ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2023

ვახტანგ ძაბირაძე - „კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ ...“

“უკრაინა მიიღებს ისეთივე სტატუსს, როგორც ისრაელი” - შესაძლო კომპენსაცია კიევისთვის ნატოს წევრობაზე უარის გამო

ლაშა ბერიძე - “ძალიან არ მომწონს, რომ “თავდაცვის კოდექსი” მდიდრებზე მორგებული კანონია!”

როგორ მოახერხა უკრაინამ “აზოვის” მეთაურების დაბრუნება

ბაჩო დოლიძე - “დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - „კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ ...“

“შტატების ეს განცხადება აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ევროპისა და ამერიკისთვის სასურველი პარტნიორი. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა გახდეს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრი და ამას საჯაროდაც ამბობენ, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელი აშკარად გაუგებარი პოზიციისა, განსაკუთრებით ნატოს შესახებ. ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ განცხადებები, რომ თურმე ჯერ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და მერე ვიფიქროთ ნატოზე. საინტერესოა, როგორ აღადგენენ მთლიანობას? ეს ხომ პოლიტიკური პროცესია, რომელიც თანდათან უნდა განვითარდეს? რა და როგორ მოხდება, ჩვენს ხელისუფლებას წარმოდგენა არა აქვს, და ჩემი აზრით, ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ ...“

“როდესაც 10 წლის წინ “ქართული ოცნება” განუხრელად ლაპარაკობდა ქვეყნის ნატოში გაწევრებაზე და ინტენსიურად იყო ჩართული ნატოსთან დაახლოების პროცესებში, მაშინ ტერიტორიული მთლიანობა არ გვქონდა აღსადგენი? იგივე ხელისუფლება გვყავდა, პრემიერიც იგივე იყო, მაშინ რატომ აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს? როდესაც “ქართული ოცნება” გაიძახის, პრიორიტეტები და ორიენტირები არ შეგვიცვლიაო, ჩნდება კითხვა, აბა, რას ნიშნავს დღევანდელი განცხადებები? აგვიხსნან და დაგვისაბუთონ, რატომ მაშინ არ კეთდებოდა ასეთი განცხადებები და რა შეიცვალა დღეს? ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს ვამბობ, რომ ნატოში უნდა შევიდეთ და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ, არამც და არამც, მე ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი პროცესი - ჩვენ ნატოსკენ უნდა მივდიოდეთ, ალიანსთან ურთიერთობა უნდა გავაღრმაოთ და პარალელურად ყველაფერი გავაკეთოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ნატოსთან ურთიერთობა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გზა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე,

“ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენი ხელისუფლება რაღაც გადაწყვეტილებებზე ბოლომდე არ ლაპარაკობს და ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ისე მოიქცეს, რომ არც რუსები გაღიზიანდნენ მაინცდამაინც და არც პარტნიორები. თუმცა ბოლო ხანს პარტნიორების მიმართ დამოკიდებულება გაცილებით უარესდება, ვიდრე ოკუპანტი რუსეთის მიმართ. ვერ გავიგეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთს როგორ მოექცევი, როცა დასჭირდება იქ და ისე დაგარტყამს, სულ რომ არ ელი და ამ დროს შეიძლება დამცველი და მხარდამჭერი მეგობარი აღარ შეგვრჩეს... კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფად განვითარებულიყო, მაგრამ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები, ასე არ მუშაობენ. 2008 წელს შეიძლებოდა მიგვეღო მაპ-ი, მაგრამ ვერ მივიღეთ, ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ დაბლოკეს ამ სტატუსის მონიჭება. იქ ამ პროცესს ცოტა სხვაგვარად უყურებენ, უფრო ფართოდ. დასავლური ქვეყნები მკაფიო გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ კრიტიკულ ვითარებაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებები სწრაფად ვერ მიიღება, იქ საზოგადოების აზრს ითვალისწინებენ, განსხვავებით ავტორიტარული ქვეყნებისგან. დასავლეთი ცდილობს უკრაინაში მიმდინარე ომით შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც იმოქმედოს გონივრულად, არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ფრთხილობს და გადამწყვეტ ნაბიჯს, თუნდაც უკრაინის ნატოში მისაღებად, არ დგამს. მოგეხსენებათ, ითქვა, რომ შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის საშუალებითაც უკრაინას ნატოსთან დასაახლოებლად და ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად უფრო მეტი ბერკეტი ექნება. წესით, დღეს ჩვენც უნდა ვითხოვდეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიებს ნატოსგან, მეტად ვმუშაობდეთ, საკუთარ დღის წესრიგს წარვადგენდეთ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, სამწუხაროდ”, - ამბობს ექსპერტი.

