ოპოზიცია ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის ძიებაში
“რა პერსპექტივებია კანდიდატის სტატუსის მისაღებად - “ევროკომისიის მხრიდან დადებითი ტენდენცია შეინიშნება”
ცვლილებები ფრონტის ხაზზე - “უკრაინელები რუსებს სამი მიმართულებიდან უტევენ”
* * *
ოპოზიცია ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის ძიებაში
“ოპოზიცია ბოლო პერიოდში გააქტიურდა, ჯერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ალაპარაკდა, ახლა კი პოლიტიკური პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოდის. “ნაციონალები” კოლეგა ოპოზიციონერებს საკუთარი ქოლგის ქვეშ ეპატიჟებიან. ენმ-ის ლიდერმა 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანება ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე შესთავაზა, იმ მოტივით, რომ “ივანიშივლის დამარცხების გასაღები” მხოლოდ “ნაცმოძრაობას” აქვსო. ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, თქვეს, რომ “ნაციონალური მოძარობა” ახლა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამ ტონით ისაუბროს. თანამშრომლობაზე თითქოს უარს არ ამბობენ, მაგრამ არც მათი “ბატონობა” უნდათ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას გამორიცხავს “ლელო”. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ არასწორი ტაქტიკა იქნება “ნაციონალურ მოძრაობასთან” სხვა ყველა პოლიტიკური ძალა ერთად დაგეს და ისევ იმ პოლარიზებულ გარემოში წავიდნენ. პარტიის პოლიტსაბჭო აცხადებს, რომ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” აქ ვერ იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიცია ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის ძიებაში.
“ქართული ოცნების” დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. მნიშვნელოვანია, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რათა ორხელისუფლებიანობა დაიმსხვრეს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთი პროევროპული პარტიების ერთობის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება, რომ ეს ორპოლუსიანობა დაამსხვრიოს. იმუშაოს იმ ელექტორატთან, რომელიც არ აპირებს ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”. გაერთიანება საჭიროა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე” - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. “ლელოს” მიზიდულობის ცენტრის შექმნის ინიციატივაც მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიებისთვის. გახარიას პარტიაში მიიჩნევენ, რომ, როცა არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, მიზიდულობის ცენტრზე საუბარი არაადეკვტურია. “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია კი “ლელოს” ურჩევს, რომ პარტიები დააფინანსოს და ის საქმე არ აკეთოს, რომელიც არ გამოსდის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯერ მოვისმინეთ ხაბეიშვილის ზღაპრები, ახალა “ლელოს” წინასაწარ მოგონილ ზღაპრებს ვისმენთ. ჯერ არავინ იცის, რა და როგორ განვითარდება მოვლენები პოლიტიკურ ველზე. მიზიდულობის ცენტრზე საუბარი, საბოლოო ჯამში, მივა საერთო სიის გაკეთებისკენ. კატეგორიულად გამოვრიცხავთ ჩვენ საერთო სიების შექმნას”, - აცხადებს გახარიას პარტიის წევრი ბექა ლილუაშვილი. “მათ სხვა საქმე გამოსდით - კარგად ფულის შოვნა და ის ხალხი უნდა დააფინანსონ, ვისაც პოლიტიკის კეთება გამოსდით მათზე უკეთ. გაერთიანება იმის გამო, რომ ვიღაც მესამე ძალად მიიჩნევს საკუთარ თავს, მათთან ერთად ყოფნა ჩვენი სტილი არ არის”, - აცხადებს იაგო ხვიჩია. “ოცნებაში” კი დარწმუნებული არიან, რომ “ლელოს” არ აქვს ის რესურსი შექმნას ფლანგი, რომელიც გააწონასწორებს “ნაციონალურ მოძრაობას”. ოპოზიციის ახალ პოლიტიკურ კონსტრუქციას სკეპტიკურად უყურებენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიციის ბოლო განცხადებები კრიტიკას ვეღარ უძლებს. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ახალი სტრუქტურის ძიებაშია, როგორმე მოსახლეობის ხმები მიიღოს, - დასძენს გამოცემა.
