძე და კალაძე. ევროპასთან რომ გვაქვს უვიზო რეჟიმი და ნახევარმა საქართველომ მოიარა ევროპა, ამის გამო ვინმეს მადლობა უთხრეს?! კობახიძემ იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ ამერიკელები ქართველ ახალგაზრდებს ვიზებზე უარს ეუბნებიან და ცუდები არიან. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები რომ ესმოდეთ აბონ ციციაშვილს და საბჭოთა საქართველოს დროინდელ `მოამბის~ წამყვანებს, ძალიან შეშურდებოდათ. ამათ საბჭოთა პროპაგანდისტებსაც კი აჯობეს”, - მიიჩნევს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი.
“ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სიღარიბისგან თავის დაღწევა და თავისუფლება სურს თუ გულში მჯიღის ცემა, ბოღმიანი ლაპარაკი და სიღატაკეში ცხოვრება. ყველამ კარგად იცის, ვინ შეაჩერა 2008 წელს რუსული სამხედრო აგრესია. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, შავ ზღვაში შემოსული ამერიკული სამხედრო გემიდან თბილისისკენ გამოფრინდა ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული თვითმფრინავი და ამის შესახებ ვაშინგტონმა ოფიციალურად აცნობა მოსკოვს. აი, ამან გააჩერა რუსული აგრესია 2008 წელს. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, სად იყო დასავლეთი 2008 წლის აგვისტოში, ანტიდასავლური რიტორიკაა და სხვა არაფერი. რომელ ჭკუათმყოფელს ჰგონია, რომ საქართველო სამყაროს ცენტრია და როდესაც რა მოგვესურვება, ყველამ ის უნდა ვაკეთოთ?! ან რა ლოგიკაში ჯდება, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები ყველას ჭკუას არიგებენ?! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც მისწვდნენ და შეთქმულებასა და კორუფციაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ გაბედეს და ქართველი მოსამართლეები დაასანქცირეს. ვისაც ასეთი სისულელეებისა და ტყუილების დაჯერება სურს, ნება მათია. სამწუხაროდ, ასეთებიც გვყავს ქართველებს”, დასძენს დვით უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “ახლოვდება 2024 წლის არჩევნები. “ლელოს” თუ აქვს იმედგაცრუებული ამომრჩევლის გულის მოგების გეგმა და სტრატეგია?”, - პასუხობს:
“8-9 მარტს მე ვნახე ქუჩაში გამოსული ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ღირებულებების ერთგული იყვნენ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს ეს ხალხი და მათ ხმებს, თუ რომელიმე პარტია ან პარტიები მოიპოვებენ, გაინაწილებენ და კოალიციურ მთავრობაში შეაგროვებენ. ამაზე საუბარი ნაადრევია. ერთი რამ ცხადია - ამ ქვეყანაში აღარ, ვეღარ გამოჩნდება მორიგი ვარსკვლავბიჭუნა, რომელიც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ერთი პარტიის მხარდასაჭერად მოიყვანს საარჩევნო ურნასთან. მომავალი კოალიციური მთავრობისაა. “ლელო” არ ეუბნება თავის ამომრჩეველს, მე ვარ და სხვა არავინო. “ლელო” ამბობს, კარგად გაიხედ-გამოიხედეთ, ნახეთ, რა ხდებოდა იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის დროს, შარლ მიშელის შეთანხმების დროს, ვინ რა პოზიციაზე იყო და არისო. დინამიკაში უნდა დავინახოთ, ვის ვანდობთ ქვეყანას, შვილების მომავალს, იმის მიხედვით კი არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ერთ კონკრეტულ მომენტში ვინ აგვიჩქროლა ძარღვებში სისხლი და მოგვტაცა მზერა. ასეთი ემოციები შეიძლება გამოვხატოთ პოპულარული მომღერლის მიმართ, პოლიტიკურ პარტიებს კი გონებით უნდა დავუჭიროთ მხარი...”