“მოკლედ, იმის გაგება გვჭირდება, რომ დასავლეთს გადაწყვეტილების მისაღებად იმაზე დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ეს ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება. ამის მაგალითად გამოდგება რუსეთი, თუნდაც დღევანდელი საქართველო თუ ჩვენი სამეზობლო. ავტორიტარულ რეჟიმებს საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ. საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობის აზრი მართლაც რომ აინტერესებდეს, როდესაც იცის, რომ 80% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, სულ ცოტა, იმ რიტორიკაზე მაინც იტყოდა უარს, რაც ბოლო ხანს გვესმის. სამწუხაროდ, ეს არის ავტორიტარიზმის ერთ-ერთ ფუნქციონალური გამოვლინება. რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ელჩის მიერ კიევის დატოვების საკითხს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე დღეებში საქართველოს ხელისუფლების ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რამაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები გაანაწყენა და მას მერე ვითარება სულ უფრო და უფრო არასასურველი ხდება. გახსოვთ, ალბათ, ღარიბაშვილის ნათქვამი, ომი უკრაინაშია და ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვსო. მეგობრები ასეთ განცხადებებს, როგორც წესი, არ აკეთებენ. იქიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის არც სწორი და არც მისაღები”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“საქართველოს ხელისუფლებას ამ ვითარებაში მართლაც მართებდა სიფრთხილე, სანქციებს, ალბათ, ვერ შევუერთდებოდით, მაგრამ არ შეიძლებოდა იმგვარი განცხადებების გაკეთება. რიტორიკა იყო ისეთი კონფრონტაციული, რომ თავისთავად მივიდა ყველაფერი აქამდე. გაიძახიან, სააკაშვილი და ადეიშვილი არ გადმოგვცესო. კი, მაგრამ, რას აკეთებდნენ საგამოძიებო უწყებები, მოახერხეს ამ ხალხის დანაშაულის დასაბუთება ისე, რომ მათთვის უცხოელ კოლეგებს დაეჯერებინათ? როგორც მახსოვს, საფრანგეთში დააკავეს კეზერაშვილი, მაგრამ ვერ შეძლეს იმგვარი დასაბუთების გაგზავნა ფრანგ კოლეგებთან, რომ კეზერაშვილი გადმოეცათ. ამიტომ სულ სხვას ნუ დაადანაშაულებენ. ამასთანავე, არა მარტო უკრაინაში, საზოგადოდ, დასავლეთშიც მთლად სწორად არ არის შეფასებული საქართველოში არსებული ვითარება. არიან გარკვეული ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფსონის დადება “ნაციონალურ მოძრაობაზე” კვლავაც შეიძლება, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“უკრაინის გადაწყვეტილება შეიძლება დიდწილად სააკაშვილს არც უკავშირდებოდა და სხვა წყენა აქვს ზელენსკის, მაგრამ ეს რომც არ იყოს, როდესაც შენს მოქალაქეზე ასეთი ჩანაწერი ვრცელდება და არ იცი, რომ ის ციხეში კი არა, საავადმყოფოშია და მშვენიერი პირობები აქვს შექმნილი, ეს ბუნებრივად გიბიძგებს პოლიტიკურად არასწორი განცხადებებისკენ. სააკაშვილისადმი ჩვენს მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანმა უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და ისე შემოვიდა საქართველოში. ამიტომ, როდესაც ცდილობენ პოლიტიკური წონა შესძინონ სააკაშვილს, ვფიქრობ, ტყუილად ხარჯავენ დროს, ეს აღარ გამოვა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი პარტნიორები ცდებიან, რადგან მათთან კომუნიკაცია უფრო მეტად აქვთ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მასთან დაკავშირებულ წვრილ პარტიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ ჩააქვთ სხვა ინფორმაცია, ხელისუფლება კი ამის შესაცვლელად ვერაფერს აკეთებს. არადა, ეს კაცი ხან კვდება და ხან პოლიტიკაში ისე აპირებს ჩართვას, რომ საქართველო და უკრაინა, ორივე უნდა გაათავისუფლოს. იქნებ როგორმე ჩამოყალიბდეს, კვდება თუ პოლიტიკაში მოდის”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირება ქუჩაში და ქვების სროლას, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური სინამდვილისთვის უცხო არ არის. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებები დიდწილად ასე იქცეოდნენ. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება. გაიხსენეთ 2011 წელი, როდესაც ანალოგიური რამ ხდებოდა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, იმჟამინდელი ხელისუფლებაც ხომ დღევანდელივით იქცეოდა. ხელისუფლების განცხადებები მაშინ და დღეს ზედმიწევნით ჰგავს ერთმანეთს. ცოტა შეიძლება ფრაზეოლოგია იყოს შეცვლილი, მაგრამ არსობრივად ერთი და იგივეა. ყველა, ვის აზრსაც არ იზიარებენ, მონათლულია მოღალატედ და რადიკალად. ისე, საქართველოში ოპოზიცია ყველა ხელისუფლების დროს მოღალატედ ცხადდებოდა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია მოღალატეებად და ქვეყნის დამაქცევლად არ მოენათლა. იმავეს აკეთებს “ქართული ოცნებაც”. რაიმე ახალია მათ მოქმედებაში? აბსოლუტურად, არაფერი”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.

“იკითხავთ, `ქართული ოცნება~ აქამდე რატომ არ იქცეოდა ასეო, იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა და ამგვარი დაპირისპირებების ინსპირირება და ქვის სროლა არ სჭირდებოდა, ისედაც იცოდა, რომ მოიგებდა არჩევნებს, ახლა კი აშკარად ვერ არის დარწმუნებული. “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ძველებური მხარდაჭერა, ყველა გამოკითხვით მოსახლეობის 2/3 ოპოზიციურად არის განწყობილი. ამიტომ მას სჭირდება უკვე იმ მექანიზმების შემოტანა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. როდესაც ხელისუფლებას ძალა აქვს და მართლაც მოსახლეობა წარმოადგენს მის საყრდენს, მას ასეთი რამეები არ სჭირდება, მაგრამ როდესაც ეს ძალა არა აქვს, მაშინ იწყებს ასეთ ქმედებებს. გამოვიდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და მოძალადეებს მოუძებნა გამართლება, თურმე ნაწყენები არიან “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ქვის სროლა კიდევ “სამოქალაქო აქტივიზმი” ყოფილა, უკაცრავად და, ეს ხალხი ამ 11 წლის განმავლობაში სად იყო, ამდენი არჩევნები ჩატარდა, ახლა გაახსენდათ, რომ ნაწყენები არიან “ნაციონალურ მოძრაობაზე”? აშკარაა, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას”, - თვლის რესპონდენტი.

“მომავალი არჩევნების კონტექსტში ცოტა ადრე კი დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქმე ის არის, რომ თუ პოლიტიკური გარემო ორპოლუსიანი დარჩა, ანუ ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას შეინარჩუნებს მომავალ არჩევნებზეც, ამიტომ ხელისუფლებას სურს ამგვარი ინციდენტებითა და “ნაციონალებთან” დაპირისპირებით შეავსოს მთლიანად პოლიტიკური მედიასივრცე, რათა არ დარჩეს ადგილი სხვა პოლიტიკური ძალებისთვის და მაქსიმალურად შეზღუდოს მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ეს შესაძლოა “ნაციონალების” ინტერესებშიც იყოს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილის კუთვნილი, 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან...” - პასუხობს:

“ვფიქრობ, მართლაც კრიმინალთან უნდა გვქონდეს საქმე, ვიდრე პოლიტიკურ მოტივთან. ეს ახალგაზრდა ძალიან დაახლოებული იყო ბიძინა ივანიშვილთან და მეგობრობდა ირაკლი ღარიბაშვილთანაც. როგორც წესი, ამხელა თანხებზე ახლობელ-მეგობრებს მიუწვდებათ ხოლმე ხელი ყველაზე მეტად - უცნობსა და უცხოს დიდ ფულს არავინ ანდობს. ღარიბაშვილთან კავშირზე მოვისმინე რამდენიმე განცხადება, მაგრამ ივანიშვილს ღარიბაშვილის მოხსნის პრობლემა რომ ჰქონდეს, ვიფიქრებდით, რომ მისი ახლობლის საშუალებით ცდილობს ღარიბაშვილზე გასვლას და მის მოშორებას, მაგრამ ივანიშვილს ეს პრობლემა არა აქვს, როცა კი მოუნდება, მაშინ დარეკავს და საკუთარი ნებით წავა ღარიბაშვილი. ხომ გახსოვთ ლეგენდასავით ამბავი, რომლის ფაბულის თანახმად, ივანიშვილმა საკუთარ ქვისლსაც არ აპატია ქურდობა და ციხეში ჩასვა. როგორც ჩანს, ივანიშვილს აქვს რაღაც მარჟა და თუ ამ მარჟის ფარგლებში იპარავენ, მაშინ თვალს ხუჭავს, მაგრამ თუ დაუკრეფავში გადადიან, ამის საშუალებას აღარ იძლევა”...

“უკრაინა მიიღებს ისეთივე სტატუსს, როგორც ისრაელი” - შესაძლო კომპენსაცია კიევისთვის ნატოს წევრობაზე უარის გამო

“უკრაინა ახლა მზად არ არის ნატოს წევრობისთვის და რაციონალური გზა უნდა გაიაროს” - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “სი-ენ-ენ”-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” განმარტავენ, უკრაინისთვის გამოიძებნება ალტერნატიული გზები, ომის დასრულების, სამხედრო თუ ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. ვინაიდან ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი - ცხელი ომის პირობებში იმყოფება და კომპენსაციის სახით სავარაუდოდ დასავლეთიდან დამატებით მატერიალურ-ფინანსურ დახმარებასაც მიიღებს. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ ეტაპზე ვერ მოხდება ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, თუმცა გამოიძებნება “რაციონალური გზა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უკრაინა მიიღებს ისეთივე სტატუსს, როგორც ისრაელი” - შესაძლო კომპენსაცია კიევისთვის ნატოს წევრობაზე უარის გამო.