“განცხადებაა ის, რასაც პოლიტიკური წონა აქვს. ოპოზიცია კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. სერიოზული რეაქცია ოპოზიციის განცხადბებზე აღარ მაქვს. კაცმა თქვა, რომ “ოცნების” დასამარცხებელი გასაღები მე მაქვსო. თუ შენ გაქვს, მაშინ გააღე კარი, სტუმრებს რად იწვევ. ახლა ეს განცხადება “ნაციონალების გარეშე”, როცა ყველა გამოკითხვით, “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში არის ყველაზე წინ. ფაქტია, რომ არ აქვთ რეალობის გრძნობა, არ აქვთ ლოგიკა, დასკვნებს ვერ აკეთებენ, გაუგებარი მოქმედებების გამო ხალხს არ მიაჩნია, რომ ეს ოპოზიცია უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში. ქართულ პოლიტიკაში ამ გაერთიანებებს თუ თავს დაანებებენ, უპრიანი იქნება, არ არის გაერთიანება ყოველთვის მომგებიანი. არჩევნებამდე იმდენი დროა წინ, რომ 9 პარასკევი ამოტივტივდება” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“მაღალი ბარიერი რომ ყოფილიყო, პარლამენტში შევიდოდა მხოლოდ “ოცნება” და “ნაციონალური მოძარობა”. 2020 წლის არჩევნებში სააკაშვილმა შეძლო 30 ადგილის აღება, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად 24 ადგილი. ადრე არ დაუწყია ოპოზიციას მზადება გაერთიანებისთვის, საორგანიზაციო საკითხებია მოსაგვარებელი და საზოგადოებასაც არ მოსწონს არჩევნების წინ გადახტომ-გადმოხტომა. საქართველოში კლასიკური პოლიტიკური პარტია არ არის, ეს არის პოლიტიკური დაჯგუფებები, როგორც ფეოდალურ ხანაში იყო. მამუკა ხაზარაძეს თავისი დაჯგუფება ჰყავს, სხვა პარტიებს თავისი. ეს “ლიდერები” არ არიან თანახმა, რომ ხაბეიშვილს ეახლონ და მის პირობებს დათანხმდნენ. ხედავენ, რომ თვითანაც არ არიან 5%-ის ამღები, მაგრამ ვერც იმ ორთქლმავალს ხედავენ, რომელსაც აეკიდება და შეიყვანს პარლამენტში. მაგალითად, ასეთს როგორიც 2003-ში იყო მიშა, რომელისაც კონკურენციას ვერ გაუწევდნენ, ამიტომ, დახარეს თავი ჟვანიამ და ბურჯანაძემ და შევიდნენ “ნაცმოძრაობაში”, ეს იყო პოლიტიკური კაპიტულაცია. დღეს ასეთი სიტუაცია არ არის, ამიტომ მიდის კონფიგურაციის ძებნა, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახვინებთ” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“რა პერსპექტივებია კანდიდატის სტატუსის მისაღებად - “ევროკომისიის მხრიდან დადებითი ტენდენცია შეინიშნება”
“ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დადებითად აფასებს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტებს საქართველოში, რათა მოხდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკომისიის ოქტომბრის შუალედური დასკვნა, სადაც შემუშავდება გარკვეული რეკომენდაციები წლის ბოლომდე გასათვალისწინებლად. თუმცა, ელჩი ფიქრობს რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა სწორედ იმ 12 რეკომენდაციის შესრულებასა და აქტიური ინტენსიური მუშაობით განისაზღვრება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. დასკვნებიც და შედეგებიც სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რა პერსპექტივებია კანდიდატის სტატუსის მისაღებად - “ევროკომისიის მხრიდან დადებითი ტენდენცია შეინიშნება”.
“როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარდინზე, სადაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ცალსახად”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომიის 12 რეკომენდაციის თითქმის 80% უკვე შესრულებულია. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში პოზიტიურ შეფასებას აძლევს, მიიჩნევს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ, გასულ წელსაც ვიმსახურებდით და ყველაფერი ახლა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია კი აცხადებს რომ 12 რეკომენდაცია ჯერ სრულყოფილად არ არის შესრულებული და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ, ვინაიდან, არიან ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერენ და არიან ისეთებიც, რომელთაც პრეტენზია აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მე მგონი კვირა არ გავა, რომ ჩვენი მაღალჩინოსნები არ იყვნენ რომელიმე ევროპის ქვეყანაში. რასაკვირვველია, საქართველოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკების აუცილებლობა - ეს არ ხდება მხოლოდ 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე. ეს არის სხვადასხვა მიმართულებებზე დიალოგი, მათ შორის უსაფრთხოება და ეკონომიკა, ასევე ორმხრივი საუბრები. არა აქვს მნიშვნელობა შიდა თუ გარე აქტორი ამ ხელისუფლებას უკიჟინებდეს რომ მეტი შეხვედრები გამართოს, ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. იმიტომ რომ ეს ისედაც ინტენსიურ რეჟიმში იმართება. გარდა ამისა, თბილისში ჩვენ ვნახეთ არაერთი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი. რაც შეეხება ევროკომისიის წინასწარ შუალედურ დასკვნას, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, რამეთუ შარშანაც ეკუთნოდა საქართველოს პარამეტრების მიხედვით, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, არ მოგვანიჭეს დამსახურებულად პარამეტრების შესრულების მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“იმას თუ როგორ არის რეკომენდაციები შესრულებული, შევხედოთ ამას პოლიტიკური სპექტრიდან, ხელისუფლების ობიექტური შეფასებით, უმეტესობა შესრულებულია, გარდა ერთისა და ისიც შეუსრულებადია ბოლომდე, ეს არის დეპოლარიზაცია - პირველი პუნქტი, რადიკალურ ოპოზიციას რომ ვკითხოთ, არაფერი არ არის შესრულებული. რაც შეეხება ობიექტურ შეფასებას, თუ ევროკავშირს, ეს არაერთხელ დააფიქსირა პრემიერმა ღარიბაშვილმა და სხვა მისმა თანაგუნდელმა, თუ სურს რომ დეპოლარიზაციის ხარისხი არ იყოს მაღალი, პოლარიზაცია შემცირდეს და ტემპერატურა დაიწიოს, უნდა მოგვანიჭონ დამსახურების მიხედვით კანდიდატის სტატუსი და თუ მათ აწყობთ რომ შემდგომი რყევები, ფსევდო მედასავლეთეების რეალურად რუსეთუმე ხოშტარიებისა და “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მხრიდან, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, თუმცა, ამითი არაფერი არ შეიცვლება მიიღებს თუ არ მიიღებს საქართველო ამ სტატუსს, ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება იმ გაცხადებული მიზნების მიხედვით, და რაც მთავარია, მანამდე ხელმოწერილი ფუძემდებლური ხელშეკრულებების და გეგმების შესაბამისად” - დაასკვნის გია აბაშიძე.
“საქართველოს ტრადიციულად მხარს უჭერდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ვიშეგრადის ქვეყნები, და სხვა დროს გერმანია-საფრანგეთი ჭოჭმანობდნენ, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ახლა სიტუაცია შეიცვალა - ზოგადად გერმანია უჭერს მხარს მეტ-ნაკლებად ძალიან აქტიურად საქართველოს, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, იგივე პოლონეთი მხარს დაუჭერს. კიდევ არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც არ ჩანან, გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომელიც საქართველოშია - სააკაშვილის ამბები, გვარამიას საკითხი, ზოგადად დემოკრატიის უკუსვლა, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, აი, ამის გამო დარწმუნებული არ უნდა ვიყოთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაუჭერენ თუ არა მხარს საქართველოს. თუმცა, არა მგონია, რომ თუ დანარჩენმა ევროკავშირის ქვეყნებმა ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირეს, ისინი წინააღმდეგი გამოვიდნენ. არის ქვეყნები, რომელთა ხმებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ არის სამუშაო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თორემ ევროკომისიის მხრიდან მეტ ნაკლებად დადებითი ტენდენცია შეინიშნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“რაც შეეხება პირველად დასკვნას, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება, რომლითაც ჩვენ მივხვდებით მეტ-ნაკლებად აქცენტები როგორ არის გაკეთებული. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რეალურად როგორ უყურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირი ამ ეტაპისთვის. ევროკავშირის სურვილი არსებობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა, მაგრამ საქართველოს მხრიდანაც უნდა იყოს სურვილი, განსაკუთრებით პოლიტიკური კლასისგან, სერიოზული თემებია დეოლიგარქიზაცია, საოცრება უნდა მოხდეს რომ ეს შესრულდეს, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” არ იმჩნევს რომ დეოლიგარქიზაცია წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილის გარეშე, რაც წარმოუდგენელია, ასევე, შესასრულებელია დეპოლარიზაცია და სასამართლო რეფორმა” - დასძენს კორნელი კაკაჩია.
ცვლილებები ფრონტის ხაზზე - “უკრაინელები რუსებს სამი მიმართულებიდან უტევენ”
ვინ ააფეთქა კახოვკის ჰესი? სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს პანიკაში მყოფი რუსეთის გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინის მხრიდან კონტრშეტევს დაწყების შიშით ყველაფერზე მიდის. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. კაშხლის აფეთქების გამო, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, რასაც იქ მობინადრე ყველა ცხოველი ემსხვერპლა. ~ომის შემსწავლელი ინსტიტუტის~ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი”, წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცვლილებები ფრონტის ხაზზე - “უკრაინელები რუსებს სამი მიმართულებიდან უტევენ”.
“აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის”2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს მარცხენა სანაპიროს დატბორვის უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ, მათივე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და ძალების დაზიანების მიუხედავად, ვიდრე უკრაინელებს”, - აღნიშნულია ანგარიშში. “ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხერსონის რეგიონში”, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მისივე თქმით, 1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა და წყლის დონე მოსალოდნელია, რომ შემდეგ 20 საათში, კიდევ ერთი მეტრით გაიზარდოს. “კახოვკას ჰესზე რუსი ტერორისტების მიერ გამოწვეული კატასტროფა უკრაინასა და უკრაინელებს არ შეაჩერებს” - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ხალხის გადასარჩენად და მათი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსი ტერორისტების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინასა და უკრაინელებს. ჩვენ მთელ ჩვენს მიწას მაინც გავათავისუფლებთ. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს, დარჩნენ ჩვენს მიწაზე. მადლობა ჩვენს თითოეულ მაშველს, სამხედროს, ჩვენი რეგიონის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ახლა რუსეთის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დატბორილ მოსახლეობას ეხმარებიან. მთელი მსოფლიო გაიგებს ამ რუსული ომის დანაშაულის შესახებ. საკუთარი უსაფრთხოებისთვის, მსოფლიომ ახლა უნდა აჩვენოს, რომ რუსეთი ასეთი ტერორის შედეგებს ვერ გაექცევა. ის ფაქტი, რომ რუსეთმა განზრახ გაანადგურა კახოვკას წყალსაცავი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის წყლით მომარაგებისთვის, მიუთითებს იმაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ყირიმიდანაც მოუწევთ გაქცევა”, - ამბობს ზელენსკი. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება და არ მიატოვებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ცალსახად მიაჩნია, რომ ინციდენტი უკრაინის მხრიდან ჩადენილი წინასწარგანზრახული დივერსია იყო. მისივე მტკიცებით, უკრაინას მიზანია ყირიმისთვის წყლის წართმევა და ბრძოლის ველიდან ყურადღების გადატანა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით კი უკრაინამ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე შეტევა დაიწყო. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს არის რუსების მიერ მიზანმიმართულად გაკეთებული აფეთქება, რადგან უკრაინელებმა კახოვკის ჩრდილო მიმართულებით შეტევა დაიწყეს. მაისაია ამბობს, რომ უკრაინელების კონტრშეტევა დონეცკის, ზაპროჟიეს მიმართულებაზე მიმდინარეობს, ამიტომ არსებობდა რისკი, რომ უკრაინელებს რუსული შენაერთები ამ მიმართულებით ალყაში მოექცია. ამიტომ რუსებმა გამოსავალი კაშხლის აფეთქებით იპოვეს”, - დასძენს გამოცემა.
“უკრაინელებს კაშხლის აფეთქების ჯერ ერთი არც მოტივაცია და არც მიზეზი არ ჰქონდა და მეორეც არც ამის გაკეთების საშუალება ჰქონდათ. ეს კაშხალი და მის გარეშემო ტერიტორია უკრაინელებისთვის ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნივნელოვანი და ღირებულია. წარმოუდგენელია ასეთი სიგიჟის ჩადენა და საკუთარი ხელით უკრაინელების მხრიდან ხარაკირის გაკეთება. უკრაინელებს ეს რაში უნდა აწყობდეთ? პუტინს ეშინია, რომ ხარკოვის მსგავსი სიტუაციის გამეორება დონეცკში მოხდება და ალყაში მოქცევის ეშინია, ამიტომაც ეს ბარბაროსული გადაწყვეტილება მიიღო. მას რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე და ბედი არაფერში ადარდებს, ახლა მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს არის შიდა დამბების ხელოვნურად აფეთქება, რის შემდეგაც წყალმა გამოხეთქა. სამწუხაროდ, უკრაინის ამ ტერიტორიას დიდი კატასტროფა ემუქრება. 5-10 კილოტონის ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქების ტოლფასი ზარალია. რა თქმა უნდა, ასევე არსებობს ზაპროჟიეს ჰიდროელექტრო სდგურის აფეთქების საფრთხეც და რუსებისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“რაც შეეხება უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას, მაისაია ამბობს, რომ სწორედ ამის შიშით გადაწყვიტეს რუსება კახოვკის კაშლის აფეთქება. მისი თქმით, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ჩრდილოეთით 8 კმ წინ წაიწიეს. ასევე წინსვლა დონეცკის სამხრეთით აქვთ. უკრაინელებმა რამდენიმე მიმართულებაზე ჯერჯერობით უკვე პატარა შეტევები დაიწყეს. შოიგუს შეშფოთების მიზეზიც ეს არის. ამ ეტაპზე მასობრივი შეტევები არ არის. უკრაინელები რუსებს სამი მიმართულებიდან უტევენ. ეს არის ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქები. ქტიური შეტევები აქ იქნება და რუსებიც როგორც ვნახეთ სწორედ ამ მიმართულებით ემზადებიან. რუსების სუსტი თავდაცვა უფრო ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა. ამიტომ ყველაზე დიდი აქტიურობა ამ მხარეს იქნება“, - დასძენს მაისაია.