თბილისის საკრებულოში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა გოგოლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივები თუ ცალკეული პარტიის წევრები მთავრობის მანკიერი სისტემის მსხვერპლია.
როგორც მან საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანა რუსეთისკენ და ცენზურისკენ მიექანება, სადაც სახელმწიფო ადამიანების აზრს აკონტროლებს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ყვარელში ლავროვის ნათესავების ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროტესტის დროს დააკავეს, ამ წუთებში, სხვა მოქალაქეებთან ერთად, სასამართლოს განაჩენს ელოდება.
„იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში სასტიკ ტერორისტულ აქტივობებს აგრძელებს, ჩვენი ხელისუფლება ძალიან მტკიცედ და ჯიუტად მიუყვება რუსულ გზას. საქართველოში რამდენიმე კვირის წინ სანქცირებული ლავროვის ნათესავები ჩამოვიდნენ და ბედნიერად ზეიმობდნენ. ამ კადრების შემყურე მოქალაქეები პროტესტითა და ბრაზით განეწყვნენ. ბევრი თანამოქალაქე ამბის გასაპროტესტებლად ყვარელში ჩავიდა და მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღირსეული წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. იქ იყო მისული როგორც მოქალაქე და არა როგორც პოლიტიკოსი. პოლიციამ ირაკლი დააკავა და ამ წუთებში ის სხვა თანამოქალაქეებთან ერთად ელის სასამართლო პროცესს, სადაც მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს. „ქართული ოცნების“ მიერ დაკავებული ყველა მოქალაქე მთავრობის ძალიან მანკიერი სისტემის მსხვერპლია. ისინი სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის იჩაგრებიან. მინდა შეგახსენოთ, რომ ლავროვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების ერთ-ერთი მთავარი აგიტატორი იყო.
ამ ხელისუფლებისთვის მოქალაქეები, რომლებსაც სამართლიანი პროტესტი აქვთ, პრიორიტეტი არ არის. მათთვის პრიორიტეტი ძალაუფლებაა და ამის მაგალითი ბოლო დროს პარლამენტთან გამართული აქციებია. იქ ჩვენი მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის სახელის თავისებურად დაწერის თუ თუნდაც ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააკავეს.
სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთისკენ, ცენზურისკენ და ჯორჯ ორუელის მიერ აღწერილი სახელმწიფოსკენ მივექანებით, სადაც სახელმწიფო ადამიანების აზრს აკონტროლებს“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.