“არა მგონია, რომ ახლა იგი (უკრაინა) ნატოს წევრობისთვის არის მზად... არა მგონია, რომ ნატოში ახლა ერთსულოვნება არსებობს იმაზე, შევიყვანოთ თუ არა უკრაინა ნატოს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, შუაგულ ომში. მაგალითად, თუ ამას ვიზამთ, მაშინ, იცით, სრულიად მზად ვართ ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ, რომელიც ნატოს ტერიტორიაა. ეს ვალდებულებაა, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ მიუხედავად ყველაფრისა. თუ ომი გრძელდება მაშინ ყველანი ომში ვართ... ამიტომ ვფიქრობ, რომ რაციონალური გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა უკრაინას შეეძლოს ნატოში შესვლის კანდიდატი იყოს” - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება პროცესია, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის დემოკრატიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა. “სანამ პროცესი გრძელდება, შეერთებული შტატები მზად იქნებიან მიაწოდონ უკრაინას იარაღი, როგორც უსაფრთხოება, თავდაცვის შესაძლებლობა, როგორსაც ისრაელისთვის უზრუნველვყოფთ” - განაცხადა ბაიდენმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს. “ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი. სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული” - განაცხადა ერდოღანმა. მანამდე, პარასკევს, 7 ივლისს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის უკრაინა გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინა მიიღებს ისეთივე სტატუსს, როგორც ისრაელი და ამასთან, უსაფრთხოების გარანტიებს. ასევე ჩამოყალიბდება ნატო-უკრაინის საბჭო, სადაც უკრაინას ექნება განსაკუთრებული სიტყვის უფლება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯერჯერობით ნატოში გაწევრიანების გზაზე არამარტო უკრაინას აქვს გარკვეული პრობლემები, შვედეთიც კი ვერ გაწევრიანდა. ნატოს სტანდარტები ცოტა მაღალია, არის სხვა კონიუნქტურა, ამიტომ ამერიკელების ლობირებისა და სხვა ქვეყნების ლობირების მიუხედავად ვილნიუსის სამიტზე ალბათ ვერ მოხდება უკრაინის გაწევრიანების თემის დაჩქარება და განვითარება და ა.შ. აქედან გამომდინარე ამერიკელებმა გამონახეს ის ვარიანტი, ალტერნატიული გზა, რომ უკრაინას მიანიჭოს ისეთივე სტატუსი, როგორც ისრაელს. არა ნატოს სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი - ამერიკა აიღებს თავის თავზე უკრაინის სამხედრო პოლიტიკურ პირობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რაც აშშ-მ გააკეთა ისრაელის მიმართ. უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ნატოსაგან მიიღებს ნატო-უკრაინის თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბებას. ეს იქნება განსაკუთრებული სიტყვა გარკვეულ სამხედრო-პოლიტიკურ სამხედრო ტექნიკურ ურთიერთობების განვითარების სფეროში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ უკრაინისთვის დაისახება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეა და თუ ვინ ითამაშებს მედიატორის როლს ამ დაპირისპირებაში, რომ ომი დასრულდეს. უკრაინა კომპენსირებისთვის უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს დასავლეთიდან. “მე ვფიქრობ რომ ეს არის კომპრომისის გზის ძიება თავად ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის, იმიტომ, რომ სიახლე არ არის ის, რომ ნატოში ახალი წევრების მიღება, ვგულისხმობ უკრაინას და საქართველოს, ყოველთვის გარკვეულ სკეპტიკურ განწყობებთან არის დაკავშირებული”, - ამბობს აბაშიძე, რომლის აზრით, `დასავლეთ ევროპა უფრო ეწინააღმდეგება ახალ წევრების მიღებას, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის შედარებით ახალი წევრები ნატოში", - დასძენს გამოცემა.

“აქედან გამომდინარე ეს კომპრომისი ჩვენ თავის დროზე ვიხილეთ 2008 წელს, როდესაც აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს ბუშს სურდა საქართველოს და უკრაინის მყარი გარანტიების გაცემა ნატოში მიღებაზე, მაგრამ მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ბუქარესტის სამიტის დათქმა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები. ახლა უკვე სიტუაცია გაცილებით რთულია საქართველოსგან განსხვავებით. უკრაინა რუსეთთან ცხელ ომშია ჩართული. ბუნებრივია, ამას არა მხოლოდ დასავლეთ ევროპის, არამედ უფრო აქეთ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც შეეწინააღმდეგონ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნატოს წესდებაში მთავარი მე-5 მუხლია, რომელიც არის `ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის~. აქედან გამომდინარე, პრაგმატულად მოაზროვნე და თავისი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ნამდვილად არ სურთ პირდაპირი საომარი კონფრონტაცია, ბირთვული იარაღის მქონე არაპროგნოზირებად პუტინის რუსეთთან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“მე ვფიქრობ გარკვეულწილად უკრაინა ნატოში არის ირიბად შესული იმ თვალსაზრისით, რომ მას მეხუთე მუხლი არ იცავს, მაგრამ, თითქმის ყველანაირი შეიარაღება მიეწოდება ავიაციის გარდა, ასევე სამხედრო წვრთნა მაგრამ არა ცოცხალი ძალის დახმარება, თითქმის ყველანაირი დახმარება აქვს უკრაინას დასავლეთიდან. თუმცა ერთხელ და სამუდამოდ ეს ომი უნდა დასრულდეს, ნებისმიერი ომი სრულდება მშვიდობიანი გზით. ვფიქრობ ვილნიუსის სამიტზე პირველად იქნება იმაზე საუბარი, რომ გასაგებია უკრაინის პერსპექტივა შორეულია ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ როგორ დასრულდეს ეს ომი? ვისი შუამავლობით, თურქული შუამავლობით თუ ჩინური შუამავლობით. ჩვენ ვიცით, რომ ჰააგის მიერ სანქცირებული პუტინი აღარ დაელაპარაკება დასავლელ შუამავლებს. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი ნატოს წევრი სახელმწიფოების დღის წესრიგში და ახლა ეძებენ დიპლომატიურ-პოლიტიკურ ოქროს შუალედს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შეიძლება იყოს იმედის მომცემი ფრაზები, დათქმები, დაპირებები, მაგრამ ობიექტური და მწარე რეალობაა უკრაინისთვის, ისევე როგორც ოკუპირებული საქართველოსთვის, რომ ნატოში ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაციის პერსპექტივა, ჯერ კიდევ შორეულია. ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა მიიღებს მეტ სამხედრო დახმარებას, მეტ სამხედრო წვრთნას, ვნახეთ რომ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ეგრედ წიდებული კასეტური ჭურვები მიაწოდოს უკრაინას. მე ვფიქრობ რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთგვარ საკომპენსაციოდ რომ კარი ბოლომდე არ გაიღო უკრაინისთვის, ალბათ დამატებით მატერიალურ-ფინანსურ სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდებიან, მაგრამ ამავე დროს იქნება ინტენსიური მსჯელობა იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ როგორ მოხდეს მშვიდობის, დროებითის მაინც უკრაინის მიწა-წყალზე დამყარება” - დაასკვნის გია აბაშიძე.

ლაშა ბერიძე - “ძალიან არ მომწონს, რომ “თავდაცვის კოდექსი” მდიდრებზე მორგებული კანონია!”

“თავდაცვის კოდექსის” განხილვა, რომელიც ამ პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმადვე, “ახლებურად არეგულირებს თავდაცვის სისტემას”, პარლამენტში ისეთი სიჩქარით მიმდინარეობს, რომ მეორე მოსმენაზეც კი, რაც რეგლამენტით კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს, თავების მიხედვით განიხილეს. არადა, ამ კანონპროექტზე სპეციალისტებს ბევრი შენიშვნა ჰქონდათ და აქვთ კიდეც, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით კრიტიკას. შეგახსენებთ, რომ “თავდაცვის კოდექსის” პროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, ცვლილებები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. რას ცვლის “თავდაცვის კოდექსი” რიგითი მოქალაქისთვის, როგორ იმუშავებს პრაქტიკაში და რამდენად პასუხობს ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს, ამ საკითხებზე პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ვესაუბრეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რამდენად პასუხობს „თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს?!

“თავდაცვის კოდექსში”, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური მომენტები და ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული სამსახურის შექმნა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამის უკან არ დგას სამხედრო გეგმა - ანუ როგორ უნდა შევასრულოთ ეს ეროვნული სამსახური. თავისთავად ეს ძალიან კარგია, ამის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მხოლოდ კოდექსი ამას ვერ უშველის. ქვეყნის თავდაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა მოვამზადოთ ისინი თავდაცვისთვის, მაგრამ ძალზე არაორგანიზებულად არის გაწერილი, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. ტერმინებიც კი არეულია, უფრო კოპი-პეისტი იგრძნობა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯი. ამ კანონპროექტში ძალიან არ მომწონს: პირველი - პოლიციური კანონი. მოქალაქეებს ძალდატანებით აკეთებინებ რაღაცებს და ეს ძალიან ცუდია. ამასთან, სამხედრო პოლიციას ისეთი ფუნქციები ენიჭება, მგონი, თავად შსს-საც კი არა აქვს. თავდაცვა არ არის პოლიციური სისტემა, ამ კანონით კი მისი გაპოლიციურება ხდება; მეორე - ძალიან არ მომწონს, რომ მდიდრებზე მორგებული კანონია. მოკლედ, არის მოსაწონიც, მაგრამ მთლიანობაში უარყოფითი უფრო ბევრია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“კანონი სამხედრო სისტემის გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. ეს აბსურდია. კანონი არის იმისთვის, რომ ნორმები დარეგულირდეს, თუ რა უნდა გაკეთდეს. თუკი თავდაცვის სამინისტრომ ხალხი არ მოამზადა, წვრთნები არ ჩაატარა, კანონი რას ცვლის? არაფერს. კი, ეროვნული სამსახურის იდეას მივესალმები, მაგრამ ისეთი კომპონენტები აქვს დამატებული, რაც მიუღებელია დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში. ეროვნული სამსახური არის მსოფლიოში დანერგილი სისტემა, მაგალითად, ფინეთში, ისრაელში, ახლა არაბულმა ქვეყნებმაც დაიწყეს დანერგვა _ 4 წელი ამაზე ვმუშაობდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეროვნული სისტემა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის ისეთ სისტემას, როდესაც ქვეყნის დაცვა არა მარტო ჯარის, არამედ, ფაქტობრივად, ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ყველას ამზადებენ ამისთვის, მათი შესაძლებლობების და უნარების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ თავდაცვა. საქართველოსთვის ეს ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ეს კანონი არ არის ისეთი, რომ ამ იდეას პასუხობდეს და პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობას იძლეოდეს”, - მიიჩნევს პოლკოვნიკი.

“ეროვნული სამსახური ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მამაკაცი მომზადდეს, გაიაროს სამსახური, შემდეგ ჩაირიცხოს რეზერვში. უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზებული ეფექტური სარეზერვო ქვედანაყოფები. ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული ქვეყნის თავდაცვაში. თავდაცვისა და შეიარაღებულმა ძალებმა უნდა მოამზადონ მოსახლეობა, უხელმძღვანელონ კრიზისების დროს. ეს მხოლოდ ტერმინების კანონია, მასში ვერ ვხედავ იმას, რაც ეროვნულ სამსახურს უნდა ჰქონდეს... საქართველოს ის რეზერვი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება, არ ჰყავს. ჰყავს ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ძალიან მცირე ამოცანის შესრულებას შეძლებს. რა იქნება ამ ახალი კანონის მიხედვით, ძნელი სათქმელია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს კანონი ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია არსებულთან შედარებით, მაგრამ მხოლოდ ტერმინების დონეზე, ამის იქით რა უნდა გაკეთდეს, არ ჩანს, ეს არ არის ის, რაც საქართველოს თავდაცვას სჭირდება”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე და შეკითხვაზე - “გაწვევის პრინციპი რამდენად გამართულია?” - პასუხობს:

“ჩვენ დღეს ისევ კომისარიატების გაწვევის სისტემაში ვართ. სახელი კი გადაარქვეს, მაგრამ არსით ისევ საბჭოთა კავშირის კომისარიატების სისტემაა. გაწვევა უნდა ჩაატაროს თავდაცვის სამინისტრომ. როდესაც მოქალაქეები ჯარში მიდიან, ნებაყოფლობით თუ ვალდებულებით, მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ კარგ სამხედრო მომზადებას გაივლიან, 6 თვეში თუ ერთ წელიწადში მნიშვნელოვან უნარებს შეიძენენ, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ. იმას არ უნდა ფიქრობდნენ, დროს ტყუილად დავკარგავთო”...

როგორ მოახერხა უკრაინამ ”აზოვის” მეთაურების დაბრუნება

“თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ “აზოვის” დანაყოფის ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში “აზოვსტალის” დაცვას ხელმძღვანელობდნენ - ისინი თურქეთში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ. როგორ მოხდა ყოფილი ტყვეების უკრაინისთვის გადაცემა თურქეთის მხრიდან, როცა შეთანხმება არსებობდა რომ ისინი ომის დასრულებამდე უნდა ყოფილიყვნენ თურქეთში, ანალიტიკოსები”რეზონანსთან” ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ თურქეთმა კიდევ ერთხელ თავისი სიტყვა თქვა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე და საკუთარი როლი უკრაინა-რუსეთის ომის პროცესებში კიდევ ერთხელ გამოაჩინა. რუსეთი კი უკრაინულ და თურქულ მხარეს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ მოახერხა უკრაინამ “აზოვის” მეთაურების დაბრუნება.

“უკრაინამ თურქეთიდან “აზოვის” ლიდერები დაიბრუნა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. “თურქეთიდან სახლში ვბრუნდებით და ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას”, - წერს ზელენსკი. “აზოვის” პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით. თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ “აზოვსტალი” გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად. კითხვაზე, გეგმავენ თუ არა გმირები ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: “რა თქმა უნდა, ამისთვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი... აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. მთავარია, რომ უკრაინის არმიამ სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში, ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს... დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს”, - განაცხადა “აზოვის” მეთაურმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, “აზოვის” მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება არსებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევაა და შეთანხმების თანახმად, ეს პირები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩნენ. პესკოვის თქმით, რუსეთისთვის არავის უცნობებია “ბოევიკების” გადაცემის შესახებ. მისივე თქმით, `თურქეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა~. პესკოვის განმარტებით, მალე გაიმართება ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომლის მზადების კონტექსტში ანკარა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. “თავად თურქეთი კი, რა თქმა უნდა, ამ გზით, როგორც ნატოს წევრი, აჩვენებს თავის სოლიდარობას ალიანსის მიმართ. ჩვენ ყველას ეს კარგად გვესმის”, - დაასკვნა პესკოვმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აზოვის მეთაურების უკრაინისთვის გადაცემას განმარტავს, როგორც თურქეთის კეთილ ნებას, ამასთანავე ამ ქმედებით თურქეთმა განამტკიცა საკუთარი როლი და გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც ექსპერტი ამბობს, ნატოს ზეწოლა ამ შემთხვევაში თურქეთზე ნაკლებ სავარაუდოა. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი “რეზონანსთან” აზოვის მეთაურების უკრაინისთვის გადაცემას თურქეთის მხრიდან ხსნის, როგორც წინასწარ მოლაპარაკების საფუძველზე ერდოღანისა და ზელენსკის შეთანხმების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სიტყვა ეთქმის როგორც რეგიონში ასევე უკრაინასთან და რუსეთთან”, - დასძენს გამოცემა.

“პრინციპში თვითონ ეს გაცვლაც იყო საინტერესო, თუ რუსებს არ უნდოდათ ამ ადამიანების გაშვება, მაშინ ნუ გაუშვებდნენ თურქეთში. შეიძლება ასეთი პირობა იყო, რომ ომის დასრულების შემდეგ მოხდებოდა მათი ინტერნირება. ეს ომი გაიწელა, დასასრული არ უჩანს, ეტყობა თურქეთმაც გადაწყვიტა რომ აზრი არა აქვს - დავუშვათ ამყოფოს შიდა პატიმრობაში, უკრაინელი “აზოვის” მეთაურები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ მარიუპოლის ბრძოლების დროს, ეს ერთი, და მეორე თურქეთმა კეთილი სურვილის ჟესტი გამოავლინა და გადასცა უკრაინას სამხედრო ტყვეები, რომლებიც თურქეთს გადასცა რუსეთმა. ამიტომ რუსეთის პოზიციაა ცოტა გაურკვეველი, თუ “აზოვის” მებრძოლები ითვლებიან მათთვის განსაკუთრებულ მძიმე დამნაშავეებად, როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ რატომ გადასცეს თურქეთს ეს ადამიანები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თვითონ არ შეეძლოთ მათი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე და ეთქვათ, რომ მათ ძალიან მძიმე ზარალი მოგვაყენეს ჩვენ და მათ გაშვებას არ დავუშვებთ. როგორც მოხდა ნადია სავჩენკოს მაგალითზე, ის გაიტაცეს უკრაინის ტერიტორიაზე, გადმოიყვანეს რუსეთის ფედერაციაში და მერე გაასამართლეს. ასე რომ თვითონ რუსეთის პოზიციაა გაურკვეველი და ბუნდოვანი. თურქეთს ნატო ნაკლებად აინტერესებს, ნატოს უფრო აინტერესებს თურქეთი, ვიდრე თურქეთს ნატო, უბრალოდ, ერდოღანს უნდა რომ გააქტიურდეს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, მან გაიმარჯვა თურქეთის არჩევნებში, უნდა რომ თურქეთის როლი გაიზარდოს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, უბრალოდ თურქეთმა აჩვენა რუსეთს, რომ ის რუსეთზე არ არის დამოკიდებული” - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“არ ვიცი ახლა ზუსტად პირობა როგორი იყო, პირობა ვიცი, რომ თურქეთში უნდა ყოფილიყვნენ ისინი. ამ პირობით იყო გაშვებული რუსეთიდან, როცა გაცვლა მოხდა. ახლა უბრალოდ, ერდოღანმა გადაწყვიტა, ზელენსკი ჩავიდა, ალბათ წინასწარ იყო მოლაპარაკებული და გადაწყვიტა თურქეთის პრეზიდენტმა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიეცა ტყვეები. ამის სანაცვლოდ რა უნდა მისცეს თურქეთს უკრაინამ, ვერ გეტყვით. დასავლეთის გავლენას რაც შეეხება, ერდოღანი ამას ნაკლებად აქცევს ყურადღებას, ეს იყო მისი პირადული გადაწყვეტილება, ის თამაშობს ლიდერს, თამაშობს დიდ ბიჭს, იცის რომ სიტყვა ეთქმის, რეგიონში, რუსეთთან და უკრაინასთანაც, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

ბაჩო დოლიძე - “დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ”

“ხელისუფლება ოპოზიციას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, ოპოზიციონერ ლიდერებს კონკრეტული დაჯგუფებების წევრებს ახვედრებს, რომლებიც ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებიან. უფრო ცუდი კი ის არის, რომ პოლიცია სტატისტის როლშია და არაფერს აკეთებს. 100-150 კაცი ისე იკრიბება და გადადის ქალაქიდან ქალაქში, რეგიონიდან რეგიონში, რომ პოლიცია არც იმჩნევს! რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, ყველამ იცის, რომ ისინი გაბრაზებული ხალხი კი არა, მმართველი გუნდის ორგანიზებული ჯგუფია! “ოცნება” რომ აღარ იქნება ხელისუფლებაში და მათაც დახვდებათ ასეთი დაჯგუფებები, იტყვიან, გაბრაზებული ხალხიაო?! თუ ფიქრობენ, რომ მათი მმართველობით ხალხი ძალიან კმაყოფილია?!" - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ”.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხს ძალიან მარტივი არჩევანი ექნება გასაკეთებელი: ან პროევროპული და დემოკრატიული ხელისუფლება, ან ბიძინა ივანიშვილი და მისი “შაიკა” - სხვას ვერაფერს დაარქმევ დაჯგუფებას, რომლის ლიდერებიც ამბობენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ხალხია გაბრაზებული და ისინი ისვრიან ქვებსო. რისკენ გვიბიძგებს ბატონი კობახიძე, რომელიც ხალხის გაბრაზებით ხსნის ოპოზიციაზე თავდასხმებს, გადავიკიდოთ ავტომატები და ისე ვიაროთ? სამოქალაქო დაპირისპირებას ლიდერების სამზეოზე გამოსვლა და ხალხის კონსოლიდირება სჭირდება, “ოცნების” ლიდერები კი ქვებით მორბენლების ზურგს არიან ამოფარებული, არავის ენახვებიან! ზღვაში წვეთია ხელისუფლების მობილიზებული ხალხი იმისთვის, რომ მასშტაბური დაპირისპირება დაიწყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბაჩო დოლიძე.

“რაც შეეხება მდგომარეობას “ნაციონალურ მოძრაობაში”, წალენჯიხაში რწმუნებული იმის გამო გაათავისუფლეს, რომ შიდაპარტიული არჩევნების დროს ლევან ხაბეიშვილს არ უჭერდა მხარს. კი, ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება, მაგრამ იმედია, პარტია მალე გადაეწყობა მთავარ მიზანზე, ფოკუსირდება შედეგზე და ამბიციები უკანა პლანზე გადავა. რა უნდა იმის მიხვედრას, რომ ამ დიდ ბრძოლაში თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი ფასი აქვს?! ისე ნუ ვიზამთ, რომ სამი-ოთხი კაცი დარჩეს ბოლოს პარტიაში. “ნაციონალური მოძრაობა” დიდი პარტიაა და იქ განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დრომდე მენეჯმენტი ყოველთვის ახერხებდა სიტუაციის მართვას, საერთო მაგიდის გარშემო დასხდომას და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ისე, რომ ყველა აქტორი იყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება, პარტიას კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ქვეყნის მასშტაბით ვებრძვით არაფორმალურ მმართველობას, საკუთარ პარტიაში არ უნდა ვქმნიდეთ ასეთ პრეცედენტს! ეს ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა! თუ ასე გავაგრძელებთ, მიუმხრობელი ელექტორატი კი არა, საკუთარი ამომრჩეველიც აღარ დაგვიჯერებს, რომ ცვლილება გვინდა. გამოდის, ცვლილება კი არა, ჩანაცვლება გვნდომებია... რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის არჩევას, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” 2024 წლის არჩევნებში დღეს არსებული კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას, არა მგონია, სასურველი შედეგი დადოს!” - დასძენს ბაჩო დოლიძე და შეკითხვაზე - “ლელო" ამბობს, რომ მისი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისა თუ ცალკეული ინდივიდისთვის, და მათ შორის ყოფილი “ნაციონალებისთვისაც”. ხომ არ არის შესაძლებელი ნიკა მელიას გუნდი “ლელოში” ვიხილოთ? - პასუხობს:

“არ ვიცი, ნიკას ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით ჩვენ ახლა ასეთი რამ გვჭირდება - თითოეულმა პარტიამ უნდა იმუშაოს კონკრეტულ სეგმენტზე, კონკრეტულ ამომრჩეველზე... ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა კი არა, საერთო კალათაში ხმების ჩადება გვჭირდება! სამუშაოა ბევრია, საჭიროა კოორდინაცია, ურთულესი საარჩევნო წელი მოდის”!

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება